საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციას ნატოს შტაბბინაში დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობს.
ვიზიტი თავდაცვის პრიორიტეტების და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნების გადახედვასა და განახლებას ისახავს მიზნად. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი ორწლიან პროცესს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხდება პარტნიორობის მიზნების გადახედვა. ამ კუთხით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი მიღწეულ პროგრესს ყოველწლიურად აფასებს.
განხილვების შედეგად გადაიხედება პარტნიორობის მიზნები და განისაზღვრება ალიანსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით.