„ძნელია ისეთი მამაკაცის პოვნა, ვინც თინა კანდელაკს გაუძლებს

„ძნელია ისეთი მამაკაცის პოვნა, ვინც თინა კანდელაკს გაუძლებს

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ე.წ. „მოდელირებული ქრონიკის" ნახვამ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც შეძრა. ამ თემაზე სასაუბროდ რუსეთის ტელევიზიის წარმატებულ წამყვანს, თინა კანდელაკს დავუკავშირდით:

- სააკაშვილისგან არაფერი მიკვირს - ტვინში ხან ომის იმიტაცია გაუელვებს, ხანაც სხვა ათასი რამ. ჩვენ, ქართველები, სააკაშვილს ჩაკეტილი ვყავართ პირად საგიჟეთში და თავის სამფლობელოში, რასაც მოისურვებს, იმას ჩაიდენს...

მითხარით, საღი გონების ადამიანი ფიქტიურ ომს დაიწყებდა? დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ყოველთვის უკავშირდება ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლებაში ყოველთვის არის ადამიანი, რომელსაც საინფორმაციო პოლიტიკისთვის თვალყურის დევნება ევალება. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება ტელეკომპანია „იმედს" დაავალა.

რუსმა საზოგადოებამ როგორ შეაფასა ჩვენს ქვეყანაში მომხდარი?

- უამრავმა ადამიანმა დამირეკა და ჩემი მწუხარება გაიზიარა, მეუბნებოდნენ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, როდემდე უნდა იყოთ ქართველები ამ დღეშიო.

როგორ შეაფასებთ ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტებს მოსკოვში?

- ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა მოსკოვში ყოფნისას მიაღწიეს რაღაც შეთანხმებას. მოლაპარაკებების წყალობით შეიძლებოდა ამ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა აღმდგარიყო, მაგრამ ეს ამბავი სააკაშვილს არ აძლევს ხელს და მიღწეული შეთანხმება ჩაშალა.

ბურჯანაძესა და ნოღაიდელს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოების ნაწილი მოღალატეებს უწოდებს.

- ყოველ დილით, როგორც კი გავიღვიძებ, ღმერთს ვევედრები, რომ დამთავრდეს ჩემს ქვეყანაში ეს ჯოჯოხეთი. სააკაშვილმა თავის ხალხს ფსიქოლოგიური გენოციდი მოუწყო. როგორ შეიძლება ისედაც გაუბედურებულ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება? ქართული არმია ხელში მოიქცია, რომ მთელი საქართველო არ აუჯანყდეს, მაგრამ როდემდე შეძლებს ამხელა ჯარის თავის ჭკუაზე ტარებას, მალე ვნახავთ.

სააკაშვილს ავიწყდება, რომ ჯარისკაცებიც ადამიანები არიან და მე, თინა კანდელაკი ვამბობ, რომ თავისივე ჯარი მალე შემოუტრიალდება. ქართველი ხალხი კურდღლები არ ვართ და ამ არანორმალური და ხულიგანი პრეზიდენტის ჭკუაზე დიდხანს არ ვივლით. სააკაშვილი სერიოზული სამკურნალოა. მის დაავადებას ძალაუფლებისმოყვარეობა ჰქვია. მას სწორედ ეს ვირუსი აქვს შეყრილი. სააკაშვილს სახელმწიფოს კი არა, ორ ბატს არ ვანდობდი.

თიკა, ყოველთვის მწვავედ ლაპარაკობ...

- ჰო, ერთადერთი ვარ, ვინც ხმამაღლა ყვირის. ხშირად მსმენია, რაც უნდა იყოს, მაინც საქართველოს პრეზიდენტია და მისი ლანძღვა უხერხულიაო. რა არის უხერხული ან ვინ არის პრეზიდენტი? სააკაშვილი? ის პრეზიდენტი კი არა, ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტერია. ძლივს ხალხი ოდნავ დაწყნარდა და ამ სადისტმა კვლავ ააწიოკა. სააკაშვილს მთელი მსოფლიო დასცინის.

