იმ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, რისთვისაც ვცდილობდით მიგვეღო დახმარება როგორც ჩრდილოეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებისაგან დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის განჭვრეტა ჩვენთვის დიდი ხანი შეუცნობელი აღმოჩნდა.
მართალია, ისეთი ევროპა, რომელსაც საქართველო ოსმალ-ირანელთა კლანჭებიდან რომ უნდა დაეხსნა, ბუნებაში არ არსებობდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპელებს, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, გარკვეული მიზნები არ ამოძრავებდათ.
4. დახმარების სანაცვლოდ მიღებული ახალი საფრთხე
გვიან შუა საუკუნეებსა და ახალი დროის დასაწყისში საქართველოს სამეფოთა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დიდ გასაჭირში ჩააყენა. მისი განსაცდელი კი ხელსაყრელი აღმოჩნდა კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობისათვის.
ევროპული ორიენტაციის მომხრე ქართული სამეფო-სამთავროთა ხელისუფალნი მფარველობდნენ და გარკვეულ დახმარებას უწევდნენ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებს: არქანჯელო ლამბერტის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის, პიეტრო დელა ვალეს და სხვებს, რომლებმაც ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს საქართველოსა და მისი კულტურისთვის.
ქართველების სიახლოვე მისიონერებთან, მართალია, თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა ერთმორწუნე რუსეთთან დაახლოებას, ერჩივნა, ჩვენთვის შორეულ და მიუწვდომელ კათოლიკურ ევროპასთან გვქონოდა ურთიერთობა.
საქართველოს კათოლიკური სამყაროს მოკავშირეობა სამხრეთელი “მეზობელი” იმპერიების წინააღმდეგ ბერკეტად სჭირდებოდა. ამით შეიძლება აიხსნას ბაგრატიონი მეფეების – ვახტაგნ V “შაჰნავაზი”-ს, გიორგი XI-ის, ვახტანგ VI-ის, თეიმურაზ I-ის მხარდაჭერა კათოლიკე მისიონერებისადმი და მათი შუამდგომლობით რომის პაპთან კონტაქტის დამყარება.
თუმცა ესეც არის, რომ ბევრი მათგანი: სულხან-საბა, ვახუშტი ბატონიშვილი, ვახტანგ VI... თანდათან კათოლიკური გავლენის სფეროში მოექცა.
სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არაერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკეებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონერები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როცა ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: “… გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო”, “…სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა “.
თავდაპირველად მესხეთ-ჯავახეთში XIII ს-ში შექმნილი კათოლიკური ეკლესია მომდევნო საუკუნეებში მეტ-ნაკლები წარმატებით იკაფავდა გზას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მის მხარეზე არც თუ იშვიათად მეფე-მთავრების გარდა, ეპისკოპოსები და კათალიკოსებიც კი გადადიოდნენ. ქართველ იერარქთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე განათლებულმა მღვდელმთავარმა - კათალიკოსმა ანტონ პირველმა - საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე 1755 წლის 12 დეკემბერს საჯაროდ აღიარა რომის პაპის პრიმატი და წმიდა სულის ძისაგანაც გამომავლობის დოგმატი, რის გამოც იგი განკვეთეს, დილეგში ჩააგდეს და მხოლოდ ცრემლით მონანიების შემდეგ დაუბრუნეს ხარისხი.
ასე, რომ ევროპისგან დახმარების მოლოდინში მყოფმა, მეფე-მთავრებისგან წახალისებულმა კათოლიკურმა მოძრაობამ გაძლიერებასთან ერთად, ქართველთა „გაკათოლიკების“ რეალური საფრთხე წარმოშვა.
მისიონერების ძლიერ მოძრაობას საქართველოს ეკლესიამ დაუპირისპირა იგივე იარაღი, რომლითაც აღჭურვილი იყო კულტურულად უფრო მძლავრი მოწინააღმდეგე - მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერებისთვის, მეტი განათლების შეტანა მრევლში, რათა მომძლავრებულს ღირსეულად განეგრძო ერის სულიერი და გონებრივი ცხოვრების საჭეთმპყრობლის მისია. ასეთ შემთხვევისთვის სახელმწიფოს „სწავლულმა კაცებმა“ ქართული ეკლესიის ღვაწლის წარმოსაჩენად, საჭიროდ ჩათვალეს „ქართლის ცხოვრების“ გამდიდრება საეკლესიო შინაარსის ჩანართებით. ამ მიზნით, მათ უაღრესად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, საეკლესიო მოღვაწეთა შორის საგანგებოდ შეარჩიეს ცალკეულ წმინდანთა ცხოვრება-წამებანი: პეტრე ქართველის, ცამეტი ასურელი მამის, შუშანიკის, დავით და კონსტანტინესი, გობრონის, ექვთიმე ქართველის....
