მედიუმები - თბილისის მისტერია 20 წლის შემდეგ

მედიუმები - თბილისის მისტერია 20 წლის შემდეგ

მისტერია (ბერძ. mysterion - საიდუმლო) - შუა საუკუნეების რელიგიური დრამა, აგებულია ბიბლიურ თემებზე. თავდაპირველად მისტერია ეკლესიაში იდგმებოდა სამღვდელოების მიერ. თეატრალურმა ხასიათმა საღვთო მსახურებას ზედმეტად სამხიარულო და სახუმარო იერი მისცა, რის გამოც ის აიკრძალა. მისტერიამ ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე გადაინაცვლა.

ეს სტატია ბეჭდურ გამოცემებში ორჯერ გამოქვეყნდა - 1995 და 2001 წლებში. მაგრამ გარემო ისეთი უძრავი და უცვლელია, 20 წლის შემდეგაც კი თემა საოცრად აქტუალური და დამაინტრიგებელია. ამიტომ, ქართული პრესის ელექტრონული არქივი გავხსენი და ჩვენი მომაკვდავი ყოფის ამსახველ ამ „უკვდავ“ პრობლემას, შუა საუკუნეების დრამას რომ წააგავს, ძირითადად უცვლელად, თუმცა ახალი „დამამძიმებელი“ ფაქტების თანდართვით (გაგრძელებით) შემოგთავაზებთ (ავტორი).

ავადაა საქართველო! ავადაა თბილისი!

პატარა საქართველოს დიდი ამბიციების მქონე პარლამენტი და მთავრობა იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო ჩვენთანაა!

დიდი ქალაქის პატარა საკრებულო და მთავრობა - თბილისის მერია, თავისუფლების მოედნიდან გასცქერის ანაბიოზში მყოფ ქალაქს, რომელსაც შია, სცივა, ვერ მოძრაობს და სიბინძურეში სულს ღაფავს.

მსოფლიო ჩვენთანაა! ჩვენი დემოკრატიული მთავრობა, მასთან - მსოფლიოსთან! ისინი ერთად ფუნქციობენ.

საქართველოს კი შია, სცივა და სულს ღაფავს. ქართველები ანაბიოზში ვთვლემთ.

ანაბიოზი, მოგეხსენებათ, ორგანიზმის ცხოველმოქმედების შეჩერებაა ხელოვნურად ან ბუნებრივად, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა სიკვდილი. ჩვენ ყველა ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ - იმ ზოგიერთი ქვეწარმავლის, მწერისა და მცენარის მსგავსად, ბუნებრივი ანაბიოზის უნარი რომ აქვს. ამას „არახელსაყრელ პირობებთან შეგუება“ ჰქვია.

ქალაქის ეკონომიკური ორგანიზმი - ჩვენი სულიერი ყოფის მატერიალური სუბსტანცია, ცოცხალმკვდარია. ფუნქციონალური სტრუქტურები კი სრული დატვირთვით ფუნქციონირებენ!

მედიუმები ქალაქის საკრებულოდან და მერიიდან ბეჯითად დაიარებიან ამ სტრუქტურებში, ფანჯრიდან გასცქერიან ქალაქს და... იღვწიან. ორშაბათიდან, დილის 9 საათიდან იწყებენ თათბირს და... მეტყველებენ. შემდეგ ვიცე-მოადგილის მოადგილეები აგრძელებენ თათბირ-სემინარებს თავიანთ „პატარა“ მოადგილეებთან და... მეტყველებენ. კვირიდან კვირამდე იწვევენ სხდომებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და... ხელფასს! მედიუმობენ!

მედიუმი, - ენციკლოპედიურად, - ის პიროვნებაა, ცოცხალსა და მკვდარს შორის - „სულების სამყაროში“ - შუამავლის ფუნქცია რომ უკისრია და ჩვენთა სულთა ნუგეშად ფუნქციონირებს! მას, როგორც წესი, განსაკუთრებული უნარის პიროვნებად მოაქვს თავი.

მედიუმის ფენომენი, როგორც სულიერი ნუგეშისა და თავის შექცევის ფორმა, სახე თუ ნიშანი, ყველა მოკვდავის ნიღაბია, შინაგანი მოთხოვნილებაა. ამ ნიღაბს მხოლოდ სიბერეში თუ ჩამოვიხსნით ხოლმე, მშვიდად მიცვალების ჟამს.

