პირველი რუსული დამოუკიდებელი გაზეთი, ყოველთვიური გამოცემა "სოვერშენნო სეკრეტნო" რუსულ-ქართული ომის თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება. გამოცემის სამხედრო მიმომხილველი ვლადიმირ ვორონოვი ამტკიცებს, რომ ომისთვის როგორც ქართული, ისე რუსული მხარე დიდხანს ემზადებოდა.
იგი განსაკუთრებულ ადგილს სწორედ რუსული არმიის სამზადისს უთმობს და კონკრეტული ფაქტებიც მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ომი რუსეთისთვის მოულოდნელი სულაც არ იყო. რუსი ჟურნალისტი დეტალურად აღწერს ომის წინა პერიოდში რუსული არმიის მზადების პროცესს. იგი ისეთ დეტალებს ახმაურებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის დღემდე შეიძლება უცნობი იყოს. გთავაზობთ ამ სტატიას მცირედი შემოკლებით:
ომი სამხრეთ ოსეთისთვის ნამდვილად არ ყოფილა რომელიმე ერთი მხარის ინიციატივა. რუსეთიც და საქართველოც ამისთვის დიდხანს ემზადებოდნენ და, როგორც ჩანს, ორივე მხარე ომის სურვილით იტანჯებოდა. ცხინვალზე ისეთი ინტენსიური შტურმისთვის, როგორიც ქართულმა არმიამ განახორციელა, საჭირო იყო შეტევითი დანაყოფების წინასწარი თავმოყრა, მათი საბრძოლო პოზიციებზე განთავსება, სამიზნეების დაზვერვა, გეგმის შედგენა. თუმცა რუსული არმიის დამრტყმელი ძალაც, როგორც იტყვიან, ზუსტად საჭირო ადგილზე, საჭირო დროს აღმოჩნდა.
2008 წელს, უკვე აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, რუსი მედესანტეები მე-7 ნოვოროსიისკის დივიზიიდან, ოჩამჩირის სიახლოვეს სიმშვიდეს სასწავლო სროლებით არღვევდნენ, ხოლო მაისის ბოლოს აფხაზეთში სარკინიგზო ჯარი გამოჩნდა. 14-დან 31 მაისის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მე-4 არმიის მფრინავები და საჰაერო თავდაცვის (ПВО) სპეციალისტები ნალჩიკში, შეკრებაზე, მაღალმთიან რეგიონში საომარი მოქმედებების წარმოების დეტალებს ამუშავებდნენ. ორიოდე დღის შემდეგ იმავე არმიის მფრინავების უკვე მეორე პარტია მთაგორიან ადგილებში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების წარმოებაში იწვრთნებოდა. ივნისში საომარი მოქმედებებისთვის მზადება უკვე 220-ე სპეციალური დანიშნულების სამედიცინო რაზმის სამხედრო ექიმებმაც დაიწყეს.
ვიდრე მედიკოსები და ავიატორები იწვრთნებოდნენ, ხოლო რკინიგზელები აფხაზეთში ჯარისთვის რკინიგზას არემონტებდნენ, სახმელეთო ძალებმა სამხედრო მოქმედებების დამუშავება, ჯარების თავმოყრა და საბრძოლო გადაჯგუფება დაიწყეს. დაიწყო მასშტაბური წვრთნები ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მონაწილეობით, ხოლო 15 ივლისს - მანევრები "კავკაზ-2008". ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობის ერთ ადგილზე თავმოყრის გასამართლებლად, უკეთეს ილეთს ვერც მოიფიქრებ. ოფიციალურად სწავლებაში 8 ათასი სამხედრო და 700 ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა, მაგრამ ვინ დაითვალა?
ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამხედროების საბრძოლო გადაჯგუფება და შეჭრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა აგვისტოს დასაწყისისთვის უკვე დასრულებული იყო. ხელსაყრელ დროს შეფერხდა იქ სპეციალური დანიშნულების სამედიცინო რაზმი, რომელიც ვლადიკავკაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 6 კილომეტრში 58-ე არმიის პოლიგონზე, "ტარსკოეში" სპეციალურ ტაქტიკურ წვრთნას გადიოდა. წვრთნის გეგმის მიხედვით სამედიცინო რაზმს განგაში გამოუცხადეს და დავალება მისცეს, რომ რკინიგზით ვლადიკავკაზამდე ჩასულიყვნენ, პოლიგონზე მარში მოეწყოთ და სრულყოფილი საველე ჰოსპიტალი გაეშალათ. 25 ივლისისთვის სამედიცინო დანაყოფს ყველა დავალება უკვე შესრულებული ჰქონდა, მაგრამ...
მომყავს ციტატა ოფიციალური რელიზიდან: "სწავლების ხელმძღვანელობას სოფელ ტარსკოეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო შემოწმების თხოვნით მიმართა"(!). ამრიგად, სოფლის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თხოვნით, მომავალი ბრძოლების სიახლოვეს მობილური ჰოსპიტალი აწყობილი დარჩა!
შინ დაბრუნებას არც მეზღვაურები ჩქარობდნენ: 25 ივლისს სადესანტო გემების შენაერთი, რომელმაც დესანტის გადმოსხმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედების დეტალები დაამუშავა, იმის მაგივრად, რომ ნოვოროსიისკის ბაზაზე დაბრუნებულიყო, ადლერის რაიონში ჩავიდა. ასევე "შემთხვევით", სევასტოპოლის ბაზის სარაკეტო კატარღები აფხაზეთის წყლების სიახლოვეს შეფერხდნენ.
ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ "ტარსკოეს" პოლიგონზე 58-ე არმიის დანაყოფების საბრძოლო მომზადების გეგმის მიხედვით, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მაქსიმალური მობილიზებით მიმდინარეობს საარტილერიო ქვედანაყოფების შეკრება. ასე რომ, საარტილერიო "მუშტიც" უკვე მზადყოფნაში იყო. 5 აგვისტოს შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების პოლკს, რომელიც ყირიმში იყო განლაგებული, განგაში გამოუცხადეს. სწავლება დესანტის გადმოსხმის ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.
აფხაზეთში ასევე გამოჩნდა სამხედრო მედიკოსების მცირე რაზმი. წესით, ანალიტიკოსებსა და მზვერავებს ყურადღება უნდა მიექციათ იმ ფაქტისთვის, რომ ჰოსპიტალი, რომელსაც ყოველდღე 300 დაჭრილის მიღება შეეძლო, სწორედ სამხრეთ ოსეთის თავზე გაიშალა, ხოლო აფხაზეთში სამხედრო ექიმების შეუდარებლად მცირე რაოდენობა გაიგზავნა. ეს ნიშნავდა, რომ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს იქ არ გეგმავდნენ.
ივლისის ბოლოს "ნეზავისიმაია გაზეტამ" ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის, თეიმურაზ მამსუროვის სიტყვები დაბეჭდა: "საქართველოს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარი შევა, რათა რუსეთის მოქალაქეები და რუსი მშვიდობისმყოფელები დაიცვას". აქაოდა, როკის გვირაბის ჩრდილოეთ შესასვლელთან ჯავშანტექნიკა ამიტომაც დგასო. უკვე ომის შემდეგ, 3 სექტემბერს გაზეთმა "კრასნაია ზვეზდამ" დაჭრილ კაპიტანთან, 135-ე მოტომსროლელი პოლკის მეთაურთან, დენის სიდრისტისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. კაპიტნის სიტყვებიდან ირკვეოდა, რომ პოლკმა ცხინვალისკენ დაძვრის ბრძანება 7 აგვისტოს მიიღო: "ჩავედით, განვლაგდით და უკვე 8 აგვისტოს იქ ისეთი ამბავი ატყდა, რომ ბევრი დაიბნა კიდეც". სტატია შეამჩნიეს, სკანდალი ატყდა და გაზეთი საიტიდან სასწრაფოდ გააქრეს.
