რა შემთხვევაშია გარდაუვალი რუსეთ-საქართველოს მეორე ომი

რა შემთხვევაშია გარდაუვალი რუსეთ-საქართველოს მეორე ომი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას თითქოს დათბობის პირი უჩანს, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებების დონეზე და პროცესიც საკმაოდ არაგამჭვირვალეა. შესაბამისად, არც ის ვიცით, რის დათმობას აპირებს რუსეთი, ან ჩვენ რის დათმობას გვთხოვს სანაცვლოდ. როგორ აფასებენ მოსკოვში საქართველოსთან შექმნილ ვითარებას, რას ელიან ზემო ლარსის გახსნისგან და რა იგულისხმა ვლადიმირ პუტინმა „საქართველოს გამთლიანების“ სადღეგრძელოში, ამ საკითხებზე რუსი ექსპერტი ალექსანდრ დუგინი გვესაუბრება.

ალექსანდრ გელიევიჩ, მართალია, ჩემი ღრმა რწმენით, „სპასენიე უტოპაიუშჩიხ დელო რუკ სამიხ უტოპაიუშჩიხ“, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, რუსეთ-საქართველოს შორის დარჩა საკითხები, რომლებიც პოლიტიკური ვაჭრობის საფუძველს შექმნიდა?

- მოსკოვიდან მე ასე ვხედავ საქართველოში არსებულ ვითარებას, საქართველოს აქვს გეოპოლიტიკური არჩევნის პრობლემა. საქართველოს აქვს სამი არჩევანი: იყოს ამერიკასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ იყოს რუსეთის წინააღმდეგ და იყოს გაურკვეველ დამოკიდებულებაში ევროპასთან. მეორე - იყოს ამერიკასა და რუსეთს შორის და ევროპასთან კარგ ურთიერთობაში და მესამე - იყოს რუსეთთან ერთად, გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან და ცუდი - ამერიკასთან. ჩემი აზრით, მესამე ვარიანტი ამჟამად არ განიხილება და ის უნდა გადავდოთ, როგორც არააქტუალური. ანუ რეალურად განიხილება ორი ვარიანტი: იყოს ამერიკის მხარეს და რუსეთის წინააღმდეგ ან დააბალანსოს ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს მეორე უფრო ევროპასა და ამერიკას შორის არჩევანია. იმისდა მიხედვით, რა გზას აირჩევს ქართული ხელისუფლება, განისაზღვრება შემდგომი გადაწყვეტილებების სტრუქტურა. გეოპოლიტიკა ყოველთვის ყველაზე მთავარია. გეოპოლიტიკა ქმნის იმ კონტექსტს, რომელიც გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველაფერზე. საქართველოს მეორე პრობლემაა პოლიტიკური მოდელის არჩევანი, ანუ დაუჭიროს თუ არა მხარი სააკაშვილის ნაციონალისტურ ავტორიტარიზმს, რომელსაც აქვს ბევრი მინუსი. სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ვერ შეძლო ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. მეორე მინუსია ის, რომ ვერ შეასრულა ვერც ერთი თავისი წინასაარჩევნო დაპირება და, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ვერ მოუტანა ვერანაირი ეკონომიკური აღმავლობა. ანუ საქართველოს მეორე პრობლემა შიდა პოლიტიკურია: უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი და ეს არ არის დაკავშირებული საქართველოს მიერ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლასთან. ისევე, როგორც შევარდნაძის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მის შემდეგ, ჩემი აზრით, ახლაც ასე დგება საკითხი საქართველოში: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სააკაშვილის შემდეგ. საქართველოს მესამე პრობლემა ეკონომიკურია: როგორ გახდეს ქართველების ცხოვრება, გლობალური კრიზისის პირობებში, მეტ-ნაკლებად ასატანი. ვარიანტები არც ისე ბევრია, იმიტომ რომ დიდ მხარდაჭერას არავინ გთავაზობთ და, თუ საქართველო დაადგება ევროპულ გზას, ეს მას შესაძლებლობას მისცემს, გადაჭრას თავისი პრობლემები რუსეთის მეშვეობით, რადგან რუსეთს აქვს საამისო რესურსი: საქართველოსთან შედარებით ის ეკონომიკური გიგანტია! ერთი სიტყვით, თუ საქართველო აკეთებს არჩევანს ევროპის, ანუ ბალანსის სასარგებლოდ, თუ შეიცვლება ხელისუფლება და, ვისაც უნდა იმას აირჩევს პრეზიდენტად და შეეცდება ეკონომიკური პრობლემები მეზობლებთან ერთად გადაჭრას, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, მოაგვაროს თავისი თითქმის ყველა პრობლემა. ხოლო, თუ საქართველო შეინარჩუნებს ახლანდელ კურსს: იქნება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ ამერიკასთან; დატოვებს სააკაშვილის რეჟიმს და ეკონომიკურად მხოლოდ დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ცალ-ცალკე განვიხილოთ თქვენ მიერ ჩამოთვლილი გეოპოლიტიკური არჩევნის ვარიანტები. რით შეიძლება დამთავრდეს პირველი ვარიანტი: ამერიკასთან ერთად და რუსეთის წინააღმდეგ?

