უკრაინაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვარდიკო ნადიბაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო საჭიროდ არ თვლის მოითხოვოს შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი წილი.
ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მოსკოვშიც და თბილისშიც. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელიმძღვანელმა, ვახტანგ აბაშიძემ განცვიფრება ვერ დამალა ვარდიკო ნადიბაიძის უპრეცედენტო განცხადებათა გამო. როგორც ჩანს, უფრო განცვიფრებული თვით პრეზიდენტი იყო, რომლის გაოცება ვახტანგ აბაშიძემ გამოხატა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი დარწმუნებული არიან, რომ მინისტრს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - მან უბრალოდ დაადასტურა რეალობა და რაკი სამხედრო ხომალდებს მაინც არ გვაძლევენ, რუსეთსა და უკრაინას სთხოვა, „კეთილი ნებით“ გადმოეცათ „მოძმე საქართველოსათვის“ რამდენიმე კატარღა.
ეს რეალობა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტისთვის კარგადაა ცნობილი. ისე გამოვიდა, რომ შავი ზღვის ფლოტის ნაწილის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური არგუმენტი იყო, ვიდრე სამხედრო-სტრატეგიული დანაკლისის შევსების ცდა. წარმოუდგენელია საქართველოს ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რომ 1997 წლის დასაწყისში გაკეთებული განაცხადით - იმ დროს, როდესაც დავა უკრაინასა და რუსეთს შორის 1992 წლიდან მიმდინარეობს - საქართველო არათუ გემებს ვერ მიიღებდა, არამედ მოლაპარაკებათა პროცესში ვეღარ ჩაერთვებოდა.
მოვლენათა ამგვარი განვითარება არა მხოლოდ რუსეთს არ აძლევდა ხელს, არამედ უკრაინასაც დიდად არ ეპიტნავებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც პოლიტიკური არგუმენტი იყო - უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ვარდიკო ნადიბაიძემ უკრაინაში ყოფნისას მხოლოდ ამ პოლიტიკური არგუმენტის დეზავუირება მოახდინა.
შევარდნაძის რეაქციამაც არ დააყოვნა. თუმცა ეს რეაქცია მაინც გარკვეულწილად შერბილდა იმ გარემოებით, რომ ნადიბაიძე პრეზიდენტს ჯერჯერობით შეუცვლელად მიაჩნია და ემადლიერება კიდეც „არმიის შექმნისათვის“.
ამდენად, თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებულ მორიგ სკანდალს არც ამჯერად მოჰყოლია ვაკანსიის წარმოშობა. ვარდიკო ნადიბაიძე კვლავ „მყარად ზის“ პოსტზე და მისი „დაძვრა“ შეუძლებელია. ეს ფიგურა პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მეტს განასახიერებს, ვიდრე შევარდნაძის კაბინეტის ნებისმიერი სხვა მინისტრი. ამიტომ, ზემოთაღწერილი „მცირე სკანდალის“ მსგავსი შეცდომები ჩვენს „მამაც ვარდიკოს“ ჯერჯერობით ვერაფერს დააკლებს.