რუსულ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს შეურიგდი და მალე მესამე ბავშვსაც გააჩენ...

- როცა ჩემს ოჯახში პატარა რაღაც ხდება, ყველა ჩემზე ჭორაობს... ამიტომ მირჩევნია, ჩემი ოჯახის ამბავი ქართველ ჟურნალისტს და ქართულ გაზეთს გაგიმხილოთ. ეს ჯერ რუსული მედიისთვის არ მითქვამს და ამიტომ მიედ-მოედებიან ათას სისულელეს. მოკლედ, მე და ჩემმა მეუღლემ ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. ჩვენ საკმაოდ დიდხანს, 12 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ოჯახის დანგრევის გამო ძალიან ვწუხვარ. ქართველი ქალი ვარ და ბევრი ქართველი მანდილოსნის მსგავსად, მეც მსურს, მთელი ცხოვრება ერთი კაცის გვერდით გავატარო, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა.

ვარ ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე, წარმატებული... ამ ყველაფერს აქვს უამრავი პლუსი და ამასთანავე, მინუსიც. ძნელია ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც თინა კანდელაკს გაუძლებს. ქმარმა ვეღარ გამიძლო, გაუჭირდა იმის ატანა, რომ ყოველდღე დილის 7 საათზე ვდგები და ღამის 4 საათზე ვიძინებ. სურდა, შუადღეს ავმდგარიყავი საწოლიდან და მასავით მეხატა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. არ გვიჩხუბია, დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

შერიგების შანსი აღარ არსებობს?

- არ ვიცი, ცხოვრება წინ არის. ამ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობაში შესვენებაა. მესამე ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ. მამაკაცი არ მყავს და ვისგან გავაჩენ?! მართალია, საქართველოში ჭორაობენ, თინა კანდელაკს 667 ქმარი ჰყავსო, მაგრამ მთლად მასეც არ არის.

ბავშვები როგორ შეხვდნენ თქვენს გაშორებას?

- ისინი ვერ გრძნობენ, რომ გაშორებულები ვართ, რადგან მამამისი ყოველდღე მოდის მათ სანახავად.

ვისი ინიციატივა იყო ცალ-ცალკე ცხოვრება?

- ჩემი. ჩემი მეუღლე ყოველდღე ელოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობდით. მართლა დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

ამჟამად არავინ მოგწონს?

- გარშემო უამრავი მამაკაცია, მაგრამ არავინ მაინტერესებს, რადგან ექსპერიმენტების ჩატარების დრო და უფლება აღარ მაქვს. ბოლოს და ბოლოს, უკვე დიდი შვილები მყავს. სიმართლე  გითხრათ, ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ადგილი მიკავია საზოგადოებაში, ვარ ქალი, რომელსაც ჩაქუჩის ხმარებაც შეუძლია, მანქანის მართვაც და ფულის შოვნაც. გათხოვებას არ ვჩქარობ.

ქართველ კაცს ცოლად არ გაჰყვები?

- რატომაც არა? ყოველთვის მომწონდა ქართველი მამაკაცები. თუმცა, არა მგონია, რომელიმე ქართველმა კაცმა ჩემნაირი მეუღლე ისურვოს თავის გვერდით...

რატომ გგონია ასე?

- კაცებს ჩემნაირი ქალების ეშინიათ. თუმცა ქართველი მამაკაცები ყოველთვის მამაცობით გამოირჩეოდნენ და იქნებ ახლაც გამოჩნდეს ვინმე უშიშარი რაინდი, რომელიც შეძლებს ჩემი გულის დაპყრობას.

საქართველოში როდის ჩამოხვალ?

- როგორც კი სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, ჩემს სამშობლოში თვეში სამჯერ ვივლი, სახლსაც ვიყიდი და საქმესაც წამოვიწყებ.