ჰამლეტ გონაშვილის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია არა მხოლოდ ანსამბლ „რუსთავისათვის“...
15 წელი ვმუშაობდით ერთად. იგი სამაგალითო იყო ჩვენთვის, როგორც მომღერალი და მოქალაქე. განათლებული, თავმდაბალი და გულისხმიერი, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, - ასეთად ვიცნობდით მას ყველა, ასეთ კაცთან ვმეგობრობდით და გვიხაროდა.
კონცერტი მისთვის კოსტიუმის მორგებით იწყებოდა, სცენაზე ყოველთვის სუფთად გაწკეპილი გამოდიოდა, ჩოხა საოცრად უხდებოდა და მისი მომხიბვლელი, დახვეწილი, ძალდაუტანებელი მოძრაობა და სიმღერის დროს პირსშეჩენილი ღიმილი ერთიანად აჯადოებდა, როგორც ქართველ, ისე უცხო მაყურებელს.
იგი გვხიბლავდა ხმის ტემბრის არაჩვეულებრივი ფერადოვნებითა და სილამაზით, მკაფიო დიქციითა და განუმეორებელი საშემსრულებლო მანერით, თვით უდიდეს დარბაზებშიც კი მისი ხმა ტალღასავით მიგორავდა, ყველა კუთხე-კუნჭულს სასიამოვნოდ ეფინებოდა, მსმენელს სათითაოდ ატყვევებდა და სულში უძვრებოდა. ალბათ, ამიტომაც ეგონა ყველას, რომ ჰამლეტ გონაშვილი მხოლოდ მისთვის მღეროდა.
თითქოსდა უმნიშვნელო ფრაზის შესასრულებლადაც განსაკუთრებით ემზადებოდა. სიმღერას საკუთარ „სისხლში ხარშავდა“ და მერე გულის სიღრმიდან წვეთ-წვეთად აწვდიდა მსმენელს. სიმღერის დროს ფოთოლივით თრთოდა და სანთელივით იწვოდა - აი ვისა ჰქვია ნამდვილი მომღერალი.
სიმღერა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ჰამლეტ გონაშვილი მართლაც თავისი ხალხის მაამებლად, სალბუნად იყო თითქოს გაჩენილი... იგი ჭეშმარიტად საუკუნის მომღერალი იყო.
ნაადრევად წავიდა ჩვენგან ეს ქართული სიმღერის რაინდი, ქართული ჰანგის ნებიერი უფლისწული და დაგვიტოვა სასიამოვნო მოგონებანი, მისი დაკარგვით გამოწვეული უკურნებელი გულისტკივილი.
დიდი აკაკის თქმისა არ იყოს, თუ ქართულ სიმღერას სიცოცხლე უწერია, ჰამლეტ გონაშვილის სახელიც მასთან ერთად იცოცხლებს...
ანზორ ერქომაიშვილი