ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, ცნობილი ხმა დავით სოკოლოვი ახალგაზრდობში კარგ მსმელად ითვლებოდა, ახლაც უწევს, მაგრამ იშვიათად. არც თამადობასთანაა უბრად, ენაც უჭრის და ხმაც. მღერის და ცეკვავს კიდეც, მართალია, ისე ვერა, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ ასაკს არ ნებდება. უკვე 73 წლისაა და გული სწყდება, რომ ხალხში ქეიფის მოთხოვნილება გაქრა.
დავით სოკოლოვი:
- ძალიან მიყვარს მოლხენა. ცხოვრებაშიც ისე რომ მივსდევდეთ წესებს, როგორც სუფრაზე, უკეთესი იქნებოდა. ქართული სუფრა განსაკუთრებულ შეგრძნებას ბადებს, ცოტას რომ დალევ, განსაკუთრებულ ხასიათზე დგები, ტონუსს ამაღლებს. გემრიელად რომ მოილხინო, სუფრაზე ხალხის რაოდენობასაც გააჩნია. 8–10 კაცი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ შენი ჭიაც გაახარო და თანამესუფრეებსაც მისცე საშუალება, იმხიარულონ. მე რომ ახლა ვინმემ მითხრას, წამოდი და ესტრადაზე იმღერეო, შეიძლება თავში ჩავარტყა რაღაც, მაგრამ სუფრაზე ხშირად ვმღერი. ამბობენ, რომ ახალგაზრდობაში კარგადაც ვმღეროდი და ვცეკვავდი, ახლაც არ ვაკლებ.
ისეთ სუფრებზე მოვხვედრილვარ, ისეთ საზოგადოებაში, რომ... გაყუჩული ვიყავი, რაიმე სისულელე არ წამომცდეს–მეთქი. არაფერი ჯობდა ეროსისთან სუფრაზე ჯდომას. თუ ეროსი იყო, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო გოგი გეგეჭკორიც, იაშა ტრიპოლსკი, ტარიელ საყვარელიძე, გოგი გელოვანი და იყო გიტარა და ჩქარი ტაში. საოცარი თამადობა იცოდა სიმონიკა სხირტლაძემ, სუფრის სიმფონია გახლდათ. ის რომ სადღეგრძელოს იტყოდა, აღარც დალევა გინდოდა, აღარც მუსიკა, აღარც სიმღერა. ისეთი მჭევრმეტყველი იყო, ერთი საათი რომ ელაპარაკა, ყურს ვერ მოწყვეტდი. ჩემი თაობიდან კარგი თამადაა გივი სიხარულიძე, თვითონ გაძლევს მაგალითს, რა გააკეთო. იტყვის, აბა, ახლა სიმღერის დროაო და დაიწყებს სიმღერას, ცეკვას. შეუძლია, სუფრა აიყოლიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
თამადობა არ არის მარტივი საქმე. როგორც ამბობენ, ესეც ერთგვარი ნიჭია.
- კაცმა რომ თამადობა შეძლოს, პირველ რიგში, გონება, ენა უნდა უჭრიდეს, სიტყვის მარაგი უნდა ჰქონდეს, წყალივით უნდა მოდიოდეს. ნათქვამია, იმ თამადას რა ვუთხარი, ჭიქის აწევამდე იცის, რა უნდა თქვასო. ვახტანგ ჭყოიძე გამახსენდა, მაგარი მოქეიფე კაცი იყო, ცნობილი თამადა. საქეიფოდ სულ რესტორან „თბილისში" დადიოდა. ერთხელ ბიჭებმა დაპატიჟეს და მის პატივსაცემად შამპანურები გახსნეს. მაშინ წესად იყო - სანამ შესვამდი, შამპანურიდან გაზი უნდა გამოგეყვანა, ამისთვის კი ჭიქაში „პეტრუშკას" აგდებდი და ურევდი. ვახტანგმა უყურა, უყურა, როგორ გამოჰყავდათ „პეტრუშკათი" გაზი და ბოლოს უთხრა, ბიძია, აგერ ქარხანა გვაქვს ავჭალაში, სამი ათასი კაცი ერთი თვე ტენის მაგ გაზს მაგაში და უხერხულად ხომ არ გეჩვენება, ხუთ წუთში რომ გინდა, მაგი მაქიდან გამოიყვანოო.
ქეიფის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, სუფრის წევრები როგორ იტანენ სასმელს. საშინელებაა, როცა ვიღაც ჭინჭყლი აღმოჩნდება. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - კაცი, რომელიც სუფრაზე და სმაში არის ცუდი ხასიათის, ის ბუნებითაც ცუდი ადამიანია, უბრალოდ, სიფხიზლეში თავს იკავს, მაგრამ ღვინოს რომ დალევს, „მუხრუჭები" ეშლება.