ანალიტიკოსები უკვე ომის შემდეგ მიხვდნენ, რომ სამხედრო უწყებაში მთელი რიგი საკადრო გადაადგილებები სწორედ საქართველოსთან ომის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას უკავშირდებოდა. 2008 წლის მაისის ბოლოს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტი მოულოდნელად არმიის გენერალმა, ალექსანდრე ბარანოვმა დატოვა. ივლისის დასაწყისში თანამდებობიდან გენშტაბის უფროსი, იური ბალუევსკიც გაათავისუფლეს. მის ადგილზე არმიის გენერალი სერგეი მაკაროვი დანიშნეს. ამას გენშტაბის ერთ-ერთი საკვანძო რგოლის ხელმძღვანელობის დათხოვნა მოჰყვა. კადრების დაფერთხვის ფინალური სტადია სახმელეთო ჯარების სარდლობის შეცვლა იყო. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სარდლის თანამდებობიდან არმიის გენერალი ალექსეი მასლოვი მოულოდნელად გადააყენეს. მის მაგივრად კი გენერალი ვლადიმირ ბოლდირევი დანიშნეს, რომელიც მანამდე ვოლგისპირეთ-ურალის სამხედრო ოლქის ჯარებს მეთაურობდა. "ოპერაცია სხვებმა მოამზადეს, ესენი კი გამზადებულზე დაფნის გვირგვინების გასაყოფად მოვიდნენ", - ასეთი განცხადება გააკეთა ჩემთან პრივატულ საუბარში გენშტაბის ერთმა წარმომადგენელმა.
თუმცა დაფნის გვირგვინებთან დაკავშირებით საბოლოოდ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდოდათ. ოპერაციის დასაწყისში გენშტაბმაც და ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობამაც, შეიძლება ითქვას, ჯარების მართვა დაკარგეს. მოქმედებების კოორდინირებას მთელი 24 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მთავარი პრობლემა კავშირი იყო. უამრავი წყარო ადასტურებს, რომ ჯართან კავშირის დასამყარებლად იძულებული გახდნენ ჩვეულებრივი მობილურები გამოეყენებინათ. ნორმალური კავშირის, დაზვერვისა და ნავიგატორების მონაცემების გარეშე რუსეთის არმია მოქმედებდა არა როგორც შეკრული საბრძოლო მანქანა, არამედ დაფანტულად, - ყველა რაზმი თავისთვის იყო. 2008 წლის ომს წარმატებულად მხოლოდ კრემლის პიარტექნოლოგები მიიჩნევენ.
ასეა თუ ისე, შარშანდელი ომის შედეგად საქართველომ სამხრეთ ოსეთი დაკარგა. რუსეთმა კი ის შეიძინა, მაგრამ - რისთვის? რისთვის სჭირდება რუსეთს სამხრეთი ოსეთი? რა თქმა უნდა, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, რომელიც ამ რესპუბლიკას უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე აფხაზეთს. როკის გვირაბი არის რუსეთის კარი ამიერკავკასიაში. თუ როკის გასასვლელს ხელში "სხვები" ჩაიგდებენ, ჩრდილო კავკასიაში სტრატეგიულ გასასვლელს დაეპატრონებიან, ამიერკავკასია კი რუსეთისთვის საბოლოოდ დაიხურება. თუ სამხედრო ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, როკის გვირაბი "ხიდია", ხოლო ცხინვალის პლაცდარმი - "ხიდისწინა თავდაცვითი ნაგებობა". მისი ფასი მხოლოდ იმაშია, რომ ის იმ წერტილს ფარავს, საიდანაც მთელი ამიერკავკასიის აღება შეიძლება. ხოლო "ხიდისწინა თავდაცვით ნაგებობას" ყველაზე ერთგულ მოკავშირესაც ვერ ანდობ. ის მხოლოდ პატრონს უნდა ეკუთვნოდეს