შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო მინისტერიალის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ლიდერები ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მე მაშფოთებს ის დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც ამ შეხვედრის წინ სხვადასხვა მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, როდესაც საქართველოს მიმართ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა დემოკრატიულ უკუსვლასთან და არასწორი გზით სიარულთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც წესით, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა ავრცელებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის კამპანიები საქართველოში ევროკავშირიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება, ამ დროს კი არც ევროკავშირის ელჩს და არც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მათ მიერვე დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილისა და ძალადობის გაღვივება არცერთხელ არ დაუგმიათ.
„ამის უკან დგას მოტივაცია, რომ საკუთარი დუმილით და არდაგმობით წაახალისოს სიძულვილის და პროპაგანდის კამპანია, რომელიც დღეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება. ვიცით რა, რომ აშშ-მა გააანალიზა ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც USAID-ი თუ სხვა ფონდები ეწეოდნენ, მათ შორის სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის დაფინანსების მხრივ, გააუქმა ყველა ეს დაფინანსება, მათ შორის ამხილა ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და დღეს ფაქტობრივად მხოლოდ ევროკავშირიდან თუ მისი წევრი ქვეყნებიდან მომდინარე თანხებია დარჩენილი, რომლითაც ეს სიძულვილი და პროპაგანდა ფინანსდება“, - დასძინა პაპუაშვილმა.