პაკო დე ლუსია - მუსიკოსი ყველა გემოვნებისთვის

პაკო დე ლუსია - მუსიკოსი ყველა გემოვნებისთვის

როდესაც საუბარი ჩამოვარდება გიტარის სრულყოფილების შესახებ და მუსიკის მოყვარულთ გონებაში ამ ინსტრუმენტის დიდოსტატთა ჩამონათვალის გაკეთება გვიხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ გაფილტვრას, სუბიექტურობის გვერდზე გადადებას და ისეთი სახელების წარმოჩენას, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებას მოერგებოდა, რა თქმა უნდა თვით მუსიკოსის გემოვნებისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ამ დღეებში მუსიკალური სამყარო ერთ ასეთ გიგანტს – პაკო დე ლუსიას გამოეთხოვა. მუსიკოსმა სულ 66 წელიწადს იცოცხლა და წარუშლელი კვალი დატოვა ნებისმიერი კატეგორიის მსმენელის მეხსიერებაში.

მუსიკის გურმანი ვერასოდეს აუვლის გვერდს მის სისხლში გამჯდარ თვითმყოფადობას, ინსტუმენტის ფლობის საოცარ ტექნიკას, მგრძნობელობას, მუსიკის სიჩუმით წარმოჩენით ხელოვნებასა თუ უბრალოდ დახვეწილობას, რაც გამოიხატება პაკოს აღებულ ნებისმიერ აკორდსა თუ გარეგნულ სახეში.

ბოშურ–ესპანური წარმოშობის პაკო დე ლუსიას, რიტმის გრძნობა, რომ იტყვიან ძვალ რბილში ჰქონდა გამჯდარი. ინსტრუმენტს უკვე ხუთი წლის ასაკში ეუფლებოდა და მამის დამსახურებით ფლამენკო რიტმის ყოველგვარი ვარიაცია, ყრმობაშივე ჰქონდა შესწავლილი და გათავისებული.

დანარჩენი მხოლოდ დროის ამბავი იყო. ადრეულ ასაკშივე გამომუშავებული საოცარი შრომისუნარიანობა მომავალში პაკო დე ლუსიას დაეხმარა იმპროვიზაციის პრაქტიკულად შეუზღუდავი არეალის გამომუშავებაში. ეს კი მუსიკოსს არამარტო   ფლამენკო გიტარის მსოფლიო დონეზე გახმაურებაში, არამედ სხვადასხვა ჟანრის გენიოს გიტარისტებთან შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარა.

ყველაფერი გაცილებით ადრე, ფრანკოს დროინდელ ესპანეთში დაიწყო, სადაც ფლამენკო გიტარის მომავალი ვარსკვლავი ფრანსისკო სანჩეს გომესი 1947 წლის 21 დეკემბერს (სტალინის და ფრენკ ზაპას დაბადების დღეებიცაა) კადისის პროვინციის პატარა ქალაქ ალხესირასში დაიბადა. იგი ხუთ შვილიან ოჯახში უმცროსი ძმა იყო. მამა – ანტონიო სანჩესი ცნობილი ფლამენკო გიტარისტი გახლდათ. მან ფრანსისკოში პატარაობიდანვე განჭვრიტა დიდი მუსიკოსი და თავიდანვე შეუდგა ბიჭის მუსიკალურ აღზრდას.

შრომამ ნაყოფი უკვე 1961 წლისთვის გამოიღო, როდესაც პაკომ თავისი პირველი ჩანაწერები გააკეთა უფროს ძმასთან, ხოლო სულ მალე კი გიტარისტ რიკარდო მოდრეგოსთან ერთად, ტრადიციული ფლამენკოს სტილში.

მალე ახალგაზრდა მუსიკოსმა საკუთარ თავში ძალები ირწმუნა, დიდი რისკის ფასად რეპერტუარის შექმნა თავად დაიწყო და 1967 წელს მსოფლიო მუსიკალურ მარკეტზე მისი სადებიუტო ალბომი La Fabulosa Guitarra de Paco de Lucia გამოჩნდა.

ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი პოპ მუსიკის ეპოქაში. ერთმანეთს ავსებდნენ The Beatles და ბადი გაი, The Doors და მაილს დევისი, ჯო კოლტრეინი და არეტა ფრანკლინი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯეიმს ბრაუნი...

მუსიკა ექსპერიმენტულ იერს და დროთა განმავლობაში საოცარ გლობალურობას იძენდა, რაც თუნდაც The Beatles–ის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა ჯაზურმა იმპროვიზაციებმა ცხადყო.

