ალექსანდრე ჩივაძის ახალი დაბრუნება

ალექსანდრე ჩივაძის ახალი დაბრუნება

ჰე, რა ხალხი ვართ, რა ხალხი... უამრავ უბედურებას ავიკიდებთ ხოლმე საგზალივით და მივათრევთ წუთისოფელს მაგდანას ლურჯასავით. ერთი ამათგანი ნებისმიერი უცხოური რომ საუცხოოდ გვეჩვენება, ისიც არის და აგერ, რამდენი საუკუნეა ვერ გაგვირჩევია ტყუილ-მართალი.

ქართული ფეხბურთიც ხომ წმინდად ქართული ფენომენია და რახან შინაურმა მღვდლებმა შენდობა დაკარგეს ამ წმინდად ქართულ მოვლენაში, ავდექით და ევროპას მივაპყარით სხვათა აღმართულ თასების ცქერაში გვარიანად დაელმებული თვალი.

სულო ცოდვილო, არც სფფ გამდგარა გვერდზე - დავტრიალდებით, ახლობელ-მეგობრებში მივდგებ-მოვდგებით და ისეთ მწვრთნელს მოვძებნით, ეგებ, უშველოს კიდეც ჩვენს ჩაოხრებულ საქმესო.

უნდა დატრიალებულიყო, უნდა მიმდგარ-მომდგარიყო სფფ, როგორ უნდოდა - თავად არ იყო, ორი მწვრთნელი რომ დაუნიშნა ნაკრებს? ამიტომ უნდა ეძებონ, არაა სხვა საშველი და დროზე, დროზე - არაა გასაჯანჯლებლად საქმე.

მანამდე კი აგერაა საშა ჩივაძე და ეს მიგვიხედავს ჯერ ორთავიან და ახლა კიდევ მთლად უთავო ნაკრებსო...

შეცდომაა ეს, შეცდომაა იმ კაი მწვრთნელების სული ნუ წაგვიწყდება.

მოდით, როგორც მაძიებელმა კინორეჟისორებმა იციან, აქედან იქეთ (კინემატოგრაფიულ ენაზე - თავიდან ბოლოსკენ) კი არ გავიხედოთ, პირიქით, იქედან აქეთ გამოვჭვრიტოთ სიტუაციას და ერთი დაშხოშიანად გავერკვეთ, მაინც რისთვის დასჭირდა სფფ-ს ალექსანდრე ჩივაძის სამი მატჩით ნაკრების თავკაცად გამწესება.

მაშ ასე, განვიხილოთ ორი ვარიანტი: პირველი - ჩივაძემ მოიგო სამივე თამაში, მეორე - ყველა დანარჩენი შემთხვევა. რა შეიძლება მოხდეს ამ ვარიანტების გათვლისას?

მეორე ვარიანტის შემთხვევაში ჩივაძის, როგორც ნაკრების მწვრთნელის კარიერა განწირულია.

იმ შემთხვევაში კი, თუ ჩივაძის ნაკრებმა სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა, სფფ მორიგი დილემის წინ დადგება - როგორია წარმატებული მწვრთნელის მოხსნა?

აი, სწორედ აქ გამოჩნდება სფფ-ს მესვეურთა ამჟამინდელი გადაწყვეტილების საეჭვოობა (დიდ არს ენა ქართული).

მოხსნიან ჩივაძეს და სამი საკვალიფიკაციო მატჩი ნაკრებისთვისაც დაკარგულია და ჩივაძისთვისაც. არ მოხსნიან და... მაშინ რა საჭირო იყო ამოდენა კამპანია ნაკრების უცხოელი მწვრთნელის შესახებ თავისი არგენტინული ვოიაჟითა და სხვა ამგვარებით?

და ერთიცაა - ჩივაძე ხომ ლამის ძალისძალად მიიყვანეს სანაკრებო საჭესთან, რა საჭიროა ნაკრებში იმუშაოს ისეთმა კაცმა, რომელსაც არ სურს იქ მუშაობა?!

აი, მორიგი წინააღმდეგობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდნენ სფფ-ს მესვეურები.