- პირველი ვარიანტი უკვე გათამაშებულია. ეს ვარიანტი დღეს მოქმედებს და ის უკვე დამთავრდა. კერძოდ, დამთავრდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, რეჟიმის კატასტროფული მდგომარეობით, რუსეთთან ომის წაგებით და ამერიკის მიერ თავისი მოკავშირის ღალატით. ამერიკამ ვერ შეძლო თავისი გავლენის გამოყენება, რომ ევროკომისიის დასკვნა ცალსახად სააკაშვილის მხარდამჭერი ყოფილიყო. აი, ამის გაკეთება ამერიკას ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ესეც არ გააკეთა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკა, ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვერპლად შეწირავს ქართველებს თავის სტრატეგიულ ინტერესებს: მოუნდებათ თუ არა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, არც კი დაფიქრდებიან, ისე გაწირავენ ქართველებს. ვერც ეკონომიკურად უწევს ამერიკა ჯეროვან მხარდაჭერას საქართველოს. უფრო ზუსტად, ხალხამდე ეს დახმარება არ მიდის.

რაღაც ნაწილი ხვდება მოსახლეობას.

- კი ბატონო, რბილად ვთქვათ. ამერიკა გამოიყენებს საქართველოს, როდესაც დასჭირდება, მაგრამ დიდ დახმარებას არასდროს აღმოუჩენს.

მაგრამ ეს არ არის სიახლე საქართველოს ისტორიისთვის. უკლებლივ ყველა დიდი იმპერია, რომლებიც აქ იყვნენ, თხასავით გვყიდდა, როდესაც ეს მათ ინტერესებს დასჭირდებოდა?

- საბჭოთა იმპერიის დროს, რომელსაც სტალინი და ბერია მართავდნენ, ქართველები ცხოვრობდნენ „პრიპევაიუჩი“, მღეროდნენ, დროს ატარებდნენ…

საბჭოთა იმპერია არ მიგულისხმია, თუმცა ისიც საკითხავია, ვცხოვრობდით თუ არა „პრიპევაიუჩი“. რაც შეეხება სიმღერას: მგონია, რომ ამ სიმღერამ გაგვაფუჭა და უსაგნოდ სიმღერას მიგვაჩვია.

- ისე მღეროდნენ ქართველები, რომ მხოლოდ ეს სიმღერა იყო საკმარისი.

ჩვენ ახლაც ვმღერით, მაგრამ ხეირი ნაკლებია.

- მთავარია, სიმღერა. ისევ სერიოზულ საკითხებს დავუბრუნდეთ. ამერიკის სასარგებლოდ გაკეთებულმა არჩევანმა უკვე გვაჩვენა შედეგები: ამერიკა არ დაეხმარება საქართველოს, ეცდება საქართველოს შეთრევას ნატოში, ეცდება მის რუსეთთან დაპირისპირებას, რუსეთი კი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს სეპარატისტულ ფაქტორებს, ანუ ამერიკელების მხარდაჭერა არ უზრუნველყოფს საქართველოს მთავარ მიზანს - ტერიტორიულ მთლიანობას.

თუ ამბობთ, რომ პირველი ვარიანტი გათამაშებულია და უკვე დამთავრდა კიდეც, მაშინ რატომ უნდა გავაკეთოთ რეორიენტაცია რუსეთზე?

