ბალკანეთის კრიზისი, რომელიც კვლავ ხანძარივით სწრაფად მოედო ევროპას, უცილობლად ადასტურებს: მიუხედავად ე.წ. „გარდაქმნისა“, მიუხედავად დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ვითომც მიღწეული სტრატეგიული კომპრომისისა, შინაგანი, თვისობრივი დაპირისპირება რუსეთსა და ცივილიზებულ მსოფლიოს შორის ისევ არსებობს. ეს არის „ინსტიქტური ანტაგონიზმი“, ეს არის „არსთა წინააღმდეგობა“. ეს რაღაც უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ორ მსოფლხედვას შორის და სინამდვილეში, მათ აბსოლუტურ შეუთავსებლობას ეფუძნება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პლანეტაზე ორი ძირითადი კერა იყო, რომლებშიც ყველაზე მეტად ღვიოდა დაპირისპირება ორ ზესახელმწიფოს შორის.
პირველი კერა ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა - ნავთობის უზარმაზარი მარაგის გამო. აქ თანამედროვე დასავლეთისათვის სასიცოცხლო ინტერესები მისივე ცივილიზაციის არსებობის ისტორიულ, რელიგიურ, ფილოსოფიურ შრეებს გადაენასკვა.
ბევრი პოლიტოლოგი წინასწარმეტყველებდა, რომ მესამე მსოფლიო ომი სწორედ ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა და ეს წინასწარმეტყველება კინაღამ ახდა.
ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, სადამ ჰუსეინს კუვეიტის ოკუპაცია სამი-ოთხი წლით ადრე რომ მოეხდინა და არა - 1990 წელს. საბჭოთა იმპერია მაშინ არასგზით არ დაუშვებდა მოვლენათა ისეთ განვითარებას, როდესაც დასავლეთმა რეგიონში ექვსას ათასიანი არმია გადასხა და ერთთვიანი საჰაერო დაბომბვით, ფაქტიურად მიწასთან გაასწორა ერაყი.
გლობალური დაპირისპირების მეორე კვანძი ცენტრალურ ევროპაში იკვრებოდა, მაგრამ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის არ წარმოადგენდა ნამდვილ, ბუნებრივ საზღვარს ორ სამყაროს შორის. უფრო სწორად, იგი არ ასახავდა ძალთა სიღრმისეულ, პოტენციურ განლაგებას, - დაფუძნებულს ევროპელ ერთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე.
აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ დაპირისპირებამ თავისი ბუნებრივი საზღვარი იპოვა. დღეს უკვე ცხადია, რომ ეს ხაზი ბალკანეთზე გადის.
პირველი მსოფლიო ომი სწორედ ბალკანეთში დაიწყო. სერბი ნაციონალისტის, გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, ავსტრიამ ულტიმატუმი წარუდგინა სერბეთს, რომლის დამამცირებელი პირობები სერბებმა არ მიიღეს. მაშინ ავსტრია-უნგრეთმა ომი დაიწყო. სერბეთს რუსეთი გამოესარჩლა. ომში უმალვე ჩაება გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
მსოფლიო ომის შედეგებმა ვერ აღმოფხვრა პრობლემა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, რომლის წარმოშობაში ბალკანეთის „კვანძმაც“ დიდი როლი შეასრულა, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფაქტობრივად, სერბეთის იმპერია შეიქმნა.
იუგოსლავია ხელოვნურად, მხოლოდ ძალით შეკოწიწებული სახელმწიფოებრივი ერთობა იყო. ამიტომ, როგორც კი შესუსტდა კომუნისტური ხუნდი, სლოვენებმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გააჩაღეს, რასაც სერბეთმა ტერორითა და გენოციდით უპასუხა.
ფიზიკურად განადგურდა ათეულობით ათასი ხორვატი და მაჰმადიანი. განსაკუთრებით მძვინვარე ხასიათი სერბთა მიერ გაჩაღებულმა ტერორმა მიიღო ბოსნიაში. შემაძრწუნებელია, რომ სინამდვილეში საქმე ეხება ერთ ხალხს, ერთი დედა-ენისა და ტერიტორიის მფლობელს, რომლის ნაწილი თურქთა ოკუპაციის შემდეგ გამაჰმადიანდა, მეორემ კი - კათოლიციზმი აღიარა.