ამ და სხვა სახის ქმედებებმა თანდათან შედეგი გამოიღო. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ „ქართველი საერო თუ საეკლესიო პოლიტიკური მოღვაწეები კათოლიკობაში უპირველეს ყოვლისა ევროპასთან პოლიტიკურ კავშირს ხედავდნენ. ნიშანდობლივია, რომ ყველა, ვინც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა ამ დროს ღიად ან კიდევ საიდუმლოდ კათოლიკობდა. ყოველ შემთხვევაში კათოლიკობის მომხრე იყო მეფე, კათალიკოსი, თავადი, ეპისკოპოსი, აზნაური, ბერი. ერთი სიტყვით ქართული ფეოდალური საზოგადოება მზად იყო „მიეღო კათოლიკობა”, თუ დასავლეთი ევროპა (რომი) რაიმე დახმარებას აღმოუჩენდა ოსმალო და ყიზილბაშ დამპყრობელთა კლანჭებში სულამოხუთულ ქართველ ხალხს”
აი ასეთ ვითარებაში, უსაშველოდ გაწელილ დროში, როცა ევროპიდან დახმარებაზე შეგვეძლო მხოლოდ გვეოცნება, რეალურად კი ქართველთა გაკათოლიკების საფრთის წინაშე დავდექით, მაჰმადიანური აღმოსავლეთის დამპყრობლებმა საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანეს. ჩვენ მოვწყდით გარე სამყაროს და სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით.
5. სამი ბატონის მსახური
განსაკუთრებით რუსეთთან დაახლოების გამო კახეთის მეფე რთულ მდგომარეობაში მოექცა: ერთი მხრივ, მას მოსკოვთან კავშირისა და ოსმალეთის „ორგულობისათვის“ სულთანი ემუქრებოდა. მეორე მხრივ, ირანის შაჰიც „მოღალატედ“ სთვლიდა ალექსანდრე მეფეს. ამავე დროს ხელშესახები რამ სანუგეშო კახეთისათვის მოსკოვის მეფესთან კავშირს არ მოჰყოლია.
ამიტომაც იყო, რომ ალექსანდრე რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაჟინებით სთხოვდა. რუსის ჯარმა დაღესტანის დამორჩილება ვერ შეძლო, შესაბამისად ვერ გაიხსნა თერგ-კახეთის გზა. 1604 წელს რუსეთის მეფემ საგანგებო რაზმი გამოგზავნა რომელსაც დაღესტანი უნდა დაეპყრო. რაზმმა მხოლოდ დაღესტანის ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილა, ისიც დროებით. სულ ეს იყო და ეს, ამით ამოიწურა ჩვენი ნაოცნებარი დახმარებაც.
პირველ ხანებში ალექსანდრე მეორე ახერხებდა ამ სამ სახელმწიფოს შორის ლავირებას და წონასწორობის შენარჩუნებას, მაგრამ როგორც ჩანს, ამ გამოცდილმა დიპლომატმაც კარგად ვერ გათვალა რისკები და დროულად ვერ ამოიცნო მტერი, რომელიც შაჰ აბასის სახით მოგევვლინა.
