კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია “აიეტს” 17 უცხოური არხის რეტრანსლირების უფლების გარეშე გადაცემის გამო, მაუწყებლობის გაჩერების შესახებ მისცა გაფრთხილება. ამის შესახებ “რეზონანსს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს. საკაბელო კომპანია აიეტი ამ ეტაპზე მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 17 არხს აჩვენებს უკანონოდ, ეს არხებია: RTVI, “VH1”, “Eurosport”, “National Geographic”, ”Discovery”, “Eurosport”, “CNN”, “Cartoon Network”, “Travel”, “TV5”, “Euronews”, “History”, BBC, “Animal Planet”, “TV1000”, ასევე - 3 რუსული არხი - ”პრემიერა”, “კინოჰიტი” და “რასია კულტურა”.
მარეგულირებელმა კომისიამ საკაბელო კომპანია “აიეტს” გუშინ გადაუგზავნა დადგენილება იმის შესახებ, რომ აღნიშნული არხების ტრანსლირება შეწყვიტოს, გამომდინარე იქედან, რომ მათი ეთერში გაშვება ლიცენზირების გარეშე ხდება. შესაძლია, ზემოთ ჩამოთვლილი არხების გათიშვა დღესვე მოხდეს, თუ კომპანია “აიეტმა” ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ 17 არხთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა. რამდენადაც ცნობილია, აიეტის ხელმძღვანელობა უცხოურ არხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, ეს პროცესი დროში გაიწელა.
შედგა თუ არა ამ ორი დღის განმავლობაში მოლაპარაკება რამდენიმე არხთან მაინც, უცნობია, რადგან კომპანია ”აიეტში” უამრავი მცდელობის მიუხედავად, ჩვენთან სასუბროდ ვერც ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ვერ მოიცალა. როგორც “რეზონანასს” კომპანია ”აიეტის” ოპერატორმა განუცხადა, კომპანიის ხელმძღვანელობა მთელი დღის მანძილზე თათბირზე იყო და დრო ვერ გამონახეს ჩვენთან სასაუბროდ. შესაბამისად, უცნობია, რას აპირებს თბილისში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, უცნობია, რა ბედი ეწევათ ”აიეტის” აბონენტებს, რომლებსაც 17 არხის გარეშე დარჩენა ემუქრებათ და რომლებიც ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე რჩებიან.
როგორც მარეგულირებელი კომისიის პრესსსამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა “რეზონანსს” განუცხადა, მარეგულირებლის მიერ გაგზავნილი დადგენილება კომპანიას მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიუვა და შემდეგად ის ვალდებული იქნება, არხები გათიშოს.
იმ შემთხვევაში, თუ ”აიეტი” ამ არხებს არ გათიშავს და მომავალი მონიტორინგის შედეგადაც აღმოჩნდება, რომ თვითნებურად აგრძელებენ აღნიშნული 17 არხის მაუწყებლობას, მას 10-ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ხოლო ის არხები, რომლებზეც ამ უახლოეს დღეებში მოიპოვებენ მაუწყებლობის უფლებას, შეუძლიათ ეთერში დატოვონ.
მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, “აიეტის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული უცხოური არხების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს პროცესი გაჭიანურდა.
კომპანია “აიეტის” დაზარალების გარდა მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე განსაკუთრებულ აქცენტს მომხმარებლის უფლებებსა და ინტერესებზე აკეთებს. მისი თქმით, ძალიან დიდი დანაკლისია, რომ მაყურებელი 17 ასეთი მნიშვნელოვანი არხის გარეშე დარჩება.
“არ ვარ ინფორმირებული, ჰქონდა თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიცემული რაღაც ვადა კომპანია აიეტისთვის იმისთვის, რომ მას ამ 17 არხთან ხელშეკრულებაგაეფორმებინა და კანონიერად მოეხდინა მაუწყებლობა, რათა ”აიეტის” აბონენტები ისეთი სერიოზული არხების გარეშე არ დარჩნენ, როგორიც ამ ჩამონათვალშია მოცემული. თუ ასეთი შეტყობინება არ გაუგზავნია მარეგულირებელს, მაშინ ვისურვებდი, რომ ”აიეტს” ჰქონდეს შანსი, მომავალში აწარმოოს აღნიშნულ 17 არხთან მოლაპარაკება და ლიცენზირებული პროდუქტი გაუშვას ეთერში”, - განუცხადა”რეზონანასს” ზვიად ქორიძემ.
იმ შეთხვევაში, თუკი “აიეტს” ამ 17 არხს მაინც გაათიშინებენ, ქორიძის აზრით, თბილისში საკაბელო კომპანიების ბაზარზე დარჩება ერთი მსხვილი მონოპოლისტი კომპანია - “სილქნეტი”.
“თუ ”აიეტს” დრო არ მიეცემა ამ მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ გვექნება სურათი, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება მონოპოლისტების სასარგებლოდ. კარგია, რომ ”აიეტი” არის ერთ-ერთი მსხვილი საკაბელო კომპანია, რომელიც თბილისის ბაზარზე უწევს წინააღმდეგობას “სილქნეტს” და თუ აიეტს ამ არხებს გაათიშინებენ, პრაქტიკულად “სილქნეტი” დარჩება დედაქალაქში მონოპოლისტი საკაბელო კომპანია, რაც, ჩემი აზრით,ძალიან ცუდი იქნება ბაზრის განვითარებისთვის და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლისათვის.
ფაქტების ლოგიკას აქამდე მივყავართ. თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინტერესებში შედის, რომ თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემო შევინარჩუნოთ, მაშინ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ და შესთავაზოს ”აიეტს” რაღაც დრო, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს და ეს 17 არხი ავტომატურად არ გაათიშინოს”, - აცხადებს ზვიად ქორიძე.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შპს “აიეტთან” ერთად კიდევ რამდენიმე საკაბელო ტელეკომპანიების სანქცირების საკითხი განიხილა და “აიეტთან” ერთად კიდევ 5 საკაბელო ტელეკომპანიას მისცა გაფრთხილება.