„სააკაშვილს ჩემზე კარგად არავინ იცნობს

„სააკაშვილს ჩემზე კარგად არავინ იცნობს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ მას უამრავი მასალა მოეპოვება, თუ როგორ ერთობა პუტინი სოჭში, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ასეთი თემებით რატომღაც არ ინტერესდება.

ნდობის ჯგუფისწევრები სვეტიცხოველში შეხვდით პატრიარქს. როგორ უყურებს უწმინდესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

- ერთი თვის განმავლობაში ნდობის ჯგუფი შეხვდა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელ პიტერ სემნების, მთავრობის წარმომადგენელ შაშკინს. ვთვლიდით, რომ ჩვენი საქმიანობის საბოლოო ლეგიტიმაციის მიზნით ყველაფერი მაინც პატრიარქთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ამიტომ ველოდით უწმინდესთან გასაუბრებას. უწმინდესმა გვითხრა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, კარგ საქმეს ვაკეთებთ, მიგვითითა, ეს გზა არ გადავიდეს რადიკალურ ფარგლებში, უნდა შევინარჩუნოთ სრული სიმშვიდე და მხოლოდ მშვიდობიანად მოხდეს ყველა საქმის გადაჭრაო.

პოზიციამაც და ოპოზიციამაც ორაზროვნად გაიგო 26 მაისის შემდეგ დღეებში პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება. რა უნდა ვიგულისხმოთ იმ ფრაზის უკან, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები?

- მართლაც, ითქვა, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა, რომელ არჩევნებზეა საუბარი. უმთავრესი, რაც თქვა პატრიარქმა, ისაა, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება და მშვიდობა იქნება, ჩვენ ყველამ კი უნდა ვაკეთოთ საერთო საქმე კავკასიაში მშვიდობიანობის მისაღწევად.

7 აგვისტომდე კიდევ რაიმე ხიფათია მოსალოდნელი? ოპოზიციამ განაცხადა, შესაძლოა, მეორე ომში გაგვხვიოს სააკაშვილმაო.

- როცა ქვეყანა ჩიხიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, რატომღაც გარე საშიშროებები მძაფრდება ხოლმე. მინდა, ჩემს თავს პატრიარქის სიტყვების გამეორების უფლება მივცე - დრო მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. ყოველი არეული დღე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გამოდის. ამიტომ რამენაირად უნდა გამოიძებნოს საშუალება, ჩვენი ამბიციები უკან გავწიოთ და ვიფიქროთ იმაზე, საქართველო როგორ გადავარჩინოთ.

პატრიარქმა ახსენა არა დიალოგი, არამედ მოლაპარაკება. პირადად თქვენც მოლაპარაკების გამართვას გულისხმობთ ხელისუფლებასთან?

- აუცილებლად.

ამ აქციებმა საკუთარი თავი ხომ არ ამოწურა და ოპოზიცია ახალ ქმედებებზე ხომ არ უნდა გადავიდეს?

- მე ვიცი ოპოზიციის არგუმენტი და სადღაც ვეთანხმები, რომ ამჟამად ყველანაირი მიტინგისა და უკმაყოფილების საერთოდ შეწყვეტა, შესაძლოა, უკუღმა მოუტრიალდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ხშირად გამოდიოდნენ აქციებზე. შეიძლება ეს მართლაც დაჭერებით ან ანგარიშსწორებით დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან. თუ ხელისუფლება თავის მხრიდანაც დაიწყებს ზონდერჯგუფების დასჯას, მაშინ უკვე შეიძლება გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი. მით უმეტეს, ცნობილია ზონდერჯგუფების, მათი ხელმძღვანელის შესახებ. მამუკა არეშიძემ პირდაპირ დაასახელა ეს პირები, მათი განთავსების ადგილსამყოფელი. სახელისუფლო სტრუქტურის წარმომადგენლებიც პირად საუბრებში არ უარყოფენ, რომ იციან ამ ჯგუფის არსებობის შესახებ. ესაა 70 კაციანი ჯგუფი ზემო აჩაბეთიდან და ზოგადად, ქართლიდან.

ალბათ გასაკვირია, როცა ასეთი უბედურება დაატყდა თავს შიდა ქართლის რეგიონს, მაინც რატომ არიან ეს ადამიანები ამ ხელისუფლების მომხრენი?

