ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებისა და გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად დამძიმებისკენ.
„მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.
2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.
2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც. 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც - შეთანხმებული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ეს ხდებოდა 2004 წლის ზაფხულში. კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად დამძიმებისკენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2007 წლის 8 მაისს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნამ ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის გამოიყენა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის 2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, სადაც მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „რამდენიმე თვის ამბავი“ იყო. მოგვიანებით მან ისიც თქვა, რომ 2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ.
2007 წლის 8 მაისს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ეს ნაბიჯი სავალალო აღმოჩნდა, რადგან სრულიად მშვიდობიანი და 1992 წლიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც საბოლოოდ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.