1587 წელს ირანში შაჰის ტახტი დაიკავა აბას მირზამ (შაჰ-აბასმა), ირანის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ. ამ კაცის, ბებიით შალიკაშვილის ნაშიერის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიასთან, ვინაიდან რუსული ორიენტაციით გამოწვეული პირველი და ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ შაჰ-აბასის შემოსევა იყო. ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა დასუსტებულ ირანში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რის შემდეგაც ირანი კვლავ გაძლიერდა. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშეს შაჰის კარზე დაწინაურებულმა ქართველებმა. სამხედრო რეფორმების ძირითადი გამტარებელი კი ალავერდი-ხანი იყო. გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე. ირანის სახელმწიფოს სამსახურში დაწინაურებულები იყვნენ ალავერდი-ხანის ვაჟებიც: იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი. შაჰ აბას I-ის კარზე სხვა ქართველებიც მოღვაწეობდნენ: სარდალი როსტომ სააკაძე, ხოსრო-მირზა (როსტომ-ხანი). ხოსრო მირზა ისპაჰანის მოურავი ანუ ტარუღი იყო. აღსანიშნავია, რომ ისპაჰანის ტარუღები ერთი საუკუნის მანძილზე ქართველები იყვნენ.
1603 წელს ირანმა ომი დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ. შაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის და კახეთის მეფეები. ალექსანდრე შაჰთან 1603 წლის ნოემბერში დიდი ყოყმანის შემდეგ გამოცხადდა რამაც ირანის მბრძანებელი მეტად განარისხა, თუმცა მისი გულის მოგება მაინც შეძლო. მან წასვლის წინ კახეთში შაჰის სახელზე ოქროს ფული მოაჭრევინა, რომელიც თან წაიღო და, როგორც მემატიანე გადმოგვცემს, აბასს ძველი სპარსული წესის მიხედვით თავზე გადააფრქვია. შაჰმაც ქართველი მეფეები გულუხვად დააჯილდოვა. ქართლის მეფეს - 300 თუმანი, კახეთის მეფეს კი 700 თუმანი და ამასთან ერთად, ძვირფასი ხალათები უბოძა. ცხადია, ეს უანგაროდ არ გაუკეთებია. სანაცვლოდ ქართლს ჩამოაჭრა სამხრეთის კარიბჭე - დებედას ხეობა და ქალაქი ლორე, ხოლო კახეთს - ჭარ-ბელაქანი, შემდგომში საინგილოს ტერიტორია. იქ შექმნა სასულთნოები, დაასახლა მუსლიმანური მოსახლეობა და ამით მაქსიმალურად მოშალა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
შაჰი კარგად ხედავდა რომ კახეთის მეფე რუსეთს კავკასიისკენ მოუწოდებდა, რაც ამ რეგიონიდან მისი გაძევებით დასრულდებოდა. ირანმა ოსმალეთი რუსეთის დახმარების გარეშე დაამარცხა, რის შემდეგაც შაჰმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ალექსანდრე II-სადმი. მან თავდაპირველად წინააღმდეგობა არ გაუწია ალექსანდრე მეორის კავშირს რუსეთთან. უფრო მეტიც, ის ფიქრობდა, რომ რუსეთს ოსმალეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა და ამაში ალექსანდრე მეორე უნდა დახმარებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსმალეთთან ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა, რუსეთი კავკასიაში უკვე მოცილედ წარმოესახა და, შესაბამისად, ალექსანდრეს პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში მისთვის მიუღებელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში კახეთში მუდმივად ჩამოდიოდნენ რუსი ელჩები, რაც ძალიან აღიზიანებდა შაჰს.
რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი, რომ 1604 წელს, ერევნის ციხის აღების შემდეგ, როცა შაჰმა ქართლის მეფე უკან დააბრუნა, კახეთის მეფე თან იახლა ირანში. ამით მას სურდა ეჩვენებინა ალექსანდრე მეორისთვის, რომ მის მიერ უკვე ახალი ძლიერი ირანი შეიქმნა და სამომავლოდ ანგარიში გაეწია ამ გარემოებისათვის. სამშობლოში დაბრუნებისას კი მამას, მისი გამაჰმადიანებული ვაჟი კონსტანტინე-მირზა გამოაყოლა. კონსტანტინეს სპარსეთში აღზრდის შედეგად, ქართული უკვე არაფერი ჰქონდა. მამასთან და კახეთთან მხოლოდ წარმომავლობა აკავშირებდა. შაჰის მიერ მისთვის საგანგებოდ მიჩენილ აღმზრდელ ხოჯას, ბატონიშვილი სასტიკ, დაუნდობელ პიროვნებად ექცია.