- ისინი ხელისუფლების მომხრენი არ არიან, ისინი ჭამისა და სმის მომხრეები არიან. გაიყიდნენ ათას დოლარად. ჩემთვის ზონდერჯგუფი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. შაშკინს მივეცით წინადადება, რათა ორივე მხრიდან დაისაჯონ სამართალდამრღვევები. მაინცდამაინც ციხეების ავსება სულაც არაა აუცილებელი. შესაძლოა, უბრალოდ მოხდეს მათი დასჯა ფულადი ჯარიმის სახით და ამ ადამიანების ვინაობის დასახელებით. შაშკინი დაგვეთანხმა.

როგორც ჩანს, თქვენ გამოგდით შაშკინთან დიალოგი.

- შაშკინმა კონკრეტულად გვითხრა, მომიტანეთ 30 კაციანი სია, რომლებიც საშიში არაა საზოგადოებისთვის და გამოვუშვებთო. ჩვენი ჯგუფის საფუძველზე თუნდაც 15 კაცი რომ გათავისუფლდეს იმ პოლიტპატიმრებიდან, რომელთა სიაც ჩვენ გადავეცით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

თქვენს სიაში შალვა რამიშვილიც მოხვდა.

- შალვა რამიშვილს ისედაც აგვისტოში უმთავრდება სასჯელი, მის ადგილას ალბათ მეც აღარ გამოვიდოდი დროზე ადრე. ამ სიაშია მაია თოფურია, რომელსაც შვილები ელოდებიან, ნორა კვიციანი, რომელიც ნამდვილად მძევალია, ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაჭერილი. თუმცაღა, შაშკინი ერიდება ტერმინ პოლიტპატიმრების გამოყენებას. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, სულ ერთია, ის ქალები გათავისუფლებულნი იქნებიან როგორც უბრალოდ ქალები თუ როგორც პოლიტპატიმრები. მთავარია, ისინი ციხიდან გამოუშვან.

ფორუმის რეგიონებში გასვლა ამჟამად რამდენად აქტუალური იყო?

- მიმაჩნია, რომ ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, ასცდა დროსა და რეალობას. წარმოუდგენელია მხოლოდ რეგიონებიდან საკუთარ ხალხთან ლაპარაკი. სიტუაციას შეცვლის მხოლოდ შინაგანი მუხტი, რომელიც იარსებებს. ნერვების ომში, რომელიც დაწყებულია, ნერვები ნერვებად დაიხარჯა, მაგრამ ეკონომიკაც წელში გადატეხილია. ბოლო წლების ისტორიაში ალბათ ყველაზე მძიმე ზამთარი გველოდება. თუ ორივე მხარე გონს არ მოეგო და კონსენსუსი არ გამოინახა, გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა, რადგან ყველა ბერკეტი მის ხელშია.

ფაქტობრივად, სააკაშვილმა მარტვილიდან მუქარა შეუთვალა ოპოზიციას.

- ჩვენ სკოლის მეგობრები ვართ და სააკაშვილს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. იგი ყოველთვის გულანთებული იყო, ნებისმიერ სიტუაციაზე ძალიან რეაგირებდა, იგი ემოციური ადამიანია. შესაძლოა, მარტვილში ყოფნისას იმ კონკრეტულ მომენტში ვინმემ ასე ჩააწოდა მას ინფორმაცია. თუკი რამენაირად გაიგებს, მინდა, მას შევუთვალო, რომ მას ჰყავს არასწორად წარმართული, ძალიან უგემოვნებო პიარის ხელმძღვანელი. ის არაა უცხოელი, რადგან როცა უცხოელები ხელმძღვანელობდნენ მის პიარს, გაცილებით უფრო დალაგებულად მოქმედებდა. ესაა ვითომ სნობური წრე, რომელიც აკრიტიკებს ოპოზიციას უგემოვნობასთან დაკავშირებით და ამ დროს თავად არ აქვს გემოვნების ნატამალი. ის, რაც მოხდა 26–ში, როცა 70 ათასი კაცი ერთ მუშტად იყო შეკრული და აფხაზ და ოს მეგობრებს ეფერებოდა, ხოლო სააკაშვილი ამ დროს ექვსკაციან კლასში იჯდა, სადაც ყველა ბავშვი სხვადასხვა ასაკის გახლდათ და მათ მაინცდამაინც დასვენების დღეს უკითხავდა დემოკრატიაზე ლექციას, ეს ნიშნავს, რომ მას პიარი აღარ ჰყავს. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა - ნიშნისმოგებით.

თუმცა იმავე 26 მაისს ალბათ ოპოზიციამაც დაუშვა სტრატეგიული შეცდომა ხალხის სამებისკენ წაყვანით.

