ნიკო გომელაურის პირველი სიყვარული და მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან თანაცხოვრება, რომელთანაც ქალ-ვაჟი ჰყავს, წლების წინ დამთავრდა. 12 წლით უფროსი ნინა მან რადიოში მუშაობის დროს გაიცნო, როცა კარი გაიღო და ქერა ქალბატონის მზერამ თვალები მოსჭრა. თავიანთ სიმარტოვეს მალე დაუსვეს წერტილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწიათ. ნიკო გომელაურის უცნობ მხარეებზე მისი მეორე ნახევარი გიამბობთ.
ნინა, როგორ გახსენდებათ ნიკოსთან შეხვედრის დღე?
- იმ პერიოდში, ნიკოს რომ შევხვდი, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან წერტილი დავუსვი ჩემს ქმართან ურთიერთობას. მეგობრებთან ერთად კოტე ყუბანეიშვილს გავუარე რადიოში, რომელიც ნიკოსთან ერთად კითხულობდა ლექსებს. მანქანა ახალი ნაყიდი მქონდა და ბევრს დავდიოდი, ძირითადად, ღამით და წვიმაში. იქ, რადიოში ვნახე ნიკო. მერე იქიდან კაფეში შევედით. ძალიან მომეწონა. ჩემთვის გავიფიქრე, თურმე გარშემო ისევ არიან საინტერესო ადამიანები და ცხოვრება გრძელდება-მეთქი. სახლში რომ მოვედი, მეგობარმა დამირეკა და ნიკოზე აღფრთოვანებით ველაპარაკე ასეთი და ასეთი ბიჭი ვნახე-მეთქი. გავიდა რაღაც პერიოდი. ისევ იმ მეგობარმა მთხოვა - რაღაც შეხვედრა მაქვს კაფეში და წამომყევიო. ისე ძალიან არ მინდოდა წასვლა, ვერ წარმოიდგენ. საკმაოდ ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მეცვა, რაღაცას წამოვკარი ფეხი და გამოვხიე. გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე, - რა მინდოდა, რომ მოვდიოდი. კარი შევაღე და ვხედავ ნიკოს. როგორც თვითონ ამბობს, „იქ დავუგე ლექსის მახე, იქ კი ვეღარ გადამირჩაო“.
იმ დროს თქვენც ახალი გაშორებული იყავით ქმართან და ნიკოც ახალი გაშორებული - ცოლს. ასე რით მოგხიბლათ?
- ნიკო 1 წლის გაშორებული იყო, თუმცა, ცოლიც რომ ჰყოლოდა იმ პერიოდში და ჩემთვის უბრალო მეგობრობა შემოეთავაზებინა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, რადგანაც მჯერა კაცსა და ქალს შორის მეგობრობის. მე და ნიკომ ცხოვრება თეატრის საგრიმიოროში, ათ კვადრატულ მეტრ ოთახში დავიწყეთ. საერთოდ არაფერი გვქონდა. თავიდან, ცოტა ხნით, ნიკოს მშობლების სახლში ვიყავით. მერე ეს ბინა ვიყიდეთ. სხვათა შორის, ძალიან კარგად მქონდა მოწყობილი ის საგრიმიორო.
თქვენზე ყოფილა ნათქვამი, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტევაო. არ გაგიჭირდათ ასე ცხოვრება?
- სულ ვამბობ, დედაჩემმა გამომიგზავნა შენი თავი-მეთქი. დედა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. როცა შევხვდი, ვუთხარი კიდეც - შემთხვევით არაფერი ხდება, დარწმუნებული ვარ, დედაჩემმა სთხოვა ღმერთს, ჩემს შვილს ნიკო გაუგზავნეო და გამომიგზავნა. თუმცა, ამას წინათ ვუყვირე - ნეტა, საერთოდ არ შეგხვედროდი-მეთქი. იმ პერიოდში ჩემი ბიზნესი - საბავშვო ბაღი, უკვე კარგად მქონდა გამართული, 25 წლის ვიყავი, როცა გავხსენი. აქედან გამომდინარე, იმის საშუალება, რომ საგრიმიოროში არ გამეკეთებინა საჭმელი და სუპერმარკეტში მეყიდა, ყოველთვის მქონდა, ნიკოს კი - არა. ვამშვიდებდი, ჩემი ხნის რომ გახდები, ჩემზე მეტი გექნება-მეთქი.