- პირველმა სიტუაციამ აჩვენა თავისი უარყოფითი მხარეები. შემდეგშიც იგივე გაგრძელდება: ამერიკა უბიძგებს საქართველოს ანტირუსული ქმედებებისკენ, რუსეთი კი უპასუხებს. თუ სიტუაცია გართულდება, ამერიკა გაერიდება, ისედაც შორსაა და საქართველოს ისევ მარტო მოუწევს ყველაფრისთვის პასუხისგება.

ანუ ომი კიდევ იქნება?

- შესაძლოა, განმეორდეს ომი, გაგრძელდეს ტერიტორიების ჩამოცილების პროცესი, მოხდეს ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კურსის: ამერიკასთან, რუსეთის წინააღმდეგ, უარყოფითი შედეგები აშკარაა. ამ მიმართულებით ახალი არაფერი იქნება.

რას მოგვიტანს მეორე არჩევანი: რუსეთთან ერთად და კარგ ურთიერთობაში ევროპასთან?

- ეს არის ახალი შანსი, რადგან, ამ შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, გაყიდოს თავისი ნეიტრალიტეტი.

ნეიტრალიტეტის თემას ჩავლილად მიიჩნევენ ქართველი ანალიტიკოსები.

- მე ვფიქრობ, რომ ნეიტრალიტეტით ვაჭრობა არის შესაძლებლობა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც სანიტარულ კორდონს ქმნიან რუსეთის გარშემო. საქართველო აცხადებს თავის ნეიტრალიტეტზე და ვაჭრობს ყველასთან. ამერიკას უყენებს პრეტენზიას: თქვენ მიგვაქსიეთ რუსებს და შემდეგ მიგვატოვეთ, ჩვენ ახლა პირობების გარეშე არაფერს გაგიკეთებთ, პასუხი აგეთ თქვენს სიტყვებზეო. ამერიკას ეს არ მოეწონება, მაგრამ, რადგან ისინი პრაქტიკული ხალხია, დაიწყებენ თქვენთან ვაჭრობას და მოგცემენ რაღაც პრივილეგიებს, ანუ თქვენ იქცევით ისე, როგორც შევარდნაძის პერიოდში.

მაგრამ ჩვენ, ყველამ, ვნახეთ, როგორ დაამთავრა შევარდნაძემ?

- მერე რა?! სამაგიეროდ, მის დროს ქვეყანა არ დაშლილა. ვიყოთ რეალისტები, მოგბეზრდათ შევარდნაძე? მოვიდა სააკაშვილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის. მოგბეზრდებათ სააკაშვილი და აირჩევთ უარესს? უფრო ცოტა დარჩება საქართველოსგან. რუსეთში ბევრს მობეზრდა პუტინი, მაგრამ, პუტინი რომ არა, რუსეთი დღეს არ იქნებოდა. გვინდა ტერიტორიული მთლიანობა? პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქმედებებზე. დღეს, ჩემი აზრით, საქართველომ უნდა ივაჭროს თავისი ნეიტრალიტეტით. მესმის, რომ ეს უსიამოვნო და მოსაწყენია.

მოსაწყენი ყველაზე ნაკლებადაა ეს პროცესი. ცნობილია, რომ მცირერიცხოვანი ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ, გამოაცხადონ თუ არა ნეიტრალიტეტი. სწორედაც რომ, დიდმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა ესა და ეს მცირერიცხოვანი ქვეყანა ნეიტრალური, ვცდები?

- არა, ნეიტრალიტეტით ვაჭრობა არის ის, რითაც მათ ვაჭრობა შეუძლიათ.

ვაჭრობა კი შეუძლიათ, მაგრამ როგორ გამოაცხადებს დამოუკიდებლად ნეიტრალიტეტს?

- დღეს ამერიკა ამბობს: საქართველო ჩვენია და ნუ მოძვრებითო. რუსეთი ამბობს, მიმიფურთხებია თქვენთვის, აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ წავიღებო. როგორ მოილაპარაკეს? ომით.

გასაგებია, ასე გაიყვეს მათ საქართველო.

- ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველომ ის მხარე არ ამოირჩია. თქვეს, ჩვენ მთლიანად ამერიკელების მხარეს ვართო. ქართველებს რომ ეთქვათ, რუსებს ეს, ამერიკელებს - ისო, საქმე სხვაგვარად იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, თუ ამერიკელები მოახდენდნენ ზეწოლას, ქართველები რუსებთან გაიქცეოდნენ, თუ რუსები მოახდენდნენ ზეწოლას - ამერიკელებთან. ამ გზით უსასრულოდ შეიძლებოდა ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება. ერთისგან გაზი აეღო, მეორისგან - ჰუმანიტარული დახმარება. საჭიროა სააკაშვილის გადარჩევა და ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის არჩევა და საქართველო გამოჯანმრთელებულია. პატარა ქვეყნებმა ხან ერთ დიდ ქვეყანას უნდა ჩაუკრან თვალი, ხან - მეორეს, დიდი ქვეყნები კი ამასობაში იკამათებენ, იდავებენ.

ესე იგი, გვირჩევთ, დავკავდეთ პოლიტიკური პროსტიტუციით?

- რატომ ასე უხეშად?! მაშინ ყველა შეთანხმება პოლიტიკური პროსტიტუციაა?!

სააკაშვილი იქნება თუ არა, ეს საქართველოს მოსახლეობას მივანდოთ, მაგრამ, მართლაც, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მის შემდეგ?

- არანაირი! რადგან პრორუსი კანდიდატის არჩევა წარმოუდგენელია, სააკაშვილზე პროამერიკელის მოძებნა კი - შეუძლებელი. ამიტომ, ჩემი აზრით, ქართველები აირჩევთ უფრო წყნარ, მოქნილ და რეალისტ ადამიანს. ის ვერ იქნება პრორუსი, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო გაწონასწორებული, ვიდრე სააკაშვილია, მიდრეკილი კომპრომისებისკენ და, თუ ნიჭიერად იმოქმედებს, თავის ქვეყანას ნორმალურ გზაზე გაიყვანს. პოლიტიკური ორიენტაცია ამერიკასა და სააკაშვილზე, ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ერთ დერჟავაზე საშუალებას არ აძლევს საქართველოს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები რეგიონში. უნდა დაიწყოთ თქვენი სტრატეგიული მდებარეობის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. საქართველოს შეუძლია, თავისი მდებარეობით მნიშვნელოვანი დივიდენდები მიიღოს და ადამიანები გადაიხდიან ისე, რომ მადლობლებიც იქნებიან: ქართველებმა ამის და ამის ნება მოგვცესო. იმ ინფორმაციით, რომელიც მომდის საქართველოდან, ვიცი, რომ იქ ხალხი ამას ხვდება.

როგორც მე მივხვდი, თქვენი აზრით, ჩვენი ამოცანა მაქსიმუმია, შევინარჩუნოთ ის, რაც დაგვრჩა?

- დიახ.

მე არ ვისურვებდი ვყოფილიყავი არც სააკაშვილის და არც მისი შემცვლელის ადგილას. პრიმაკოვის დაბადების დღეზე პუტინის მიერ ნათქვამი სადღეგრძელო როგორ უნდა გავიგოთ? როგორ არის შესაძლებელი საქართველოს გამთლიანება?

- პუტინმა თქვა, რუსეთის იმპერიის ფარგლებშიო.

თქვენი აზრით, რა იგულისხმა პუტინმა?

- უნდა აღვადგინოთ ჩვენი ნაციონალური ერთობა. ოდესღაც საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაზე“ სწორედ საბჭოთა დროს მიიღო.

თქვენ ხომ იცით, რომ არანაირი „იუჟნაია ოსეტია“ ბუნებაში არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, რომ არა ქართველი ბოლშევიკები, აფხაზეთი კი ისეთივე საქართველო იყო, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო თუ გურია?

- ეს რთული საკითხია, მაგრამ მე ამის თქმა არ მინდოდა. იმას ვამბობ, რომ ის ფორმალური საზღვრები, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს, შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს. ეს არის არა დამოუკიდებელი საქართველოს, არამედ საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკის საზღვრები.

რა თქმა უნდა, გაერომ საქართველო აღიარა საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი რესპუბლიკა რუსეთის ჩათვლით?

- ისინი ადრე არც საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრები იყო, ადრე ისინი იყო რუსეთის იმპერიის პირობითი საზღვრები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პუტინმა, როგორც პატრიოტმა, შემდეგი იგულისხმა: როგორ შეუძლია, აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ დაბრუნდნენ საქართველოს? როდესაც საქართველო დაბრუნდება რუსეთში, მაშინ ყველანი დაბრუნდებიან სახლში. ყველაფერი აღდგება და საქართველო იქნება რუსეთის იმპერიის ნაწილი.

