„როგორც ჩანს ეს არის კარგად აპრობირებული და პრაქტიკაში არაერთგზის გამოცდილი სქემა, რომელსაც ისინი მიყვებიან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის
“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის პრანკერებთან ინტერვიუს კომენტარისას.
მისივე თქმით, უჩა ნანუაშვილმა ინტერვიუში გაავრცელა ისეთი ინფორმაციები, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები.
„ამ ადამიანმა ისეთი ინფორმაციები გააჟღერა, რომ შესაძლოა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მისი თქმით, თურმე არსებობენ კერძო პირები, რომლებიც დაცვის სამსახურებში მუშაობენ და მზად არიან იმისათვის, რომ საჭირო დროს იარაღი გაისროლონ და ადამიანის სიცოცხლე ხელყონ ან დააზიანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია და ჩემი აზრით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.
მეორე მხრივ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანი, რომელიც ოდესღაც სახალხო დამცველი იყო და წესით ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ სისხლისღვრის გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება, რაც ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ქაღალდზე გაწერენ ლამაზ მიზნებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა ქაღალდზე დაწერილი იქნება ერთი და რეალურად მოახდენენ ძალადობის, რადიკალიზმის, ანტაგონიზმის ხელშეწყობას და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. როგორც ჩანს ეს არის კარგად აპრობირებული და პრაქტიკაში არაერთგზის გამოცდილი სქემა, რომელსაც ისინი მიყვებიან,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.