თუ კაცი „თავისთვის“ ცხოვრობს, ნიღაბი მას საკუთარი ამბიციური სულის სანუგეშოდ სჭირდება და ისიც თავს იტყუებს, რომ ცხოვრობს, რაღაცას აკეთებს. შუამავლობა აქ ამ კაცის ცოცხალ გვამს არ სცილდება - „სულიდან“ იწყება და კუჭთან მთავრდება. ესენი ხოშმარდი მედიუმები არიან, სრულიად უწყინარი ზორბა კაცუნები, კაცურად რომ იკვებებიან და სულს ანებივრებენ, სხეულს კი ასუქებენ.

არიან ამოუცნობი ნიღბის მატარებელი მედიუმებიც - მოხელე-ფუნქციონერის, პოლიტიკოსის, ექსპერტის თუ შემოქმედის სახით. ესენი ნოყიერ ნიადაგზე ნაზარდი ფუნქციონერი საქმის „ოსტატები“ არიან, „მე“-ს იქით მათთვის სამყარო არ არსებობს. თუმცა, მათი ამქრის კაცი, „თავის“ გარდა „სხვის“ სანუგეშოდაც ფუნქციონირებს და ადამიანთა ბედისწერა - ყოფნა თუ არყოფნა აბარია.

ამჯერად დედაქალაქის „სამსახურში“ მყოფ ნიღბებზე ვისაუბროთ, ჩემო ნახევრად მიცვალებულო თანამოქალაქენო.

მნიშვნელობა არა აქვს, ქალაქელები თავს ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ადამიანებად მივიჩნევთ თუ არახორციელი ყოფა დაერქმევა ჩვენს მისავათებულ სულთა ლაციცს, არაჩვეულებრივი მედიუმები საკრებულოსა და მერიის სტრუქტურებიდან, კანონიერად და წესისამებრ, გულმშვიდად გვაკვირდებიან და ზრუნავენ ჩვენზე. ეს შუამავლი „ნიღბები“, რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ფერ-ხორციანი, მოხდენილნი და მოუხელთებელნი არიან. ასეთებად წვრთნიდნენ პარტიული „ბოსები“ - მათი ნებისა (და საქმის) უტყვ აღმსრულებლად, კარგად მორგებული სავარძლით, ხისტი აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის. ასეთებად დარჩნენ, არ შეცვლილან.

იქ, სთავეში, სახელმწიფოს უმაღლეს მწვერვალზე, ყოვლისწამლეკავი ვულკანი ბობოქრობს და ანადგურებს ყოველივეს, ეროვნულსა და სახელმწიფოებრივს. გასაგებია - პოლიტიკურმა მარკშეიდერებმა და მათმა თაყვანისმცემლებმა, ქვეყნის დამაქცევარი რევოლუციური ძვრების მასშტაბები ვერ გათვალეს - შეცდნენ! - და დაგვაქციეს. ადამისგამონთა შვილები არიან, დიდზე დიდ პოლიტიკას ემასხურებიან და, ალბათ ამიტომ! ეს პარტოკრატ-დემოკრატ „ბოსთა“ სტილი და ჰობია. თავი დავანებოთ, ამჯერად ამ „კრატებსა“ და „ბოსებს“.

აქ, დაბლა - სადედაქალაქო სტრუქტურებში წლობით ჩამჯდარ-ჩაბუდებული მოხელე-მედიუმები რაღად გაყურსულან?! სად გაქრა მათი პასუხისმგებლობა?! ისინი ხომ „ვიწრო“ სპეციალობის პროფესიონალები იყვნენ?! გავესაუბროთ მერიელ პროფესიონალებს.

მუნიციპალიტეტის საბინაო-კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტი. ფუნქცია: გათბობა, საბინაო მეურნეობა, გაზმომარაგება, წყალ-კანალი.

- ბატონო მერიელ, რა ხდება თქვენს საკურატორო სფეროში?