სამწუხაროდ, ჭინჭლი და ჩხუბი სუფრაზე უკვე წესად იქცა, არც ისეთი თამადები გვხვდება, როგორებიც იყვნენ გოგი გელოვანი, სიმონიკა სხირტლაძე...
- ახლა სულ სხვა დამოკიდებულებაა სუფრისადმი. რა თამადობა, რა ქეიფი, უნდათ, უცბად დასხდნენ და დალიონ, რომ მალე დათვრნენ, მეტი არაფერი აინტერესებთ. შეიძლება გადასარევი არაა ის მუსიკა, რასაც ჩვენ ვმღერით, მაგრამ მაინც ვერაფრით ვხვდები, რა სიამოვნებაა იმაში, როცა დასარტყამი ინსტრუმენტი ისე ბრაგუნობს, რომ ლამის ტვინი აგხადოს. თან მუსიკა საერთოდ არ არის, მარტო ბრაგუნია. ეს წამხედურობის ბრალია, რომ მერე ვიღაცამ არ თქვას, გოიმი არისო. ხალხში მოთხოვნილება - დასხდნენ და იქეიფონ, გაქრა, რაც ძალიან საწყენია.
თქვენ თუ თამადობთ ხოლმე?
- კი, ახალგაზრდობაში უფრო ხშირად მიწევდა. ჩვევად მაქვს, როცა შეჭიკჭიკებულია ხალხი, რომ არ იხმაურონ, დავდივარ სუფრაზე და ყველას ველაპარაკები. ისე, მხიარული თამადა ვარ.
მითხარით, ყველანაირ სასმელს ვსვამო, მართლა სულ ერთია, რას სვამთ?
- კი. ახალგაზრდობაში კარგ მსმელად ვითვლებოდი. სუფრა რომ ღვინოს სვამდა, მე არაყით ბოლომდე მივყვებოდი. 1993 წელს ზუგდიდში მომინდომეს დათრობა, ჭითაწყარში, მაგრამ ვერ დამათვრეს, უფრო სწორად, გამიმართლა, შუა ქეიფში ატყდა ერთი ამბავი - ქალებმა დაიწყეს იქით–აქით სირბილი. იმ წელს გამოჩნდა პირველად ამერიკული პეპელა და სახლის კედელს შეესია თურმე დასაბუდებლად. ატყდა ჩოჩქოლი და სუფრა ჩაიშალა. მაშინ ვუთხარი მეგრელებს, მაინც ხომ ვერ დამათვრეთ–მეთქი.
ალბათ უცნაური სასმელებიც გაგისინჯავთ.
- პირველად რომ ვნახე არაყში გველი, კინაღამ გული ამერია. ვიეტნამური სასმელია. თან უნდა ამოიღო, დაჭრა და არაყს მიატანო. იმას რა დამალევინებდა! ისე, მართლაც ბევრი უცნაური სასმელი მინახავს და გამისინჯავს, მაგრამ ვინმემ ერთხელ მაინც თუ გასინჯა ჩვენებური სასმელი, ყოველთვის ჩვენსას ამჯობინებს. ამერიკაში მივდიოდი სტუმრად, ჩავფრინდი ნიუ იორკში და მერე მეორე აეროპორტში გადავედი, მაგრამ ჩემი რეისი დილამდე არ იყო. რომ ნახეს აეროპორტის თანამშრომლებმა, ვარ მარტო შტერივით, საუზმეზე მიმიპატიჟეს. მე აქედან ყველანაირი არაყი და საწებელი მიმქონდა და ყველაფერი ამოვალაგე. იმათ თავისას პირი არ დააკარეს, ისე მოეწონათ ჩვენი თაფლის, ქლიავის და ჭაჭის არაყები. ისე შევყევით ქეიფს, რომ მერე იმაზე გავბრაზდი, სად ეჩქარება ამ თვითმფრინავს–მეთქი.
კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა, საქართველოში ჩატარდა მეღვინეთა კონგრესი და ჩამოსული იყო მეღვინეთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე - ბარონი ლერუა. 90–ს მიღწეული კაცი იყო. კახეთში რომ ჩაიყვანეს, ოჯახში შეიყვანეს და ქვევრიდან ამოუღეს ღვინო. დალია, მაგრამ მერე ჭიქა ხელიდან ვეღარ გააგდებინეს - სვამს და სვამს. ისე მოეწონა, გაგიჟდა, ეს რა საოცრებააო, იძახის. მაშინ მჟავანაძე იყო ცკ–ის მდივანი და რაიკომის მდივანს ეუბნება, დაანებებინეთ თავი, არ მისცეთ ღვინო, თორემ გადაბრუნდება, მოკვდება და ამას რამე რომ დაემართოს, ციხეში წავალთ ყველანიო. ახლაც სამი კომპანიაა იქ შემოსული, რომელთაც მხოლოდ გლეხის დაყენებული ღვინო გააქვთ უცხოეთში.
