პირველ რიგში მკითხველს მინდა შევახსენო, რომ წელს 100 წელი სრულდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ძნელია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ როდის დაიწყება III მსოფლიო ომი (ან, დაიწყება თუ არა), მაგრამ უკვე მომხდარი და მიმდინარე მოვლენები XXI საუკუნის დასაწყისიდან სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ ეს თარიღი არცთუ შორსაა და უბრალო საბაბიც კი კმარა, რომ ეს დამანგრეველი ომი გაჩაღდეს.
ვის აძლევს ხელს ახალი მსოფლიო ომის პროვოცირება და დაწყება? ასეთი რამ პირველ რიგში დიდ, მტაცებელ ქვეყნებს აძლევთ ხელს, ისეთებს, როგორიცააა რუსეთი და აშშ, თუმცა არც სხვები იტყოდნენ უარს გაფართოებაზე და სხვისი სიმდიდრის მიტაცებაზე.
დღეს დასავლური (კაპიტალისტური) სამყარო უმძიმესმა ეკონომიკურმა და სულიერმა კრიზისმა მოიცვა, ასეთ დროს მათთვის ომი (ოღონდ არა ატომური იარაღით) საუკეთესო გამოსავალია, მით უმეტეს, თუ ის გაჩაღდება სხვის ტერიტორიაზე. ომის დროს ყველაფერი საღდება, კრიზისი მთავრდება და ყველა ბიზნესი ორმაგად მოგებულია (წაგებულია მხოლოდ დაღუპულთა ოჯახები, ამ შემთხვევაში მსოფლიოს მმართველი ბიზნეს-ელიტა არც საკუთარი მოსახლეობის მსხვერპლს ერიდება - რა ენაღვლება, თვითონ ხომ არ ომობს, ან თავიანთი შვილები ხომ არ იხოცებიან - რაც მეტი ხალხი დაიღუპება, მათთვის ეს უკეთესია - დედამიწა ამდენ მოსახლეობას ხომ მაინც ვერ გამოკვებავს (!).
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ძალიან საეჭვო ვითარებაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ძალა, როგორც ultima ratio (უკანასკნელი არგუმენტი) იქცა prima ratio-დ (პირველ არგუმენტად), რასაც ხალისით მისდევს რუსეთიც და აშშ-იც.
სანამ არსებობდა ორპოლუსიანი სამყარო (აშშ-საბჭოთა კავშირი), მანამ იყო გარკვეული ბალანსი და მოწინააღმდეგენი ერთმანეთს კი ებრძოდნენ (იდეოლოგიურად და ირიბად, მაგ. ვიეტნამში, ავღანეთში და ა.შ), მაგრამ მაინც ანგარიშს უფრო უწევდნენ.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიოს უმთავრესი ქვეყანა და ლიდერი გახდა, რამაც მას დასუსტებული რუსეთის ფონზე საშუალება მისცა რუსეთი ევროპული სივრციდან (იუგოსლავიიდანაც კი) გაეძევებინა, ომი დაეწყო და ავღანეთსა და ერაყში, შეჭრილიყო ლიბიაში, სამოქალაქო ომის პროვოცირება მოეხდინა სირიაში, ომით დამუქრებოდა ირანს და ა.შ ეს ყველაფერი გრძელდებოდა 2008 წლამდე, სანამ აშშ თავის ნებას კარნახობდა მთელი მსოფლიოს, ამან ათქმევინა ზ. ბჟეზინსკის, რომ "აშშ საგარეო პოლიტიკაში ზომიერების გრძნობა დაკარგა"-ო.
ამასობაში რუსეთმა თავისი ავტორიტარი ლიდერის პუტინის მცდელობით შეძლო ქვეყნის ნგრევის შეჩერება, სიტუაციის დასტაბილურება და ქვეყნის ნელ-ნელა ფეხზე წამოყენება (ცხადია ძალადობრივი მეთოდებით, რადგან რუსეთში დემოკრატიის განვითარება გამოიწვევის მის დაშლას, განსაკუთრებით "დასავლური" დემოკრატიის ამუშავების შემთხვევაში).
