სლოვაკეთის თავდაცვის უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

სლოვაკეთის თავდაცვის უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროები სამხედრო სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმში დღეს სლოვაკეთში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა სლოვაკელმა კოლეგამ მარტინ გლვაჩმა მოაწერეს.  მემორანდუმი სამხედრო წვრთნისა და განათლების, ასევე სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგას სლოვაკი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურსების გავლაც შესთავაზა.

საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შორის პირისპირ შეხვედრა სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და  დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზეც. მხარეებმა ქართული კონტინგენტის ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში, 2014 წლის შემდეგ  "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მარტინ გლვაჩს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან სლოვაკი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ. 

„ჩვენს სლოვაკელ პარტნიორებთან დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ  თავდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ეს ითვალისწინებს სამხედრო-ტექნიკურ, ასევე სამხედრო განათლების სფეროში ჩვენ მომავალ ურთიერთობებს, რომელიც  უკვე დაგეგმილი და ინსტიტუციონალიზებული იქნება. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს მომავალზე ნატოში, ევროკავშირში. სლოვაკეთი ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების ადვოკატი და მხარდამჭერია. არსებობს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პოზიცია, რომ შეიქმნას კონსენსუსი ამ საკითხების ირგვლივ. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ყირიმში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად ვფიქრობთ, თუ რა არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი  უფრო უსაფრთხო გახდეს“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ სლოვაკელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

დღესვე, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაჟჩაკთან გამართა შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაშიც გამოვიდა  სიტყვით და ექსპერტებთან საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.