- საერთოდ, სიტუაცია ასე გამოიყურებოდა: ვიღაცას უნდოდა ამ სიტუაციის რადიკალიზაცია, ვიღაც კი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო სამებისკენ წასვლის. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთისთვის პატრიარქის, როგორც ქვეყნის მამის, ნათქვამი სიტყვა მართლაც უმთავრესია, ზოგიერთი კი თვლის, რომ მაინცდამაინც აუცილებელი არაა, პატრიარქს მოუსმინო.

ოპოზიციაში პირველი ბზარი ზუსტად სამების ტაძრიდან წასვლის შემდეგ მოხდა. იქ შეუნიღბავად გამოჩნდა, ვინ როგორი მრწამსით არის.

დეპუტატების მიმართ ექსპერტთა ჯგუფის მიმართვას როგორ შეაფასებდით? ეს იმ ფონზე, როცა თვით ოპოზიციონერად მიჩნეულ ქრისტიან–დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ხალხისთვის კვლავაც იღწვიან. პარლამენტი ნამდვილად მუშაობს?

- ამ მოწვევის პარლამენტი ჩვენი საპარლამენტო ისტორიის ყველაზე დიდი სირცხვილი იქნება, რომელსაც ვერ ჩამოირეცხენ და ვერაფრით მოახერხებენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას. დღეს დეპუტატი ხარ ხარ თუ მენაგვე, დიდი სხვაობა არაა. შესაძლოა, მენაგვე უფრო დასაფასებელი იყოს დღევანდელ დღეს და უფრო ართმევდეს საკუთარ საქმეს თავს, ვიდრე დეპუტატები. მათ ნამუსი რომ ჰქონდეთ, მათი უმრავლესობა დატოვებდა პოსტს, მით უფრო ახლა, როცა ვერ მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათთან გვქონდა შეხვედრა. იცით, რა გვითხრეს? ჩათვალეთ, რომ ბოლო მცდელობა გვაქვს, რომ შეისმინონ ჩვენი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც შევუერთდებით ქუჩის ოპოზიციასო.

თქვენი ინფორმაციით, სოჭში რუსები ოლიმპიადის გამართვას ისედაც არ აპირებენ და სურთ, მისი ჩაშლა ქართველებს გადმოგვაბრალონ. რის საფუძველზე აცხადებთ ამას?

- ნამდვილად არაფერი გაკეთებულა სოჭში. ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ამის შესახებ ბორის ნემცოვსაც არაერთხელ უთქვამს. პრაქტიკულად, სოჭში თამაშები ჩაშლილია და განტევების ვაცს როგორმე მოძებნიან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველაზე კარგი დასარტყმელი ობიექტები ვართ. სოჭში არც ოლიმპიური სოფელი შენდება, ახლახანს გახლდით და ამას ვადასტურებ. ზუსტად ვიცი, ოლიმპიურ ინფრასტრუქტურას წლები სჭირდება, ამიტომაც რამდენიმე წლით ადრე ირჩევენ სასურველ ქვეყანას, რათა თადარიგი დაცული იყოს. სოჭის ირგვლივ ჩვენ ძალიან სერიოზულ თემას ვუშვებთ ხელიდან, რადგან გადავყევით ერთმანეთის საწინააღმდეგო თემების გარჩევას. მე მაგალითად, მივიღებდი მონაწილეობას საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში, რომელიც დადებდა დადასტურებულ მასალებს, ფირზე აღბეჭდილ საუბრებს, თუნდაც სოჭის უფროსობასთან. ჩემი ოჯახის წევრები იქიდან არიან, დედაჩემის მხარე სოჭში ცხოვრობს და იქაური ინფორმაციის მოპოვება მით უფრო ადვილია ჩემთვის. თავისუფლად გადმოვცემდი იმ უკმაყოფილებას, რომელიც სოჭელი ხალხის ყოფითაა გამოწვეული, როდესაც კვირაში სამი დღით მათი ქუჩები იკეტება, რადგან პუტინი ჩადის და შავ ზღვაში კაბაევასთან ერთად წამოგორებული "გულაობს". ამ დროს კი ხალხი ქუჩაში ვერ ინძრევა. მე გავაკეთებდი ამას, რაც საქართველოსთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ქმედება ღალატად ფასდება. დაგიწყებენ დაკითხვას, რატომ წახვედით რუსეთში? რა, ცუდი იყო, რომ წავედი რუსეთში და ეს თემა ჩამოვიტანე? მე ხომ არ მითქვამს, რა კარგია ებრალიძის განცხადება–თქო და მისთვის კვერი არ დამიკრავს.

ანუ ეს სკანდალური მასალები მოგეპოვებათ და შეგიძლიათ ფილმი გააკეთოთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ნება, რადგან მარტო არასამთავრობოს დონეზე და პირადულად ამის გაკეთება ძალიან რთულია.