სააკაშვილის გამოსვლისას დარბაზი კამეჩთა ჯოგივით ზმუოდა

სააკაშვილის გამოსვლისას დარბაზი კამეჩთა ჯოგივით ზმუოდა

მთავრობის განვლილმა სხდომამ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელზე, ვისაც ლიბერალური რეფორმისა და თვით დემოკრატიის ყადრი ესმის, უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა.

ეს განსაკუთრებით ეხება პირველ დღეს, როდესაც ე.წ. „ძალისმიერი სტრუქტურები“ შეიკრიბნენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტროდან სხდომას მხოლოდ მინისტრი დავით თევზაძე ესწრებოდა.

დანარჩენები  შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, უშიშროების, სასამართლოს (?) წარმომადგენლები იყვნენ.

შეუძლებელია ადამიანი არ შეეზარა იმ ატმოსფეროს, რაც დარბაზში სუფევდა. ეს იყო საშინელება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ალბათ მაინც ფუჭად ცდებიან „რეფორმატორები“, როცა ამ ქვეყანაში რაღაცის შეცვლას ცდილობენ. თუ რისი „პატრონია“ ერი და ვისი ხელით ცდილობს იგი საკუთარი ცხოვრების გარდაქმნას, რა ხალხი დგას „კანონიერების სადარაჯოზე“, ვინ უნდა აღასრულოს კანონი, რა ინტელექტისა და შეგნების ხალხმა - ყველაზე უკეთ და ზუსტად სწორედ ამ სხდომაზე გამოჩნდა.

ამგვარი „აქტივის შეკრებები“ კომუნისტურ ეპოქაში იმდენად რამე მმართველობითი, ორგანიზაციული ფუნქციის მატარებელი არ იყო, რამდენადაც „დათვალიერების“ დანიშნულება ჰქონდა.

პარასკევს თვალნათელი გახდა, რა ძალებს ეყრდნობა ეს ჩვენი დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვისი ან რისი იმედი უნდა ჰქონდეს.

ამ მასაში იშვიათად თუ მოჰკრავდი თვალს ადამიანს, ინტელექტის ნასახი რომ ჰქონოდა სახეზე. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო დამსწრეთა ქცევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ავიდა ტრიბუნაზე ერთბაშად ამოძრავდა, აიხორკლა, აიბურძგნა, აბორგდა დარბაზი „უჰ შენი...“, თანაც აშკარა ტყუილი აღმოჩნდა, თითქოს სააკაშვილი მხოლოდ „ანტირეფორმატორ მოსამართლეებს“ სძულთ, ხოლო ისინი, ვინც თავად არიან გამწარებულნი მათ მიერვე დაპატიმრებული რეციდივისტების „სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებით“, თითქოსდა უფრო კეთილ განწყობით ხვდებიან „რეფორმებსა და რეფორმატორებს“.

არ დაიჯეროთ!

მთელი დარბაზი ერთნაირი სიძულვილით სუნთქავდა. სააკაშვილი ლაპარაკობდა კორუფციის აღმოფხვრაზე, მას კი ასეულობით წყვილი სიძულვილით ანთებული თვალით მისჩერებოდა: „რომ ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდეს ამ ქვეყანაში რაიმე საქმის გაკეთება ფულის გარეშე...“, „წადი შენი...“ - საშინელი სიძულვილით გამოსცრა კბილებში ჩემს გვერდით მჯდომმა ჩაკურატებულმა „აქტივისტმა“.

ეს ყოველივე ვინმეს შეიძლება წვრილმანად მოეჩვენოს, არადა, ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, - ამ ხალხის გარეშე საქართველოში სახელმწიფოებრივი პოლიტიკა შეუძლებელია.

აპარატი ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება. ძალისმიერი სტრუქტურები კი ამ აპარატის გულანია. რაც უფრო ცივილურია სახელმწიფო, მით უფრო ნაკლებკორუმპირებული, სუფთა, ინტელექტუალური აპარატი ჰყავს და პირიქით. ამ აპარატის პატრონები რა რეფორმებზე ვსაუბრობთ საქართველოში? ამ ხალხისთვის ნებისმიერი რეფორმა შინაგანად, თვისებრივად მიუღებელია. ეს აპარატი საუბედუროდ ერის ნაწილია და ყველაზე უკეთ, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ერის ჭეშმარიტ შინაგან მისწრაფებებს. მას „ზედ ეტყობა“ რა „დასავლური ორიენტაციაც“ გვაქვს.

ეს ორიენტაცია ფასეულობათა ორიენტაცია უნდა იყოს. ცხოვრების წესის შინაგან მოთხოვნილებაში უნდა გამოიხატებოდეს. მსგავსი არაფერი ეტყობა აპარატს, რომლის გარეშეც ყოველგვარი სახელმწიფო პოლიტიკა შეუძლებელია საქართველოში. ეს ხალხი კვლავ ბრეჟნევის ეპოქაში ცხოვრობს.

არ არის შემთხვევითი, რომ „რეფორმებსა“ და „გარდაქმნებს“ ძალადობრივ ვესტერნიზაციად,  ეროვნულობაზე უარის თქმად აღიქვავენ. ქრთამი, საქმის გაჩალიჩება პატივისცემა, „ჩაწყობა“ მათთვის სწორედ ეროვნული ტრადიციაა, კორუფციის აღმოფხვრას კი „ეროვნული მეობის“ წაშლად აღიქვამენ.

ეს მომენტი ძალიან ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს თავიანთ კინოშედევრში გიორგი შენგელაიამ და ოთარ იოსელიანმა - „ალავერდობა“,  „გიორგობისთვე“.

მათში ქართული სინამდვილის აღწერაა ანუ ქართული „ტრადიციისა“, რომელიც იმდენად გულისამრევია, რომ შეიძლება ყოველგვარი ქართული შეგაძულოს. თანაც,დეფორმირებული კი არ არის, არამედ იგია სწორედ „ნორმალური - საპირისპირო კი დეფორმირებულია და ანომალიური“.

ასეთი „ანომალიურნი“ იყვნენ იმ დარბაზში ზურაბ ჟვანია, მიშა სააკაშვილი, რუსიკო ბერიძე და სხვა ადამიანები, რომელნიც ქართულ-საბჭოური ტრადიციის მატარებელნი არ არიან. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ედუარდ შევარდნაძესაც ეჭვის თვალით უყურებდა. აშკარა იყო, ყოველი მისი ქმედება, რაც „რეფორმატორთა“ მხარდაჭერად აღიქმება, პოსტკომუნისტური „ეროვნული“ აპარატის საშინელ რეაქციას, კბილთაღრჭენასა და ბოღმის ნთხევას იწვევს.

ენატრებათ, ძალიან ენატრებათ „ძველი დრო“. ეს არის მათი ნავსაყუდელი, იქ არის მათი სულიერი შვება, - იქ, იმ სამყაროში გრძნობდნენ თავს სრულფასოვან ორფეხა არსებებად, ამიტომ ეზმანებათ „პლენუმები“ და „აქტივის შეკრებები“, როდესაც ყოველივე გასაგები და მისაღები იყო მათთვის.

ახალ სისტემაში ისინი თავიანთ ადგილს ვერ იპოვიან. აქ იქმნება სწორედ საზარელი პარადოქსი, - ჩაკეტილი წრე: სისტემის რეფორმირება შეუძლებელია აპარატის გარეშე, რომელიც ახალი სისტემის შექმნას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, თვით აპარატის შეცვლა კი ვერ ხერხდება, ვინაიდან იგი ერის მენტალობას ეყრდნობა.