[ნინო ხაჩიძე, “თბილისელები”]
საგადასახადო ომბუდსმენი, სულ რაღაც, რამდენიმე კვირის წინათ დაინიშნა თანამდებობაზე და ეს პოსტი რევოლუციურად მონათლული ახალი, 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ნოვაციაა. მან ბიზნესსა და მთავრობას შორის შუამავლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და, ბუნებრივია, მეწარმეთა ინტერესები დაიცვას, თუკი მათ სახელისუფლო ორგანოები შელახავენ (ოღონდ ერთმანეთს შორის დავები ბიზნესმა თავად უნდა მოაგვაროს).
თუმცა იმ ფაქტმა, რომ ამ ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილ ადამიანს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და ათავისუფლებს კიდეც, ბევრი ეჭვიც გააჩინა. სწორედ ამ ეჭვების გასაფანტავად ვესტუმრეთ გიორგი პერტაიას (ის ამ პოსტზე დანიშვნამდე პრემიერ-მინისტრის მრჩეველიც იყო), რომელიც ჯერჯერობით კანცელარიის შენობაში მუშაობს.
თქვენ ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ მთავრობის აპარატიდან, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს კანცელარიაში და, რაც მთავარია, თქვენ გნიშნავთ და გათავისუფლებთ პრემიერ-მინისტრი. ეს ქმნის განწყობას, რომ მოექცევით მთავრობის გავლენის ქვეშ. რა არგუმენტები გაქვთ ამ ეჭვების გასაქარწყლებლად?
–მთავრობიდან მოსული ნამდვილად არ ვარ. მთავრობაში, სულ რაღაც, ექვს თვეს ვმუშაობდი. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის სავაჭრო პალატაში და ვიცავდი ბიზნესის ინტერესებს. მთელი ჩემი კარიერა, თუ არ ჩავთვლით პერიოდს, როდესაც სტაჟიორად ვიყავი საგადასახადოში და საბაჟოზე, არის კერძო სექტორში. მეტიც, ეს თანამდებობა არ გულისხმობს, რომ მთავრობის პოზიცია უნდა დავიცვა.
საპირისპიროს რომ ნიშნავს, იმიტომაც გეკითხებით?
–რაც შეეხება შენობას: რაც შეიძლება, მალე გავდივარ ამ შენობიდან, რადგან არ მინდა, რომ ბიზნესმენი ფორმალობების დაცვით შემოდიოდეს ჩემთან და უფრთხოდეს სახელების დასახელებას. რაც შეეხება იმას, რომ მთავრობა ამტკიცებს ჩემს კანდიდატურას: ჯერ ერთი, ამ პროცედურაში ჩართულია პარლამენტი; მეორეც, ამ თანამდებობის მიზანია, რომ ბიზენსმენებს მოვუგვარო პრობლემები.
ბიზნესმენები ძალიან პრაგმატული ხალხია და მართალი გითხრათ, მათთვის სულერთია, ვინ მოუგვარებს პრობლემებს და საერთოდ არ აინტერესებთ, ის ადამიანი ვის მიერ იქნება დანიშნული. შესაძლოა, ბიზენსომბუდსმენი რამდენიმე წლის შემდეგ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი გახდეს და არ ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრის მიერ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ, როდესაც ბიზნესის პრობლემას გავიგებ, იმ საღამოსვე ვიჯდე პრემიერ-მინისტრთან და ამ პრობლემაზე ვესაუბრებოდე.
გამოდის, თქვენ რომ არ ყოფილიყავით პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული და მანამდე მისი მრჩეველი, არ გექნებოდათ საშუალება, ის ყოველ საღამოს გენახათ?
–ყველა მინისტრისა და მთავრობის წევრის კარი ჩემთვის ღიაა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს პრობლემები. წარმოიდგინეთ: ვაგროვებ პრობლემებს და საღამოს ვხვდები პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენისთვის უარყოფითადაც რომ გადაწყდეს საკითხი, ეს მისთვის მაინც შეღავათია, რომ მალევე გაიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მომიწევდა პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან შესვლა. იმის თქმა მინდა, რომ ახლა ყველაზე მთავარია ეფექტურობა და მე ჩემს თავს ყველაზე ეფექტურად ასეთ ფორმატში ვხედავ. სხვათა შორის, ასეთ კითხვებს ბიზნესმენები არ სვამენ.
ამ შეკითხვებს სვამს საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ სამოქალაქო საზოგადოებად შედგეს და ეს შეკითხვები ლეგიტიმურია, რადგან გვაინტერესებს, რამდენად დემოკრატიულია ეს ინსტიტუტი?
–ძალან დიდ პატივს ვცემ საზოგადოების აზრს , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ღია იქნება ჩემთვის ბიზნესი და მენდობა თუ არა. ხომ არ იქნება კომპლექსი: ვუთხრა, არ ვუთხრა, თუ ვეტყვი, საგადასახადო არ შემოვიდეს.