სანამ ამ საეჭვო სიტუაციიდან გამოძრომის ჩვენეულ ვერსიას შემოგთავაზებდეთ, მოდით, პოპულარულ ქართველ მწვრთნელებსაც მოვუსმინოთ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, მენტალიტეტით, სამწვრთნელო სტილით, მაგრამ თავის დროზე ყველა მათგანი შეიყვანეს იმ ყბადაღებულ მწვრთნელთა საბჭოში, რომელიც ორმოცამდე ადამიანს ითვლიდა.

გაიოზ დარსაძე: სამი შესარჩევი შეხვედრისათვის მწვრთნელის ნაკრებში დანიშვნა მიზანშეუწონლად მეჩვენება. ან ახლავე უნდა მოიძებნოს ჩივაძის შემცვლელი, ან მომავალ ციკლშიც უნდა ვაცალოთ მას. ეს შეხვედრები ნაკრებმა და მისმა მწვრთნელებმა სასპარინგო მატჩების დარად უნდა გამოიყენონ.

მურთაზ ხურცილავა: მხოლოდ სამ მატჩზე ჩივაძის დანიშვნა, არა მგონია, სწორი იყოს. მას უნდა ვაცადოთ ბოლომდე მუშაობა. ეს მატჩები მან გუნდის შესაქმნელად უნდა გამოიყენოს, რათა მომდევნო ციკლში ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლოს. სხვაგვარად, მისი დანიშვნის აზრს ვერ ვხედავ.

ელგუჯა გუგუშვილი: ჩივაძის მხოლოდ სამი მატჩით დანიშვნა იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ლოკალურ მიზნებს ისახავს. თუკი ასეთ მძიმე ვითარებაში ნაკრებს არავინ იბარებს ან სხვას არ შესთავაზეს, რასაკვირველია, ჩივაძეს სხვა გზა არ ჰქონია და სფფ-ს დირექტივას უნდა დათანხმდებოდა. ისე კი, ამ კაცს, რომელსაც არ უნდა ნაკრების მწვრთნელობა და ამაზე დაძალებით თანხმდება, პასუხისმგებლობას შედეგზე ვერ მოსთხოვ.

ა, ბატონო, გადახედეთ ამ სამი პატივსაცემი ადამიანის პოზიციას და ესეც მითხარით, დაახლოებით იგივეს არ ამბობენ, რასაც მე?! კი, ასეა და მიხარია.

მამაძაღლმა ჰიტლერმა იცოდა თქმა - არც ერთ სულელ მეფეს არ შეუძლია იმდენი ზიანი მოუტანოს ხალხს, რამდენიც ორასი მოლაყბისგან შემდგარმა პარლამენტმაო - და სადღაც მართალი უნდა იყოს ის ვირთაგანი, ხომ იცით...

როგორ შეიძლება ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშნო კაცი, რომელსაც ბოლო ხუთი წელია სამწვრთნელო ქვაბში ციცხვი არ მოურევია და, რაც მთავარია, არავითარი მოტივაცია არ გააჩნია საამსაქმოდ. იმაზე კი, ჩივაძეს მოტივაცია რომ არ გააჩნია, ისიც მეტყველებს, რომ იგი სასელექციო-სკაუტურ სამუშაოს კი არ ეწევა, ბორჯომში იმყოფება და ისვენებს. არ ვიცით, ვინ დაეხმარება ნაკრების ახალ თავკაცს, ვის მოიწვევს, ვისთან აპირებს იგი სპარინგ-მატჩების გამართვას და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით, ალექსანდრე ჩივაძე საეჭვოდ დუმს. მის დუმილში სფფ-ს დანაშაული მეტადაა, ვიდრე ჩივაძესი - ან დროზე უნდა ჩამოიყვანონ „უცხო მოყმე“, ანაც რახან დაითანხმეს, როგორმე გააქტიურონ ბატონი საშა.

მოდით, ავირიდოთ მორიგი შეცდომა და გამოვიყენოთ დარჩენილი სამი შეხვედრა.

გამოსავალი?

ან ჩივაძე ბოლომდე, ანაც უცხოელი ახლავე!