გია კორკოტაშვილი, იგივე კორკოტა, ნოსტალგიით იხსენებს ძველ თბილისურ ყოფას, მაშინდელ ჩახუტებას და თანადგომას. ზუსტად ამ თემაზე აკეთებდა გადაცემას პირველ არხზე, საიდანაც ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერების თუ ჭორების გამო გაანთავისუფლეს.
გია კორკოტაშვილი:
„ჩემი ხასიათი იქიდან გამომდინარეა, როგორ მიდის ცხოვრება. ბევრი რამ მოქმედებს ამაზე. რა დღეებია, იმასაც გააჩნია. განსაკუთრებით მიყვარს ეკლესიური დღესასწაულები. ასევე დღეები, რომლექიც მინიჭებული აქვს ადამიანს ღვთისგან, ბუნებაში რომ მოევლინა, ეს არის დაბადების დღეები. ვულოცავთ ერთმანერთს, კარგია, ამ ქვეყნას რომ მოვევლინეთ. ძნელია, იცხოვრო მცნებებით, რაც მაცხოვარმა დაგვიტოვა. მაგრამ ისიც კარგია, რომ ცდილობ. ხასიათის ცვლილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შეიძლება სულ ცუდად იყო, ერთი კუთხით რომ იფიქრო, მატერიალურად ხარ თუ არა უზრუნველყოფილი. შეიძლება კარგი განწყობა პატარა თანხამაც განაპირობოს, მოგცეს საშუალება მოიწვიო მეგობრები, გამართო დღესასწაული. დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ხარ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუ მაქვს შესაძლებლობა, სულ ვმოგზაურობ. მცირედით, საქართველოს ტერიტორიაზე“.
გაქვთ გამორჩეული ქვეყანა ან ადგილი საქართველოში?
- არა, ნებისმიერი ახალი სასიამოვნოა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ვეცნობი კულტურას. კომუნიკაბელური ვარ, მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა. ენები კარგად არ ვიცი, მაგრამ უცებ ვერკვევი, იმ ენაზე ველაპარაკები, რისიც ორივეს გვესმის, ჟესტიკულაციით.
ცხოვრებაში პრინციპული ადამიანი ხართ?
- გააჩნია, პრინციპულობას რითი განვსაზღვრავთ. არის თემები, წავუყრუებ, არის თემები, პრინციპული ვარ. მამით კახელი ვარ და დედით – გურული. როცა გურული მძლავრობს ჩემში, ადვილად ვფეთქდები, თუ სიდინჯეა, მაშინ გაწონასწორებული ვარ. შეიძლება რაღაცაზე გავნაწყენდე და თუ იმ წუთში არ მექნა გამოხატვის საშუალება, ცოტა ხანში გადამივლის ხოლმე.
საერთოდ, აფეთქება გახასიათებთ?
- გააჩნია მომენტს. არის შემთხვევები, როცა შეგიძლიათ მომატყუოთ ადვილად. ძალიან მიამიტიც არ ვარ, მაგრამ შეიძლება მითხრათ რაღაც და დავიჯერო. მაგრამ ვერ ვიტან არაერთგულებას. ნებისმიერ ასეთ ფაქტს ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ვისგანაც უნდა იყოს. ადამიანური ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
თქვენი დღევანდელი ბრძოლა და პოზიცია რამ განაპირობა?
- ჩვენი "საზოგადოება ერთად", გამოხატულებაა და გვინდა პოლიტიკური თვალსაზრისით არ ვიცხოვროთ. ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქვს. შეიძლება მეტი პროცენტით ერთ მხარეს ვართ, მაგრამ ჩვენი არჩევანი არ არის პოლიტიკური. საქმემან შენმან გამოგაჩინოს არის ყველაზე დიდი საქმე. ვცდილობთ ჩვენი ყოფით ბოროტებას შევებრძოლოთ, თუმცა ძალიან ძნელია. მაგრამ ვცდილობთ და ღვთის წინაშე მაინც გამოჩნდება, რომ სათნოდ ვიქცევით. სულ უმოქმედობა უფრო ცუდია, გამაღიზიანებელია, საკუთარი თავის ჩაკეტვაა.
ბოლო პერიოდში თქვენზე არც ისე სასიამოვნო ხმები და ჩანაწერები გავრცელდა. როგორ იმოქმედა ამან თქვენზე?
- ძალიან ცუდად, ადამიანები ცდილობენ თქვან ის, რაც არ მომხდარა. თან ყველა ხერხით ცდილობენ, დაწყებული ტელევიზიებიდან. თუ ქრისტიანული კუთხით მივუდგებით, ძალიან ნაკლებია მაგ ადამიანებში. თუმცა არ ვთვლი, რომ მაღალ საფეხურზე ვდგავარ ქრისტიანულად. ახლა მედიას, ტელევიზიას დიდი ტრიბუნა აქვს. ცდილობენ გამოვჩნდე ქურდი, ან ცუდი ბიჭი. ღმერთმა აპატიოთ.
