მარტინ ბარი - კიდევ ერთი ჩრდილოვანი მუსიკოსი…

მარტინ ბარი - კიდევ ერთი ჩრდილოვანი მუსიკოსი…

ცხოვრებაში და კონკრეტულად მუსიკაში გვხვდება ერთგვარი მიჯაჭვულობის მაგალითები, როდესაც ესა თუ ის ხელოვანი მშვიდად გრძნობს თავს კოლექტივში, კომპოზიტორობა თითქოს არ ეხება, არც სოლო ალბომების ჩაწერით იწუხებს თავს და შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული საქმით - საკუთარ ინსტრუმენტს მაღალ დონეზე ფლობს.

მარტინ ბარი, საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი  პერიოდის განმავლობაში, სწორედ ასეთ მუსიკოსად შეგვიძლია მოვიაზროთ. მაგრამ Jethro Tull-ის გიტარისტობის კვალობაზე, მას თითქოს ჯეროვნად არ აფასებენ, რადგან პრესაში თითო-ოროლა სიმღერაზე - ძირითადად Aqualung -სა თუ Locomotive Breath-ზე საუბრობენ ხოლმე და როკ კრიტიკოსებს ამ შედევრის გარდა, Jethro Tull-ის გიტარისტთან დაკავშირებით, თითქოს ხელები დაუბანიათ და მათი ყურადღება ერთხმად იან ანდერსონისკენაა მიპყრობილი, რადგან ლიდერობასთან ერთად, ისიც ხომაა Jethro Tull-ის გიტარისტი...

მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტინ ბარი, თავადაც შესანიშნავად ფლობს ფლეიტას და Jethro Tull-ის კონცერტებზე გამონაკლისის სახით (როდესაც დიდი მაესტრო აკუსტიკურ გიტარაზე უკრავს), მასაც ვხედავთ ხოლმე ამ ინსტრუმენტით ხელში.

მარტინ ბარი Jethro Tull-ში 1969 წლიდან დამკვიდრდა და დაახლოებით 40 წლის განმავლობაში, შემადგენლობის განუწყვეტელი ცვლილებების ფონზე, იან ანდერსონს ყოველთვის ჰქონდა მისი გვერდში ყოფნის იმედი.

ჯიმი ჰენდრიქსის ბას გიტარისტ ნოულ რედინგის Fat Mattress-დან (აქ რედინგი ლიდ გიტარისტი იყო) წამოსული, მიკ აბრაჰამსისა და მომავალში Black Sabbath-ის ტონი აიომის შემცვლელი მარტინ ბარი, Jethro Tull-ში პირველ მოსმენაზე თურმე იმდენად ღელავდა, რომ რეპეტიცია ლამის ჩაშლილა... კიდევ კარგი, რომ იან ანდერსონმა ამოიცნო  ახალწვეულ მუსიკოსში ზუსტად ის ქარიზმა, რითაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო Jethro Tull-ის მომავალი გიტარისტი.

მარტინ ბარის დაკვრაში საგულისხმოა ერთგვარად მოუხეშავი ბგერის ფონზე, შუასაუკუნეობრივი „რენესანსული როკის“ ტენდენციები. ეს კი მომავალში მეინსტრიმად იქცა მრავალი ფოლკ ბენდის გიტარისტისთვის, რომლებიც მხოლოდ აკუსტიკური მუსიკით არ შემოიფარგლებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მეტალ წიაღსვლებზე, უხვად რომ შეიმჩნევა მარტინ ბარის გიტარაში უკვე 1975 წლის ალბომ Minstrel In The Gallery-ის ეპოქაში.  

ტენდენცია ნათლად აისახა 1978 წლის ორდისკიან საკონცერტო ალბომ Bursting Out-ის კომპოზიციებზე - იმავე Thick As A Brick-ისა თუ New Day Yesterday-ის განახლებულ ვერსიებზე.

საბოლოოდ კი ნოვატორულმა სვლებმა მუსიკოსს 1988 წელს გრემის ნომინაციაში გაამარჯვებინა Crest Of A Knave-ში გიტარის პარტიების საუკეთესო შესრულებისათვის...

ბუნებრივია, რომ მარტინ ბარი განათლებული მუსიკოსია. სხვაგვარად ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა ოთხი ათწლეულის განმავლობაში იან ანდერსონის გვერდიგვერდ იმ ღრმა ინტელექტუალური ჭაპანის წევა, იდეა მე-18 საუკუნის ინგლისელმა მეცნიერმა რომ ჩაუყარა...

ამ პერიოდის ევროპული კულტურა, მარტინ ბარიმ ანდერსონივით (ეტყობა მისი საკმაო გავლენითაც) უმაღლეს დონეზე გაათვიცნობიერა, რაც კლასიკური მუსიკის ცხოველ სიყვარულში გამოიხატა.

საყვარელი ნაწარმოებებიდან 67 წლის მუსიკოსი ელგარის პირველ სიმფონიას, ბრამსის მეოთხე სიმფონიას, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიასა და მოცარტის კლარნეტისთვის კონცერტს გამოარჩევს. ამასთან ერთად, იოჰან სებასტიან ბახის ნებისმიერ ქმნილებას მარტინ ბარი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს... 

