ბოლო დღეებში დიდი აურზაური გამოიწვია ცნობამ საქართველო-ირანის თანამშრომლობის შესახებ სამხედრო სფეროში.
უფრო კონკრეტულად, იგულისხმება თბილისის სახელგანთქმული საავიაციო ქარხანა, რომელიც, ვითომდაც, ირანს ეხმარებოდა „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავთა მშენებლობასა და შეკეთებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქოს შეშფოთებაც კი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ უწყების ოფიციალურ საიტზე, აგრეთვე, მისი წარმომადგენლების ბრიფინგზე, საქართველოს შესახებ არაფერი თქმულა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს - არ არის გამორიცხული, ამერიკელებს უბრალოდ არ სურდეთ საქმის აფიშირება და „დიპლომატიური სკანდალის“ გარეშე სპეცსამსახურთა მეშვეობით ცდილობდნენ საკითხის გარკვევას.
საეჭვოა, მათ ოფიციალური თბილისის ლოიალურობაში ეჭვი ეპარებოდეთ. ვაშინგტონში შესანიშნავად ხედავენ, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ასეთი თანმიმდევრული და ერთგული მოკავშირე მეორე არა ჰყავთ.
თუ ინფორმაციებს შევაჯერებთ, ასეთი სურათი იკვეთება: როგორც ჩანს, სხვადასხვა დონეზე ამერიკელებმა მართლაც გამოთქვეს შეშფოთება მათი სპეცსამსახურების ინფორმაციით საქართველო-ირანის თანამშრომლობის შესახებ. ამას მოჰყვა ქარხნის დირექტორის - პანტიკო თოდრიას განცხადება.
აქვე უნდა ითქვას, რომ ფორმალურად, საქართველომ ერაყს თუნდაც ასი თვითმფრინავი რომ მიჰყიდოს, საერთაშორისო სამართლის არც ერთი დებულების და მოთხოვნის დარღვევა არ იქნება, ვინაიდან, ერაყისაგან განსხვავებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის წინააღმდეგ არანაირი ემბარგო არ დაუწესებია.
სხვა საქმეა, რომ ამერიკა ამას არამეგობრულ დემარშად აღიქვამს, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტია, სომხეთი ირანთან ყველა სფეროში (მათ შორის, ატომურ დარგშიც კი, რაც ამერიკისა და მისი სტრატეგიული მოკავშირე ისრაელისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია) შეუდარებლად უფრო აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ ამერიკელები ერევანს მაინც ეფერებიან. ფორმალურად თითქოს იმიტომ, რომ „სომხეთი რუსეთის სატელიტია“. სინამდვილეში კი, ამერიკაში მცხოვრები უკვე ლამის სამმილიონიანი სომხური დიასპორის რიდით.
ასე რომ, საქართველო მართლაც თუ დაეხმარებოდა ირანს „სუ-25-ის“ შეკეთებაში და ამით ორიოდე კაპიკს იშოვიდა, მშიერი მუშა-ინჟინრების დასაპურებლად, ეს დიდი დანაშაული არ იქნებოდა. მაგრამ სავსებით ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია ცხადყოფს: მას შემდეგ, რაც ამერიკელების განაწყენების შიშით საქართველომ უარი თქვა 120 მილიონ დოლარიან კონტრაქტზე, ირანთან საავიაციო წარმოების სფეროში, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა წვრილმანებს არ გასცილებია.
მაგალითად, რამდენიმე ქართველი სპეციალისტი მონაწილეობდა ერაყიდან 1990 წელს გამოქცეული „სუ-25“-ის ტიპის ხუთიოდე თვითმფრინავის დაშლასა და ირანის დედაქალაქისკენ ტრანსპორტირებაში, მაგრამ ამ აქციაში უამრავი ქვეყნის (მათ შორის, რუსეთის, უკრაინის) სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ბოლოს და ბოლოს, ის თვითმფრინავები ხომ საქართველომ არ მიჰყიდა ირანს? საბჭოთა წარმოების „სუ-25-ები“ არაბმა მფრინავებმა გაიტაცეს და ირანის აეროდრომზე დასვეს ირან-ერაყის ომის მიწურულს, ხოლო საქართველო მთელ ამ ამბავში 6 წლის წინათ - 1996 წელს მონაწილეობდა, როდესაც საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა „სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეს ვერ აღწევდა.
ამის შემდეგ არავითარი კონტრაქტი საქართველოს საავიაციო ქარხანას ირანთან არ გაუფორმებია, თუ არ ჩავთვლით, გაზის გამათბობელ „ნიკალას“ მოწყობილობის ნაწილებს.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ქართველები არ მუშაობენ. რასაკვირველია, 15 ათასი შესანიშნავი სპეციალისტიდან, ვინც 1988 წლისთვის „დიმიტროვის ქარხანაში“ მუშაობდა, უმუშევრობას ბევრი ან რუსეთში გაექცა, ან ირანში, თანაც ისე, რომ არავისთან არაფერი შეუთანხმებია. ვის აქვს უფლება აუკრძალოს? ამაში ხომ არავითარი დანაშაული არ არის.
ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება მართლაც იწვევდეს ამერიკელების შეშფოთებას, არის სამხედრო თვითმფრინავთა სათადარიგო ნაწილების ექსპორტი. მსოფლიოში 50-მდე ქვეყანაა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში საბჭოთა ავიაგამანადგურებლებს (მათ შორის, „სუ-25“-ს) ყიდულობდნენ. იმის გამორიცხვა, რომ საქართველოდან მიღებულ ნაწილებს რომელიმე ქვეყანა შემდგომ ირანს მიჰყიდის - შეუძლებელია. მაგრამ ამის გამო ქარხანას ლუკმაპურის მომტანი ექსპორტი აუკრძალო - ამერიკელების მხრიდან მეტისმეტი სისასტიკე იქნებოდა. კეთილი ინებონ და თავიანთი სპეცსამსახურები იქ აამოძრაონ.