დამცირებული და დაბოღმილი რუსეთი მოთმინებით ელოდა თავის დროს. 2001 წლის ტერაქტების, აშშ-ის ავღანეთსა და ერაყში შეჭრის შემდეგ ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდამ რუსეთს ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა. მართალია იგი ვერც სამხედრო ბიუჯეტით (12-ჯერ ჩამოუვარდება აშშ-ს) და ვერც სამხედრო ბაზებით (რუსეთს აქვს 10 სამხედრო ბაზა მსოფლიოში, აშშ-ს - 724 ბაზა) ვერ შეედრებოდა აშშ-ს, მაგრამ მას ჰქონდა ატომური იარაღი და უმდიდრესი რესურსები, ჰყავდა და ჰყავს ამბიციური, იმპერიული იდეებით მოხიბლული ლიდერი და რუსებს მეტი რაღა სჭირდებოდათ ამდენი დამცირების შემდეგ, რუსეთი დაელოდა ხელსაყრელ მომენტს და მანამდე საომარი მზადება განაგრძო. ეს დროც მალე დადგა.
2008წელს პარანოიკული იდეებით შეპყრობილმა და დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის ირიბად (თუ პირდაპირ) წაქეზებულმა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთში ხაფანგი მოუწყეს,
ცხინვალის დაბომბის განკარგულება გასცა თითქოსდა თავდაცვის მიზნით.
რუსებმა სამშვიდობო მისიაში მომსახურე საკუთარი ჯარისკაცების დახოცვა საბაბად გამოიყენეს და პატარა საქართველო სასტიკად დასაჯეს - წაართვეს მას ტერიტორიის 20%, აღიარეს აქ არსებული დეფაქტო რეჟიმები - აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტი ხელისუფალნი, ტოლვილად იქცა 50 ათასი ადამიანი, ქვეყანას მიადგა დიდი ზარალი.
დასავლეთს რაიმე განსაკურებული ძალისხმევა არ გამოუჩენია ამ ომის და აგრესიის შესაჩერებლად (ყოველ შემთხვევაში, იმდენი არა, რამდენსაც იჩენს უკრაინაში). პირიქით, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) ურჩევდა, რომ არ ჩარეულიყო და რუსები შესულიყვნენ თბილისში.
რუსებისათვის ხელისშემშლელი მართლაც არავინ იყო, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ტრანსკავკასიური მაგისტრალი და დერეფანი არ ჩაკეტეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთი მთლიანად დაიკავებდა საქართველოს, მაშინ აშშ-ი დაუყოვნებლივ შეარიგებდა სომხეთ-აზერბაიჯანს, სომხეთს შეიყვანდნენ ნატოში და მომავალი გაზსადენები და ნავთობსადენები უკვე სომხეთზე გაივლიდა. საქართველო ფაქტიურად კარგავდა ყველანაირ ფუნქციას და ჭაობში აღმოჩნდბოდა. რუსეთს საქართველოს სახით მხოლოდ ტერიტორია ემატებოდა და მეტი არაფერი, ამიტომ ამ ანკესს ისინი ბოლოს აღარ წამოეგნენ და ჯარი უკან გააბრუნეს. დასავლეთი საქართველოს მორალური და მატერიალური მხარდამჭერით შემოიფარგლა (რომლის ნახევარი კორუმპირებულმა ნაციონალთა რეჟიმმა შეჭამა) და მეტი ვერაფერი გაბედა. საქართველოს დასჯით რუსეთმა ძლიერი სილა შემოულაწუნა დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს და ნატოს და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო მრავალპოლარული უნდა გახდეს და ერთი ყვეყნის დომინირებას ის აღარ დაუშვებდა, ისევე როგორც ნატოს სამხედრო ბაზებს საკუთარ საზღვართან.
რუსეთმა, რომელსაც ხახვივით შერჩა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, მომდევნო წლებში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. ჩინეთის გაძლიერების ფონზე აშშ და მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტ დათმობაზე მიდიოდნენ რუსეთთან. პუტინმა ხელი ააღებინა აშშ-ნატოს სირიის შიდა საქმეებში ჩარევისაგან, ირანის დაბომბვისაგან. ევროკავშირმა, რომლის დამოკიდებულება რუსულ გაზზე (60%) სულ უფრო იზრდებოდა, და ნატომ რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები დაამყარეს, რითაც პუტინი კიდევ უფრო დაარწმუნეს რუსეთის წონის და როლის ზრდაში. ოღონდაც მისთვის არ ეწყენინებინათ და აშშ-ევროკავშირმა საქართველოს თემაც კი მესამეხარისხოვანი გახადა რუსეთთან დიალოგისას.