- ამ სფეროს ამოქმედებისათვის მთავრობა ვეღარ გამოყოფს სახსრებს. მოსახლეობამ, კომუნალურად, თავად უნდა მიხედოს თავს. უკეთესი მდგომარეობაა კანალიზაციის სფეროში, თუ დენი არის (პასუხები ყველგან 1995 წლის ორიგინალი და რეალურია, ნ.მ.).

თუ დენი არ არის, მოსახლეობა გინდ ფეკალურ წყლებს წაუღია!? წყალ-ნიაღვრებისაგან თუ ვართ, ნეტავ, დაცული?!

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველო. ფუნქცია: წყალ-ნიაღვრების დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაცია, დასუფთავება, ქალაქის ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობა.

- ბატონო მერიელ, ამ გაზაფხულზე, ჭექა-ქუხილი რომ ატყდება და დენიც ან ჩაირთვება ან არა, ჩვენი პროგნოზული გაანგარიშებით, წყალწაღებული (ფეკალური და ნიაღვრის წყლებით წაღებული) მიმკვდარ-მისავათებული თბილისელები, ალბათ, რომელიღაც ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებიან. შედეგების ლიკვიდაცია და ქალაქის ნაგვის მოვლა-პატრონობა ხომ თქვენი ფუნქციაა? მაშასადამე, თქვენს ხელში აღმოვჩნდებით!?

- ადრე ქალაქის დასუფთავება ქურთების ხელში იყო. ახლა ისინი ბიზნესში გაერივნენ, ან საქართველო დატოვეს. მუშა-ხელი ჭირს.

თბილისის თავზე სოციალურად საშიში, გეოპოლიტიკური საავდრო ღრუბლები იქუფრება. უძინარნი გარბიან, ძილ-ღვიძილში მყოფნი კი ან გამოფხიზლდებიან ან არა. ქურთებმაც მიგვატოვეს...

... თავისუფლების მოედნიდან ავად მყოფი თბილისი ჩანს. მას შია, სცივა, ვერ მოძრაობს და აგონიაში სულს ღაფავს.

ომია საქართველოში, სახელმწიფოს თვითმოსპობის ომი, თავის მომაკვდინებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით და სხვა სასიკვდილო ატრიბუტებით. უჭირს მთავრობას, უჭირს ხალხს - თვითმკვლელობა! ჰოდა, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ითბობს ხელს და ირჩენს თავს - ავტონომიურად!

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო - მას, მართლაც, ჩვენი ყოფნა-არყოფნის ფუნქცია აკისრია. ეს „ფუნქცია“ სამმართველოს დებულებით ასეა წარმოდენილი: სამმართველო არის „თბილისის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებათა შემუშავების, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ეკონომიკური რეფორმის წარმართვის, საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნის“... სხვათა და სხვათა „მაკოორდინირებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანო!“ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დებულებით, სამმართველოს ფუნქცია ყოფილა „ეკონომიკური რეფორმის განხორციელების მეთოდოლოგიური (!), ორგანიზაციული და სამართლებრივი (!) უზრუნველყოფა“, ისღა დაგვრჩენია, ვეფეროთ და ველაციცოთ მას - ერთადერთს! გამოდის, ეს სამმართველო სხვას ყველას „სამედიუმო“ პასუხისმგებლობას უხსნის და ჩვენი ცხოვრების „მეთოდოლოგიური“, „ორგანიზაციული“ და „სამართლებრივი“ უზრუნველყოფა მას უტვირთავს. ცივილიზებულ ქვეყნებში ამგვარ ყოვლისმომცველ საკითხებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სხვადასხვა პროფილის კომპანიები კომპლექსურად, გაერთიანებული ძალებით ახორციელებენ. აქ კი, ერთადერთი „სამმართველოც“ საკმარისი ყოფილა სააქაო სამოთხის დასამკვიდრებლად. ამგვარი მიზნის აბსურდულობას ჩვენთან არავინ გრძნობს - არც დიდ, არც პატარა მთავრობაში. ასე გრძელდება განუკითხაობის მარათონი საბჭოური ინერციით - „აღმასკომიდან“, ვიდრე „მერიამდე“.

თბილისის მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი. ფუნქცია: ქალაქის საფინანსო-საბიუჯეტო მოწყობის რეგულირება, ეკონომიკური საკითხების კოორდინაცია, დარგების დაფინანსება.

- ბატონო მერიელ, რა სასიცოცხლო დარგებს აფინანსებს მერია?

- „გარკვეული თანხა გამოიყო ხორცკომბინატის და ცხიმკომბინატის ასამუშავებლად. ასევე, დავაფინანსეთ თბილისის ყველა წამყვანი თეატრი“(!).

- ხორცზე, ცხიმზე და თეატრებზე, მოდით ნუღარ ვილაპარაკებთ. როგორია თქვენი ურთულესი საქმის მეცნიერული უზრუნველყოფა? თუ გაქვთ კავშირი ეკონომიკური პროფილის კვლევით ცენტრებთან?

- „ცალკეული მეცნიერების მოსაზიდად, მერიაში შექმნილია სტიმულირების ფონდები. მაგალითად, გეოთერმული წყლების საოჯახო მეურნეობაში გამოყენების, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების მოწყობის მიზნით და სხვა. მერია ეძებს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან“.

დიახ, ეს მართლაც გამოსავალია. გეოთერმული წყლებისა და ავტოგასამართი სადგურების გარეშე, ქალაქის ეკონომიკა ფეხზე ვერ წამოდგება!!

ძვირფასო მკითხველო! ნურავის ეგონება, თითქოს ქალაქის ეკონომიკას ეკონომისტები წარმართავდნენ. არა, ძვირფასებო! აქ, უმაღლეს და უმთავრეს ეკონომიკურ სტრუქტურებში არაეკონომისტი, შეთავსებით პოლიტიკოსი, ძირითადად კი, გაურკვეველი წარმოშობის მედიუმები შუამავლობენ გაუსაძლის პირობებში მოლაციცე ცოცხალ-მკვდარ სულებს შორის. ეს ხელმძღვანელი „პირები“ ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის მჭამელები, და ამგვარი ყოფის შემოქმედნი არიან. ჩვენ კი, მოქალაქეები, ამ მმართველების ხელში დიდი თუ პატარა სტრუქტურების საკვები მასალა ვართ, მხოლოდ!

თავის დროზე, აქაურ მედიუმებს შევთავაზეთ ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა, და რადგან მეცნიერებასაც თავისი ფუნქცია აქვს, ვთხოვეთ, მეთოდოლოგიური საკითხების შესწავლა მკვლევარ-ეკონომისტებისთვის დაეთმოთ. არ დათმეს - კვლევითი მუშაობა არაოპერატიული(!), უპერსპექტივო საქმეაო.

ჩვენთან პერსპექტიული მხოლოდ სწრაფი, ოპერატიული განათლების მიღება აღმოჩნდა! და გაივსო ქვეყანა უმუშევარი ნასწავლებით. ეს უიღბლო, მაგრამ ნასწავლი უმუშევრები წლიდან-წლამდე მრავლდებიან.

დღეს ასეა: ძველი შემოქმედი მეცნიერი, თუ ახალი ნასწავლი თაობა, სული რომ მოითქვას, საქმოსნად იქცა. ასეთი „საქმოსანი მეცნიერებით“ დამძიმდა თბილისის ყველა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულება - „უმაღლესი“ განათლებით რომ აპურებენ ათასობით უტვინო თავს. უჭირთ! საბაზრო ეკონომიკა ერთნაირად უჭერს ყელში ბრძენსაც და რეგვენსაც.

ასეა: მეცნიერმა მეცნიერება მიატოვა, ახალი ფორმაციის პოლიტიკოსმა - ძველი პარტია, მედიუმის მანუგეშებელ ნიღაბს ამოეფარა და... ახლებურად „ფუნქციონირებს“ - საქმოსნობს! და მიდის ასე ნაციონალური „განახლება“ წარსულიდან დღემდე.

თავს ვიტყუებთ და სხვებსაც ვატყუებთ - შეცვლილ, მაგრამ უცვლელ პირობებათნ შეგუებაა საჭირო და ჩვენც საბაზრო-ეკონომიკურ ანაბიოზში ვთვლემთ!

და ვიდრე გამოვფხიზლდებოდეთ, ამ წერილის ავტორიც, მეგობრებო, მედიუმის მსგავსად, ვირტუალურ სინამდვილეში ცოდვილობს.

