- ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა უნდა იცოდეს, სად მთავრდება მათი ქვეყნის საზღვარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა.
პარლამენტში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიღება გამართა.
მიღებაზე საქართველოს პატრიარქმა გაიხსენა „ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნებული სტასტია, სადაც ჟურნალისტი წერდა, რომ რუსეთის პატრიარქმა სამხრეთ ოსეთის რეგიონის ხელმძღვანელს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა.
ილია მეორის თქმით, მან ამაზე რუსეთის პატრიარქს პასუხიც გასცა. როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, იმავე სტატიაში ეწერა, რომ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში გამოსვლისას სრულიად რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ ის უსურვებს რუსეთს მშვიდობას მის საზღვრებზე - ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.
ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პატრიარქს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.
აღნიშნულ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსულად ისაუბრა. ამის შემდეგ კი ქართულ ენაზე დასძინა, რომ ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის რუსეთმაც, თუ სად მთავრდება მათი ქვეყნების საზღვრები.