შემოსავლებისა და დათმობების ზრდამ რუსეთს ახალი მადა გაუღვიძა - მან გადაწყვიტა უკვე არა იმდენად სსრ კავშირის, არამედ 1917 წლამდე არსებული იმპერიის აღდგენა ევრაზიული (თუ საბაჟო) კავშირის სახით.
ამისათვის საჭირო იყო პოსტსაბჭოთა "დამოუკიდებელი" ქვეყნების სწრაფვის შეჩერება ევროპისა თუ ჩინეთისაკენ და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ევროკავშირის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის გაცამტვერება. ამ ინიციატივის მიზანი იყო რუსეთის გავლენისაგან დაეხსნათ 6 ქვეყანა (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი) და ისინი მიეახლოვებინათ (წევრად კი არ მიეღოთ), არამედ ბუფერულ სახელმწიფოებად ექციათ ევროკავშირსა და რუსეთს შორის) ევროკავშირთან. რუსეთმა აიძულა 4 ქვეყანა (მოლდოვისა სა საქართველოს გარდა) უარი ეთქვათ ამ შეთავაზებაზე. დასავლეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინის პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უარი ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რითაც ცხადი გახდა, რომ აშშ-ევროკავშირი სამუდამოდ კარგავდნენ უკრაინის ევროპაში ინტეგრირების შესაძლებლობას. რუსეთი ამ დროს მოქმედებდა პრინციპით, რომ თუ აშშ-ს, როგორც სუპერსახელმწიფოს, შეუძლია ბლოკების შექმნა და სამხედრო ბაზების რუსეთის საზღვართან განლაგება, მაშინ რატომ არ შეუძლია იგივე ასევე დიდ ქვეყანას რუსეთს? ამან გამოიწვია აშშ-რუსეთის მეტოქეობის გამძაფრება უკრაინაზე გავლენისათვის. ეს აისახა 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან სიტუაციის გამწვავებაზე უკრაინაში. აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს უკრაინის ყოვლად უსუსური, წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო ოპოზიციიის გაძლიერება, ფინანსური დახმარება და ამ ფულით დიდი მიტინგების ორგანიზება უკრაინის დედაქალაქში, სადაც ბარიკადები იქნა აღმართული. მათ კარგად გამოიყენეს ხალხის გულწრფელი უკმაყოფილება იანუკოვიჩის კორუმპირებული და გახრწნილი რეჟიმისადმი და მის, არა მარტო მისი, არამედ რუსეთის მიმართაც აგრესიულად განაწყვეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ეს მიტინგები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ზამთრის სუსხიან ამინდებში, სიცივესა და ყინვაში, და მისი ორგანიზება დასავლეთს ათეულობით (თუ ასეულობით) მილიონი დოლარი დაუჯდა.
ხალხის აღტკინებამ მასიური ხასიათი მიიღო და მართლაც რევოლუციაში გადაიზარდა, თუმცა ამაში ოპოზიციას ფაქტიურად არავითარი როლი არ მიუძღის. ოპოზიცია, ისევე როგორც იანუკოვიჩი, ერთმანეთს ებრძოდნენ ხელისუფლებისა და სკამებისათვის, და არა უკრაინის "ნათელი" მომავლისათვის. რუსეთი, რომელსაც უკვე ხელიდან ეცლებოდა უკრაინა, შეეცადა თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა სამოქალაქო დაპირისპირება პრორუსულად და პროევროპულად განწყობილ უკრაინის მოქალაქეებს შორის, ამაში მას ხელი შეუწყო ოპოზიციის ანტირუსულმა ისტერიამ და იმანაც, რომ იანუკოვიჩმა მის თვალში ყველა ფუნქცია ამოწურა, ის უკვე გამოწურული ლიმონივით იყო. ამასთან საჭირო იყო სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებლად შეჭმული რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ჩამოწერა და ამის შენიღბვა სამხედრო კონფრონტაციით. ამ შემთხვევაში რუსეთის და დასავლეთის პოზიციები უნებურად დაემთხვა და იანუკოვიჩი "მოცილებული" იქნა. უკრაინის რევოლუციის შედეგით ისარგებლა არა ხალხმა, არამედ დასავლეთის მიერ მართულმა ოპოზიციამ(რომელსაც ხალხის უმრავლესობა დღემდე პატივს არ სცემს და არ ემორჩილება). ამ ოპოზიციის მისწრაფებამ, რომ ნებისმიერი ფასად მოსულყვნენ ხელისუფლებაში, რუსეთის გაუჩინა შანსი უკრაინაში - ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაში სერიოზული ანტიუკრაინული და ანტისამთავრობო განწყობები გაეღვივებინა. უკრაინა სამოქალქო ომის ზღვარზე აღმოჩნდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის (ეს ტერიტორია მართლაც რუსების სისხლით და ოფლით მოპოვებული ტერიტორიაა 1783 წლიდან, რომელიც უკრაინელმა ხრუშჩოვმა 1954 წელს უკრაინას "აჩუქა" უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლის აღსანიშნავად) და აღ.უკრაინის უმთავრეს ქალაქებში (დონეცკი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ლუგანსკი, ზაპორჟიე და ა.შ) რუსული მოსახლეობის რაოდენობა 40-60%ის ფარგლებშია და ის მთლიანად ინტეგრირებულია რუსულ ეკონომიკასთან, მაშინ რუსეთს უკრაინის დროებითი მთავრობის (რომელსაც ის არ ცნობს) და დასავლეთის მიმართ სერიოზული არგუმენტები აქვს-რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამის გამოყენება უკვე დაიწყეს და ყირიმის ავტონომიამ "დახმარება" და იქ ჯარების შეყვანა სთხოვა რუსეთს. რუსებმა სწრაფად დაიწყეს ყირიმში უკრაინული სამხედრო ობიექტების ბლოკირება და პრორუსული სულისკვეთების მიტინგების ორგანიზება. დასავლეთი სასწრაფოდ ალაპარაკდა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაზე და რუსეთის მიმართ გარკვეული შეზღუდვების, სანქციების დაწესებაზე, რათა იგი იზოლაციაში იქნას მოქცეული. ჯერჯერობით ამას რაიმე სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია და, სავარუდოდ, არც მოჰყვება. რუსეთს და დასავლეთს არ უნდათ დიდი ომი, ამიტომ ეს იქნება ნერვების და რესურსების ომი, ცხადია, უკრაინის ხარჯზე და მის სავალალოდ.
რაც უნდა მოხდეს მომავალში, უკრაინა ყველა შემთხვევაში დაზარალებული აღმოჩნდება, შეიძლება მას რუსეთმა ყირიმი ბოლომდე არ წაართვას, მაგრამ რეალურად იქ უკრაინელებს ცხვირს აღარ შეაყოფინებს. თუ უკრაინის ხელისუფლებაში დასავლური ძალები მოვლენ, მაშინ რუსეთი უკრაინას კვლავ გაუძვირებს გაზს და ნავთობს, უკრაინულ პროდუქციას ჩაუკეტავს რუსეთის ბაზარს და ა.შ. ამ შემთხვევაში 45-მილიონიანი უკრაინა სულ მუდამ დასავლეთის სათრევი და დასახმარებელი იქნება, როდემდე აიტანს თავად კრიზისში მყოფი ევროკავშირი და აშშ ამ ტვირთს, ძნელი სათქმელია. ამ შემთხვევაში რუსეთს უფრო მეტი ბერკეტები ექნება ხელში. ეს ჭიდილი შეიძლება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდეს და ბოლოს რაღაც გარიგებით დასრულდეს (ცხადია, უკრაინის ხარჯზე, რომლის ბედი არც საკუთარ ხელისუფლებას ადარდებს). საბოლოოდ ამ კონფლიქტში გამარჯვებული შეიძლება კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს, რომელსაც სეპარატიზმის გაღვივების და სამოქალაქო ომის პროვოცირების სერიოზული ბერკეტები აქვს უკრაინაში. ჩინეთის მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ დასავლეთი რუსეთს სერიოზულ დარტყმას ვერ მიაყენებს, რადგან ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირებაში რუსეთი მას ფარად და მოკავშირედ სჭირდება. ეს კი უდიდესი არგუმენტია უკრაინის პრობლემების და მისი ტერიტორიული მთლიანობის გადასაწონად.