სუფრაზე კერძებს თუ აქცევთ ყურადღებას?
- თუ ხორცი არის, კარგია, მაგრამ მე ტკბილი მიყვარს ძალიან. შემიძლია ერთი ტორტი შევჭამო.
როგორც ვიცი, ღვინოსთან ტორტი არ არის რეკომენდებული.
- ზღაპრებია.
სიმთვრალე როგორი გაქვთ?
- კარგი, რასაც გინდათ, იმას გავაკეთებ. სახლში თუ მოვედი, დავდებ თავს და დავიძინებ.
ყოფილა შემთხვევა, ვერ მისულხართ სახლამდე?
- როგორ არა, მე თითქმის ბავშვობიდან ვზივარ მანქანაზე და თუ ძალიან გადასწორებული ვიყავი, ვერიდებოდი. ერთხელ მთიანეთში წავედი სანადიროდ. უცებ გამომიჩნდა თავისუფალი დრო და გვიან მომიწია წასვლა. რომ ავედი, ბრიგადა გასული დამხვდნენ. იქ იყო გიორგი პაპა, ჩემი მეგობრის მამა და მასთან მივედი. ვუთხარი, გიორგი პაპა, ყველანი წასულები არიან–მეთქი. ძალიანაც კარგიო და ქლიავის არაყი გამოიტანა. მეზობელიც შემოვიდა, დავსხედით და კარგად შევუბერეთ. მერე ავტყდი, თბილისში უნდა წავიდე–მეთქი და წამოვედი.
დავჯექი მანქანაზე და მოვდივარ. მოვდივარ, მაგრამ უცებ ვერ ვიხსენებ, სად მივდივარ. გამოვიარე ორხევი, სიონი და ვკვდები დარდით, ნეტა, სად მივდივარ. გამოვედი სართიჭალის გზაზე და ოფლი მასხამს ნერვიულობისგან. რომ არ დამეძინოს, თავი გარეთ მაქვს გაყოფილი. სართიჭალის გზაზე „ტეკი" იყო შემაღლებულ ადგილას. რომ გადმოვიხედე და თბილისი გამოჩნდა, გონება გამინათდა - გამახსენდა, რომ სახლში მივდივარ და სულელივით გავუჩერე ინსპექტორებს მანქანა. ვეუბნები, ასეთი რამ დამემართა და „მაკარიჩი" უნდა დავლიო თქვენთან–მეთქი.
და ასეთ დღეში რომ გნახეს, რა გითხრეს? ჯარიმა რა გამოგიწერეს?
- არა, ახალგაზრდა ინსპექტორი დაჯდა საჭესთან და იმან წამიყვანა სახლში. მაგრამ სიმთვრალისთვის ერთი წელი მართვის უფლება ჩამორთმეული მქონდა. ვაკის პარკთან რეიდი იყო და მე თვითონ გავუჩერე მანქანა, თუ შეიძლება, გამატარეთ–მეთქი. გაგიჟდნენ, რა მთვრალიაო და მთხოვეს, ჩვენი კაცი მიგიყვანთ სახლამდეო. გადავირიე, არა, ავტოინსპექციაში უნდა წავიდე–მეთქი. ავტოინსპექციის პარტკომი იყო ჩემი მეგობარი, თამაზ ჭიჭინაძე. რომ მივედით, ის არ დამხვდა სამსახურში და სასწრაფოდ გამიფორმეს „ლიშენია". მეორე დღეს მქონდა გადაცემა „გზები და გზაჯვარედინები". მე დღე ვაყარე ნასმვამ მძღოლებს? სულ ბდღვირი ვადინე!
ნაბახუსევი როგორი გაქვთ?
- არასოდეს მქონია, ნაბახუსევი რა არის, არ ვიცი. ჩემი მეგობრებს რომ აქვს, ისეთი რომ მქონდეს, სიცოცხლეში არ დავლევდი არაფერს. ნასვამი სამსახურშიც ბევრჯერ ვყოფილვარ.
პირდაპირ ეთერშიც?
- კი, მაგრამ ერთი რამე იყო - ენა არ მეშლებოდა არასოდეს. ვერც ვერავინ მამჩნევდა, მხოლოდ ჩემი ცოლი ხვდებოდა. ერთხელ რადიოში მიმყავს გადაცემა და ტექსტი დამეკარგა. ცუდი ნაბეჭდი იყო და ვერაფრით მივაგენი. ვერც გავიხსენე, სად გავჩერდი. ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე, ვერ ვიხსენებ, მეორედ გადავიკითხე, მაინც ვერ გავიხსენე და ხმამაღლა ჩავილაპარაკე, რა იქნა ეს უპატრონო–მეთქი. გვერდით მერი მიქელაძე მეჯდა და უცებ ბრაგუნი გაადინა. ამ ჩემს რეპლიკაზე ისე ინერვიულა, კინაღამ გაგიჟდა.