რატომ ცდილობენ, რადგან თქვენი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეთ?
- ამაზე, თუ შეიძლება, არ გიპასუხებთ, რადგან ნებისმიერი ჩემი სიტყვა აღიზიანებს ვიღაცეებს, რომლებიც ცდილობენ, დისკრედიტაცია გამიწიონ. რატომ, არ ვიცი. ერთი, რაც ვიცი, ვცდილობ, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: არ მინდა ადამიანებს ჩემს ქალაქში ასე "უპრაგონოდ" სცემდნენ.
ცხოვრებაში მიმტევებელი ადამიანი ხართ?
- ვერ ვიტყვი, რომ მთლად ასეა. ღმერთმა ძალა მომცეს. ვცდილობ, ასეთი ვიყო. ძალიან დიდი როლი ითამაშა ეკლესიამ ჩემს პიროვნებაზე. ჩემმა მოძღვარებმა.
თქვენ მეუფე დანიელის სულიერი შვილი ბრძანდებით, თუ არ ვცდები.
- დიახ, მეუფე დანიელია ჩემი მოძღვარი, მაგრამ მეუფე როცა ვერ იცლის, მამა ვახტანგ სარდლიშვილთან მივდივარ. ორივე ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და ბევრს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. ბევრი მეგობარი მყავს სამღვდელოებიდან. ძალიან მიყვარს ის ხალხი, მათ, როგორც ადამიანებმა, თავისი თავი მოძებნეს და არიან ძალიან მაღალი სულიერების მატარებლები.
პირველ არხზე აკეთებდით გადაცემას, სადაც თბილისურ ტრადიციებზე საუბრობდით. როგორია მაშინდელი დროის ნოსტალგია?
- პრაქტიკული ადამიანი ვარ, თორემ ჩემთვის წამოწოლილი რომ ვარ ან ძილის წინ, სულ ის მახსენდება, როგორ ვიღვიძებდი ჩემს თბილისში.
როგორი იყო მაშინ დღე?
- მაგალითად, როგორ ცხოვრობდა 50 წლის ხალხი თბილისში. ორშაბათს უეჭველი კვირიდან მოყოლებული "პახმელიაზე" გამოდიოდა ხალხი. მაგრამ სამსახურში აუცილებლად უნდა მისულიყავი. დღის ბოლოს მიდიოდა რეკვა, რას ვშვრებით, სად გავატარებთ საღამოს. საღამოს აუცილებლად ოჯახში შეიკრიბებოდნენ. მაშინ შეკრება უმეტესწილად ოჯახში ხდებოდა. ფუსფუსი, სითბო, ეს ადამიანურ მომენტს ძალიან წინ სწევდა. ახლა სადილი და ვახშამი იშვიათად არის ოჯახებში. სურვილიც გაქრა. მარტო ფინანსურზე არ არის დამოკიდებული. ოჯახში მხოლოდ მეგობრები რომ დარჩებიან, მაგიდის ერთ კუთხეში არიან გადაყუჟულები, მათი ცოლები დიასახლისობენ. ახლაც არის სითბო ამ ადამიანებში მაგრამ ვერ ღვრიან, ვერ იხსნება ქართველი კაცი. როცა ქართველი მასპინძლობას ვერ სწევს და თავისი თავით ვერ იხარჯება, უეჭველი ცუდ ენერგიაში გადადის, ბოროტდება.
თქვენს ოჯახში დარჩა ეს ტრადიცია?
- როგორ არ დარჩა. ჩემი დაბადების დღეები ასეა. ღამის თორმეტი საათიდან იწყება რეკვა, მოლოცვები. დილით ვიღვიძებ, ვიცი, ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს და შანსი არ მაქვს არაფრის გაკეთების. ერთი მირეკავს, გოჭს მე შევწვავ, მეორემ, წავალ, სახაშლამე ხორცს ვიყიდი. ასე კოწიწდება ყველაფერი. მოდიან ჩემი მეუღლის მეგობრები და ფუსფუსებენ. საღამოს უკვე მზად არის სუფრა. ღვინო, ღვთის წყალობით, სულ მაქვს. სამეგობროს ვენახი გვაქვს. დავჯდებით და ვეხუტებით ერთმანეთს. ვიხარჯებით. იქიდან გასულს აღარც გინდა ცუდზე ფიქრი. ერთად ყოფნით ვართ ბედნიერები, სუფრა და საჭმელი მეორე პლანზეა გადასული.
