გუშინ ჩატარებულმა „მწერალთა კავშირის“ ყრილობამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ წარსული ეპოქის უკანასკნელი ტიტანიც გადაიხარა მოუსავლეთისაკენ.
ეს არც კარგია ალბათ, და არც ცუდი - ან გააჩნია თვალთახედვას.
უცილობელია მხოლოდ, გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე. „მწერალთა კავშირს“ დღეს ზოგიერთი „უკანასკნელ კოლმეურნეობას“ უწოდებს. გუშინდელი თავყრილობა მართლაც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ამჟამინდელი კავშირი ძველი „მწერალთა კავშირის“ მხოლოდ საწყალობელი აჩრდილია.
ეს ორგანიზაცია მე-20 საუკუნის „საბჭოთა საქართველოს“ განუყოფელი პირმშო იყო. კომუნისტებმა იგი მართლაც შექმნეს, როგორც „პროლეტკულტის“ პროპაგანდისტი და „იდეოლოგიური კოლმეურნეობა“.
სწორედ ასეთ ფუნქციას ასრულებდა იგი ღარიბი სამწერლობო ტრადიციის რესპუბლიკებში, მაგრამ ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ საქართველოში „მწერალთა კავშირმა“ ქართული ელიტის ერთგვარი ავანგარდის ფუნქცია შეასრულა და მე-19 საუკუნის ქართველ განმანათლებელთა ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას შეუწყო ხელი თვით კომუნისტური დიქტატურის პირობებშიც კი.
ბუნებრივია, კომუნისტური რეჟიმის დროს, დასავლური ყაიდის „პენ-კლუბები“ ვერ იარსებებდა და რომც ეარსება, არანაირი რესურსი არ ექნებოდა, რათა მწერლებს დახმარებოდა იმ ვითარებაში, როდესაც არათუ წიგნის გამოცემა, არამედ სალიტერატურო ჟურნალში მოთხრობის გამოქვეყნება ცკ-ის მდივანის დონეზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა.
„მწერალთა კავშირი“ იქცა არა მხოლოდ საბჭოთა ნომენკლატურის განუყოფელ ნაწილად, არამედ „ქართული ელიტის“ კონსოლიდაციის საშუალებად და მექანიზმად.
ამ თვალსაზრისით, „მწერალთა კავშირმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეს ორგანიზაცია სწორედაც ეთნონაციონალისტური ქართული ელიტის, ქართული ინტელიგენციის ავანგარდი იყო.
ამდენად, „მწერალთა კავშირის“ ყრილობები ყოველთვის უდიდესი დაძაბულობის ვითარებაში მიმდინარეობდა, - კავშირის თავმჯდომარის პოსტი ქართული „ელიტარული ინტელიგენციისათვის“ ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა.
მაგრამ სრული ისტორიული გაუგებრობა მოჰყვა წარსული ეპოქისათვის დამახასიათებელი ამ ინსტიტუტის ახალ, თვისებრივად განსხვავებულ ეპოქაში გადმონერგვა-შენარჩუნების მცდელობას.
გასაგებია, რომ მისი მეშვეობით ტრადიციული ქართული ელიტა საზოგადოებრივ - ცნობიერ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა და თამაზ წივწივაძის „ბასრი კალმის“, აგრეთვე, ქართული ინტელიგენციისადმი ედუარდ შევარდნაძის ასევე ტრადიციული რიდის მეშვეობით ეს დროებით მოახერხა კიდეც.
თუმცა, ახალ სისტემაში, ახალ საქართველოში, კომპიუტერის, თავისუფალი პრესისა და ტელევიზიის, პოლიტექნოლოგიების, „პი-არ“-ის, ყოველმხრივი პლურალიზმის, საბაზრო ეკონომიკის პირობებში იგი რა თქმა უნდა „ჩაიკარგა“ და მართლაც ანეკდოტად აღიქმება.
ახალი ქართული ელიტის მიერ ძალმოცემული ახალი ხელისუფლება, რომელიც სულ სხვა პოლიტიკური და სოციალური თვისებრიობისაა, არაფრით დაუშვებს ამგვარი „იდეოლოგიური კოლმეურნეობის“ შენარჩუნებას და მით უმეტეს, მის დაფინანსებას.
მაშასადამე, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მის მიერ შექმნილი და ნალოლიავები „ქართული ინტელიგენციაც“ ბრუნდება წარსულ საუკუნეში.
გაუგებარია მხოლოდ, რატომ აღიქღვამენ ამას ასეთი ტრაგიზმითა და სასოწარკვეთით?! განა თავად არ გვზრდიდნენ უკვდავი ქართული სენტენციებით. მაგალითად: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.
ეს უჭკნობი სიტყვები არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს ეხება, არამედ თაობებსაც.
რა უშლით ხელს, დააფუძნონ ნორმალური კლუბი. კი ბატონო, ნუ უწოდებენ კუდაბზიკური წამხედველობით „პენ-კლუბს“ - განა უკიდეგანო ქართულ კულტურაში არ მოიძებნება შესანიშნავი მეტაფორა - მწერალთა გაერთიანების აღსანიშნავად? შეიძინონ ერთი შენობა გააწყონ იქ ერთი კარგი ბუხარი, მიუსხდნენ ქართულ სუფრას და კახური ღვინით გაჯერებული ნოსტალგიით მოიგონონ უკვე წარსული ეპოქა.