ასე მიიღეთ წარმოდგენილი პუბლიკაცია და აქ განხილული მისტერიული ფაქტები - ვირტუალურად.

თავისუფლების მოედნიდან კი ავად მყოფი თბილისელი ჩანს, რომელსაც შია, სცივა, ვერ მოძრაობს და აგონიაში სულს ღაფავს...

„მსოფლიო ჩვენთანაა“!!

თბილისური მისტერია 20 წლის შემდეგ (გაგრძელება)

„მსოფლიო ჩვენთანაა“ - ასე გვჯეროდა, ამის იმედი გვაძლიერებდა და გვაძლებინებდა 20 წლის წინ. და ეხლა სად ვართ?!

20 წლის შემდეგ, კავკასიის კულტურული ცენტრი, „დემოკრატიის აკვანი“ და ცივილიზაციის გზამკვლევი რეგიონში, მსოფლიოსა და ღმერთის მიერ მიტოვებული აღმოჩნდა. ასეა, ისტორიის მიერ ნაცემ-ნაგვემი ბებერი თბილისი ევროპის (და კავკასიის!) აუტსაიდერი ყოფილა!

კონსალტინგური კომპანია „მერკერის“ რეიტინგით, თბილისი ცხოვრების დონის მიხედვით, ევროპის ქალაქებს შორის, უკანასკნელ ადგილს იკავებს. რეიტინგით, პირველ ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი ვენაა, თბილისი კი 191–ეა. საქართველოში (და თბილისში) წლიდან წლამდე ცხოვრების დონე არ უმჯობესდება... რამდენიმე მთავრობა, ყველა მოქმედი თუ უმოქმედო ქალაქის მერი კი ამტკიცებდა (და ამტკიცებს), რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ამ „დონის“ მკვეთრად(!) გაუმჯობესებაა, მაგრამ შედეგი არ ჩანს!

თბილისთან ერთად, ევროპაში ბოლო პოზიციებზეა ბელორუსის დედაქალაქი მინსკი - 189–ე და სომხეთის დედაქალაქი ერევანი - 180–ე (For.ge; http://for.ge/view.php?for_id=31127&cat=3). ქალაქი ბაქო აუტსაიდერთა შორის არ არის. ე.ი. თბილისი კავკასიაშიც და პოსტსაბჭოთა ქალაქებს შორისაც ბოლო, უკანასკნელ ადგილზეა. არადა, პლანეტის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში საქართველო ბრწყინვალების ნიმუში (მსოფლიოს ახალი საოცრება) და დემოკრატიის შუქურააო(!), იძახდნენ ნაციონალები ცოტა ხნის წინ. არც დღეს გვაკლია ქადილი და „სიტყვით ქარის შესხმა“: „ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ..., რომელიც (მ.ბ.) ძალიან ბევრ კომერციულ პროექტს ახორციელებს“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ხადური. ხოდა, ეს „ძალიან ბევრი“ მუშაობა და „ძალიან ბევრი“ პროექტი სად იკარგება? მართლა ქარს მიაქვს?

ექსპერტთა განმარტებით, „მერკერის“ ცხოვრების დონის ინდექსი 39 ინდიკატორის მიხედვით დგება. კრიტერიუმებს შორისაა: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება, რეკრეაცია და გარემოს დაცვა. აი, ამ პოზიციებში სრული აუტსაიდერები ვართ! და რა დარჩა ისეთი, რაც ჯერ კიდევ არ დაგვმართნია? ალბათ, ნუგეშად ის გვრჩება, რომ მსოფლიოს ჯერ-ჯერობით არ გამოუცხადებია თბილისი სრული უბედურების ზონად! სადაც ცხოვრება შეუძლებელია და საშიშიცაა!

ქართველი ექსპერტები ადასტურებენ, რომ საქართველოში ცხოვრების დონე „საუკუნიდან საუკუნამდე“(!), ვერაფრით უმჯობესდება. ამის მიზეზად, მუდმივად, უმუშევრობის მაღალი დონე მიიჩნევა, რამაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. სპეციალისტების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზეც(!) მნიშვნელოვნად დაბალია.

