კობახიძე კორუფციას ომს უცხადებს - გამაფრთხილებელი სიგნალი ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს   

კობახიძე კორუფციას ომს უცხადებს - გამაფრთხილებელი სიგნალი ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს  

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ის უსაფრთხოების ზომებს იღებს და ყველას აფრთხილებს, როგორც გუნდის ყოფილ წევრებს, ასევე ბიზნესმენებს, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილ ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ბრძოლა შეეხება ყველას, განურჩევლად თანამდებობრივი მდგომარეობისა, თუ კავშირებისა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც მათ მიმართ არსებობს. კობახიძე პირდაპირ ადანაშაულებს ამ პირებს, რომ ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ლევან ხაბეიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერს და ნოდარ მელაძეს - ოპოზიციური მედიის წარმომადგენელს.

„არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცეებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში, ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება, ასევე, ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ კორუფციაში ეჭვმიტანილი ამ კონკრეტული ჯგუფიდან იღებს დირექტივებს, კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები კორუფციულ გარიგებებში ჩართულ პირებს გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას აწვდიან, რაც ხელს უწყობს მათ პიარულ კამპანიას.

For.ge-ს კარგად ინფორმირებული შიდა წყარო, რომელიც ანონიმურობის დაცვით ესაუბრა ჩვენს გამოცემას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობის გუნდში სერიოზული წმენდა მიმდინარეობს. წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ეს, ამ ეტაპზე, საჯაროდ ჩანს.

„კობახიძემ ძალიან ზუსტად ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში, სისტემაში იყვნენ ჩაბმულები და ახლა ცდილობენ, საკუთარი კორუფციული ქმედებები პიარული კამპანიით გადაფარონ“, - აცხადებს წყარო.

მისი თქმით, „ეს არ არის მხოლოდ ლევან ხაბეიშვილისა და ნოდარ მელაძის ცალკეული შემთხვევები. არსებობს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ამ ე.წ. „ყოფილი ნაცების“ დაფინანსება, სწორედ იმ ჯგუფიდან ხდება, რომელმაც მილიონობით ლარი იშოვა კორუფციული სქემებით. ხაბეიშვილი მართლაც რეგულარულ ხელფასს იღებდა, ეს არ არის საიდუმლო იმ წრეებში, ვინც პროცესებს კარგად იცნობს“, - გვიამბობს წყარო.

მისივე თქმით, ეს ფული ნაწილობრივ მიედინება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობებისკენ, ნაწილობრივ კი, ოპოზიციური მედიის მეშვეობით, გარკვეული ნარატივების გავრცელებას ხმარდება.

„მათი მიზანია, შექმნან ქაოსი, შეცვალონ დღის წესრიგი და ყურადღება მოარიდონ საკუთარ პრობლემებს. ისინი შიგნიდან იღებენ ინფორმაციას, მათ შორის, გუნდის ყოფილი წევრებისგან, რომლებიც ახლა უკვე გამოძიების ფოკუსში არიან“, - გვიყვება ჩვენი წყარო.

ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, დაკავებებიც კი ვიხილოთ.

„ფინანსური პოლიცია მუშაობს ძალიან ბევრ საქმეზე, რომელიც მოიცავს ფულის გათეთრებას, გადასახადებისგან თავის არიდებასა და სახელმწიფო ტენდერებში კორუფციულ გარიგებებს. ამ საქმეში ჩართულები არიან, როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე, ყოფილი მაღალჩინოსნები. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ახალი დაკავებები ვიხილოთ“, - გვიყვება ის.

პრემიერის განცხადებების პარალელურად, ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის ნიშნები სხვა მიმართულებებითაც ვლინდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს: სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა; ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ფინანსური პოლიცია ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესენტრში შევიდა. ჩატარებული, თითქმის ოთხსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დალუქულია ორი კომპანია - BOS SELF და MAGIC TRAVELS. ჩხრეკისას დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობებია ამოღებული. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მომსახურე პერსონალიც, ზოგიერთ მათგანს პირადი მობილური ტელეფონებიც ჩამოართვეს. გამოძიება, სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის გადადება სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს და, შესაძლოა, მიანიშნებდეს მიმდინარე საქმეების სირთულეზე.

პრემიერ-მინისტრის მესიჯი, შეიძლება, განვიხილოთ იმ ფონზე, რომ კორუფციის საქმეები წარსულშიც აქტუალური იყო. მაგალითად, საზოგადოებას ახსოვს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე, რომელიც ასევე კორუფციულ გარიგებებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის საქმე, რომელიც, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი.

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ეს მკაცრი განცხადებები და მათ ფონზე განვითარებული მოვლენები ცალსახად მიანიშნებს, რომ მთავრობა მზადაა, უმკაცრესად გაუმკლავდეს კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებას და პასუხისმგებლობის წინაშე დააყენოს ყველა ის პირი, ვინც კანონს გადაუხვევს.   

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ აუცილებელია და პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადოს ამ მანკიერებას, მხოლოდ მისასალმებელია.

ბერიძის აზრით, „სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას არაფერი ანგრევს ისე, როგორც კორუფცია“.

„სამწუხაროდ, კორუფცია ყველა ქვეყანაში არსებობს და არცერთი ქვეყანა არ არის გამონაკლისი. ამ პროცესის მიმართ, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება ცალსახად ცხადია, რომ მიუღებელია და მათ ამ დამოკიდებულებას მე, პირადად, მხარს ვუჭერ. მეორე მხრივ, ის, რომ მათი პოლიტიკური განცხადებები შეურიგებელია, ასევე, გასაგებია.

 თუმცა, ამ სენთან ბრძოლის პრაქტიკა უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლებრივად სრულად გამართული. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა ოპოზიციური მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ რიჟვაძის ე.წ. „ქეისი“ საკმაოდ ცუდი ფაქტია. თუ მართლა, მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, სჯობს, ეს იყოს სამართლებრივი სახის და საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა რაღაც კონსპირაციებში არ მოხდეს გადასვლა. კი ბატონო, თუკი ამ ფულის ამოღება სურთ და მისი ქვეყნისთვის გამოყენება, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ეს უნდა იყოს ღია პროცესი და გამჭვირვალე, რათა პასუხების მაგივრად, კიდევ უფრო მეტი კითხვა არ გაჩნდეს. ცალსახად, კობახიძის მზაობა და აქტიურობა იმ კუთხით, რომ უნდა აღმოიფხვრას კორუფცია ხელისუფლების შიგნით და ამაში ეჭვმიტანილი ადამიანების სისტემიდან მოცილება, მისასალმებელია და კარგის მეტი არაფრის თქმა შეიძლება. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ეს სამართლებრივად გამართული უნდა იყოს“, - აცხადებს ბერიძე.

ის ურჩევს პრემიერსა და ხელისუფლებას, რომ საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ. ისაუბრონ ღიად ამ საკითხზე, რათა ოპოზიციამ მათსავე წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

„კი ბატონო, პრემიერის ასეთი ღია განცხადება ცხადჰყოფს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ იცის მან და ერთგვარ გაფრთხილებადაც შესაძლოა ეს ჩავთვალოთ. თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაცა ვიღაცას ელაპარაკა და რამდენიმე მილიონი უკან მოატანინა. ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული პროცესი და ხელისუფლებას ამ საკითხში საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპაშვილის ოფისში ფინანსური პოლიცია იყო შესული.

კარგი იქნება, თუ გასაგებად იქნება ახსნილი, რას ედავებიან ამ ადამიანს და რაზე ხდება შემოწმება. ვიცით, რომ ეს პიროვნება, წლების განმავლობაში, მმართველი გუნდის მხარდამჭერი იყო. კი ბატონო, თუკი მასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, ხელისუფლების მხარდაჭერა ინდულგენცია არ უნდა იყოს. მე ასევე პრემიერს ვურჩევ, რომ ჩაიხედოს ტენდერების საკითხებში. შესაძლოა, იქაც ძალიან დიდი პრობლემები და დარღვევები აღმოაჩინოს. თუკი ის ამ სენთან ბრძოლას გამოაცხადებს და ამას შეძლებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც და ხალხისთვისაც ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს ბერიძე.