საპარლამენტო კომისიის დასკვნა, როგორც „ნაციონალების“ აკრძალვის საბაბი - სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ახალი ბრალდებების მოლოდინში

საპარლამენტო კომისიის დასკვნა, როგორც „ნაციონალების“ აკრძალვის საბაბი - სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ახალი ბრალდებების მოლოდინში

თვითმმართველობის არჩევნების წინ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, აიკრძალოს. ამასთან, ისიც შესაძლებელია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ახალი ბრალდებები წაუყენონ 2008 წლის ომისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამო. ასევე, მოსალოდნელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაკავებები დაიწყოს.

სავარაუდოდ, ამგვარი მოვლენები სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს. საკითხავია, გამოიყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ქვეყნის შიგნით აქციების მოსაწყობად და დასავლეთის კრიტიკის გასაძლიერებლად ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არა მხოლოდ ოპოზიციის შესუსტება, არამედ საკუთარი ელექტორატის მობილიზება უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი უკვე დიდი ხანია დაღმავალია, ხოლო მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პოლიტიკურად გაკოტრებულია.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ცოტა დრო რჩება. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ საკმარისზე მეტი მტკიცებულება მოიპოვეს, რის საფუძველზეც მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა არსებობდეს. როგორც კომისიის წევრები აღნიშნავენ, ეს პოზიცია ოფიციალურ დასკვნაშიც აისახება.

ახლა მთავარი კითხვა ის არის, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამ დასკვნის გასაჯაროებას და ელოდება თუ არა „ნაცმოძრაობას“ საბოლოო აკრძალვა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი და დასკვნას საშემოდგომო სესიის დაწყებისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დასკვნას სასესიო სხდომაზე გაასაჯაროებს.

„ექვსი თვის განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც ჩვენ სესიაზე გამოვიტანთ - ეს საჯარო იქნება და დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ. პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც რეჟიმებს ქმნიდა, რომელსაც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ კომისიამ დაასრულა მუშაობა და მოისმინეს ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი, რომელიც ეხებოდა საზოგადოების დარბევას, ქონებების ჩამორთმევას, ადამიანის უფლებების დარღვევას. მისი თქმით, საბოლოო დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

მე-12 მოწვევის პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. თავდაპირველად კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ინტერესის საგანი მალევე გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა. ამ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი სასჯელს იხდის.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საფუძველი გახდეს, სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებს უდებს სათავეს. შეიძლება თუ არა „ოცნებამ“ ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები, თუ პირიქით, ოპონენტების გააქტიურება და საერთაშორისო კრიტიკის გაძლიერება გამოიწვიოს?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ოცნება“ აუცილებლად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს „ენმ“-ის აკრძალვის მოთხოვნით, რადგან ეს ქართველი ხალხის დიდი ხნის დაკვეთაა.

„საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო შესაბამისი საგამოძიებო ბაზა და დოკუმენტაცია, რათა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, აიკრძალოს. ეს ბანდფორმირება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს არაერთი ზიანი მიაყენა, უნდა აიკრძალოს! ისინი პოლიტიკურ პარტიას ამოფარებულები, პოლიტიკოსების სახელით, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაზიანებას აგრძელებენ.

ეს პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, ხალხს ქუჩებში კლავდა, ციხეებში აწამებდა და აუპატიურებდა. ახორციელებდნენ ბიზნესის რეკეტს და ხელისუფლების სახელით, ქართველი ხალხის ტერორს. ამიტომ, ამ მავნებლებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აგონ პასუხი და ისინი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან, როგორც დამნაშავეები, უნდა განიდევნონ“, - აცხადებს გვენეტაძე.

მისი თქმით, ეს ძალა გერმანული სოციალ-ფაშისტური პოლიტიკური ძალისგან არაფრით განსხვავდება. ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს, რისთვისაც საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, ამ კომისიის მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილსაც დაუმძიმდება ბრალი და იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რომლებიც ამ რეჟიმის საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ და არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქართველი ხალხის დაკვეთაა, რომ დამნაშავე პარტია უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და მათ უნდა მიიღონ შესაბამისი სასჯელი. თუნდაც ამის გამო, მმართველი გუნდის მიმართ დასავლეთიდან კრიტიკა და თავდასხმა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ენმ“ სწორედ გარე ძალების დასაყრდენი, მოღალატე ძალაა, რომლებიც „დიფ სთეითის“ დაკვეთების უპირობო შემსრულებლები არიან. რა თქმა უნდა, დასავლეთი საკუთარ აგენტურას კბილებით დაიცავს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის დაპირება, რაც მათ წინასაარჩევნოდ გასცეს. რაც შეეხება „ენმ“-ის ფაფხურსა და მუქარას, როგორც ბაბუაჩემი ვეღარ გაცოცხლდება, ისე ისინი ვეღარ შეძლებენ პოლიტიკურ რეაბილიტაციას და ქუჩაში ხალხის გამოყვანას“, - ამბობს გვენეტაძე.