მაგრამ რა მოხდება, თუ რუსეთი ამას არ დასჯერდება და აღმოსავლეთ ევროპაში, ამჟამად ნატოს წევს ქვეყნებში პოზოციების დაბრუნებისათვის "ბრძოლას" დაიწყებს? (აქ ომი ჯერ კიდევ არ იგულისხმება - ლაპარაკია რუსეთის მიერ ამ ქვეყნებზე ეკონომიკური გავლენის მოპოვებაზე და მისადმი დამოკიდბულების ზრდაზე). ამას შეიძლება მართლაც მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვეს.
ამრიგად, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მწვერვალზე დგას ორი გიგანტური სახელმწიფო - რუსეთის იმპერია და აშშ-ის გლობალური იმპერია, რომლებსაც მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავთ მთელი სამყარო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისტორიას, ისევე როგორც სოფლის მეურნეობას, მწვერვალები (მთები) კი არ ასაზრდოვებენ, არამედ დაბლობები, ამიტომ მათი დომინირება დიდხანს ვერ გაგრძელდება, განსაკუთრებით ეკონომიკისადა კულტურის სფეროში.
გამოჩენილი ესპანელი მოაზროვნე ხოსე ორტეგა ი გასეტი თავის ბრწყინვალე ესსეში "მასების ამბოხი" რუსეთსა და აშშ-ს ახალგაზრდა ერებს უწოდებს. მისი აზრით ესენი არიან ეროვნება - მასები, რომლებიც მზად არიან აღიძრან ისტორიის შემოქმედი დიდი ერების წინააღმდეგ. ნიუ-იორკი და მოსკოვი თავიანთი სიახლით ძირეულად განსხვავდებიან ევროპისაგან, ერთიცა და მეორეც ევროპის კანონმდებლობიდან ამოვარდნილი ორი ფურცელია, რომელბიც ამ კონტექსტის გარეშე არავითარი აზრი არა აქვთ. ისინი სავსებით შეესატყვისება "ისტორიული კამუფლაჟის" მოვლენას (კამუფლაჟი ისაა, რაც სულ სხვა რამედ გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. ამ მოვლენის გარეგნული თვისებები, ნაცვლად იმის, რომ გვიმჟღავნებდნენ, პირიქით, მალავენ მის ნამდვლი არსს, და ამიტომაცაა, რომ შეცდომაში შეჰყავს ყველა).
„რუსი ხალხი, - ამბობს ორტეგა ი გაესტი, - ახალგაზრდა ხალხია, ის ჯერ კიდევ არ დადუღებულა. ახალგაზრდა ერებს თავიანთი იდეები არ გააჩნიათ. როცა ისინი იმ რეგიონში ვითარდებიან, სადაც არსებობს ან არსებობდა ძველი კულტურა, მაშინ ამ კულტურის იდეას სამოსივით ირგებენ ტანზე. აი, ესაა სწორედ კამუფლაჟი და მისი არსებობის მიზეზი. ჯერ კიდევ ბევრი საუკუნე გაივლის, ვიდრე რუსეთი შეძლებს პრეტენზია განაცხადოს მსოფლიო ბატონობაზე (აქ იგულისხმება ცივილიზაციური მომენტი და არა სამხედრო ძლიერება). რამენადაც მას თავისი "აღთქმები" არ გააჩნია, სხვისას ებღაუჭება. და რაკი ნამდვილად არ აკლია ახალგაზრდული ძალა, ამ ფუნქციით დაკმაყოფილდა.
ახალგაზრდა კაცს არ სჭირდება ყოფიერების მიზეზთა ჩხრეკა, მისთვის სავსებით საკმარისია არსებობის საბაბი.