ბალკანეთის კრიზისი უდიდეს გეოპოლიტიკურ დივიდენდებს პირდება რუსეთს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის გაღვივებაში კრემლმა არც თუ მცირე წვლილი შეიტანა. ევროპაში მოგიზგიზე კოცონი არასტაბილურ ფონს ქმნის მთლიანად კონტინენტზე და მოსკოვს აძლევს საშუალებას, აამოქმედოს მის მიერ უკვე აპრობირებული „მართვადი ქაოსის“ სისტემები.
გარდა ამისა, ევროპელ ბიურგერს, რომლის განწყობას დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფალთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბალკანური სასაკლაოს ფონზე, რა თქმა უნდა, საერთოდ აღარ აინტერესებს ყოფილ სსრკ მოკავშირე რესპუბლიკებში (მოლდოვაში, საქართველოში თუ აზერბაიჯანში) განვითარებული სისხლიანი პროცესები. ეს კი ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს თავისი გეგმების განსახორციელებლად.
„ბოსნია“ და „სარაევო“ მთელს მსოფლიოში დღეს იმავე მნიშვნელობას იძენს, როგორიც ოთხმოციან წლებში ლიბანსა და ბეირუთს ენიჭებოდა.
სერბებმა მტკიცე ალყით შებოჭეს სარაევო, რომლის მოსახლეობა, როგორც ჩანს, მზად არის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს აგრესორთა წინააღმდეგ.
დასავლეთის სიმპათია აშკარად მაჰმადიანთა და ხორვატთა მხარესაა, მაგრამ მათ პოზიციას დღემდე რუსეთი ანეიტრალებდა.
უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სარაევოს ბაზარზე აფეთქებული ჭურვი, რომელმაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. უმალვე იფეთქა საინფორმაციო ომის ახალმა ტალღამაც. ამ ომში რუსეთი, ჯერ-ჯერობით, აგებს დასავლეთთან პაექრობას. მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ ერთხმად დასდო ბრალი სერბებს ამ ტერორისტული აქტისათვის. მხოლოდ „ტანიუკმა“ გაავრცელა საწინააღმდეგო ცნობა - თითქოს ნაღმი მაჰმადიანთა პოზიციებიდან ყოფილიყოს გამოსროლილი და რუსეთის „იტარ-ტასმაც“ მხოლოდ ეს ცნობა აიტაცა.
მოვლენათა განვითარება მრავლისმომასწავებელ ხასიათს იძენს. ბალკანეთის დღევანდელი კრიზისი შეიძლება იქცეს კატალიზატორად, რომელიც მთლიანად ააფეთქებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რამდენი წლის წინათ დაწყებულ სამშვიდობო პროცესს. ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ბლოკის საბჭომ მტკიცე ულტიმატუმი წარუდგინა სერბებს. თუ ისინი 20 თებერვლამდე არ გაიყვანენ თავის ფორმირებებს სარაევოს შემოგარენიდან და არ გადასცემენ მძიმე ტექნიკას - გაეროს ძალებს, „ნატოს“ შეიარაღებული ძალები დაიწყებენ სერბთა პოზიციების დაბომბვას. დაბომბვა იწარმოებს იმ რამდენიმე ასეული თვითმფრინავიდან, რომლებიც იტალიისა და გერმანიის სამხედრო ბაზებზე, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ავიამზიდებზეა განლაგებული. ამის საპასუხოდ, რუსეთმა, რომელიც ისტორიულ პასუხისმგებლობას გრძნობს სერბთა მიმართ, არანაკლებ მტკიცე განცხადებით აგრძნობინა დასავლეთს, რომ საომარ მოქმედებათა ესკალაციის შემთხვევაში ის მთელი თავისი შესაძლებლობებით ჩაებმებოდა საქმეში, დაიცავდა სტრატეგიულ მოკავშირეს.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ „საბჭოთა“ პერიოდისაგან განსხვავებით, რუსეთის პოზიციები ბალკანეთზე დღეს თვისობრივად სხვა საფუძველს ემყარება და ამიტომ, გაცილებით უფრო მტკიცეა - კერძოდ, წარსულში საბჭოთა კავშირს უბრალოდ დაპყრობილი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპა, რომლის ხალხები აშკარად თუ დაფარულად მიისწრაფოდნენ დასავლეთისაკენ. დღეს კი, სერბები სავსებით გულწრფელად მიილტვიან თავიანთი ძლიერი აღმოსავლური მოკავშირისაკენ და ეს ლტოლვა აბსოლუტურად შეუქცევადია. უფრო მეტიც: სერბიაში დღეს იმგვარი სიტუაციაა, რომ საბოლოო გამარჯვებისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისათვის იგი მზად იქნება, თვით რუსეთის ფედერაციაში შევიდეს „რესპუბლიკის“ სტატუსით, ან ყოველ შემთხვევაში კონფედერაციული ხელშეკრულება გააფორმოს.
კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო მომენტი: ვინც თვალყურს ადევნებს მოვლენათა განვითარებას ყოფილ იუგოსლავიაში, უეჭველად შეამჩნევდა, რომ იქ მეორდება იგივე სინდრომი, რომელიც მოქმედებდა და მოქმედებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში: რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე საბოლოო ჯამში აუცილებლად აღწევს სამხედრო წარმატებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პოტენციური შესაძლებლობანი თითქოს უფრო ნაკლებია, ვიდრე მოწინააღმდეგისა. ასე დაამარცხეს აფხაზებმა - საქართველო, სომხებმა - აზერბაიჯანელები. სერბეთს თითქოს უფრო წამგებიანი პოზიცია ჰქონდა, რაკი მსოფლიომ მას ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა, ხორვატებსა და მუსლიმანებს კი მთელი დასავლეთი ეხმარება - არა მარტო მორალურად, არამედ მატერიალურად. მიუხედავად ამისა, ბოსნიაში სერბებმა უეჭველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვეს. დარწმუნებულნი ვართ: ეს გამარჯვება რუსეთის ფარული სამხედრო დახმარების შედეგია. მაგრამ როგორ ხდება, რომ სამხედრო დახმარება შეუმჩნეველი და დაუსჯელი რჩება? თუ „საბჭოთა“ სივრცეზე დასავლეთის უმწეობა კიდევ შეიძლება აიხსნას მისი გულგრილობით რუსეთის უშუალო გეოპოლიტიკური სივრცის, ანუ მისი „ახლო საზღვარგარეთის“ მიმართ - ბალკანეთი ხომ ევროპის გასაღებია? ან რა ხასიათისაა ეს დახმარება? ჯერ-ჯერობით იარაღის დიდი პარტია ბალკანეთში სერბთათვის არავის მიუწოდებია, პირდაპირ სამხედრო ჩარევაზეც არ შეიძლება ლაპარაკი. როგორც ჩანს, აქ (ისევე როგორც აფხაზეთსა და ყარაბაღში) რაღაც განსაკუთრებულ ხერხებთან და საშუალებებთან გვაქვს საქმე.
ძნელი სათქმელია რა მოხდება, თუ დასავლეთი აღასრულებს თავის მუქარას და მართლაც დაბომბავს სერბთა პოზიციებს სარაევოს გარშემო.
ულტიმატუმის ვადა ხვალ იწურება. ე.ი. მოვლენათა განვითარებას შემდეგ კვირაში უნდა ველოდოთ. თუმცა, ერთი რამ ცხადია: საჰაერო დარტყმებით სერბთა სრული დამარცხება შეუძლებელია - ბალკანეთი ერაყი არ არის. იქ სულ სხვა ლანდშაფტია, გარდა ამისა, სერბებმა შეიძლება მოიპოვონ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებანი და მოკავშირეთა ავიაციას დიდი ზარალი მიაყენონ.
ფეხოსნებს დასავლეთი ბალკანეთში ვერ გაგზავნის, ვინაიდან ეს უზარმაზარ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული - სერბებს პარტიზანული ომის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვთ. სამაგიეროდ ომი ბოსნიაში კიდევ უფრო გააფთრებულ ხასიათს მიიღებს. მან შეიძლება ჩაითრიოს თვით ხორვატია, სლოვენია, მაკედონია. სწორედ ეს სურს კრემლის იმპერიას, რადგან ასეთ შემთხვევაში „მართვადი ქაოსის“ სისტემები კიდევ უფრო ძალუმად ამოქმედდებიან, - გაჩნდება ასი ათასობით ლტოლვილი, დასუსტდება აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა - კონფლიქტში ირიბად და პირდაპირ ჩათრეული აღმოჩნდებიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი. ისინი უეჭველად შეეცდებიან კონტაქტების დამყარებას მოსკოვთან, წავლენ მის მიმართ სტრატეგიულ დათმობებზე და ა.შ.
ყოველივე ეს კვლავ და კვლავ ადასტურებს იმ უცილობელ დასკვნას, რომელიც ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა: რუსეთი, მიუხედავად იქ მიმდინარე დეკორატიული „დემოკრატიზაციისა“, - რჩება და კვლავაც დარჩება იმპერიად თავისი არსით, შინაგანი ბუნებით. ამიტომაც არ შეწყვეტს აგრესიას და მუდამ იქნება პლანეტაზე
დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყარო.