თუ რას წარმოადგენს 1970 წელი როკისათვის, ეს თანამედროვე პოპ მუსიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც კი სრულიად ნათელია. ამ პერიოდში იქმნებოდა შედევრები, რომელთა აქტუალობა დროთა განმავლობაში სულ უფრო მატულობს. ეს არის უნიკალური ეპოქა, როდესაც ყოველი მეორე ალბომი შედევრია და სახელგანთქმულ როკ შემსრულებელთა უმრავლესობისათვის შემოქმედებითი მწვერვალი. მათი ჩამონათვალი ძალზედ შორს წაგვიყვანდა. ამჯერად უბრალოდ ერთ ასეთ ნამუშევარზე ვისაუბრებთ.
ალბომ Blind Faith–ის შემდეგ, ერიკ კლაპტონს უკვე მეგა ვარსკვლავის სტატუსი ჰქონდა მოპოვებული, რადგან Presence Of The Lord –ისა თუ Had To Cry Today–ის დარი სიმღერების მეშვეობით, ამ ნამუშევარმა ამერიკისა და ევროპის ჩარტები დაიპყრო.
მუსიკოსის კარიერაში Derek & The Dominos 1964 წლიდან მოყოლებული,Yardbirds–ის, Bluesbreakers–ის, Cream–ისა და Blind Faith–ის შემდეგ, უკვე მე–5 (!) ჯგუფი იყო, თანაც სულ რაღაც 24 წლის ასაკში...
მოდით, ამის შემდეგ წარმოვიდგინოთ, რა ძნელია კლაპტონის მოღვაწეობის შეფასება თუნდაც ამ 6 წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უკვე სამომავლო ნამუშევრებზე.
ფლორიდაში ყოფნისას მუზებით აღვსილი ერიკ კლაპტონი The Allman Brothers Band–ის სახელგანთქმულ პროდიუსერ ტომ დაუდს დაუკავშირდა სტუდიისა და თანამშრომლობისათვის. ეს უკანასკნელი მაშინ ძმების მეორე ალბომზე Idlewild South–ზე მუშაობდა.
გზები ელვისებრი სისწრაფით გადაიკვეთა, რაც დიუან ალმანმა განაპირობა. „ეს ის კაცია უილსონ პიკეტთან სოლოს რომ უკრავს Hey Jude–ში?“ – იკითხა გახარებულმა ერიკ კლაპტონმა და იმ საღამოსვე The Allman Brothers Band –ის კონცერტზე გაემართა.
შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კლაპტონი აღფრთოვანებული დარჩა დიუან ალმანის ლაღი დაკვრის მანერით და განსაკუთრებით სლაიდ ეფექტის გამოყენებით, რამაც მას საბოლოოს გადააწყვეტინა ჯგუფის ამერიკელი მუსიკოსებით დაკომპლექტება და მეორე გიტარისტად დიუან ალმანის წარმოჩენა.
ათწლეულების შემდგომ, ერიკ კლაპტონი ავტობიოგრაფიულ წიგნში დიუან ალმანს, როგორც „მუსიკალურ ძმას“ მოიხსენიებს. სამწუხაროდ დიუან ალმანმა ალბომ Layla and other assorted love songs–ის შემდეგ, The Easy Rider სიცოცხლე სულ რამდენიმე თვეში – 25 წლის ასაკში დაასრულა. მიუხედავად ამისა, ფენომენალური ნიჭის გიტარისტმა საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო და მათ შორის ერიკ კლაპტონთან ერთობლივი ალბომის ჩაწერა.
გაივლის წლები და ერიკ კლაპტონი ზემოთხსენებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში Derek & The Domino –ის (Derek მისი ფსევდონიმია) შემადგენლობას, თვით Cream–ზე მაღლა დააყენებს...
მოდით გავიხსენოთ ეს მუსიკოსები: ბას გიტარისტი კარლ რედლი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მუსიკალურ კარიერას Derek & The Dominos–ის გარდა, Delaney & Bonnie & Friends –თან, ჯეი ჯეი ქეილთან, დეივ მეისონთან, ლიონ რასელთან, ბადი გაისთან ერთად ჩაწერილი ალბომები ამშვენებს. კარლ რედლს მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე ჯორჯ ჰარისონის The Concert For Bangladesh–სა და მარტინ სკორსეზეს The Band –ისადმი მიძღვნილ ფილმ The Last Waltz-ში.