ეს ვითარება ძალიან კარგად აქვს ასახული შესანიშნავ ქართველ მწერალს ლევან გოთუას თავის „გმირთა ვარამში”. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა თუ როგორ ჩააბარა შაჰმა გამოცდილ აღმზრდელს – ხოჯას აღსაზრდელად უფლისწული. მან ხოჯა და კონსტანტინე დაიბარა და უსიტყვოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადასცა გულამოჭრილი საზამთრო. ამით სიმბოლურად ანიშნა აღმზრდელს, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას და როგორც ჩანს, ეს უკანასკნელიც მშვენივრად მიუხვდა. უფლისწული ისე იზრდებოდა, რომ ქართული სამყაროსგან სრულიად მოწყვიტეს და მშობლიური აბსოლუტურად აღარაფერი შეუნარჩუნეს.
აი ასეთი აღზრდილი გამაჰმადიანებული „შვილი“ გამოაყოლა სამშობლოში დაბრუნებულ ალექსანდრეს შაჰმა ყიზილბაშთა ჯარით. ამ ჯარს თითქოს შირვანში მდგარი ოსმალები უნდა დაემარცხებინა, სინამდვილეში კი დავალებული ჰქონდა კახეთის დაკავება და აქ კონსტანტინე-ხანის დასმა.
აღსანიშნავია, რომ ირანიდან დაბრუნებულ ალექსანდრეს შაჰმა კონსტანტინეს ხელით გამოტანებული საჩუქარი – ხალათი და გვირგვინი გადასცა, როგორც დიდი წყალობა. ხალათი ნიშნავდა, რომ მეფე ექცევა შაჰის პატრონაჟის ქვეშ, ხოლო ზედ დართული გვირგვინი – წყალობასთან ერთად, შაჰის ვასალობასაც მოასწავებდა. თუმცა, ეს დაჯილდოება და პატივი სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა.
6. მძიმე არჩევნის შედეგი
1605 წლის 8 მარტს მეფე ალექსანდრე ძეგამში ჩავიდა, 12 მარტს კი გათამაშდა ეს საშინელი ტრაგედია.
ახლა ორიოდე სიტყვა თავად ძეგამზე, როგორც კახეთის ისტორიულ დედაქალაქზე. დღევანდელი საინგილოს (აზერბაიჯანის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონები) მეცნიერული სახელია „აღმოსავლეთი კახეთი“ (იხ. ნ. ბერძენიშვილი და სხვანი). ძეგამიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა, დღევანდელი ზაქათალის რაიონში.
ძეგამში ჩასულ ალექსანდრეს დახვდა მისი პოლიტიკური კურსის გამზიარებელი და გამგრძელებელი უფროსი ვაჟი და თანამოსაყდრე გიორგი, ქართული ჯარით. თუმცა, რატომღაც, ძალიან ჩქარა, ალექსანდრემ და ბატონიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძეგამში უსაფრთხოდ იქნებოდნენ და მთლიანად დაითხოვეს ჯარი. მხოლოდ რამდენიმე დიდგვაროვანი და რუსი ელჩები დარჩნენ მათთან. შესაძლოა, ეს საქციელი მამა-შვილმა იმის დემონსტრირებისთვის გააკეთა, რომ ირანს დაენახა, როგორ იცავდა მათ რუსეთი.
საბედისწერო დღეს, 12 მარტის დილას, რუსი ელჩები უნდა შეხვედროდნენ კახელ მოხელეებს და როგორც ჩანს, ირანელების დასანახად, კიდევ რაღაც დოკუმენტისთვის უნდა მოეწერათ ხელი. სწორედ ამ დროს, კონსტანტინე-მირზამ ძეგამიდან მოშორებით დატოვებული ყიზილბაშთა ჯარი მოიხმო. ძეგამი ყიზილბაშთა გარემოცვაში აღმოჩნდა. კარავში, სადაც მეფე და გიორგი იმყოფებოდნენ, მივიდა კონსტანტინე. აქ რუსი ელჩების და კახელი მოხელეების მონაწილეობით უნდა გამართულიყო თათბირი. შაჰ აბასს რუსი ელჩების ვიზიტი ძალიან აღიზიანებდა და, როგორც ჩანს, ალექსანდრე მეორისა და ტახტის მემკვიდრის ლიკვიდაციის ბრძანებაც სწორედ ამის გამო გასცა. როგორც რუსი ელჩების ჩანაწერებში ჩანს, მათ გააფრთხილეს გიორგი ბატონიშვილი, რომ მის წინააღმდეგ უმცროსი ძმა შეთქმულებას ამზადებდა, მაგრამ მან ყურად არ იღო და აი, თათბირზე ცხარე კამათის დროს, რომელიც ქვეყნის ორიენტაციის საკითხს ეხებოდა, კონსტანტინე-მირზამ უცებ ხმალი იშიშვლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ძმას, გიორგი ბატონიშვილს. შვილს ხანდაზმული მამა ალექსანდრე მეორე გადაეფარა. კონსტანტინე-მირზამ არც მამა დაინდო. მეფესა და ტახტის მემკვიდრესთან ერთად სპარსელებმა ხმლით აკუწეს ეპისკოპოსი აბელ ანდრონიკაშვილი და კიდევ 5 თავადი, ვინც მათ მიეხმარა.
