ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე უკვე უცხოელებიც ალაპარაკდნენ. საელჩოები კი თავიანთ მოქალაქეებს ოფიციალურ წერილებს უგზავნიან, თუ ვინმე გავიწროებთ, სასწრაფოდ შეგვატყობინეთო(!). ეტყობა, ჩვენმა ხელისუფლებამ წარსულის გაკვეთილები ვერ აითვისა. "შირნჰოფერის" სკანდალი არ აღმოჩნდა საკმარისი ჭკუის სასწავლებლად. გთავაზობთ უცხოელი ბიზნესმენის თვალით დანახულ ქართულ რეალობას.
რობერტო სერალინი (ბიზნესმენი): - საქართველოში 2007 წელს ჩამოვედი და ძალიან მომეწონა აქაურობა. ისე ჩანდა, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდებოდა და გადავწყვიტე, მაღაზია გამეხსნა. მინდოდა, ხარისხიანი პროდუქცია შემომეტანა შესაბამისი სერტიფიკატითა და გარანტიით, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი რამ, რასაც „მადე ინ იტალია“ აწერია, სულაც არ არის იტალიური.
მე პიზის პროვინციის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი ვიყავი, გადასახადების გაკონტროლება მევალებოდა. სასამართლო პროცესებზე საგადასახადო სამსახურს წარმოვადგენდი, მთავარი სპეციალისტის რანგში. ამიტომ ამ სისტემას კარგად ვიცნობ.
პირველი წინააღმდეგობა, რასაც საქართველოში წავაწყდი, საბაჟო იყო. განბაჟება გაუგებარ და დამქანცველ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. საბაჟოზე ორ კვირაზე მეტხანს დაგვაყოვნეს უმიზეზოდ, საბუთების მომზადების მოტივით. ორი კვირა ბიზნესმენისთვის დიდი დროა, დრო კი ფულია, რომელსაც უაზროდ გაფლანგვინებენ. თქვენი საბაჟო კანონმდებლობა გაუმართავია, ამას ემატება მებაჟეთა არაპროფესიონალიზმი და რაღაცის გაურკვეველი შიში.
მეორე და დიდი პრობლემა საგადასახადო სამსახურების მუშაობის სპეციფიკაა. თბილისში ფეხსაცმლის და ღვინოების მაღაზია მაქვს. ერთხელ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორები მოვიდნენ საკონტროლო შესყიდვისთვის. გამყიდველმა წესისამებრ ჩეკი გამოწერა. გაგვინაწყენდნენ, ჩეკიც გამოწერეთო?.. აბა, რა უნდა გვექნა? აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ გამოგვიცხადეს, მაღაზია უნდა დავლუქოთო და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინასწარ შედგენილი ოქმი აგვიფრიალეს ცხვირწინ.
ერთი სიტყვით, სრულიად უმიზეზოდ, გეგმური აღწერის საბაბით, მაღაზია ორი კვირით დაგვილუქეს. კანონით კი საკონტროლო, "გეგმური აღწერა" შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში გაახანგრძლივონ. მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო (მექანიკური, უმნიშვნელო შეცდომა მაინც აღმოაჩინეს და 400 ლარით დაგვაჯარიმეს), კიდევ ერთი კვირა არბენინეს ჩემი თანამშრომლები, ხან უფროსი არ არის ადგილზეო, ხან ხელია მოსაწერიო, ახლა ზემოთ არის ატანილი თქვენი მაღაზიის საქმე, ახლა ქვემოთ ჩავიტანეთო და ა. შ. რასა ჰგავს ეს? უცხოელი, რომელიც თანხას აბანდებს საქართველოში, როგორ ფიქრობთ, ასეთი ფოკუსების შემდეგ მოინდომებს საქმის გაგრძელებას? გაუგებარია სახელმწიფო მოხელეთა საქციელი, ჩვენ მიერ საბაჟოზე გადახდილი თანხები, საშემოსავლო და სხვა გადასახადები ხომ საქართველოს ბიუჯეტში შედის? თუ ასეთი მეთოდებით გააგრძელებენ მუშაობას, ნელ-ნელა ყველაფერი დაიხურება, ნელ-ნელა ყველა უცხოელი წავა საქართველოდან. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, რა საჭიროა ამის გამო მაღაზიის თვეობით დალუქვა და ბიზნესმენის ასე დაზარალება. მე დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით დამილუქეს მაღაზია.