პიანისტი ბობი უიტლოკი ოთხი სოლო ალბომის გარდა, ცნობილია The Rolling Stones–თან, ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან, ასევე Delaney & Bonnie & Friends –თან თანამშრომლობით.
ტრაგიკულია დრამერ ჯიმ გორდონის ბედი. ერიკ კლაპტონი მას ავტობიოგრაფიულ წიგნში, თვით Cream–ის დრამერ ჯინჯერ ბეკერზე წინ აყენებს. Derek & The Dominos–ის გარდა, მას Frank Zappa–ს 1974 წლის ალბომ Apostrophe’–შიც აქვს დაკრული.
1983 წელს, მუსიკოსს ფსიქიური აშლილობის ჟამს საკუთარი დედა შემოაკვდა, რისთვისაც 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ალბომის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებ Layla–ს თანაავტორი, შიზოფრენიით დაავადებული ჯიმ გორდონი დღესაც განაგრძობს მკურნალობას და მუსიკასთან მისი გზები უკვე კარგა ხნის გაყრილია.
Layla მუსიკის მსმენელთა ფართო სპექტრმა ერიკ კლაპტონის 1992 წლის Unplugged–ით გაიცნო. ბევრმა შეიძლება ვერც დაუკავშიროს ერთიმეორეს აკუსტიკურ კონცერტზე დაკრული „კომფორტული“ ბლუზი და ორი ნაწილისგან შემდგარი 1970–ების შედევრი...
სიმღერის სტუდიური ვერსიის პირველი ნაწილი ფსიქოდელიური ელფერით გამსჭვალული ვოკალური შედევრია, რასაც მოსდევს უკვე როიალისა და უფრო აკომპანემენტად გამოყენებული გიტარების ეფექტების ნაზავით გალამაზებული ინსტრუმენტული ნაწილი.
Layla ორ დისკიანი ალბომის დამაგვირგვინებელი კომპოზიციაა, ხოლო იქამდე მოსმენილი კი გვაოცებს საოცარი მრავალფეროვნებით, რაც Layla and other assorted love songs–ს ერიკ კლაპტონის ნებისმიერი სხვა ალბომისაგან გამოარჩევს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს სამი ბუმბერაზი ბლუზი Have You Ever Loved A Woman, Nobody Knows When You Are Down And Out და Key To The Highway. ამ უკანასკნელის ჩაწერა ლეგენდის თანახმად, სპონტანურად მოხდა. გვერდით სტუდიაში მომღერალი სემ სემუდიო ასრულებდა მას. Derek & The Dominos–ის მუსიკოსებმა აყოლა გადაწყვიტეს და ტომ დაუდმაც მაგნიტურ ფირზე იმპროვიზაციის ჩაწერა დაიწყო, რომელიც თავიდან საკმაოდ უწესრიგოდ ჟღერდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ იგი „ფეიდ აუთით“ შემოდის.
ალბომის ზეგიტარულობაზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ საინტერესოა ამის განმაპირობებელი ფაქტორები. რას აღარ მოისმენთ აქ. უმაღლესი დონის აკუსტიკა, სლაიდი, კიდევ სხვა უამრავი ეფექტი, რომელთა ერთობლიობა ჰკრავს ფსიქოდელიური ბლუზითა თუ ლაღი როკულობით გამსჭვალულ სრულიად განსხვავებული ტიპის სიმღერებს.
სამწუხაროა, რომ დღესდღეობით დიდ მაესტროს მივიწყებული აქვს ამ ალბომის ისეთი მშვენიერი სიმღერები, როგორიცაა Keep On Groving, Why Does Love Got To Be So Sad ან It’s Too Late…
სამაგიეროდ კლაპტონს არასოდეს დაავიწყდება ჯიმი ჰენდრიქსის Little Wing, რომელიც მან Derek & The Dominos–ის 35 წლის წინანდელი ფრიად უცნაური არანჟირებით, სტივ უინვუდთან ერთად გამოიტანა სცენაზე და მთელი 2007–2008 წლების ტურნეში შეასრულა.
ამ თვალსაზრისით, სიმღერა თითქოს ერთგვარი სიმბოლოა როგორც Layla And Other Assorted Love Songs–ის მარადიული ახალგაზრდობისა, ასევე 1970 წელს შექმნილი დიდი როკ შედევრებისა, რომელთა ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანდა...