თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი - მუქარები და ბოიკოტის მოწოდებები არჩევნების ჩაშლის ფონზე

თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი - მუქარები და ბოიკოტის მოწოდებები არჩევნების ჩაშლის ფონზე

საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები ოპოზიციურ სპექტრში ისევ განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზია.  4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში მონაწილეობისა და ბოიკოტის საკითხმა ოპოზიცია ორ ნაწილად გაჰყო, რამაც განსხვავებული სტრატეგიები და მწვავე დაპირისპირება წარმოშვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს აქტიურად ჰპირდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ შედგება. მათი გეგმის ნაწილი გიორგი ბარამიძემ გაამხილა, რომელსაც ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც სააკაშვილის პარტიის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მუშაობენ მუნიციპალური არჩევნების ჩაშლაზე. ბოტკოველის განცხადებას წინ უძღოდა ლევან ხაბეიშვილის მუქარა, რომელმაც ძალის გამოყენებაც კი დააანონსა.

მმართველი გუნდისთვის კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ეს განცხადებები მათ ნამდვილ მიზანზე - საარჩევნო უბნებთან ქაოსის შექმნაზე მიუთითებს. ხელისუფლება იხსენებს მიხეილ სააკაშვილის, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი თანაგუნდელების კომენტარებს და მათ უკან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწერილ სცენარს ხედავს. 4 ოქტომბრის გეგმაზე, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ელენე ხოშტარიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.

განსხვავებულია იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. გიორგი გახარიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის სტრატეგიას რადიკალურს უწოდებს. „გირჩში“ კი ფიქრობენ, რომ კოლეგების მუქარა მხოლოდ მუქარად დარჩება.

„ლელოსთან“ოპონირების აზრს ვერ ხედავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი აზრით, „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს. უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით და კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-ქოცური სპეცოპერაციის ბოიკოტირებასა და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტიც ჩვენს პოზიციაზე დგას“, - წერს სააკაშვილი.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპონენტების განცხადებები ოპოზიციისა და მისი უცხოელი მხარდამჭერების სასოწარკვეთილებას გამოხატავს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და პოზიციების გაყოფა მოსალოდნელი იყო და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია ერთიანი ვერასდროს იქნება. მისი აზრით, ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზება, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, უშედეგო იქნება.

„რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ეცდება, რათა არჩევნების დღეს გარკვეული სახის ქაოსი და საარჩევნო უბნებთან დაპირისპირება მოაწყოს. ისინი ამაში ყველაზე დახელოვნებულები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ქაოსის შესაქმნელად ყველაფერზე წავიდნენ. თუმცა, მგონია, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მსგავს არეულობას არჩევნების დღეს არ დაუშვებს. ამ პოლიტიკური ძალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათი მუქარები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი, შესაძლოა, ამისთვის კიდევაც ემზადებიან“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჩენილ ჩანაწერს, რომ თუ პოლიტიკური ლიდერები არ გათავისუფლდებიან, არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება, მამრაძის განცხადებით, ეს უკვე ხელისუფლების შანტაჟია, რომელიც დიდი ხანია, სხვადასხვა ფორმით გრძელდება.

„პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ, დაწერონ განცხადება შეწყალებაზე და მას მიმართონ. პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად რაც შეეძლო, მან ამ შეთავაზებით გააკეთა, თუმცა ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება ამ ლიდერების მხრიდან, რომ ცოტა ხნით პროცესებს გასცლოდნენ.

რეიტინგის კუთხით მათი მდგომარეობა ვიცით, როგორიც არის, ამიტომ ჩათვალეს, რომ ახლა ციხეში ჩაჯდომა ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ამის გამო, რეზოლუციის სახით, ევროპარლამენტიდანაც მიიღეს დახმარება. შესაბამისად, ამით სპეკულირება დასავლეთსა და რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვა“, - აღნიშნავს მამრაძე.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ოპოზიციის ნაწილმა - „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ - მონაწილეობა არჩევნებში, მამრაძე შემდეგ ვერსიას გვიზიარებს:

„ოპოზიციურ ფლანგზე, „ნაციონალების“ რეიტინგის სწრაფი კლების ფონზე, გაჩნდა სივრცე, რომ მათი ამომრჩეველი გადანაწილდეს, ასევე, მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაც გამოიკვეთა. ჩვენ ვიცით, რა სახის დამოკიდებულებით სარგებლობლობენ „ნაციონალები“ და მისი განშტოება პარტიები ხალხის მხრიდან, ამიტომ ახლა, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ჩათვალეს, რომ ოპოზიციური ველის ათვისების საშუალება მიეცემათ. აგერ, ანი წითლიძემ უკვე თქვა, რომ „ლელო“ მათი მხარდამჭერების გადაბირებას ცდილობდა, ამიტომაც ოპოზიციაში გაჩნდა ეს მეტოქეობისა და ეჭვიანობის მიზეზები. ამ ორმა პარტიამ კარგად დაინახა ის შესაძლებლობა, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შედეგად მიეცემათ“, - ასკვნის მამრაძე.

 

 

 

 

 

მარბიელი ოპო ხმების ათვისების მცდელობა დანაშაული ყოფილა?!
ყოფილი ნაცები (არარიგითი) თქვენთანაც ბევრი რომაა, რა გარანტია გაქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკარნახებენ, კვანტს არ გამოგდებენ?
თუ ოცნებამ დიფსტეიტის დავალებით მოღალატეები თანამდებობაზე დანიშნა და მავნებლური კანონები მიიღო, ანუ ქვეყანას უღალატა და იმიტომ, რომ ძალაუფლება არ დაეკარგათ, ხვალ რას იზამენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ან რას დაავალებს ერთხელ უკვე დავალების მიმცემი ვიცით? იქნებ ეს განმარტოთ და დაგვამშვიდოთ?
39 წუთის უკან