ფულის გადახდა არ მოუთხოვიათ?
- თავიდანვე ვუთხარით, რომ თუ დარღვევას აღმოაჩენდნენ, კანონის შესაბამისად გადავიხდიდი ჯარიმას. თავიდანვე გავაფრთხილეთ ინსპექტორები, რომ ზედმეტის გადამხდელი არ ვიყავით და თუ პრობლემების შექმნას შეეცდებოდნენ, იტალიის ხელისუფლებას ვაცნობებდით. იტალიის საელჩომ ელექტრონული წერილიც კი გამოგვიგზავნა, თუ საგადასახადო სამსახურები გავიწროებენ, მოგვაწოდეთ ინფორმაციაო.
შეატყობინეთ იტალიის საელჩოს ეს ამბავი?
- არა, რადგან ამ დროისთვის თავი დახსნილი გვქონდა. ორკვირიანი დალუქვის გამო გვარიანად ვიზარალეთ, შეკვეთილი კოლექცია უკან დავაბრუნეთ, მაღაზიის ქირაც კი ჩვენი სახსრებით გადავიხადეთ.
მე მიყვარს საქართველო და გულისტკივილი მალაპარაკებს, თორემ ქუდის დახურვა და იტალიაში დაბრუნება ადვილია. აგვისტოს ომის დროს ერთი წუთით არ მიფიქრია საქართველოდან გაქცევაზე. დედაჩემი მირეკავდა იტალიიდან და მთხოვდა, ოჯახიანად გავმგზავრებულიყავი, მაგრამ მე მაშინ თავი ქართველად მიმაჩნდა. დღედაღამ კომპიუტერთან ვიჯექი და იმ იტალიურ ჟურნალებში, სადაც რუსული გავლენა იგრძნობოდა, საპროტესტო წერილებს ვწერდი, თავგამოდებით ვიცავდი საქართველოს პოზიციას და სიტუაციის რეალურად ასახვას ვითხოვდი. ჟურნალ "ლიბეროს" რედაქტორს წერილი მივწერე და ვუსაყვედურე, რატომ დუმდა თქვენი ჟურნალი, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა-მეთქი.
ჩემი მეუღლე ქართველია. ჩემი ცოლისდა, ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისის სკოლის დირექტორად მუშაობდა. მან სამსახურიდან გაათავისუფლა ფიზკულტურის მასწავლებელი, უფრო სწორად, ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელიც სინამდვილეში საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო, შრომითი ხელშეკრულება დაუმთავრდა. მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა, გათავისუფლებამდე დირექტორს გაუგზავნა მესიჯი, ბიულეტენზე ვარო. ასეთი ცნობა მან სასამართლოსაც წარუდგინა და ექიმმაც დაუდასტურა პროცესზე, ნეკნი ჰქონდა მოტეხილიო. არადა გაირკვა, რომ ეს "ნეკნმოტეხილი" მასწავლებელი ზუსტად იმ დროს სხვა სკოლაში ატარებდა გაკვეთილებს. ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ბიულეტენზე მყოფი მასწავლებლის გათავისუფლება არ შეიძლებოდა. პარალელურად, რეგიონულმა რესურსცენტრმა მას ყალბი საბუთი მისცა, თითქოს სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. მიუხედავად სიყალბისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი სკოლაში უნდა დაბრუნებულიყო. ამასობაში სკოლის დირექტორს დარღვევა გამოუჩხრიკეს და გაათავისუფლეს. დირექტორის მოადგილემ ისევ უარი თქვა არაპროფესიონალი ფიზკულტურის მასწავლებლის აღდგენაზე და დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.