ამბობენ, ნიკო გომელაურმა ნინა სწორედ კარგი მატერიალური მდგომარეობის გამო შეირთოო. მართალია?
- ჰო, ამბობენ, ნინა იმიტომ მოიყვანა ცოლად, მანქანა ჰყავს და ბევრი ფული აქვსო. ბინაზე არაფერი უთქვამთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარი, ეს ბინა ერთად შევიძინეთ. ამით შეურაცხყოფას აყენებენ ნიკოს, გამოდის, რომ ალფონსია. სინამდვილეში კი ნიკოს არ შეუძლია, იცხოვროს იქ, სადაც სიყვარული არ ექნება. სულს ნიკო არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის, მაგის გარანტიას გაძლევთ. ახლა თვითონაც მშვენიერი ანაზღაურება აქვს. მე და ნიკო აბსოლუტურად იდენტურად ვაზროვნებთ, არაფერზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ერთნაირად ვტირით, ვიცინით. არასდროს ცხოვრებაში, არც ნათესავი, არც ახლობელი ან მეგობარი, ასეთი ჩემიანი არ მყოლია, როგორც ნიკოა. ასე რომ არ ყოფილიყო, 12 წლით უფროსი, ორი შვილის დედა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი.
არ ფიქრობდით, რომ, ერთხელ თუ არ გამიმართლა, შეიძლება, არც ეს ქორწინება იყოს იღბლიანიო?
- ჩემი პირველი ქმარი წესიერების განსახიერება იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ყოველთვის მოხიბლული ვიყავი მისი ამ თვისებით. ეტყობა, რაღაც მომენტში მე, რაღაცეები ვერ გადავიტანე. ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებ. ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, ვფიქრობდი ამ ურთიერთობის დასრულებაზე. ძალიან რთული ხუთი წელი გავიარე და ერთ მშვენიერ დღეს წამოვედი. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჯვარიც კი დავიწერე იმ მიზნით, იქნებ, რამე გვეშველოს-მეთქი, მაგრამ... თუმცა, მამაოს უთქვამს ჩემთვის - შენი ჯვარია და შენ უნდა ზიდოო. დღეს, რაღაც რომ გამიჭირდება, ამაზე ვფიქრობ - ის ჯვარი რომ არ ვზიდე, ღმერთმა უფრო მძიმე ჯვარი მომცა-მეთქი. ნიკოსთან ცხოვრება საკმაოდ მძიმეა.
რას გულისხმობ?
- მის შემოქმედებით მხარეს, თორემ ხასიათით არ არის მძიმე, პირიქით, სულ მგონია, რომ დედაჩემის გაზრდილია. ცხადია, სახლში უფროსი ნიკოა და ხანდახან ვეუბნები - თუ შეიძლება, წლოვანების გამო მაინც დაიცავი სუბორდინაცია-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომდის. მართალია, საკმაოდ ავტორიტარულ შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ მორჩილი ვარ, იმაზე მეტადაც, ვიდრე ეს მომწონს. საერთო ჯამში კი, არაფერს ვუთმობ. როცა სახლში შემოქმედი ადამიანი გყავს, ალბათ, უფრო ტოლერანტული უნდა იყო, იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს სხვა რეჟიმში უწევთ ცხოვრება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ხმალამოღებული ვებრძვი ყველაფერ იმას, რაც არასწორია, ტყუილია, რასაც ვხედავ, ვგრძნობ, ვფიქრობ. ბოლომდე ჩემსას „ვაწვები“. როცა რაღაც ეშლება, არ მინდა, რომ დავუთმო.
მაგ დროს, შეიძლება, ისევ დაუშვათ შეცდომები, როგორც პირველად.
- შეცდომებს, რომელსაც ვუშვებდი, დღემდე ვუშვებ და ზუსტად ვიცი, რომ თვითონაც ზუსტად იმავე შეცდომებს უშვებს ჩემთანაც. არავინ არასდროს იცვლება.
მამაკაცებს ჯაჯღანა ცოლები რომ არ უყვართ, იცით?
- ნიკო სახლში ძალიან კარგია, მე რომ არ შევუჩნდე და არ დავიწყო რაღაცეების გამორკვევა: „აი, შენ რომ გუშინ მითხარი, იურასთან ერთად ვარ და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ასე არ იყოო“... - მე რომ ეს გავატარო და არ შევიმჩნიო, სახლში სამოთხე მექნებოდა, იმიტომ, რომ ნიკო ამის რეალურ საშუალებას გაძლევს. ეს არის კარგი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი. მისი არაორდინარულობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ სულ გაოცებს და ამ გაოცებას სიხარული მოსდევს, სანამ, სიტყვაზე, ბოლოს არ იყვირებს - წადი, შენი და იურას დედაც ვატირეო. მას ჰგონია, რომ ტყუილის ოსტატია, სინამდვილეში ტყუილი არ გამოსდის. ამ დროს თვალები შუშის უხდება, სახეზე ფერს კარგავს, ეცვლება მიმიკა და შუბლზე დიდი ასოებით ეწერება: „ვტყუი“. სამწუხაროა, რომ გაბრაზება მალე გადამდის. ჯობია, არ იყვირო, ერთი, ორი დღე იყო ნაწყენი და არაფერი გააკეთო. დასჯის ეს მეთოდი უფრო მუშაობს. მე კი, ამ ყველაფრის შემდეგ, შევდივარ ოთახში და ვეკითხები: ხომ არაფერი გინდა, ძვირფასო?
ვიცი მამაკაცები, რომლებსაც სახლში საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ პირი აქვთ ღია და ელოდებიან, რას მიართმევ. ნიკო როგორია?
- კი, ნიკოსაც არ აქვს პირი დახურული. წერს, როლზე ფიქრობს ან ტელევიზორში რაღაცეებს საინტერესოდ უკეთებს კომენტარს. ზოგჯერ წავა და რაღაცას ისეთს იყიდის, რასაც მე არასდროს ვიყიდდი. დელიკატესები მოაქვს, რაც თვითონ მოსწონს. თუ სახლში რაღაცის გაკეთებას დააპირებს, უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ, შეიძლება, სურათი ისე ჩამოკიდოს, მერე შპალერზე სისხლის ნაკადული მოდიოდეს. ძალიან უყვარს სახლი. კაცს ასე უყვარდეს სახლში მოსვლა, არ მინახავს.
ჩემი პირველი ქმარი, როცა სვამდა, არაჩვეულებრივი იყო. ნიკო პირიქით არის, არ აქვს კარგი სიმთვრალე. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ თვითონ ვერ იტანს მთვრალ ადამიანებს, რომლებიც ბევრს და უაზროდ ლაპარაკობენ. ან მე წავალ, ან შენ წადიო, - ეტყვის. დილას რომ იღვიძებს, უნდა ნახო, როგორი სასაცილოა. შეშინებული კურდღელივით არის: საბანი სახეზე აქვს აფარებული და ცალი თვალით იყურება, ირგვლივ გარემოს აფასებს, რა ხდება, დაძაბულია თუ არა? თუ დაძაბულია, ესე იგი, რაღაც საშინელება გააკეთა. ისევ ხუჭავს თვალებს და საბნის ქვეშ ძვრება. ყველანაირად ეცდება, რომ როგორმე გაიხსენოს, რა ჩაიდინა. თუ არაფერს ვეუბნები, უნდა ნახო, როგორი ბედნიერია.
სახლიდან თუ გაგიგდიათ?
- ერთადერთხელ, შარშან. ეტყობა, ცოტა გადავიღალე და ვუთხარი, წადი, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. იმ მომენტში ძალიანაც აწყობდა და, კოჭი გავუგორე, რომ იტყვიან. სიხარულით გარბოდა. გადავბრუნდი და ისე კარგად დავიძინე, ვერ აღვწერ. იმ ღამეს რომ დავიძინე, ასე მთელი ორი თვე არ მიძინია, მაგრამ ორ დღეში დამეწყო საშინელება. ნიკოს დავურეკე, მოდი-მეთქი. მოვიდა და დარჩა უშენოდ მეც არ შემიძლიაო.
