ექსპერტები საქართველოში მიწის ფასის მიზერულ მაჩვენებლამდე დაცემას ვარაუდობენ. როგორც ცნობილია, თბილისში მიწის ნაკვეთები უკვე 30–40 პროცენტით არის გაიაფებული.
ამ ეტაპისთვის თბილისსა და მის შემოგარენში 1 კვ. მ. მიწის ფასი 15-50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დიღომსა და დიდ დიღომში მიწა 50 დოლარად და უფრო იაფადაც იყიდება. გარკვეული ნაკვეთები 15-20 დოლარადაც ფასდება, მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ ამ მიდამოებში მიწის ფასი !00 დოლარს აჭარბებდა.
ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, მიწის გაყიდვების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდა, რადგან მასზე მოთხოვნამ კატასტროფულად იკლო.
მიწის შეძენა და ახალი მშენებლობის დაწყება თითქმის არც ერთი ქართული სამშენებლო კომპანიის ინტერესში არ შედის.
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ცენტრში უფრო ადრე დაფიქსირდა, შემდეგ კი უკვე პერიფერიებს - გლდანს, მუხიანს, თემქას, ვაზისუბანსა და ვარკეთილს შეეხო. ამ ადგილებში მშენებლობებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა თითქმის შეჩერებულია. მშენებლებს, რომელთა გაყიდვებმა მკვეთრად იკლო, მიწების შეძენის ინტერესი აღარ აქვთ და უკვე აშენებულის გასაღებას ცდილობენ.
მას შემდეგ, რაც 2007 წლის აპრილში ახალმშენებლობებში კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1700 ევროს მიაღწია, კრიზისის გათვალისწინებით, სადღეისოდ ფასები ოდნავ შემცირებულია, თუმცა არა - რეალური მდგომარეობის პროპორციულად: გაყიდვების თითქმის შეჩერების მიუხედავად, კატასტროფული ზარალის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო კომპანიები ფასების მკვეთრ შემცირებას მაინც არ ჩქარობენ.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უძრავი ქონება აღარასდროს ეღირება ისე ძვირი, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო და გაძვირების ტენდენცია მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შეიძლება განახლდეს.