„გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით...

„გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით..."

მოსკოვში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმზე წასვლა იმის გასაგებადაც ღირდა, თუ რა ალიაქოთი იყო ატეხილი 8 აგვისტოს დილას რუსეთის გენშტაბში და რატომ გზავნიან აგვისტოს ომგამოვლილ რუს ოფიცრებს სომხეთში.

მოსკოვში ევროპისა და აზიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმში ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობის გამო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქართულ ტელეარხებზე ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა, მაგრამ ცხარე დისკუსიებმა ტელეეკრანებიდან ინტერნეტსაიტებზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერნეტდისკუსიებში ამ სტატიის ავტორის გვარიც (როგორც მოსკოვში ჩასული ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის) ხშირად ფიგურირებს, არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, „კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ წინა ნომერში დაპირებული იმ საინტერესო დეტალების გაცნობას, რაც მოსკოვში ყოფნისას გავიგე.

ზემოხსენებულ ფორუმში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ სამხედრო დანაყოფებს მოჰყვებოდნენ სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების მოსამზადებლად. არაოფიციალურ საუბრებში მათ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს, რომლებმაც გადამწყვეტი, საბედისწერო როლი ითამაშა ქართული მხარისთვის.

ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა გაიხსენა ომის პირველ საათებში თავისი საუბარი რამდენიმე რუს გენერალთან - „გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით. ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა".

ამ სიტყვების გაგონებაზე გული დამიმძიმდა, რადგან გუშინდელმა მოწინააღმდეგემ თითქმის სიტყვასიტყვით ზუსტად გაგვიმეორა იმ საბედისწერო შეცდომების თანამიმდევრობა, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, უფრო სწორად, მათზე უდიდესი გავლენის მქონე პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა.

მეორე არანაკლებ საინტერესო დეტალი სხვა რუსი ჟურნალისტის მონათხრობიდან გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ მატკინა გული - თურმე 8 აგვისტოს დილას მოსკოვში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ერთი შენობიდან მეორეში გადადიოდა და, შესაბამისად, თითქმის მთლიანად მოშლილი იყო გენშტაბის რამდენიმე მთავარი სამმართველოს, მათ შორის სამობილიზაციოს, მუშაობის პროცესი.

მეტიც, არ ფუნქციონირებდა გენშტაბის დახურული კავშირისა და მართვის ძირითადი კომპონენტები, რის გამოც რუსეთის გენშტაბიდან ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქისა და 58-ე არმიის ხელმძღვანელობისთვის გაცემული ბრძანებების ადრესატამდე მისვლა 8-10 საათით იგვიანებდა, რის გამოც რუსი გენერლები იძულებულნი იყვნენ, ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებით, ღია კავშირით გაეცათ ბრძანებები.

ჩვენ მოწინააღმდეგის ვერც ეს სერიოზული სისუსტე გამოვიყენეთ.

და ერთიც: მოსკოვში ყოფნისას გავიგეთ, რომ რეფორმირების პროცესში მყოფი 58-ე არმიისა და, შესაბამისად, მასში შემავალი მე-19 მოტომსროლელი დივიზიის (ამ არმიის ბაზაზე ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ცალკეული ბრიგადა ყალიბდება) იმ ოფიცრების დიდი ნაწილი, ვინც აგვისტოს ომის დროს რეალური საბრძოლო გამოცდილება მიიღო, სომხეთში გადაჰყავთ.

ჯერ ძნელი სათქმელია, ამ ომგამოვლილი ოფიცრებით გაძლიერებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფების მთავარი  მიზანი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იერიშის მიტანის მზადება იქნება (2008 წლის 9 აგვისტოდან საქართველო-სომხეთის საზღვართან მობილიზებული იყო 50 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შესაბამისი ქვეითი დანაყოფების თანხლებით), თუ ამ რუს ოფიცრებს მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ეს ინფორმაცია უთუოდ ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის.

2005 წლის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ოქრუაშვილის „ჩაწოდებით", პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ სტატიის ავტორი ტელეეკრანიდან ერთ-ერთ პირველ „მარკოზაშვილად" მოიხსენია, თუმცა გავიდა ცოტა ხანი და გამოჩნდა, ვინ იყო მართალი. არა უშავს, დღესაც მოსკოვში ჟურნალისტური ვიზიტის გამო შეიძლება „ხელისუფლებასთან ჩახუტებულმა" ზოგ-ზოგიერთმა ჟურნალისტმა „თითქმის მოღალატის" იარლიყი მომაკერა, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ის მალე გამოჩნდება.