ის ორი ღამე სად იყო, არ გაინტერესებდათ?
- იურასთან რომ არ იყო, ვიცი. 15 წელი ვცხოვრობდი კაცთან, რომელზეც ერთხელაც არ მიეჭვიანია, არადა, ძალიან ლამაზი ქმარი მყავდა. შეიძლება, რამეს ახერხებდა კიდეც, მაგრამ არ მიეჭვიანია. ახლა ხმები დადის, რომ ნინა ეჭვიანი, გადარეული და გიჟიაო. ამ შემთხვევაში, ეტყობა, მაქვს საეჭვიანო. სულ მირეკავენ და საქმის კურსში მაყენებენ. ერთი პერიოდი მართლა ძალიან განვიცადე, კინაღამ გადავირიე. ვიღაცამ დამირეკა და მეუბნება: ლტოლვილი გოგოა სოხუმიდან, საშინელ დღეშია. ნიკოს, ალბათ, გასართობად სჭირდება, იმ გოგოს კი უყვარს და, ძალიან გთხოვთ, თქვენს ქმარს მიხედეთო. მერე გავარკვიე, რა ნომრიდან დამირეკეს. ნიკოს რომ ვკითხე, ბევრი იცინა - გიჟი ხომ არ ხარო.
მამაკაცები, როგორც წესი, ასე პასუხობენ. დაუჯერეთ?
- შეიძლება, იყო კიდეც რაღაც, მაგრამ არა მგონია, სერიოზული ყოფილიყო. განსხვავებაც ეს არის, ალბათ, კაცსა და ქალს შორის, რომ კაცი ფიქრობს, როგორ გაილამაზოს საღამო. ახასიათებთ ასეთი რაღაცეები და რას იზამ. გამოდის, რომ ვპატიობ. ეტყობა, უთავმოყვარეო ვარ, ან, მეორე ვარიანტია - ნიკოა ისეთი მაგარი, რომ ამას აკეთებს და ვპატიობ. კაცმა უნდა იცოდეს, რომ ამით საკუთარ სიყვარულს ძარცვავს, მაგრამ შტერები არიან, ამას ვერასოდეს გაიგებენ. იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. რადგან ნიკოზე უფროსი ვარ, იმ ქალებს ჰგონიათ, რომ ჩემი გვერდზე გაწევა ადვილია. როგორც ხედავთ, ასე არ არის.
იშვიათად თუ გამიგია ისეთ ურთიერთობის შესახებ, როგორიც ნიკო გომელაურის ახლანდელ და ყოფილ ცოლებს აქვთ. და, მაინც, არ გაღიზიანებთ, როცა ნიკო თქვენთან მასზე ლაპარაკობს?
- ამას წინათ გავიგე, თურმე ნიკო, იმიტომ სვამს, რომ ეკა მისგან წავიდა. ასე რომ ყოფილიყო, ამას ვერ ვიგრძნობდი? ეს რომ მეგრძნო, მასთან ერთად ნამდვილად არ ვიცხოვრებდი, თუმცა, მართლა ძალიან განიცადა ეკას წასვლა. თვითონ აქვს ნათქვამი და, ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ, სულ არ მჭირდება კაცი, რომელიც ადვილად გადაიტანს ცოლთან დაშორებას. ნიკო რომ გავიცანი, ეკას იმ პერიოდში მეგობარი ჰყავდა, რომელსაც მერე დაშორდა. რამე რომ ყოფილიყო, ნიკო პირდაპირ მეტყოდა, ეკა ახლა თავისუფალია და დავუბრუნდებიო. ამის გამკეთებელი ნამდვილად არის. შეიძლება, ამ უწესობისთვის სარჩულად მათი ძალიან დიდი სიყვარული დამედო, მაგრამ ასე არ მოხდა.