ვახტანგ რჩეულიშვილი რუბრიკაში „ქალის ტყავში“ ორიგინალური რაკურსით აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, ჩვენი რესპონდენტის სიტყვების სისწორეში, მისი მეუღლის, ქალბატონი მაია რჩეულიშვილის დახმარებით დავრწმუნებულიყავით და ინტერვიუზე ცოლ-ქმარი ერთად მოვიპატიჟეთ.
ვახტანგ რჩეულიშვილი: მე რომ ვყოფილიყავი ქალი? ძალიან მოულოდნელი შეკითხვაა. შეიძლებოდა, როგორ არა. გენეტიკა ისეთია, რომ ქრომოსომების რაოდენობა წყვეტს ყველაფერს. მე მიხარია, კაცად რომ დავიბადე.
ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, როგორი ქალი იქნებოდა თქვენი მეუღლე?
მაია რჩეულიშვილი: ვახო? ქალური ჰორმონები რომ იმუშავებდნენ, ვახო დაემგვანებოდა დედამისს და აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი ქალი იქნებოდა. თუმცა, მოწესრიგებულობა, მისი, როგორც ქალის ძლიერი მხარე ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ყურადღებას, მეოჯახეობას, სითბოს, დარწმუნებული ვარ, სანიმუშოდ გაართმევდა ყველაფერს თავს. იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს კაცსაც.
თქვენს ოჯახში, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს, გენდერული ბალანსი ქალის სასარგებლოდ არის დარღვეული.
- იცით, რა. გენდერული ბალანსი კი არ დაირღვა. ვახომ მოახერხა ის, რომ თავისი ხასიათით სრულად წარმოაჩინა და გაააქტიურა ჩემი შესაძლებლობები. მე ვერ ვიტყვი, რომ სხვა მამაკაცის გვერდითაც ასეთი წარმატებული ვიქნებოდი. მისი წყალობით და მეცადინეობით მაია იქცა მაიად.
ბატონო ვახტანგ, როცა ცოლი ქმარზე ამას ამბობს, ეს კომპლიმენტზე მეტია...
- მეც ასე ვაქებ ხოლმე. ახლა თქვენს ნათქვამზე ვფიქრობ, ქალად რომ დაბადებულიყავიო. არასოდეს მქონია ამისი სურვილი. მაგრამ ახლა გვყავს შვილიშვილები - გოგონები, ჩემი გუკასი და ნინოს პატარა ქალიშვილი, ისეთი ტკბილები არიან, ისეთი საყვარლები, ვერ ვშორდები და ვფიქრობ, რომ არც ისეთი ცუდი იქნებოდა ქალობა. შეიძლება, მამიდაჩემს დავმგვანებოდი. ან ჩემი დის მსგავსი ვყოფილიყავი. მართალია, მაია სულ მეუბნებოდა, რჩეულიშვილების ქალები „მძიმეები“ არიანო და მე არ ვუჯერებდი, მაგრამ, რაც კატო დაიბადა ვუყურებ, როგორ ეცვლება ნელ-ნელა ხასიათი და უკვე ვხვდები, რომ რასაც ჩემი ცოლი ამბობდა, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა. კატოს ტერორი აქვს სახლში დამყარებული.
და ვის ატერორებს?
- ყველას ერთნაირად და განურჩევლად. მას რომ ვუყურებ და საერთოდ რომ ვაკვირდები, როგორ სწრაფად ვითარდებიან დღეს პატარები, ისეთი აზრიანები არიან და ისეთი მიზანდასახულები, ძნელად თუ ვინმე აღუდგება წინ მათ სურვილებს. საოცარია, როგორ შეიძლება ორ თაობაში ასე შეიცვალოს ადამიანი. თითქმის ვიჯერებ დარვინის თეორიის ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ მაიმუნებისგან გავჩნდით. თუ ამ ტემპით განვითარდება, მაიმუნი კი არა, ბუზიც შეიძლება ადამიანად იქცეს.
ამბობენ, ქალი რომ არ ყოფილიყო, მამაკაცი გამოქვაბულიდან არ გამოვიდოდაო...
- ვეთანხმები ამას. მარტო პროგრესის კი არა, ყველაფრის მამოძრავებელი ქალია. მაგალითისთვის ჩემი ოჯახი ავიღოთ. მე და მაია, ოთარი და ლამარა, მამაჩემი და დედაჩემი, გუკა და ნუცა, პირდაპირ გეტყვით, რომ ქალი მამაკაცისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. თანაც ისეთი ქალები, როგორებიც ესენი არიან. ხანდახან გაქცევა რომ გინდა სახლიდან, არ შეგეშვება, რა. არაფრით შეურიგდება შენს ნარკომანობას, სმას, ჩხუბს, სამსახურისადმი უპასუხისმგებლობას. ახლა დავისვენე, რაც პოლიტიკიდან წამოვედი და აღარ მაგდებს დილაუთენია სამსახურში, თორემ მანამდე ერთი ედუარდ შევარდნაძე იყო უთენია რომ მირეკავდა, ვახტანგ, ადექიო და მეორე - მაია: ჩქარა, სამსახურშიო. გვიან ვიძინებ და დილაობით მიჭირდა ადგომა. მომთხოვნი უნდა იყოს ცოლი. ერთი წუთით არ უნდა ტოვებდეს ქმარს და არ უნდა მისცეს ცელქობის საშუალება.
ანუ მკაცრი ხელის მომხრე ხართ?
- აუცილებლად. ცალ ხელში ჯოხი და მეორეში – მოფერება. სხვანაირად არაფერი გამოდის.
ქალბატონო მაია, ამბობენ, რომ თუ ქალი რამეს აშავებს, ეს იმ მამაკაცის ბრალია, გვერდით რომ ჰყავსო...
- ასი პროცენტით ვეთანხმები ამას. მამაკაცი ან სუსტია, ან ძალიან ძლიერი, ან რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს და ამიტომაც ხდება ქალის გაუცხოება. მამაკაცის მთავარი მოვალეობა არის, მისცეს ქალს თავისუფლად ფრენის საშუალება, ოღონდ ისე, რომ ქალი მუდმივად გრძნობდეს, ზურგსუკან მის სიძლიერეს. ყველას უნდა საკუთარი პოზიციების განმტკიცება, მაგრამ მე ამის განსაკუთრებული პრეტენზია არასოდეს მქონია. ჩუმად, წყნარად ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ოღონდ თავდაჯერებულად.
(ვახტანგ რჩეულიშვილი): - რჩეულიშვილის ქალები კი არა, კერვალიშვილის ქალები არიან, რაც არიან. ხელში უჭირავთ მთელი ოჯახი მტკიცე ხელით. თანაც ამას ისეთი ალერსიანი ღიმილით აკეთებენ, ტყუვდები. რუსუდანი ხომ ჰგონია ყველას ძალიან სუსტი, ნაზი. ისეთი მამალი ქალია. არ გჯერათ?! ფაქტი ჯიუტია! მომთმენია, მაგრამ საკმაოდ მკაცრი და პრინციპული. ამათ გარეგნობას შეჰყავხარ შეცდომაში. რუსუდანის ცხოვრების წესია თავმდაბლობა და მოკრძალება. თორემ, რასაც მან გაუძლო, ვერც ერთი კაცი ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც რუსუდანმა ზაზას ავადმყოფობის დროს გააკეთა. მარტო ქალს დაჰყავდა ქვეყნიდან ქვეყანაში და მაშინ დაიწყო ბიზნესი. ოჯახის დახმარება იმისი მეათედი იყო, რაც რეალურად სჭირდებოდა ზაზას და დანარჩენი გააკეთა რუსუდანმა. საერთოდ, გარეგნულად გამოხატული აგრესია სუსტი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მომხიბვლელი, მშვიდი და მოღიმარი ქალი, სინამდვილეში ძალიან ძლიერი და მტკიცე პიროვნებაა.
ანუ, მომხიბვლელი ქალი საშიშია?!
- მტკიცე და ძლიერი ქალი საშიში კი არა, ბედნიერებაა. ასეთი ქალის გარეშე, ოჯახის კეთილდღეობა შეუძლებელია. ქალი საოცარი მოვლენაა. ვინ გაუძლებდა იმას, რასაც მშობიარობის ტკივილი ჰქვია. „პახმელიაზე“ ვერ ვახელთ თვალებს კაცები. კატომ მკითხა, გუშინ, ბაბუ, რატომ გაქვს ასეთი დიდი მუცელიო. ვიფიქრე, ამანაც თუ დამიწყო, როგორ გასუქდიო, გადავირევი-მეთქი. მაგრამ უცებ მითხრა: შვილი გყავს შიგო?