მოულოდნელად ადგილობრივმა რესურსცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სკოლის დირექტორის თანამდებობაზე და მასში მონაწილეობა სოფლის გამგებელმა მიიღო! მეორე კონკურსანტი გეოგრაფიის მასწავლებელი კი პროფესიონალი იყო, მაგრამ მაინც გამგებელმა გაიმარჯვა. ამით სასამართლო პროცესიც დასრულდა, რადგან ახალმა დირექტორმა ფიზკულტურის მასწავლებელი სკოლაში დააბრუნა. როდესაც მიზეზი იკითხა ჩემმა ცოლისდამ, რესურსცენტრის უფროსმა უპასუხა, ეს დეპუტატმა და პარტიამ დამავალაო(?!). ლაპარაკია ნაცმოძრაობაზე. რა თამაშია ეს?
ვატყობ, აქ პროფესიონალები არავის სჭირდება, ხოლო ოპოზიციურად მოაზროვნის ადგილი თვით მიყრუებული სოფლის სკოლაშიც არ არის. ადამიანი, რომელიც ცდილობდა, სკოლა სკოლისთვის დაემსგავსებინა, დღეს პასუხისგებაშია მიცემული. პრეზიდენტს მივწერე წერილი, სადაც ვთხოვდი, სიმართლის პოვნაში დახმარებას. მომწერეს, ჩვენ არ ვერევით პროკურატურისა და სასამართლოს საქმეშიო. პროკურატურასა და სასამართლოში რომ არ არის საქმე კარგად, იმიტომაც მივწერე პრეზიდენტს წერილი.
იტალიელებს მაფიოზური სქემით ვერ გაგვაკვირვებთ, მაგრამ რაც საქართველოში ვნახე, ვეჭვობ ამ "საპატიო" წოდების ქართველებისთვის გადმოცემა მოგვიწევს. იცით, ბებიაჩემი სკოლის დირექტორი და ფაშისტური ორგანიზაციის რწმუნებული, მუსოლინის უახლოესი თანამებრძოლი იყო. რომში მის გვერდით იდგა და სიტყვით გამოდიოდა. ამასობაში ბაბუაჩემი კომუნისტი იყო, მაგრამ ბებიაჩემი არავის დაუსჯია ქმრის გამო. არც ომის შემდეგ გაუძვრიათ ბაბუაჩემისთვის ტყავი იმისთვის, რომ ცოლი ფაშისტი ჰყავდა. აქ კი რომელიღაც მიყრუებული სკოლაც კი პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება.
იტალიაში ოპოზიციონერ პროფესიონალებს სანაგვეზე არავინ ყრის მხოლოდ იმის გამო, რომ მთავრობასავით არ ფიქრობენ. საქართველოში პროფესიონალები რატომღაც უქმად სხედან და მათ ნაცვლად პატარა და უცოდინარი გოგო-ბიჭები არიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ის ხალხი, რომელსაც ხშირად წესიერი პასუხის გაცემაც კი არ შეუძლიათ.
ყველაფრის მიუხედავად საქართველოში რჩებით?
- საქართველოში დემოკრატია ჯერ "ახალგაზრდაა". თუ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ხელისუფლება, თუ ხალხი აიძულებს მთავრობას, შეასრულოს ის, რაც ხალხს სჭირდება, საქართველო ნამდვილად გახდება დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, საუკეთესო პერსპექტივებით. სხვათა შორის, შარშან იტალიის ტელევიზიით აჩვენეს მსოფლიოს ყველაზე საუკეთესოდ და გემოვნებით განათებული დედაქალაქები და მათში ერთ-ერთი თბილისი იყო. ჩემი თანამემამულენი გაოგნდნენ, თვით პიზაც კი არ იყო ასე ლამაზად განათებული.