აბრამოვიჩი სამხრეთ ოსეთში ფეხბურთის განვითარებას აპირებს

აბრამოვიჩი სამხრეთ ოსეთში ფეხბურთის განვითარებას აპირებს

სამხრეთ ოსეთში ფეხბურთის განვითარებას რომან აბრამოვიჩის ფონდი მიხედავს!

ეს ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს და, ბუნებრივია, უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.

სეპარატისტები ყველანაირად ცდილობენ, რუსეთთან კავშირები გააღრმავონ და ამაში უკვე სპორტსაც იყენებენ.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობისა და ცხინვალის სტადიონის შესასწავლად მოსკოვიდან უკვე ჩავიდა კიდეც მილიარდერ აბრამოვიჩის დელეგაცია - რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური აკადემიის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სოკოლოვმა დეტალურად დაათვალიერა ედუარდ კოკოითის სამფლობელო.

„აბრამოვიჩის ფონდი მოსკოვში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ფეხბურთის განვითარებაში. ამ წლების განმავლობაში უამრავი საქმე გავაკეთეთ - მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადება, ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ლიტერატურა გვაქვს რუსულ ენაზე გადმოთარგმნილი და ამ ყველაფერს ჩვენს ოს მეგობრებსაც არ დავამადლით. ჩვენ მზად ვართ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთს დავეხმაროთ" - განუცხადა სოკოლოვმა ჟურნალისტებს.

გადაწყვეტილია ისიც, რომ მალე რუსეთის ფეხბურთის განვითარების ფონდსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ოფიციალურად გაფორმდება თანამშრომლობა და სოკოლოვის თქმით, დახმარება ამის მერე უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.