რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი ამჯერად ტრადიციული დიპლომატიური ღიმილით არ ინიღბებოდა.
ბუნებრივია, წაგება არავის უხარია და გამონაკლისი არც იგი გახლავთ. თუმცა ქართველებთან მარცხი მეტისმეტად მტკივნეული რომ იქნებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამის მიუხედავად, ბატონ კოლოსკოვს ელემენტარული ადამიანური ეთიკისთვის არც ამ მტკივნეული წაგების შემდეგ უღალატია და საუბარზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა.
ბატონო ვიაჩესლავ, იქნებ, თავდაპირველად მატჩის თქვენეული კომენტარი შემოგვთავაზოთ...
- ძალიან ძნელია უცებ ლიდერობიდან აუტსაიდერობამდე ჩამოქვეითება. სამწუხაროდ, ასე მოხდა. ორივე გასვლითი მატჩი წავაგეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლი სტუმრად თამაშია. ეს მეტისმეტად სამწუხარო ტრადიციაა. მეორე საგანგაშო ფაქტორი ის გახლავთ, რომ არ ჩანს გუნდური თამაში. თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალურად ირჯებოდა. აუცილებელია ამ ყველაფრის გაანალიზება და მწვრთნელებთან სერიოზული დალაპარაკება.
თუმცა, ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ, თითქოს ქართველთა გამარჯვებას ვაკნინებდე. თქვენებმა მშვენივრად ითამაშეს. ასეთი ორგანიზებული ქართული გუნდი, დიდი ხანია, არ მახსოვს. ძალიან სუფთად მუშაობდნენ დაცვაში, მთელი გუნდი იყო შეტევასა და უკანა ხაზში და ეს ყველაფერი მეტისმეტად სინქრონულად ხდებოდა. აშკარა იყო ქართველთა ინდივიდუალური უპირატესობაც. ჩვენს ნაკრებს სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე სჯობდნენ თითქმის ყველა პოზიციაზე. უცნაურია, რომ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა ეს ყველაფერი მცირე დროის განმავლობაში მოახერხა. ბუნებრივია, ეს ფაქტორი მის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
თქვენი სიტყვები ისე ხომ არ გავიგოთ, რომ შუშაკისნაირ მწვრთნელს თქვენს ნაკრებშიც ისურვებდით?
- თუკი ახალი მწვრთნელი დაგვჭირდება...
შედეგს კანონზომიერად მიიჩნევთ?
- უდავოდ, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს და ეს არის ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი.
იმედია, 12 ოქტომბრისგან განსხვავებით, პრეტენზიები ამჯერად აღარ გაჩნდება.
- პირადად, ქართულ მხარესთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა. სამწუხაროდ, ხულიგნების გამოხდომა ნებისმიერ სტადიონზეა მოსალოდნელი და ეს არ არის მარტო აქაური პრობლემა. ასევე ხდება ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში. „შპანა“ ყველგან უსიამოვნოდ იქცევა. უბრალოდ, საწყენი იყო, რომ ავტობუსს ქვები ესროლეს. თანაც, რაც შეეხება პრეტენზიებს, ეს უფრო უეფას მხრიდან იყო, რადგან ელექტროენერგია გამოირთო.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქართულ მხარესთან დღევანდელი მატჩის ორგანიზაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გაგაჩნიათ?
- ნამდვილად არა.
ამ წაგების შემდეგ ნაკრებში გაზაევის დატოვებას მიზანშეწონილად თუ მიიჩნევთ?
- ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. თუმცა, ქაოსური თამაში, ოპტიმალურისგან შორსმდგარი შემადგენლობა და ზედიზედ ორი მარცხი მის სასარგებლოდ ნამდვილად ვერ იმეტყველებს.