ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ეუთოს მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მონიტორინგს დაიწყებს საქართველოს მხრიდან.
აქცია ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ ეს მოთხოვნა სრულდება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
ფაქტობრივად, შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი: პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ორგანიზაციაში დასავლეთის ქვეყნები საქართველოს გულისთვის შეეწინააღმდეგენ რუსეთს, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა თავის გეოპოლიტიკურ სივრცეში ეუთოს მისიის დაშვება ამგვარი ფუნქციით, მაგრამ იძულებული გახდა დათანხმებულიყო – წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულ მარტოობაში აღმოჩნდებოდა კენჭისყრისას.
ოღონდ რუსეთმა იმას მიაღწია, რომ ეუთოს მისიის შემადგენლობაში შეიყვანა თავისი დამკვირვებელი. მანამდე მოსკოვი მოითხოვდა საზღვრის „ერთობლივ“ დაცვას ანუ სასაზღვრო ქვედანაყოფების განლაგებას შატილსა და ომალოში, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა სავსებით გამართლებულად უარი სტკიცა.
რუსეთის მესაზღვრეები 1994 წლიდან, 4 წლის განმავლობაში იდგნენ შატილშიც და ომალოშიც, მაგრამ საქართველომ სანაცვლოდ აფხაზეთში ვერაფერი მიიღო. პირიქით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს, გენერალ ნიკოლაევს სთხოვა, აფხაზეთის ერთობლივი საზღვაო ბლოკადა განვახორციელოთო - ეს უკანასკნელი სოჭში არძინბას შეხვდა და „ხანგრძლივი, გულთბილი საუბრის“ შემდეგ დაასკვნა, რომ რუსეთს არ უღირდა საქართველოს გამო „მეგობარ აფხაზ ხალხთან“ ურთიერთობის გაფუჭება. აი, მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვა ოფიციალურმა თბილისმა რუსი მესაზღვრეების გაყვანა საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრიდან.
საზღვარზე ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფის გამოჩენა ნამდვილად არ ეპიტნავებათ მოსკოვში, ვინაიდან ერთი მხრივ, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ფორმალურად აქვს უფლება ნებისმიერი ქვეყნისა და ორგანიზაციის დამკვირვებლები შემოიყვანოს, მაგრამ ამით იქმნება საშიში პრეცედენტი.
რუსული პრესა უკვე წერს, რომ მაგალითად, ბალკანეთში ნატო - „ეუთოს“ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მეორე მხრივ, „ეუთოს“ მისიის განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე და ევროპული უშიშროების სტრუქტურათა მისია ჩვენს ქვეყანაში აშკარად ზღუდავს რუსეთის აგრესიასა და შესაბამის გეგმებს, - ჩეჩნეთის წინააღმდეგ შეტევის შემდგომი განვრცობის თაობაზე.
ეუთოს მისია დაადასტურებს „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ფაქტს, რაც რუსეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საერთაშორისო ასპარეზზე. ეუთოს მისია დაადასტურებს აგრეთვე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არიან ჩეჩენი ბოევიკები, ხოლო ლტოლვილთა მიღების უფლება და მოვალეობა ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.
ამრიგად, ეუთოს ოფიციალური მისიის შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე არის ქართული დიპლომატიის უდავო წარმატება. მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა დასავლეთის სახელმწიფოთა დაინტერესების შედეგად.
ჩეჩნეთის ომმა გაზარდა ინტერესი კავკასიისა და უპირველეს ყოვლისა, საქართველოსადმი. ყველაზე საშიში ამჟამად არის რუსეთის მოჩვენებითი ლოიალობის პასუხად ვითომდაც შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, რითაც მხოლოდ ვაძლიერებთ რუსეთის პოზიციებს, ვზრდით მისი მხრიდან აგრესიის შანსს და პირიქით - ვასუსტებთ ჩვენი მოკავშირეების არგუმენტებს, რომელთაც სურთ დაეხმარონ საქართველოს. მაგალითად, საქართველოს უშიშროების სამინისტრომ დაუშვა უმძიმესი შეცდომა, როდესაც განაცხადა, რომ „პანკისის ხეობაში არის დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და იჩქერიიდან შემოსულ ვაჰაბიტებს შორის“. ეს განცხადება იყო ერთგვარი ნიშანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა „დათბობისა“. მაგრამ რუსეთმა იგი უმალვე გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის და ამ განცხადების მოშველიებით დაიწყო სათანადო საინფორმაციო ფონის შექმნა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის: აკი ქართული ოფიციალური პირები თავად აღიარებენ, რომ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე იმალებიან უმართავი ვაჰაბიტები. „ვაჰაბიტი“ კი იგივე ტერორისტია.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებს უფრო ის ვითარება შეესაბამება, როცა მაქსიმალურად გავემიჯნებით რუსეთის მოქმედებას ჩრდილოეთ კავკასიაში, ვინაიდან, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო დავუპირისპირდებით ამ საკითხში რუსეთს, მით ნაკლებია რუსეთის აშკარა აგრესიის ალბათობა და პირიქით - რაც უფრო დავუტკბებით, მით უფრო მოსალოდნელია დაბომბოს საქართველოს ტერიტორია.
ყველაზე მეტად საშიშია ისეთი სტერეოტიპის შექმნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს პანკისის ხეობას. ამ სტერეოტიპს რუსი ტელეჟურნალისტები აქტიურად ავითარებენ.
ამით ვითომდაც ეხმარებიან საქართველოს - „რას ერჩით, ქვეყნის ხელისუფლება ხომ ვერ აკონტროლებს ჩეჩენ ტერორისტებს, ანუ ბოროტგანზრახულად არ ეხმარება მათ რუსეთის წინააღმდეგო“, მაგრამ როგორც კი ეს სტერეოტიპი საკმარისად გაძლიერდება, რუსეთი უეჭველად დაბომბავს საქართველოს ტერიტორიას და ჩვენს პროტესტს ასე უპასუხებს: „თქვენ ხომ თავად აღიარებდით, რომ ვერ აკონტროლებდით სიტუაციას? - მეც იძულებული გავხდი მიმეღო ზომები“.
ზუსტად ამ არგუმენტაციით, ორი თვის წინ, უზბეკეთმა დაბომბა ყირგიზეთის ტერიტორია. თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაგალითია ამ საბაბით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვისა - სულ ახლახან, მიუხედავად ლიბანის გააფთრებული პროტესტისა, ზუსტად ამ არგუმენტით, ისრაელმა დაბომბა „ისლამისტთა ბანაკები“ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე.
ამრიგად, რაც უფრო ვცდილობთ ვასიამოვნოთ რუსეთს, მით უფრო ვზრდით ჩვენი გულუბრყვილობით, აგრესიის შესაძლებლობას.
ცალკე მსჯელობის საგანია თენგიზ კიტოვანის განცხადება „საქართველოში გამაგრებული 1500 ჩეჩენი ბოევიკის“ შესახებ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას უკვე ყველა ბრუნვაში „ატრიალებს“ რუსული მედია. იგი უეჭველად „გაამაგრებს“ რუსული გენერალიტეტის მოთხოვნებსა და პოზიციებს.