42-მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ყველას, ვინც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ციხეში ყოფნაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ იმ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, ვინც ისინი წააქეზეს, რომ არ გამოცხადებულიყვნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და არ დამორჩილებულიყვნენ კანონებს.
„ის ვინც არც ცხადდება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. ერთი მუხლის - 78-ე მუხლის მიმართ აქვთ ხოლმე განსაკუთრებული ემოციური კავშირი ამ ადამიანებს, მაგრამ 78-ე მუხლამდე 77 მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციის, ამიტომ დაიწყონ თავიდან, სადღაც შუაში მივლენ 42-ე მუხლამდე და თუკი ასეთი პატივისცემა აქვთ კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ, 42-მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ყველას, ვინც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. რაც შეეხება ამ შედეგებზე პასუხისმგებლობას, მე ასე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომაგ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში, ვინც ოპოზიციის ეს წარმომადგენლები წააქეზეს და შეაგულიანეს, რომ მიდით თქვენ არ დაემორჩილოთ კონსტიტუციას, არ დაემორჩილოთ კანონებს, ძირი გამოუთხარეთ, არ აღიაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ გვერდში დაგიდგებითო. აი, ასე ამთავრებენ ისინი ვინც დადიან უცხოების ჭკუაზე. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ისინი ვინც აქეზებენ სხვებს დანაშაულზე, თავად მშვიდად არიან და ადამიანებს უწევთ შემდეგ უკვე სასჯელის მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.