იგივე შეიძლება ითქვას ნიუ-იორკზეც. ამერიკა რუსეთზე ახალგაზრდაა. ის მხოლოდ ახლა იწყებს თავისი ისტორიის წერას, მხოლოდ ახლა იწყება მისი ძნელბედობა, თავს იჩენენ შინაგანი წინააღმდეგობანი, შეხლა-შემოხლა, შუღლი, ურთიერთმტრობა. ისე ჯერ კიდევ ბევრ რამეს მისცემს მსოფლიოს, მათ შორის ისეთსაც, რაც ძირეულად უპირისპირდება ტექნიკურ პროგრესსა და პრაქტიციზმს. ამერიკაში ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ნიღაბქვეშ იმალება პირველყოფილი ხალხი (დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით ამ სიტყვების სისწორეში, რადგან სწორედ აშშ-ში დაიწყეს და ევროპელებსაც თავს მოახვიეს ერთსქესიანთა ქორწინებების, ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის და სხვა უბედურებათა დაკანონება. იმედია, რომ უდიდესი ცივილიზაციის შემქმნელი ევროპა, რომელიც მძიმე კრიზისს განიცდის ყველა სფეროში, თავს დააღწევს ამ უბედურებას და ძველ გზას დაუბრუნდება ვ.შ)“.
რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს ყოველივე ზემოთქმულიდან საქართველომ?
პირველის ის, რომ დიდი ქვეყნები ჩვენ თავს არ დაგვანებებენ და წყნარ ცხოვრებას არ დაგვაცდიან (თორემ ჩვენ რალურად არც ამერიკა გვინდა, არც რუსეთი და არც ევროკავშირი. ისე ამ სამიდან ჯობია გეზი ისევ ევროკავშირზე ავიღოთ, რომელიც მალე შეიძლება დაიშალოს. აშშ და რუსეთი ასე მალე არ დაიშლებიან). ყველას ამ შემთხვევაში ისევ საერთაშორისო გარანტიებით (აშშ-რუსეთი-ჩინეთი-ევროკავშირი) განმტკიცებული ნეიტრალიტეტი ჯობია, თუმცა ამის მიღწევა ძალ;ზე ძნელია და იგი ხელს არ აძლევს აშშს.
მეორე ისაა, რომ ოპოზიციის დაპირისპირებამ ხელისუფლებასთან და სკამებისათვის ბრძოლამ ქვეყანა გახლეჩვამდე არ უნდა მიიყვანოს.
მესამე დასვკნა ის გახლავთ, რომ ჩვენ არავის ვადარდებთ და ჩვენ თავს თავად უნდა მივხედოთ. რუსეთიც და აშშ-ევროკავშირი ჩვენ მეძავის მდგომარეობაში გვაყენებს, ამიტომ უნდა ვივაჭროთ - ვიყოთ მასთან, ვინც მეტს მოგვცემს და გადაგვიხდის. ახლა კარგი მომენტია მათთან სავაჭროდ, რადგან უკრაინის მოვლენებმა ორივეს თვალი აუხილა და საქართველოს ფასი და მნიშვნელობა დაანახვა. ამიტომ ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან მათთან ღია ლაპარაკია საჭირო. მაგალითად, თუ რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ცნობას და დათანხმდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენ 20 წლით ვტოვებთ მის სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე და ვთახმდებით ნეიტრალიტეტს (თუ ძალიან გაჭირდა - საბაჟო კავშირში შესვლას, რომელიც დიდი პერსპექტივა არა აქვს). თუ რუსეთი უარს იტყვის ყოველივე ამაზე, მაშინ გეზი ევროკავშირსა და ნატოზე უნდა ავიღოთ, ოღონდ ჩვენი პრირობებით - ორივეში გაწევრიანება 2016 წლამდე, სერიოზული (4-5 მილიარდი ევრო) ფინანსური დახმარება და უვიზო მიმოსვლა. თუ არც-ერთი არ დაგვთანხმდა, მაშინ გეზი ცალკეულ ქვეყნებზე (მაგ: გერმანია ან ჩინეთი) ავიღოთ და ა.შ
მართალია ევროკავშირმა უკრაინას 11 მილიარდი ევრო გამოუყო (ეტაპობრივად) და აშშ-მა კი 1მილიარდი დოლარი, მაგრამ რით უპასუხებს ამას რუსეთი (რომელმაც მანამდე უკრაინას 15მილიარდი დოლარი შესთავაზა და გაზი შეღავათიან ფასად), ძნელი სათქმელია. თუ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დასავლური ორიენტაციის ხალხი მოვიდა, მაშინ უკრაინაში შეიძლება სამოქალაქო ომი გაჩაღდეს, რაც კარგ საბაბს ქმნის მის შინაგან საქმეებში ჩასარევად. ამან კი შეიძლება მსოფლიო ომის პროვოცირება გამოიწვიოს.