ბატონო ვახტანგ, ბევრ მამაკაცს უთქვამს, ქალი რომ ვყოფილიყავი, უწესო ვიქნებოდიო...
- აბა, რა გითხრათ. მე არც კაცი ვარ უწესო და მიმაჩნია, რომ მამაკაცსაც უნდა ჰქონდეს რაღაც ბარიერები. მართალია, ისტორიულად მამაკაცისთვის უფრო ადვილია სექსუალური კავშირები და ეს მატრიარქატიდან მოდის. როცა არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მამა და ერთადერთი, რაც ნამდვილად იცოდნენ, იყო ბავშვის დედა. ქალი განაგებდა ოჯახს, მემკვიდრეობაც მიდიოდა დედის ხაზით. სხვათა შორის, გარკვეულწილად დღესაც ასეა. სიძე მიჰყავს ქალის ოჯახს. ენერგიაც შედის ქალის ოჯახში. ძალიან იშვიათია, პირიქით მოხდეს. ქალის გენს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც მოეთხოვება მას შემთხვევითი სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავება. რადგან მან ჯანმრთელი ბავშვი უნდა გააჩინოს და არ უნდა გადაეყაროს ვინმე ავადმყოფს, უცხოს. კაცის ღალატს კი ასეთი ფიზიოლოგიური საშიშროება არ ახლავს. ამიტომაც ქალი უფრო თავშეკავებული უნდა იყოს. ყველა განსხვავება უფლისგან მოდის.
კაცის ღალატის „უწყინარობის“ ასეთი მეცნიერული დასაბუთება პირველად მოვისმინე.
მაია რჩეულიშვილი: - მე არ მინახავს კაცი, ცოლისთვის ერთხელ მაინც რომ არ ეღალატოს, მაგრამ ეს ძალიან დამალული უნდა იყოს - არა აფიშირებული და ცოლისთვის უმტკივნეულო. არიან მამაკაცები, რომლებიც სადისტურად, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ცოლმა გაიგოს და გული მოუკვდეს. ამაზე არ არის ლაპარაკი. სხვა შემთხვევაში კი, ხანდახან თვალის დახუჭვა ჯობია. მამაკაცს რომ თვალი გაურბის ეს ფაქტია. ცოლმა უნდა შესძლოს ის, რომ ოჯახი აქციოს მისთვის იმ თავშესაფრად, რომელსაც კაცი ვერ შეელევა. მამაკაცებს ქალებზე მეტად უყვართ კომფორტი და მყუდროება. თუ ამას სახლში იპოვის, აღარსად წავა. ერთხელ უნდა ჩასვა თავის ბუდეში და მორჩა. კარგია რესტორნებში სადილობა და ვახშმობა, მაგრამ ქალის და მამაკაცის ლამაზი ვახშმის ლოგიკური გაგრძელება ლამაზი ღამეა. ამიტომ გაცილებით სჯობს, რომ ეს ვახშამი ოჯახში შედგეს. გაექცევა თვალი კაცსაც და ქალსაც, აბა, რა იქნება, თუ პირობებს შეუქმნი და სულ იქ ატარებ, სადაც საცდური მეტია.
ბევრს ჰგონია, რომ თქვენი ცხოვრების გზა სულ ია-ვარდით არის მოფენილი.
- მე არ მიყვარს წუწუნი. ამიტომ ჩემს პრობლემებს ვერავინ ხედავს. არავის წარმოუდგენია, რომ მეც შეიძლება მჭირდებოდეს დახმარება. ამიტომ დიდი ბარიერების გადალახვა მიწევს. საკუთარ თავზე იმდენი ჭორი გამიგია, ერთხელ მოვკვდი კიდეც. მერე თავი მოვიკალი. მეგობრები მირეკავდნენ უცხოეთიდან, მაია, ხომ ცოცხალი ხარო. არ ვიცი, ეს რა იყო. ამ დროს, მე ვიყავი ბათუმში და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობდი. ვაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს. ვერ გეტყვით, რომ ამ ჭორებმა ჩემზე არ იმოქმედა. ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ მორალურად დაგცეს და, მაია, აბა შენ იციო. მეც შემოვუძახე საკუთარ თავს.