აი, ამ ახალ საუკუნეშიც, მედიუმების თემას რომ მივუბრუნდი და ჩემი ასაკი 20 წლით დამძიმდა, ემოციები კი გაცვდა, აღმოვაჩინე, რომ სტატიის ავტორიც და თბილისიც, თავისი მთავრობითა და მოქალაქეებით, დროშია დაკარგული. მსოფლიო ვითარდება, ჩვენ კი მუდმივად 20 წლით ჩამოვრჩებით აწმყოს - წარსულში ვართ ჩარჩენილი! წლიდან წლამდე, ყველა თაობას შია, სცივა, მოქალაქე კვლავ უპოვარი და დაუცველია... თბილისელები მუდმივ ანაბიოზში („არახელსაყრელ პირობებთან“ შეგუებული) ვართ! ისევე, როგორც მწერები და მცენარეები ბუნებრივი ანაბიოზის დროს.

20 წლის შემდეგ, მერია და სახელმწიფო უწყებები კვლავ არაკომპეტენტური ხალხითაა დაკომპლექტებული. დღესაც, ეკონომიკის სამინისტროში მომუშავეთა უმრავლესობა საერთოდ არ არის განათლებით ეკონომისტი. თბილისის მერია თაღლითების ბუდე ყოფილა, საკრებულო კი - მედროვეების თავშესაფარი. შედეგად, თბილისელთა 90 პროცენტი გაღატაკებული და უმუშევარია, ან სოციალურად დაუცველია და რომ არ მოკვდეს - სიცოცხლისათვის შეუთავსებელი საარსებო პირობების გამო, სახელმწიფო შემწეობაზეა. „90-ანი წლებიდან მოყოლებული, მავნე პრაქტიკით, სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია ყავის მომდუღებლებით და არაფრისმკეთებლებით“ (For.ge,2014-03-13). სულ ასეა, და ეს ყველამ იცის: „მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას... სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს“ (იქვე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი). სულ ასეა, ეძებენ და ვერ პოულობენ. ამიტომაა თბილისი ევროპის ქალაქებს შორის ბოლო, უკანასკნელ ადგილზე, ამიტომაა თბილისი მედიუმების ქალაქი, თავისი დაკარგული თაობებით, დაუცველი და მიტოვებული მოქალაქეებით.

20 წლის შემდეგ, ახალი თაობის მედიუმები თბილისის მერიიდან კვლავ ძველი, ნაცნობი საქმეებით და დაპირებებით გვაპურებენ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ფუნქცია: ჩვენი უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ყოფა.

- ბატონო მერიელ, თუ უნალექო, უქარო და მზიანი დღეები იქნება, შევძლებთ თბილისელები ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობას?

- „უნალექო ამინდების შემთხვევაში, ორმოების პრობლემა 120 ქუჩაზე გადაიჭრება. ამ დროისათვის სამუშაოები 14 ქუჩაზე მიმდინარეობს“ (For.ge, 2014-03-13). შესანიშნავია, ევროკავშირთან (ცივილიზაციასთან) დაახლოებმდე „ორმოების პრობლემას“ გადავჭრით!

სხვათა შორის, წინ სხვა სიკეთეებიც გველოდება. 2014 წლიდან, საქართველოში ცხოვრების დონის „აღმასვლას“ ევროკავშირი „დააკვირდება“! ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ ბრძანა - „ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში ცხოვრების დონის აღმასვლას“-ო. ბაროზომ აქვე იმედი მოგვცა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთან ინსტიტუციონალური (როგორი სიტყვაა?! ნ.მ.) თანამშრომლობა წარმოუდგენლად(!) ნაყოფიერი იქნება. გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობები კი ქვეყანას ხელს შეუწყობს ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობას სხვადასხვა მიმართულებით - განათლება, უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ეკონომიკა და ა.შ. - ვიდრე კოსმოსში გაფრენამდე...“ -ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“.

დიახ, გიხაროდენ, ამ ახალ საუკუნეში, ევროკავშირიც ჩვენთანაა! მაგრამ, საქართველო, რატომღაც, ცივილიზაციის სანაგვეზეა, თბილისი კი ევროპის (და პოსტსაბჭოთა) დედაქალაქებს შორის აუტსაიდერია - დროში ვართ დაკარგულები... ესაა ჩვენი რეალური დრამა და ამოუხსნელი საიდუმლო, ბერძნულად mysterion.