ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაწყო (როგორც რუსები იტყვიან) „უტეჩკა ინფორმაციი“, ანუ ინფორმაციის ე.წ. გაჟონვა, რომელიც, სინამდვილეში, სრულიად გამოხატავს სომხეთის ხელისუფალთა პოზიციასა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
„გაჟონვის“ შესაბამისად, სომხეთი, თურმე, ადეკვატურ ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი შექმნიან ერთობლივ საბრძოლო ქვედანაყოფებს თუნდაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დასაცავად. ეს ზომები და განწყობა, უეჭველად გავრცელდება ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაზეც.
რა თქმა უნდა, „გაჟონვა“ ორგანიზებულია სომხეთის სახელისუფლო ლაბორატორიებში. მეთოდად გამოყენებულია ძველთაძველი ხრიკი, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს შატილთან დაკავშირებით: ჯერ უნდა დააბრალო მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ქვეყანას ის, რაც მას არ ჩაუდენია და მერე იმან იმართლოს თავი.
როდესაც რუსეთი საქართველოს აბრალებს ჩეჩენი ბოევიკების იარაღით მომარაგებას, სინამდვილეში, მან შესანიშნავად იცის, რომ არავითარი იარაღი საქართველოდან ჩეჩნეთში არ გაედინება, მაგრამ მას ის აცოფებს, რომ საქართველომ არ გაატარა (გასული წლის ოქტომბერში) რუსის ჯარი შატილიდან, - ჩეჩნებისათვის ზურგში დასარტყმელად და არ რთავს ნებას იმავე მიზნით გამოიყენოს საქართველოს სამხედრო აეროდრომები.
სომხებმა შესანიშნავად იციან, რომ არავითარი ერთობლივი ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ქვედანაყოფები არ იქმნება თუნდაც ნავთობსადენის დასაცავად, მაგრამ, სინამდვილეში, მათ სწორედ ის აშფოთებთ, რომ ნავთობსადენის პროექტი შეიძლება განხორციელდეს, რაც, უეჭველად, გამოიწვევს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ გაძლიერებას, რის შედეგადაც ეს ქვეყანა აუცილებლად შეეცდება დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.
სომხეთის პარლამენტში ტერორისტული აქტის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩინდა, რომ ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, გეოპოლიტიკურ ჩიხში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობა, უეჭველად რუსეთის სპეცსამსახურთა ორგანიზებული იყო, რათა შეეზღუდათ სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის პოლიტიკური მანევრის სივრცე.
მოსკოვში დიდი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ალიევ-კოჩარიანის იდუმალებით მოცულ შეხვედრებს, ისევე, როგორც კოჩარიანის ვიზიტებს დასავლეთის სახელმწიფოში, განსაკუთრებით, აპრილში ნატოს სამიტზე.
სწორედ ნატოს სამიტში სომეხი პრეზიდენტის მონაწილეობამ აუვსო კრემლს მოთმინების ფიალა და გამოიყენა კიდეც გონებაჩლუნგი სომეხი ნაციონალ-სოციალისტები „დაშნაკცუტუნის“ პარტიიდან.
არადა, მეორე მხრივ, კოჩარიანის პოზიცია სავსებით გამართლებული იყო: სომხეთი სრულ რეგიონულ იზოლაციაში ექცევა. ერევანი ცდილობდა გაერღვია ეს იზოლაცია, ჩართულიყო რეგიონულ პროექტებში. ამ მიზნით სომეხი პრემიერი ბაქოშიც კი ჩავიდა „დიდი აბრეშუმის გზის“ კონფერენციაზე და სხვა. მაგრამ პარლამენტში უპრეცედენტო ტერაქტის შემდეგ კრემლმა ერევანს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა. ეს არჩევანია აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჯავახეთის ხსენებაც ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. ნავთობსადენი კი მხოლოდ ერთ-ერთი სამიზნეა.
რუსეთს ძალიან აღელვებს საქართველოში თავისი ბაზების შემდგომი ბედი. 2000 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს თბილისისა და გუდაუთის ბაზების ლიკვიდაცია. იმავე პერიოდში გადაწყდება, თუ როდის დატოვებს საქართველოს ბათუმისა და ახალქალაქის დივიზიები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ახალქალაქის დივიზიის გაყვანას მაინც მოჰყვება გარკვეული გართულებები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ემოციებს არ უნდა აჰყვეს.
დაძაბულობა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. თავის მხრივ კი, ოფიციალური ერევანი საქართველოსთან დაპირისპირებით სტრატეგიულად მაინც წააგებს.