კონსტანტინე-მირზამ მამას და ძმას თავები მოაჭრა და შაჰ აბასს გაუგზავნა. ეს იყო ყველაზე შემზარავი ფაქტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში. უთავო გვამები კახელებმა ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.
ამის შემდეგ კონსტანტინე-მირზამ თავი მეფედ გამოაცხადა, თუმცა მისი მეფობა, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა ფორმალური იყო. ვინაიდან ის მუსლიმანი გახლდათ, მეფედ კურთხევის ცერემონია არ შემდგარა. რეალურად ის ირანის შაჰის მოხელე გახდა.
ხალხმა მამის მკვლელი კონსტანტინე მეფედ არ ისურვა და მის წინააღმდეგ აჯანყებისთვის სამზადისი დაიწყო. თავდაპირველად კახეთის იმდროინდელმა თავად-აზნაურობამ კონსტანტინე ბატონიშვილს თავი მოაჩვენეს თითქოს შეეგუენ თავიანთ მდგომარეობას, ფარულად კი შურიძიების გეგმებს აწყობდნენ.
ტახტის დაკავების შემდეგ კონსტანტინე-მირზამ დაიწყო ლაშქრობა შირვანში, სადაც სპარსულ ჯართან ერთად სამხედრო კონტინგენტი კახეთიდანაც წაიყვანა. მან თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა, მაგრამ მთავარი იერიში წარუმატებლად დასრულდა. შირვანის აღების პროცესი ჭიანურდებოდა. ამ დროს ლაშქრობაში მონაწილე ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ მამის მკვლელ ბატონიშვილზე შურის საძიებლად სასურველი მომენტი დადგა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, ღამით მოულოდნელად შეიჭრნენ მის კარავში, მაგრამ ბატონიშვილმა მოახერხა კარავი ხანჯლით გაეჭრა და გაქცეულიყო.
კონსტანტინე-მირზა შაჰთან წავიდა და ჯარი სთხოვა, მაგრამ შაჰი იმ დროს ოსმალებისგან იერიშს ელოდა და სათანადო დახმარება ვერ გაუწია. მან მაინც მოახერხა სპარსელთა გარკვეული რაოდენობის შეკრება, რითაც კახეთში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ საზღვართან აჯანყებული კახელები დახვდნენ. ამ აჯანყებას იდეურად და სულიერად ხელმძღვანელობდა ალექსანდრე მეორის გარდაცვლილი ვაჟის დავითის მეუღლე ქეთევანი, შემდეგში ცნობილი დედოფალი - ქეთევან წამებული. აჯანყებულებს ქართლიდან მიეშველა პაპუნა ამილახვარი თავისი ჯარით. კონსტანტინე-მირზა ბრძოლაში მოკლეს.
ასეთი შურისძიებით დასრულდა სამეფო ოჯახში მომხდარი ეს საშინელი უბედურება, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბის ტრაგედია წინ გველოდებოდა.
კონსტანტინე-მირზას მკვლელობა შაჰ აბასისთვის დიდი დანაკარგი იყო - ის იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო, ქეთევან დედოფლის მოთხოვნა შეესრულებინა და კახეთის სამეფო ტახტზე მისი შვილი, ალექსანდრე მეორის შვილიშვილი თეიმურაზ პირველი დაემტკიცებინა.
აღსანიშნავია, რომ XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი; 1606 წელს კი – თეიმურაზ პირველი. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თავად შაჰ აბასი ესწრებოდა კახეთის მეფის კორონაციას. ეს ალბათ უფრო იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანასთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებდა. მაგრამ ამას ძნელად თუ დაიჯერებდა ვინმე.
