გასული საუკუნის 60-იანელთა მუსიკალური სცენა მრავალფეროვნებითა და ახალი იდეებით რომ გამოირჩეოდა, ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, თუმც ზოგიერთი ტალანტი ალტერნატიულ სცენას ჰქმნიდა და The Beatles-ის მონიშნულ გზას არ მიჰყვებოდა არც იდეური, არც არანჟირების თვალსაზრისით.
ასეთი მუსიკოსები არც თუ ისე ბევრნი იყვნენ და რაც მთავარია არც მაინცდამაინც წარმატებულნი (სუბიექტური თუ ობიექტური თვალსაზრისით). მრავალი მათგანის სახელი დავიწყებას მიეცა, თუმც დარჩა ზოგიერთი, ვინც განსაკუთრებულ წარმატებას მოღვაწეობის საწყის პერიოდშივე მიაღწია, შემოიღო რა 60-იანი წლების ალტერნატიული მეინსტრიმი პოპ სცენისთვის ეკზოტიკური ინსტრუმენტებითა და სტილისტური მრავალფეროვნებით.
ასეთ მუსიკოსთა რიცხვს წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი მანფრედ მენი მიეკუთვნება, რომელმაც წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც უბადლო ინსტრუმენტალისტმა სინთეზატორების დიდოსტატმა.
შორეულ 1962 წელს შუაგულ ლონდონში დაარსდა ფრიად უცნაური ჯგუფი Mann – Hugh Blues Brothers. ჯგუფში აშკარად გამახვილებული იყო ყურადღება კლავიშებიანი ინსტრუმენტებიდან გამომდინარე რიტმ სექციაზე. დრამერი მაიკ ჰოგი ვიბროფონზე დაკვრასაც ითავსებდა, ხოლო მანფრედ მენი კი იმ დროისათვის საკმაოდ მწირი არჩევანის ფონზე, როიალსა და ორღანზე დაკვრას ინაწილებდა. ხუთი კაცისგან შემდგარ ჯგუფში შედიოდნენ ასევე ბას გიტარისტი დეივ რიჩმონდი, ვოკალისტი და ჰარმონიკაზე შემსრულებელი პოლ ჯონსი და გიტარისტი, ფლეიტისტი და საქსოფონისტი მაიკ ვიკერსი.
განსაკუთრებულს გაკვირვებას ეს უკანასკნელი იწვევს, რადგან შეუძლებელია როკ სამყაროში ჯგუფის პოვნა, სადაც რომელიმე მუსიკოსი ამ სამი - წამყვანი ინსტრუმენტის პალიტრას ითავსებდეს.
ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ Mann – Hugh Blues Brothers ჯაზისა და ბლუზის საკმაო ელემენტებს მოიცავდა.
სოლო ინსტრუმენტებისა და ვიბროფონის დრამთან ერთ ხელში მოქცევიდან გამომდინარე, კონცერტებზე იქმნებოდა ხოლმე სიტუაციები, როდესაც მუსიკოსებს იმპროვიზაციის განსაკუთრებული ალღო უნდა გამოეჩინათ და სიცარიელეები მახვილგონივრული დაკვრით ამოევსოთ.
მალე რიჩმონდი ტომ მაკგინესმა შეცვალა და მანფრედ მენის კოლექტივი წარმატების ძიებას ჩარტებში მოხვედრით შეეცადა. ალბათ უცნაურია, რომ შემოქმედებითი შტრიხები პოპ ორიენტაციამ ძალიან ლამაზად გამოხატა და ფენომენალური წარმატება ერთი შეხედვით გასართობ Do Wah Diddy Diddy-ის მოჰყვა, რომელმაც ერთდროულად იმარჯვა ბრიტანეთის, აშშს-სა და კანადის ჩარტებში და რომელშიც საკმაოდ იგრძნობოდა ფსიქოდელია, რაც ჯერ ადრე იყო...
1964 წლისთვის ჯგუფი უკვე Manfred Mann-ის სახელით გამოდიოდა, დიდი როლი ჰქონდა ნათამაშევი გრემ ბონდის (Graham Bond Organisation – Colosseum -ისა და Cream-ის წინაპირობა) მუსიკოსად ჩამოყალიბებაში და ლონდონის მუსიკალურ სცენაზე მჭიდროდ თანამშრომლობდა ალექსის კორნერის ოჯახთან, რაც უპირველეს ყოვლისა The Rolling Stones, Yardbirds სახელებთან ასოცირდება.
სადებიუტო ალბომ The Five Faces Of Manfred Mann-ში სრულდება ქენონბოლ ედერლის, ვილი დიქსონის, ჰაულინ ვულფის, მადი უოტერსის შედევრები, ასევე საგულისხმოა ჯო საჩის (Deep Purple-ს Hush-ის ავტორი) სიმღერა Untie Me. თვით ჯგუფის წევრები შედარებით გაუბედავნი არიან და კომპოზიტორობით ისევ მომღერალი პოლ ჯონსი გამოირჩევა.
