თქვენ კახის დარბაზი გაუთბეთ და...

თქვენ კახის დარბაზი გაუთბეთ და...

ბოლო ოლიმპიადებიდან ყველაზე მშვიდად და სრულად ბარსელონისა ვნახე. ხომ გახსოვთ, რა დრო იყო: 1992 წელი, დაქცეული ქვეყანა... იმხანად ჩვენში გაზეთები მეტწილად კვირაში ერთხელ-ორჯერ გამოდიოდა და ამ საქმით დაკავებულ ხალხს სულაც არ გვჭირდებოდა ყოველ დილით დაძაბული სახით სამსახურში გავარდნა. ერთი სიტყვით, ტელევიზორის ჩასართველად დრო მქონდა.

იმ დღეს, ბედად, ტელევიზორი ძალოსანთა შეჯიბრების დროს ჩავრთე და გეგმაც ამერია, სავარძელში მშვიდად მოკალათების და ოლიმპიური ამბების „დათვალიერების“ ნაცვლად, მოულოდნელად, ჭკუაზე შეშლილ გულშემატკივრად ვიქეცი. იმ წუთს ვინმეს რომ ეკითხა, ძალოსნობის ცქერა ჯობია თუ ფეხბურთისაო, დაუფიქრებლად ძალოსნობას ვუპასუხებდი - ჯობია ის, სადაც შენიანი იმარჯვებს.

კახი კახიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

მაგრამ ვინ არის კახი კახიაშვილი? საიდან ამოტივტივდა ეს ჟღერადი გვარ-სახელი? უცნაურია - კახი კახიაშვილი. მაშინ, როდესაც მე შემეძლო მეთქვა, ვინ არის უამრავი, დღეს მივიწყებული, სამხედროზე უფრო მძარცველი გარეგნობის მეავტომატე, ვერაფერს მოგახსენებდით კაცზე, რომელიც ტყვია-წამალ-ტრასირების გაგანია ტკაცა-ტკუცის დროს სადღაც დარბაზში შტანგას წევდა.

...გავიდა რამდენიმე თვე. საქართველოში გაზეთები კვლავ კვირაში ერთხელ-ორჯერ გამოდიოდა. „სარბიელის“ რედაქციამ კახიაშვილთან ინტერვიუ და შიგადაშიგ ძალოსნობის ამბებზე წერა დამავალა. მოკლედ, ძალოსნობა „ჩემი“ სახეობა გახდა, ამიტომაც, ბუნებრივია, დარბაზში სტუმრობას მოვუხშირე.

დარბაზი... ჩამოტყავებული, გაქუცული და საცოდავი. ზამთარში ყინავს - კბილს კბილზე მარტყმევინებს. ერთ ადგილას ბიჭებს ღუმელი დაუდგამთ. როგორია გაყინულ ჰაერში კუნთების გახურება, ვარჯიში და ოფლად დაღვრა. სხეულის და ჰაერის ტემპერატურა მეტ-ნაკლებად დაახლოებული არ უნდა იყოს?

კახიაშვილი ვარჯიშზე ტროლეიბუსზე ჩამოკიდებული მიდიოდა - აბა, ქალაქში მგონი სულ ერთი ცალი დაგორავდა და ყველა შიგ ხომ ვერ შეეტეოდა. დარბაზს რომ მიაღწევდა, ვაკის პარკში ავიდოდა, ზევით, სადღაც ტყეში. იქ მეგობრებთან ერთად მორებს და შეშას იპოვნიდა, შეკრებდა, ჩამოიტანდა, ღუმელს შეუკეთებდა და იწყებოდა ვარჯიში.

მერე, თითქოს, დელისის მეტროსთან ბინა მისცეს, მაგრამ შიგ ლტოლვილები შეცვივდნენ. ღელავდა, დედაჩემს რა ვუყო, ასეთ პირობებში როგორ ვაცხოვროო. დედის ჯანმრთელობასთან ერთად თავისიც აეჭვებდა - ამ ყინვაში ვარჯიშს ორგანიზმი დიდხანს ვერ გაუძლებს, დავსნეულდები, არადა ჩემი საქმე შტანგის აწევაა...

ღელავდა ოლიმპიური ჩემპიონი. ღელავდა მისი მწვრთნელი ვანო გრიქუროვიც, თავისი საქმით გატაცებული ადამიანი. არც მისი ბედი გახლავთ შეგირდისაზე ნაკლებ საინტერესო, თუმცა ეს სხვა დროს იყოს. ახლა, კახის დავუბრუნდეთ.