და აფხაზეთი და ცხინვალი იქნებიან საქართველოს ნაწილი?

- რა თქმა უნდა, ყველა იქნება ერთმანეთის ნაწილი. ქართველებს, სადაც მოუნდებათ, იქ იცხოვრებენ, დაიკავებენ ნებისმიერ თანამდებობას. შეუძლიათ, გახდნენ პრეზიდენტები. იყო დრო, როდესაც დიდ საბჭოთა კავშირს ქართველი ხელმძღვანელობდა და უამრავი ქართველი იყო ზოგად რუსული სახელმწიფოს სათავეში, იმიტომ რომ ქართველები არიან „მოლოდცი“. ანუ არის შესაძლებლობა, რომ პატარა საქართველო, რაც მისგან დარჩა, კიდევ უფრო დაპატარავდეს, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ დიდი საქართველო შეიქმნას. რუსულ-ქართული მეგობრობა დიდი რამაა, ოღონდ აქ ამერიკელები არაფერ შუაში არიან. ჩვენ შეიძლება, ვიჩხუბოთ, შემდეგ კი შევრიგდეთ. რომ არ ყოფილიყო ამერიკული ფაქტორი, ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტდით, იმიტომ რომ ჩვენ მრავალი საუკუნეა, ერთად ვცხოვრობთ. რა საქმე გვაქვს ამერიკასთან?! ის არის ქვეყანა, რომელსაც „ნეგრი“ მეთაურობს. ის კარგი „ნეგრია“, მაგრამ რა შუაშია ჩვენთან?! თქვენ ცხოვრობთ მთებში, ჩვენ ვცხოვრობთ - ვაკეზე, რა ესაქმებათ აქ „ნეგრებს“?! რატომ უნდა მოვუსმინოთ მათ? ჩვენ თვითონ უნდა მოვილაპარაკოთ ერთმანეთთან.

ჩვენთან მიიჩნევა, რომ რეალური დემოკრატია არის ის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გახდეს მომხიბვლელი აფხაზებისა და ოსებისთვის. თუ ჩვენ შევქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს და ასე გავხდებით დასავლეთის ორგანული ნაწილი. აქვს ამის საწინააღმდეგო რაიმე რუსეთს?

- ჩემი აზრით, დემოკრატიაა, როდესაც ხალხი იღებს მონაწილეობას საკუთარი ბედის განსაზღვრაში. ლიბერალური დემოკრატიაში კი ხდება ხალხის გაუცხოება რეალური მმართველობისგან. დასავლური დემოკრატია არ არის სამაგალითო. ყველა ხალხს თავისი დემოკრატია აქვს, რუსებს - თავისი, ქართველებს - თავისი, აფხაზებს - თავისი და არ მგონია, კარგი იყოს, თუ ქართველები დაემსგავსებიან დასავლურ საზოგადოებას. იცით, რა ხდება ღამით პარიზის მეტროში? შეუძლებელია ჩასვლა, რადგან ეს არის ველური, გაბოროტებული აფრიკა. საშინელებაა, მათი შიშით ფრანგი მოხუცები და ახალგაზრდები კუთხეებში იყუჟებიან. ეს შავი ქვეყანაა და თქვენც გინდათ, რომ შავი ქვეყანა გახდეთ?! მაშინ აფხაზები საბოლოოდ შეგაქცევენ ზურგს.

ჩვენ გვინდა თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, ჭეშმარიტად საბაზრო ეკონომიკა და არა მეტროს კოშმარი.