ალბომის ამერიკულ ვერსიაში ზოგიერთი სიმღერა ჩანაცვლებულია შედარებით პოპ ორიენტირებული სიმღერით, რაც საკმარისია მისი მუსიკალური შოუ ბიზნესის იმ დროისათვის მიღებულ პოპ კრიტერიუმებში განსათავსებლად.
მაგრამ მანფრედ მენმა მაინც ვერ მოახერხა ჩამოყალიბებულ პოპ არტისტად ქცევა, რადგან ერთი შეხედვით პრიმიტიული ჟღერადობის მიუხედავად, უცნაური ინსტრუმენტული პალიტრა მას ამისათვის გზას უღობავდა.
1965 წელს ამერიკაში გამოცემული My little Red Book Of Winners ჩარტებს გარეშე დარჩა, თუმცა აქ წარმოდგენილი იდეები, იმის გათვალისწინებით, რომ ფრენკ ზაპა ჯერ არ არსებობდა, მხოლოდ გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევს...
მანფრედ მენი პოპულარობის მოპოვებას ახალი სისხლით შეეცადა და არც შემცდარა, რადგან ჯგუფში მომავალი ვარსკვლავი მაიკ დი აბო მიიყვანა, რომელმაც 1970 წელს ენდრიუ ლოიდ უებერისა და ტიმ რაისის Jesus Christ Superstar-ში ჰეროდეს პარტიის შერულებით დაგვამახსოვრა თავი.
შესანიშნავი მომღერალი დი აბო სიმღერების წერასაც შეუდგა. ამავე პერიოდიდან მანფრედ მენმა დაიწყო ალბომებში ბობ დილანის თითო კომპოზიციის შეტანა. ალბომ As Is-ში Just Like A Woman-მა საკმაო წარმატება მოიპოვა და შვედეთის ჩარტებს ჩაუდგა კიდეც სათავეში.
მრავალფეროვნებით არც ამ ალბომმა დააღალატა მსმენელი, რადგან ბობ დილანის სიმღერის გვერდით, აქ ვხვდებით ჯაზური Autumn Leave-ის ორწუთიან მარტივ და ლამაზ იმპროვიზაციას, ასევე მანფრედ მენის, ჰოგის, მაკგინესისა და ზემოთხსენებული დი აბოს როგორც ერთობლივ, ასევე ცალ-ცალკე შექმნილ კომპოზიციებს.
როგორც ვხედავთ, 1966 წლისათვის The Rolling Stones-ის მსგავსად, Manfred Mann-იც გათამამებულია და მსმსნელისათვის საკუთარი ხელწერის სრულყოფილად ჩვენებითაა დაინტერესებული.
ჯგუფი არც ძველს ივიწყებს, პატივს სცემს სულიერ მამებს და ტრადიციული სიმღერების ახალი ინტერპრეტაციით აწონებს თავს მსმენელს. სწორედ ამგვარი ტრადიციული ჰიტების ინსტრუმენტული ვერსიები ამშვენებს 1967 წლის ალბომ Soul Of Mann-ს.
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? – The Who – My Generation, The Rolling Stones – Satisfaction, The Yardbirds – Still I’m Sad, Why Should We not (Take V-ის მიხედვით)…
გაოცებას იწვევს ჯაზური იმპროვიზაციების ელეგანტურობა და დახვეწილობა, ფიუჟენის წინაპირობად რომ უნდა მივიჩნოით ჯერ კიდევ Colosseum-ის დაარსებამდე.
ვიბროფონის ულამაზეს სოლოებს, რომლებიც ხშირად ვოკალის პარტიებს განასახიერებენ, აკომპანიმენტს უწევს გემოვნებით ზომიერი სასულე ინსტრუმენტების რეგისტრი, ხოლო God Rest Ye Merry Gentlemenn აშკარად Jethro Tull-ში იან ანდერსონის ხედვის წინაპირობაა და საერთოდ „რენესანსული როკის“ ვინძლო პირველი ნიმუში...
1968 წელს Manfred Mann-მა კიდევ ორი ალბომი ჩაწერა. პირველი მათგანი Up The Junction მანფრედ მენისა და მაიკ ჰოგის საუნდტრეკი იყო ამავე სახელწოდების ფილმისთვის, ხოლო Mighty Garvey კი კოლექტივის უკანასკნელ ალბომად იქცა სრულიად ჩამოყალიბებული ხელწერითა და დაკვრის ფილიგრანული ოსტატობით. აქ უნდა შევჩერდეთ, რადგან ცოტა ხანში Manfred Mann, Manfred Mann’s Earth Band-ად იქცევა და ეს უკვე სხვა ამბავია...