მგონია, ეს კომპლექსი დიდხანს იქნება. მით უმეტეს, როდესაც თქვენ გნიშნავთ და გათავისუფლებთ პრემიერ-მინისტრი?
–ეს კომპლექსი პირადად ჩემთან მიმართებაში არასდროს ყოფილა და იმედია, არც იქნება. ჩემთან რომ მოდიან, ძალიან კარგად იციან, თუ არ მეტყვიან მიზეზს, არაფერიც არ მოგვარდება. ჯერ ერთი, კანონიში პირდაპირ წერია, რომ მევალება კონფიდენციალობის დაცვა.
ჩვენ გვაქვს ბევრი ძალიან კარგი კანონი, რომელიც არის მხოლოდ ქაღალდზე და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. კანონი კი გაძლევთ უფლებას, მაგრამ რეალურად?
–მაშინ ყველანაირი აზრი ეკარგება ჩემს სამსახურს.
მოარული ხმებით, საგადასახადო სამსახური ურჩთა დასჯის ერთგვარი იარაღია. მეორე მხრივ, საგადასახადოს აქვს შემოწმების უფლება. გამორიცხავთ, რომ თქვენთან საჩივლელად მოსულ ბიზნესმენებს შემდეგ საგადასახადო არ გაუსწორდება?
–ჩემი მხრიდან ყველანაირად დაცულია ბიზნესმენი. მე კარგად ვიცნობ ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურს და ვიცი, ვის რა უნდა ვუთხრა და როგორ ველაპარაკო. ბიზნესმენები პირდაპირ მეუბნებიან გვარებს და სახელებს და იციან, რომ ეს უკან არ დაუბრუნდებათ. ჯერ ერთი, ახლა აღარ გამოიყენება საგადასახადო დასჯის მექანიზმად. ახლა მართლაც სხვა მიდგომაა და ჩემი დანიშვნა აქ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას აქვს სურვილი, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს ყველა პრობლემა. ყველას კარგად ესმის, რომ, თუ ბიზნესი არ განვითარდა, შორს ვერ წავალთ.
კეთილი და პატიოსანი და აი, „საგადსახადო კოდექსსაც“მივადექით: ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობის უმთავრეს ხარვეზად სახელდება ის, რომ იცვლება წამდაწუმ და ბიზნესს არ აძლევს გრძელვადიანად დაგეგმვის საშუალებას. პირველ იანვარს შევიდა ძალაში კოდექსი და მაშინვე თქვა პრემიერ-მინისტრმა, ცვლილებები უნდა შევიტანოთო. ეს ნორმალურია?
–რომ გაგვეწელა ახალი კოდექსის მიღება, მასში რეალურ ხარვეზებს მაინც ვერ იპოვიდი. რადგან, რაც უნდა იდეალური პროექტი დაწერო, ძალაში შესვლის მომენტიდან უამრავ რამეს აღმოაჩენ. სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის იდეა: ოპტიმალური ვარიანტის მიღებამდე მიდის მუშაობა. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში კოდექსს ძირეულად აღარ შევცვლით, რომ სტაბილურობის შეგრძნება დარჩეს. ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს თავისი ბიზნესის წინასწარ დაგეგმვის საშუალება ჰქონდეს.
ვნახოთ. ეს კოდექსი მოინათლა რევოლუციურად, მათ შორის იმიტომაც, რომ მცირე ბიზნესისსთვის შემოვიდა 3 და 5-პროცენტიანი დაბეგვრის სისტემა. არადა იბეგრება მთლიანი ბრუნვა, ამდენად, მცირე მეწარმე სამჯერ მეტ გადასახადს იხდის რეალურად გადასახადების სახით, ვიდრე შპს და ინდმეწარმე და ამას დაერქვა მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა. არ დაითვალეს თუ რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობა? არ აპირებთ, დასვათ ეს საკითხი?
–მეც მაქვს ჩემი დათვლები და მცირე ბიზენსის დიდ ნაწილს ურჩევნია, დარეგისტრირდეს მცირე ბიზენსად, რადგან არ აქვთ დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და ასე შემდეგ, რაც მათ საქმიანობას უადვილებს.
მაგრამ მეტ თანხას იხდიან გადასახადების სახით, როგორ არის ეს ხელშეწყობა?
–ჩვენ ვთავაზობთ ოფციას, ვინც ხედავს, რომ მომგებიანია, დარეგისტრირდება მცირე ბიზნესად.
მაშინ ასე უნდა ითქვას და არა ისე, რომ ახალი კოდექსი ხელს უწყობს მცირე ბიზნესს?
–მე არ ვამბობ, რომ იდეალურია, ამას დახვეწა უნდა, მაგრამ, რაც გაკეთდა, სწორია და ეხმარება მცირე საწარმოს.