- არანაირი თავისუფალი მედია არ არსებობს. ვისიც არის მედიასაშუალება, ის უკვეთავს ყველაფერს. ეს ყველაფერი დასავლური მითებია. ჩვენ ჩვენი მითები გვაქვს და იმათ უნდა დავუჯეროთ. თუ საქართველო იქნება საქართველო და დარჩება თავისი ფესვების ერთგული, ის ყველას მოეწონება. რუსეთსაც არ ხიბლავს დასავლეთი, ჩვენს საზოგადოებაში ის არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. ჩვენ მათ სკეპტიკურად და გაკვირვებით ვუყურებთ. რა თქმა უნდა, აფხაზებსა და ოსებს უახლოეს მომავალში საქართველოში ვერაფრით შეიტყუებთ, ვერც დემოკრატიით და ვერც სხვა რაიმეთი. ამიტომ ერთადერთი საშუალებაა, რომ ყველამ ერთად აღვადგინოთ დიდი რუსეთი. აქ დემოკრატია არაფერ შუაშია. დღეს ლაპარაკია კულტურული კოდების გაგებაზე, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე, საერთო მართლმადიდებლურ ფესვებზე, ეს დაგვაახლოებს. დემოკრატია, როგორც წესი, რღვევას იწვევს. ხომ ხედავთ, რამდენი სახელმწიფო დაიშალა აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოეთში?! ევროპა სხვა შემთხვევაა, ისინი აშენებენ სხვანაირ სახელმწიფოს: ერთთათვის ეს ამართლებს, მეორეთათვის – არა. მე მგონია, რომ საქართველომ უნდა ააშენოს ნორმალური სახელმწიფო თავისი ნაციონალური კულტურის საფუძველზე, თუმცა მთავარია, გააკეთოთ სწორი გეოპოლიტიკური არჩევანი. დემოკრატია არის საბაბი, უბრალოდ ვაჭრობის საგანია. აბა, რა დემოკრატიაა საუდის არაბეთში, პარასკევობით ხალხს ხელებს აჭრიან?! მაგრამ ამერიკის მოკავშირეა და ყველაფერი გასდის. უნდა დავივიწყოთ სიტყვა „დემოკრატია“. ეს არასერიოზული საქმეა. ქართველი ხალხი კარგად უნდა ცხოვრობდეს თავისი ტრადიციებით, უნდა აყვავდეს საქართველო და თავისი კანონებით უნდა იცხოვროს.

ლარსის გახსნა დიდი რუსული იმპერიის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია?

- დიახ, დიახ, შორეული, მაგრამ ნაბიჯია. რუსეთის იმპერია, რუსული სახლი თუ ევრაზიული გაერთიანება ნელ-ნელა შეიქმნება. ქართველ საზოგადოებაში უნდა დაიწყოს მსჯელობა იდეაზე, რომ რაღაც გაერთიანება შეიქმნას რუსეთთან ახალი პირობებითა და ახალი ისტორიული რეალობის გათვალისწინებით. პირველად ფურთხება დაიწყება, მაგრამ შემდეგ ეს გაივლის. ვინც პირველი მოიტანს არგუმენტებს და მოყვება ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ, მას გარანტირებული წარმატება ექნება ქართულ პოლიტიკაში.

მინდა ჩამოვაყალიბო თქვენი მოსაზრება, რომ რაიმე არ შემეშალოს: თქვენ ამბობთ, თუ საქართველო გახდება რუსეთის მოკავშირე, ის დარჩება იმ საზღვრებში, რაშიც დღესაა, ხოლო, თუ შეუერთდება რუსეთის იმპერიას, მისი იქნება აფხაზეთი და ცხინვალი?

- მეგობრებისთვის ყველაფერი შესაძლებელია, პარტნიორებთან კი ეს ვაჭრობის საგანია.

რას ელის რუსეთი უკრაინის არჩევნებიდან და ამის შემდეგ რას მოიმოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში?

- შესაძლოა, უკრაინა გაიხლიჩოს და დაიწყოს სამოქალაქო ომი, რადგან იანუკოვიჩს დასავლეთი არ მიიღებს, ტიმოშენკოს კი არ აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა მოვიდეს იუშჩენკოს შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა მაინც გაუმჯობესდება. იუშჩენკოს რეიტინგი თავისთავად მოწმობს, რომ მისი კურსი არ მოსწონს უკრაინას და ამიტომ ვემზადებით ახალი ურთიერთობებისთვის უკრაინასთან. ქართველებიც გამოიტანენ თავიანთ დასკვნას უკრაინის არჩევნების შემდეგ, მიხვდებიან, რომ ფერადი ხელისუფლებების ხაზი დაიმსხვრა და ისინიც იმავეს გააკეთებენ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უკრაინელებმა მიიღეს გაკვეთილი და არ უნდათ ყირიმის დაკარგვა, ამიტომ გააკეთებენ უფრო რბილ არჩევანს. სამწუხაროდ, ქართველები მეორეები იქნებიან, მაგრამ მგონია, რომ ისეთსავე არჩევანს გააკეთებენ.