ახლა რა კავშირი გაქვთ სოფელთან?
- გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან მენატრება. კარდენახია მამის სოფელი და ბუკისციხე – დედის. აუცილებელია ქალაქიდან გასვლა, შაბათ–კვირას მაინც. თუნდაც ეკლესიაში ან მონასტერში რომ გახვიდე. თუ ვერ გავდივარ, ვიხუთები. როცა მიდიხარ, ყველაფერს ქარს ატან, ანთებული ჩამოდიხარ.
ახალგაზრდებში არის ტერმინი სოფლელო, რას ნიშნავს ეს?
- სოფლელო არ არის გეოგრაფიის მიხედვით განსაზღვრული. სოფლელო განისაზღვრება ქცევის მიხედვით. სოფლებში ისეთი სიბრძნეები მაქვს მოსმენილი, არ მგონია, ვინმემ იმ ხალხს ეს აკადროს. სოფელში ისეთი ხალხია, ნებისმიერი ქალაქელი სიბრძნეს უნდა ეკითხებოდეს.
დღეს რას ნიშნავს, იყო ქალაქელი?
- მე ასე ვუყურებ, სოფლიდან იქნება ჩამოსული, თუ რაიონიდან, აქ რაფინირება ხდება ნიჭიერების. ქალაქელობა შეიძლება შენი ქცევით, ცოდნით, ზრდილობით, ინტელექტით გამოიხატოს. ქალაქელი მარტო მიმინო იყო.
მართალია, რომ ამბობენ, გული არ ბერდებაო?
- მართალია. შეიძლება ვიზუალურად გამოვიცვალე, მაგრამ ანცობა ზოგჯერ კარგია. ღვთის წყალობით, კარგად დამთავრდება ეს პოლიტიკური ვითარება და კიდევ ერთხელ ვიანცებ.
მკაცრი მამა ხართ?
- ვცდილობ, მართალი მამა ვიყო. მკაცრიც ვარ, როცა ადამიანისთვის ახსნილი მაქვს, რომ ეს რაღაც ცუდია და მაინც თავისას აკეთებს, ცდილობს ურწმუნოება შეიტანოს ჩემს ნათქვამში. ჭკვიანია ადამიანი, როცა სხვის შეცდომაზე სწავლობს, მე მხოლოდ საკუთარზე ვსწავლობ. ალბათ კვიცი გვარზე ხტის, მაგრამ ვეუბნები, ასე ჯობია და თუ არ მიჯერებს, მაშინ ვრისხდები.
გაიხსენეთ ისტორია, რომელიც ძველ თბილისს და თქვენს მეგობრებს უკავშირდება.
- ჩემი ძმაკაცი დათო თაყაიშვილი, ცხონებული და ჩემი ძმა ! მაისს, ლენინის მოედანზე იყვნენ. საბჭოთა კავშირის და საქართველოს რესპუბლიკის დროშები იყო დამაგრებული. გადაწყვიტეს, ჩამოეხსნათ. პირველ მცდელობაზე უშიშროების მანქანა მოადგათ, ამათ უთხრეს, გასასწორები იყო და ვასწორებთო. ისინი წავიდნენ, მაგრამ შორიახლოს დაუდარაჯდნენ. ესენიც დაეშვნენ ქვევით, მერე უკან დაბრუნდნენ და ჩამოხსნეს. უკვე ფაქტით ხელში დაადგნენ თავზე. გამოიძახეს მილიცია, მაშინ მილიცია მოტოციკლეტით დადიოდა. ჩატენეს "კალიასკაში" და მიჰყავთ. ბარათაშვილის ქუჩაზე, ჩემმა ძმაკაცმა დაინახა ეს ფაქტი, მე, დედაჩემი, ჩემი მეგობრები გადავუდექით მოტოციკლეტს. უცებ მოგროვდა უამრავი ხალხი, ზოგი ჩუსტებში, ხალათში, მაგრამ ჩამოვიდნენ და არ გავატანეთ. მაშინ მივხვდი, ხალხის ერთად ყოფნას რა ძალა ჰქონია.
დღეს ვერ ვხედავ ხალხის ასეთი ერთიანობას. რაღაც ნაწილი დგას, რაღაც არა. შეიძლება იდეა არ აქვთ, რის ირგვლივ გაერთიანდნენ. დღეს სამშობლოს სიყვარულის ირგვლივ სჭირდება ხალხს გაერთიანება. სახლში ჯდომით არაფერი გამოვა. ყველამ უნდა თქვას, რა უნდა. უნდა თქვას, პირობითად, გიყვარს ლურჯი თუ ყვითელი, არც ერთიო, რომ ამბობ, ეს ყველაზე დამღუპველი პოზიციაა.