როკ მუსიკაში Jethro Tull-ის გიტარისტის გემოვნების სპექტრი გვაკვირვებს მრავალფეროვნებით. მის ფავორიტ შემსრულებლებს შორის The Band-ს, Fairport Convention-ს, სტივ უინვუდს, დონ ჰენლის, რობენ ფორდს, სკოტ ჰენდერსონს, Procol Harum-ის გარი ბრუკერსა და Dire Straits-ის მარკ ნოფლერს ვხედავთ. 

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი აღფრთოვანებულია მარტინ ბარის დაკვრის ოსტატობით და Jethro Tull-ის გიტარისტის შემოქმედებას მაგიურს უწოდებს.

Jethro Tull-ში ხანგრძლივი მოღვაწეობის მიუხედავად, მარტინ ბარი არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი მუსიკოსი და სხვადასხვა ამპლუაში მას პოლ მაკარტნისთან, ჯიმი ჰენდრიქსთან, გარი მურთან, ფილ კოლინზთან, ჯო ბონამასასთან, Led Zeppelin-თან, Fleetwood Mac-თან თუ Pink Floyd-თან უთანამშრომლია. 

აი 1994 წლიდან კი, Jethro Tull-ში საკმაოდ მკაცრი და ინტენსიური საკონცერტო გრაფიკის მიუხედავად, მარტინ ბარი პეიოდულად სოლო მოღვაწეობასაც შეუდგა. პირველი ალბომი პრაქტიკულად ჯემ სეიშენების კრებულია, 1994 წლის სტუდიურ ალბომში კი მის გვერდზე არაერთ საინტერესო მუსიკოსთან ერთად, საქსოფონისტსა და ფლეიტისტ მელ კოლინზს (King Crimson, Camel და სხვები) ვხედავთ.

ეს  უკვე სოლიდური განაცხადი იყო სოლო შემოქმედებისათვის, რაც თანდათანობით თურმე ისევე უნდა მომწიფებულიყო, რამდენადაც უნდა შემცირებულიყო Jethro Tull-ის სტუდიური აქტივობა...

2003 წლის ალბომ Stage Left-დან მოყოლებული, იან ანდერსონის სოლო მოღვაწეობიდან გამომდინარე, მარტინ ბარი გაირკვა, რომ მზადაა თანდათანობით თავადაც სოლო შემოქმედებაზე გადასართველად; თუმცა, 2005 წელს, გარდა იმისა, რომ მან Jethro Tull-ის ყველა კონცერტზე დაუკრა, ინგლისურ ფოლკ ბენდ Pentangle-ის ალბომის ჩაწერაშიც (რომელიც არ გამოსულა) ღებულობდა მონაწილეობას.

მარტინ ბარი დღესდღეობით აღარ უკრავს Jethro Tull -ში და ლეგენდარული ჯგუფის 2012 წლის ალბომ Thick As A Brick 2-ს სამწუხაროდ აშკარად აკლია მისი ხელი, მიუხედავად იმისა, რომ გიტარისტი ფლორიან ოპეილი, სოლოებში ცდილობს ამ ხელწერის (ეტყობა ანდერსონის მითითებით) შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე,  სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს შემდგომში  ტანდემის - ანდერსონი/ბარი აღდგენა.

2012-2013 წლებში მარტინ ბარი სცენაზე საკუთარ ჯგუფ Martin Barre’s New Day-თან ერთად ჩნდებოდა. სოლო შემოქმედების გვირგვინად კი 2013 წლის Away With Words იქცა. ალბომის თითოეული სიმღერა Jethro Tull -ის კომპოზიციების გენიალური ინტერპრეტაციაა. შესავლის სახით მათ უძღვის მარტინ ბარის იმპროვიზაციული ჩანახატები; ნაწარმოებების სრული სურათის აღსაქმელად კი საკმარისია თუნდაც Lament Of A Spalpeen-Martin’s Jig-Hymn 43-ის მოსმენა, რომელიც მარტინ ბარის ანდერსონისეული ფლეიტით, ჯერ ხალისიან რიტმულ აკუსტუკურ მონახაზში, ხოლო საბოლოოდ კი Aqualung-ის გამორჩეულად როკულ-ელექტრულ სიმღერაზე გადადის, ინარჩუნებს რა აკუსტიკაში მეტალურ სიმძლავრეს…

Hymn 43 -ის გარდა, ალბომში წარმოდგენილია Broadsword And The Beast -დან Pussy Willow, A -დან Protect And Survive, Stormwatch -დან Home, Too Old To Rock’n’Roll Too Young To Die -დან From A Dead Beat To An Old Greaser, Heavy Horses -დან  Moths და One Brown Mouse და Songs From The Wood -დან Fire At Midnight.  

მუსიკოსთა შორის  აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბას გიტარისტი ჯონათან ნოისი, რომელიც ჯერ კიდევ Jethro Tull -ში იან ანდერსონს მარტინ ბარის რჩევით აუყვანია. ამ ალბომის სათანადო შეფასება კი ალბათ მომავლის საქმეა. საკმარისია, რომ კრიტიკოსებმა უბრალოდ არ დაიზარონ ამის გაკეთება, სნობიზმიდან განთავისუფლდნენ და თუნდაც ერთიორმა მაინც აღნიშნოს, რომ ეს ნამუშევარი Thick As A Brick 2-ზე უკეთ ისმინება...