მოულოდნელად ერთი ამბავი ატყდა, კახიაშვილი საბერძნეთში მიდის, ბერძნების სახელით უნდა გამოვიდეს, ის საქართველოს სტოვებს... და ხომ იცით, ამას რა მოსდევს ხოლმე. უნდა წავიდეს? მერე სამშობლო? სამშობლოს მედლები არ უნდა?

კი მაგრამ, დარბაზს რომ გათბობა უნდა? კახიაშვილს რომ დასნეულება არ უნდა? დედაზე ზრუნვა რომ უნდა?

სახელმწიფომ ერთი დარბაზი ვერ გაათბო.

 

სახელმწიფომ ერთი ბინა ვერ გამოყო.

 

სახელმწიფომ ერთი ხელფასი ვერ დანიშნა.

 

და ვისთვის? ოლიმპიური ჩემპიონისთვის, რომელიც კიდევ მრავალ მედალს მოიხვეჭდა და ამით, ალბათ, იმავ სახელმწიფოს სასარგებლოდ რაღაც-რაღაც ილუზიებს შექმნიდა.

ოლიმპიური ჩემპიონი (სამგზის ჩემპიონზე აღარაფერს ვიტყვი) იმას ნიშნავს, რომ ეს კაცი დედამიწის ზურგზე რომელიღაც დარგში ყველას ჯობია.

ბატონო სახელმწიფოვ, თქვენ თქვენს დარგში რომელ ადგილზე ბრძანდებით? ის არა ხართ, ერთი დარბაზი რომ ვერ გაათბეთ?

ან იქნებ სამშობლოში სახელმწიფო არ იგულისხმება და მხოლოდ ის ქარაფია სამშობლო, რომელზეც სიმღერის თანახმად ჯიხვი ხტის? თუ ასეა, მაშინ ჯიხვს ვკითხოთ, სჭირდებათ თუ არა მას და ქარაფს ოლიმპიური ოქრო ძალოსნობაში.

...გავიდა წლები. 1997-ის აგვისტოში მივლინებით ათენს გავემგზავრე მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გასაშუქებლად და ერთგან, სადილად, ვიღაც ღვაწლმოსილი ბერძენი და ერთიც ამერიკელი ჟურნალისტის გვერდით მოვხვდი სუფრასთან. გაიბა მუსაიფი. ამერიკელმა რატომღაც იკითხა, პელმენი ქართული საჭმელი თუ არისო და ამას მოჰყვა: ქართველი, თბილისი, ათენი, კახიაშვილი...

- წარმოშობით ქართველია - ვერ უარჰყო ღვაწლმოსილმა და დასძინა - ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია.

- ბარსელონის და ატლანტის - შევუსწორე.

ამ საუბრიდან ორიოდ დღეში მე და „დრონის“ რედაქტორი გიორგი ჩოჩიშვილი კახიაშვილის კომფორტული მანქანით ათენის ქუჩებში მივსრიალებდით. იცით, როგორ განსხვავდებოდა ეს მანქანა იმ ტროლეიბუსისგან, ჩამოკიდებული ოლიმპიური ჩემპიონი გაყინული დარბაზისკენ რომ მიჰყავდა? იცით, იმ საბრალო, გაწამებული ხალხისგან განსხვავებით, ტროლეიბუსში რომ შეეტენა თუ ვერ შეეტენა, რა მოწიწებით და აღფრთოვანებით ესალმებოდნენ ათენელები თავიანთ გმირს?

- შეიძლება თქვენთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება?

- ავტოგრაფი შეიძლება?

- ეს ბოთლი რესტორნის ხარჯზე იყოს. ინებეთ.

იმ საღამოს ინტერვიუ ჩამოვართვით. რაღაცები რომ არ განმეორდეს, მაშინდელ საუბარს და „სარბიელში“ გამოქვეყნებულ წერილს აღარ მივუბრუნდები. არც იმას გავიხსენებ, რომ ბერძნებისგან აკაკიოს კახიაშვილისად მონათლული ჩვენი კახი კახიაშვილი მაინც გულდაწყვეტილი მეჩვენა - არ მინდა მასზე წერილს სენტიმენტალური ნოტა შეერიოს, მით უფრო, რომ ბევრი ვერ მიხვდება, რატომ უნდა დაწყდეს კარგი მანქანის პატრონს რაიმეზე გული.

იმ საღამოს მერე აღარ შევხვედრივარ.

...კვირას, ბედად, ტელევიზორი ძალოსანთა შეჯიბრების დროს ჩავრთე, მაგრამ გეგმა არ ამრევია. მწამდა, რომ თუ 94–კილოგრამიანი ათლეტების შეჯიბრების ნახვას მოვახერხებდი, კახიაშვილის მორიგ გაჩემპიონებას „დავათვალიერებდი.“ სანერვიულო რა იყო? თქვენ კახის დარბაზი გაუთბეთ და...