შაჰ-აბასმა ჯერ კიდევ ტახტზე ასვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთ-საქართველოს შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. მან სწორად შეაფასა სპარსეთისათვის მოსალოდნელი საფრთხე, თუ რუსეთი კავკასიაში დამკვიდრდებოდა. ამიტომ შაჰ-აბასმა პირველ ხანებში საფრთხის თავიდან ასაცილებლად სცადა მოესპო ის პირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა. როგორც ვნახეთ, საკუთარი შვილის ხელით მან 1605 წელს სიცოცხლეს გამოასალმა რუსული ორიენტაციის მომხრე, კახთა მეფე ალექსანდრე II. ნელმოქმედი საწამლავით მოუღო ბოლო, აგრეთვე, რუსეთის მოტრფიალე ქართლის მეფე გიორგი X-ს. მაგრამ მისმა ქმედებამ შედეგი მაინც ვერ გამოიღო. ალექსანდრეს შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილიშვილი თეიმურაზ I, ხოლო ქართლში გამეფდება ლუარსაბ II, რომლებიც კვლავ რუსულ ორიენტაციას მიჰყვებიან.
1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ამით ისარგებლა შაჰ-აბასმა და 1614-17 წლებში პირადად ოთხჯერ ილაშქრა კახეთზე. ამ ლაშქრობების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინლად აოხრდა და განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისთვის. 100 ათასი ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან უთანასწორო ბრძოლებში. 200 ათასი დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარანში და ფერეიდანში ჩაასახლა. დღემდე მხოლოდ ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გამუსულმანდნენ. ფერეიდნელმა ქართველებმა იციან თავიანთი ისტორია და იციან, რომ მათი სამშობლო საქართველოა. გადასახლებული ქართველების ადგილზე მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყეს.
შაჰ-აბასის მიერ კახეთის დარბევაზე ცნობას გვაწვდის XVII საუკუნის სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში. ის აღნიშნავს: „შაჰმა გამოგზავნა დიდი ლაშქარი კახეთის მოსასპობად. ლაშქრის სარდლებს დაევალათ, რომ ყოველი მხრიდან ალყაში მოექციათ ურწმუნო ქართველები და მამაკაცები გაეჟლიტათ, ხოლო ქალები და ბავშვები და მათი ქონება ნადავლად ეგდოთ ხელთ. იუსუფ ხანი და შირვანელი ამირები აღმოსავლეთით, ძეგამის მხრიდან მოდიოდნენ. მათ ძეგამში კვალიც არ დატოვეს მოსახლეობისა. ასევე, მთელ კახეთში. ასეთი ხოცვა-რბევა ქრისტიანებისა არ გაგონილა ისლამის გაჩენიდან “.
7. რას შეეწირა კახეთი?
ახლა არ იკითხავთ რას შეეწირა ჩვენი სამშობლოს ეს ულამაზესი და იმხანად სხვა სამეფო-სამთავროებს შორის ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ყველაზე დაწინაურებული მხარე? მაშინ პასუხის მისაღებად გადავინაცვლოთ დროში და იმ ქვეყნის თანადროული ისტორიით დავინტერესდეთ, ვის იმედადაც გავიღეთ ასეთი მსხვერპლი.
თავად რუსეთის ისტორიისთვის ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი, „შფოთის წლების“ სახელით რომ არის ცნობილი. ამ დროს რუსებს სხვისი გადარჩენა კი არა, საკუთარი თავი და სამშობლო ჰქონდათ გადასარჩენი. მოვლენები კი ასე განვითარდა:
1584 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და გონებასუსტი ვაჟი თეოდორე ივანეს ძე. თეოდორე ივანეს ძის მეფობის დროს რუსეთს ფაქტობრივად მართავდა ბორის გოდუნოვი.
1591 წელს ქალაქ უგლიჩში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტახტის მემკვიდრე 8 წლის დიმიტრი ივანეს ძე. უშულოდ თეოდორე ივანის ძის გარდაცვალების შემდეგ ერობის კრებამ მეფედ აირჩია ბორის გოდუნოვი.
