ოპოზიციის მორიგი „საბრძოლო“ გეგმა - 13 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე და „საპნის ბუშტის“ გასკდომამდე

ოპოზიციის მორიგი „საბრძოლო“ გეგმა - 13 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე და „საპნის ბუშტის“ გასკდომამდე

ქართული პოლიტიკური სცენა კვლავ აქციების მოლოდინშია, რადგან რვა ოპოზიციური პარტია ორ თარიღს აანონსებს: 13 სექტემბრის საპროტესტო მსვლელობას და 4 ოქტომბრის აქციას, რომლის მიზანიც, ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობაა“. ამ მოვლენებმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა. საით მიემართება ოპოზიციის მიერ დაწყებული პროცესი? რამდენად შეძლებენ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მოპოვებას და რა გავლენას მოახდენს აქციების შედეგი, როგორც ოპოზიციის ერთიანობაზე, ისე ხელისუფლების პოზიციებზე?

ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის აქციას „მშვიდობიან რევოლუციას“ უწოდებს, რაც ხელისუფლებაში მწვავე რეაქციებს იწვევს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს“. მისი განცხადებით, ამგვარი ქმედება დანაშაულია, რასაც სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით უპასუხებს. ვოლსკი ხაბეიშვილის განცხადებებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერობისთვის ბრძოლად აფასებს და ამბობს, რომ ხაბეიშვილი პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა და ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს ამის გადაფარვას: „მას გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ“, - ამატებს ვოლსკი.

პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქცია არის შესაძლებლობა, ხალხმა რეჟიმს აჩვენოს ნამდვილი ძალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს დღე მხოლოდ პროტესტი კი არა, საზოგადოების გაერთიანებისა და ძალის დემონსტრირების შესაძლებლობაა: „შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე. ზუსტად ამიტომ, გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც. დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს - „რუსთაველის გამზირს“ და ლევან ხაბეიშვილს, ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის. 4 ოქტომბერს  დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა“,-  წერს გიორგი ვაშაძე.

აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი ევროპული მომავლის დაცვა და „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ პროტესტია, თუმცა ოპოზიციის ერთიანობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გაურკვეველია, შეუერთდებიან თუ არა მსვლელობას „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები - მათიკაშვილი და გორდულაძე, ოპოზიციურ ერთობას ილუზიად აფასებენ.

მათიკაშვილის თქმით, ეს არის „ორკესტრირებული შეთქმულება“ გარედან, რასაც „მეხუთე კოლონა“ უჭერს მხარს. გორდულაძე კი ამტკიცებს, რომ პარტიები თანამდებობებზე და საკუთარ ამბიციებზე დავობენ და ერთმანეთს ზემოდან უყურებენ.

თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოვა ქუჩაში, რამდენად დააზიანებს ეს თავად ოპოზიციას და გააძლიერებს თუ არა ხელისუფლებას? წარუმატებელი აქცია ოპოზიციის სისუსტედ შეიძლება იქნას აღქმული, რაც მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს, ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ოპოზიციას მასშტაბური მხარდაჭერა არ აქვს. რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამ გამოწვევების დაძლევას და რა შედეგს მოიტანს მომავალი თვე პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით, დრო გვიჩვენებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, for.ge-სთან ინტერვიუში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით, რევოლუციაზე და ხელისუფლების დამხობაზე მსგავსი განცხადებები არავის აზიანებს, გარდა თვით ოპოზიციისა და ეს მხოლოდ ხელისუფლების რიტორიკას აძლიერებს.

„აქციების დაანონსება გასაგებია, ოპოზიციას ეს არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა მნიშვნელოვანია, რა შედეგი მოაქვს ამ აქციებს და რამდენად მასშტაბურია ისინი. მთავარია, რომ ოპოზიციურმა ელექტორატმა აქციების ძალა ირწმუნოს და არა პირიქით. თუ ასეთი აქციები აჩვენებს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა შესუსტებულია, მე მათი ჩატარების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. ორივე დაანონსებული აქცია, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობს და 2003 წელთან ავლებს პარალელებს, ან ისტორიის უცოდინარია, ან მიზანმიმართულად ამყარებს ხელისუფლების რიტორიკას. ამით ეხმარება იმ ნარატივის გაძლიერებას, რომ ოპოზიცია მუდმივად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და ქვეყნის ამოყირავება სურს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ხსენება ოპოზიციურ ამომრჩეველში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. ეს არც გაერთიანებისკენ უბიძგებს საზოგადოებას და პირიქით - შეიძლება დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.

„დღეს ოპოზიციური ამომრჩეველი ერთიანი არ არის. არსებობს ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც არც ხელისუფლებას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერს მხარს. მეორე მხრივ, თუ მასობრივი აქცია არ შედგება, ეს „ოცნების“ რიტორიკას გააძლიერებს. ხელისუფლება ამას მშვენივრად გამოიყენებს არჩევნების წინ იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა განულებულია.

იტყვის, რომ ოპოზიციას ხალხმა მხარი არ დაუჭირა და საკუთარი ამომრჩეველი ქუჩაშიც კი ვერ გამოჰყავს. ხელისუფლების აქციებით დამარცხება არარეალურია. ასევე, ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, პროტესტის ლეგიტიმაციაც კი დაკარგა. ყველასთვის გასაგები იქნებოდა არჩევნების შემდეგ პროტესტი და საუბარი გაყალბებაზე, მაგრამ ახლა რას აპროტესტებენ, გაუგებარია. არჩევნები არ ტარდება და ამას აპროტესტებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური უვიცობაა“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ დროს, სრულიად სხვა მოცემულობა იყო. ამჟამინდელი ხელისუფლება, შევარდნაძის მსგავსად, პოლიტიკურად გაკოტრებული არ არის. მას ჰყავს მხარდამჭერები. ასევე, ოპოზიციურ ფლანგზე არ არიან სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის მსგავსი ლიდერები.

„მაშინ  ჯერ ადგილობრივი არჩევნები იყო, სადაც გაიმარჯვა „ლეიბორისტულმა პარტიამ“, მაგრამ სააკაშვილს დაუთმეს და ის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. „ვარდების რევოლუციისთვის“ მზადება მთელი ერთი წელი მიმდინარეობდა, ეს არ ყოფილა მხოლოდ იმ დღის შედეგი. ასევე, შევარდნაძის ხელისუფლება მძიმე კორუფციასა და სისტემურ რყევებში იყო. მას არ ჰყავდა მხარდამჭერთა ის რაოდენობა, რაც ახლა „ოცნებას“ ჰყავს. ამიტომ, 2003 წლის მოვლენებთან დღევანდელის გაიგივება, აბსურდია“, - ამბობს ძაბირაძე. 

 

დოი რატომ ფეხები არ მოტყდა,როცა დავდიოდი თქვენს აქციებზე გარეწრები..
2 საათის უკან