–მე გამოგიგზავნით დათვლებს, რომლებიც უკვე გავაცანი ჩვენს მკითხველს (ჟურნალი „თბილისელები“ ¹ ..) და თქვენც ნახავთ, რომ არაფრითაც არ ეხმარება.
–ჩვენ დავთვლილი გვაქვს აუდიტორებთან ერთად და ვიცი, რას ამბობთ.
–აბა, რას ერჩოდით?
–ნაწილისთვის კარგი იქნება, მაგრამ ნაწილისთვის შესაძლოა, მომგებიანი არ იყოს.
–მიკრობიზნესისთვის დაწესბული მთლიანი ბრუნვის 30 000-ლარიანი ზღვარი არის ძალიან დაბალი. მაქსიმალური გათვლებით, ეს თვეში, საუკეთესო შემთხვევაში, 240 ლარია, ანუ დაახლოებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ტოლი. ეს არის ხელშეწყობა და შეღავათი?
–ეს შეღავათია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხალხმა ამოისუნთქა, რადგან მიკრობიზნესი მთლიანადაა გათავისუფლებული გადასახადებისგან.
–ძალიან მცირე თანხაზე ამბობს უარს სახელმწიფო, თვეში 48 ლარზე.
–მაგრამ ხომ უნდა დაგვეკანონებინა ეს?! არც აქამდე იბეგრებოდნენ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მათ არ ამოწმებდა შემოსავლების სამსახური. ეს იყო პატარა „შავი“ ბიზნესი, რომელიც ამ კანონმდებლობამ ჩარჩოში ჩასვა და „გაათეთრა“. მათ ოფიციალურად უკვე აღარავინ შეეხებათ.
–ისედაც არ ეხებოდა არავინ ისეთ მეწარმეებს, რომლებიც დაქირავებულ შრომას არ იყენებდნენ და მათი ბრუნვა არ აღემატებოდა 30 000 ლარს?
–აქ შემოდის ისეთი თემები, როგორიცაა ტაქსისტი, რეპეტიტორები. ზოგი რეპეტიტორი, ვიცით, რომ ძალიან დიდ შემოსავლებს იღებენ.
–რა შუაშია სახელმწიფო, თუკი ადამიანი, ამ შემთხვევაში რეპეტიტორი თავის სახლში და საკუთარ ინტელექტუალურ შრომას ჰყიდის?
–მაშინ რა დააშავა, მაგალითად, ნავთობიმპორტირმა კომპანიამ, რომელიც თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და რისკით მუშაობს?
–ნავთობიმპორტიორები ათეულ და ასეულ მილიონობით მოგებას იღებენ ყოველწლიურად და ყველანაირ ხარჯს, თავიანთი ბენზინგასამართი სადგურების კეთილმოწყობით დაწყებული, მომხმარებელს ახდევინებენ?
–ავიღოთ ფერმერი, რომელიც თავის შრომას იყენებს.
–ძალიან კარგია, ფერმერები რომ ახსენეთ. ამ კოდექსით, გადასახადისგან გათავისუფლებულია თესლისა თუ სასუქის შემოტანა, ანუ იმპორტიორი, მაგრამ იბეგრება მიწოდება, ანუ ფერმერი ძვირად ყიდულობს მაინც და მხოლოდ შემომტანია მოგებული. ამ შემთხვევაშიც სად ჩანს ფერმერების ხელშეწყობა?
–გასაგებია და სწორედ ასეთ საკითხებზე ვმუშაობთ. მეტიც, უამრავი სასქონლო კოდია, რომელთა შემოტანაც არ იბეგრება, მაგრამ იბეგრება მიწოდება. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ ამ სფეროს ხელშეწყობა სჭირდება, არც ერთი არ უნდა დაიბეგროს: არც შემოტანა და არც მიწოდება. ასე რომ, მიდგომაა შესამუშავებელი.
–კიდევ ერთი საინტერესო თემა: აწ უკვე გარდაცვლილი კოდექსით, 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი პირველი იანვრიდან უნდა შემცირებულიყო 18-პროცენტამდე, ახალი რევოლუციურით კი ისევ 20-პროცენტია. შეიძლება, რომ ახალმა ძველი ნორმა გააუარესოს?
–ძველი კოდექსი შედგენილი იყო 2008 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ არავინ იცოდა,თ უ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა და ომი იქნებოდა.
გასაგებია, მაგრამ მაშინ ნუ მეუბნებიან, რომ ეს კოდექსი რევოლუციურია?
–რევოლუციური იმიტომ არ დაერქვა, რომ საშემოსავლო გადასახადი გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ჩვენ მხოლოდ ნეგატივზე ვსაუბრობთ.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოვასწოროთ ის, რაც ნეგატიურია. პოზიტივს ხომ ისედაც იგრძნობს ყველა?
–გეტყვით, რა არის ამ კოდექსში რევოლუ