ბეგარა-გადასახადებით შევიწროებული გლეხები და ქალაქის ღარიბები გარბოდნენ დონის და ვოლგის გაღმა, სადაც ისინი თავისუფლ კაზაკებად იქცეოდნენ. ქალაქების გაუკაცრიელების თავიდან აცილების მიზნით გლეხებს და დაბალ ფენის წარმომადგენლებს აეკრძალათ ქალაქის დატოვება მოხდა მათი დაყმევება. ბორის გოდუნოვის მეფობის დროს ევროპასთან დაახლოების გზები გამოიკვეთა. მეფეს სურდა ქალაქებში უნივერსიტეტების დაარსება და სტუდენტების სასწავლებლად ევროპაში გაშვება. გოდუნოვის მეფობის დასაწყისს დაემთხვა მოუსავლიანობა რუსეთში. მთელ ქვეყანაში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა ხალხი ლაპარაკობდა რომ ქვეყანას ღმერთი სჯის უკანონო მეფის გამო. გავრცელდა ხმები, რომ კაზაკებთან იმყოფებოდა უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე. ეს იყო თვითმარქვია ბერი გრიგოლ ოტრიპეევი, რომელიც პოლონეთში გაიქცა.
1604 წელს ცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა რომ ეს ნამდვილად ტახტის მემკვიდრე იყო და უერთდებოდა ცრუ დიმიტრის რაზმებს. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი, გამეფდა მისი 16 წლის თედორე II, რომელიც ჭკვიანიც იყო და განათლებულიც, მაგრამ მას მეფობა არ ეწერა რადგან, იმავე წელს ცრუ დიმიტრი შევიდა მოსკოვში ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.
1606 წლიდან რუსეთში მეფობს ვასილი შუისკი, რიურიკების დინასტიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. 1607 წლის ოქტომბერში ბოლოტნიკოვის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გამოჩნდა ტახტის ახალი პრედენტენტი ცრუ დიმიტრი II. 1608 წელს შუისკი მასთან დამარცხების შემდეგ, თავის მთავრობასთან ერთად მოსკოვში ჩაიკეტა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ალტერნატიული დედაქალაქი ტუშინსკის ბანაკი, სადაც მეფის მოწინააღმდეგეებმა მოიყარეს თავი. დაიკარგა რეგიონებზე კონტროლი. ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. შვედებთან ერთად ამ დროს გააქტიურდნენ პოლონელებიც.
1609 წელს პოლონეთ - ლიტვის მეფე სიგიზმუნდ III, რუსეთში შეიჭრა. მასთან დამარცხების შემდეგ, ისედაც ხალხში არაპოპულარული მეფე ვასილი შუისკი ტახტიდან ჩამოაგდეს. მას აიძულებდნენ ბერად შედგომას. 1610 წელს მისგან უარის მიღების გამო მისმა ბოიარებმა საკუთარი მეფე პოლონელ გეტმანს გადასცეს. იგი ძმებთან ერთად გააგზავნეს ჯერ სმოლენსკში, ხოლო შემდეგ პოლონეთში, სადაც 1612 წელს ტყვეობაში გარდაიცვალა.
ხელისუფლების სათავეში მყოფმა ბოიარებმა რუსეთის სამეფო ტახტზე მიიწვიეს პოლონეთის მეფის ვაჟი ვლადისლავ IV. პოლონელები მოსკოვში შევიდნენ, იმავე წელს რუსეთი დალაშქრეს შვედებმაც.
მაშინ, როდესაც ბოიარები პოლონელებთან გარიგებებს აწარმოებდნენ რუსი ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. მალე მოსკოვის ქუჩებში ბრძოლები გაჩაღდა ნიჟნი ნოვგოროდში ერობის მამასახლისის კუზმა მინინის და თავადი დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით შეიქმნა სახალხო ლაშქარი. მათ მიზნად დაისახეს სამშობლოს ინტერვენტთაგან გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს რუსეთის ჩრდილოეთი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.
რუსეთმა კი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე. ინტერვენციამ რუსეთი გააჩანაგა.
1613 წლის თებერვალში გაიმართა ერობის კრება, რომელმაც ერთხმად აირჩია მეფედ 16 წლის მიხეილ I რომანოვი. ახალი მეფე ყველასთვის სასურველი აღმოჩნდა და ამიტომ თანხმობის და სიმშვიდის მისაღწევად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. რუსეთში მოხდა სამეფო ტახტზე, ახალი დინასტიის, რომანოვების დამკვიდრება, რომელმაც 1917 წლამდე იარსება.
ამ დროისთვის მოსკოვი გაპარტახებული იყო, თუმცა ქვეყანაში აღარ თარეშობდნენ პოლონელები და შვედები, რის შედეგადაც ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცა. რომანოვთა მმართველობის დასაწყისში ცენტრალური ხელისუფლება დროებით შესუსტდა. ხშირად იმართებოდა ერობის კრება, კრება წყვეტდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. რუსეთს გაძლიერებისათვის დრო სჭირდებოდა. ეს დრო კი ჩვენთვის არ მუშაობდა.
ასე რომ დროის იმ მონაკვეთისათვის, როდესაც ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოებისთვის, სპარსელთა მძვინვარებას ქართ-კახეთი ფიზიკურად ეწირებოდა, რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში რეალურ ძალას არ წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა სხვა ჩვენს მეზობლებთან შედარებით, ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო. მართლმადიდებლობა კი უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ასე ესმოდათ იმ 200 ათას ქართველს, სამშობლო რომ დაკარგა სამუდამოდ. ათეულ ათასობით მოკლულზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ცხადია, ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას, რადგან რუსეთი, მსგავსად იმ ბიზანტიისა, რომლის მემკვიდრედაც მიაჩნდა თავი, ერთმორწმუნე მეზობელ ხალხებს მართლმადიდებლობას მხოლოდ მაშინ ახსენებდა, როდესაც მიზანი ჰქონდა მისაღწევი.
რუსეთი ახალი განთავისუფლებული იყო მონღოლთა ბატონობისაგან და ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომ ჩნდება „მოსკოვი - მესამე რომის“ იმპერიული დოქტრინა, რომელიც მოსკოვის დიდი მთავრის ვისილი III-ისადმი მიწერილ წერილში, ფსკოვის ელიზარის მონასტრის ბერმა ფილოფეიმ ასე ჩამოაყალიბა: „ორი რომი დაეცა, მესამე [რომი-მოსკოვი] დგას, მეოთხე [რომი] აღარ იქნება “.
„მესამე რომი,“ ანუ მოსკოვი, თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა. რუსეთის ხელისუფლების მისწრაფება ცნობილი იყო მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის, საქართველოშიც.
თუ რეალურად შევაფასებთ იმდროიდელ პოლიტიკურ ვითარებას, ამ ფონზე ქართველ მეფეთა წინადადებები და მოწოდებანი, როგორც ევროპული სახელმწიფოებისადმი, ისე მრავალმხრივი მცდელობა ჯერაც ჩამოუყალიბებელ რუსეთის სახელმწიფოსთან მოკავშირეობისათვის, რბილად რომ ვთქვათ, უფრო გულუბრყვილობის და ნაკლებად პრაგმატულობის ელფერს ტოვებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართული სახელმწიფოების პირველ პირებს, რომელთაც ირან-ოსმალეთთან ურთიერთობაში დღენიადაგ ბეწვის ხიდზე უწევდათ გავლა, იმჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაზე ჰქონოდათ ასეთი მიამიტური წარმოდგენა. აქ, ვფიქრობ, უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორთან უნდა გვქონდეს საქმე და, ბუნებრივია, ახლებურ ასპექტში ითხოვს წარმოჩენას. ცხადია, რომ ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მნიშვნელობის გაიდიალება, როგორც საშუალება არსებული სინამდვილისაგან მოწყვეტისა, დამპყრობელთა კლანჭებში მოქცეულ ქართველ ერს ჰაერივით სჭირდებოდა სულის მხნეობისთვის.
ვწერ ამ სტრიქონებს და მახსენდება გენიალური ანატოლ ფრანსის სიტყვები: „მიყვარს სიმართლე. მგონია, რომ კაცობრიობას ის სჭირდება; მაგრამ კიდევ უფრო მეტად საჭიროებს თურმე სიცრუეს, რომელიც მას ეპირფერება, ამშვიდებს და უსასრულოდ აიმედებს. სიცრუის გარეშე ის დაიღუპებოდა უიმედობით “.