ბუნებრივია, რომ ამგვარი „გლობალიზაცია“ პაკო დე ლუსიასაც ვერ აუვლიდა გვერდს და მისი პერსონით სოციალისტურ გერმანიაში ამავე 1967 წელს გამართულ ჯაზ ფესტივალზე, მაილს დევისი და თელონიუს მონკი დაინტერესდნენ.

მალე პაკო თავის პირველ ევროპულ ტურნეში ჯგუფ Festival Flamenco Gitano-თან ერთად გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ათწლიანი თანამშრომლობა მომღერალ კამარონ დე ლა ილასთან, რომელთან ერთადაც გიტარის დიდოსტატმა ათი ალბომი ჩაწერა.

ამ ჩანაწერებმა პაკო დე ლუსია თვითმყოფადობით მსოფლიოს უდიდესი ექსპერიმენტატორი არტისტების – ფრენკ ზაპას, ჯონ მაკლაფლინის, მაილს დევისისა თუ სხვათა გვერდში დააყენა.

უკვე გარდუვალი იყო მსოფლიოს უდიდეს გიტარისტებთან ერთობლივი ალბომები. თავდაპირველად საზოგადოებამ დიდებული ტრიო მაკლაფლინი, პაკო დე ლუსია, ლარი კორიელი იხილა. მალე ეს უკანასკნელი ალდი მეოლამ შეცვალა და 1981 წელს მუსიკალურ სამყაროს მოევლინა ალ დი მეოლას, ჯონ მაკლაფლინისა და პაკო დე ლუსიას დიდებული საკონცერტო ნამუშევარი Friday Night In San Francisco.

გიტარის დიდოსტატები ნამდვილ აკუსტიკურ ზეიმს აწყობენ და საოცარი საშემსრულებლო ოსტატობის მიღმა წინასწარმეტყველურად ჭვრეტენ აკუსტიკური მუსიკის საბოლოო გამარჯვებას, ანუ ადამიანში ბუნებრივობის უპირატესობას ყოველგვარ ელექტრიფიცირებულზე.

სინთეზატორების ზეობის ეპოქაში ჩაწერილი Friday Night In San Francisco, დღესდღეობით – DJ-კომპიუტერული მუსიკის ეპოქაში მით მეტ აქტუალობას იძენს, რადგან წამითაც კი არ ჟღერს მოძველებულად. ბილბორდის ჯაზურ ჩარტებში ნამუშევარმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ასეთმა მუსიკალურმა კავშირებმა განაპირობა პაკო დე ლუსიას ფლამენკო სტილის ჯაზურ და კლასიკურ მიმდინარეობებთან შერწყმა, რაც აისახა მის მიერ 1981 წელს  ჩამოყალიბებულ სექსტეტში, სადაც მისი ძმები რამონი და პეპეც ღებულობდნენ მონაწილეობას.

პაკო დე ლუსია თავმდაბლურად აღნიშნავდა ზოგიერთის აზრის მცდარობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ალ დი მეოლა და მაკლაფლინი მისგან შეისწავლიდნენ ბევრ რამეს;  იგი აღნიშნავდა, რომ მას არაფრის „სწავლება“ არ შეეძლო, რადგან „ვერასოდეს ერკვეოდა ჰარმონიაში“ და პირიქით მას აქეთ ჰქონდა სასწავლი მათგან...

ვისაც თუნდაც ნანახი აქვს პაკოს მონაწილეობით (და ბუნებრივია დაკვრით) კარლოს საურას 1983 წლის გახმაურებული ფილმი „კარმენი“, რომელშიც მოვლენები ელვისებრი სისწრაფით ვითარდება და ფინალი ტრადიციული სცენარით ვითარდება, ცოტა გაუჭირდება ამ აზრის სისწორესთან დათანხმება...

გასული საუკუნეების 80–იანი წლები პაკომ რომ უმტკივნეულოდ განვლო და მისი რეპერტუარი არ დამახინჯებულა, როგორც მისმა სექსტეტმა, ასევე სოლო ალბომმა Siroco ცხადყო.

90–იან წლებში სექსტეტმა იერი იცვალა დაც ახლადჩამოყალიბებული კოლექტივი ჩიკ კორეამაც გაამდიდრა განუმეორებელი ხელწერით. ალბომი Zyryab აღმოსავლური მუსიკის, ფლამენკოსა და ჯაზის დიდებული შერწყმის მაგალითი აღმოჩნდა.

ბოლო წლებში პაკოს სტუდიური მოღვაწეობა იმდენად ნაყოფიერი აღარ ყოფილა, მაგრამ მან სხვადასხვა ქვეყნის მრავალი უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ჯილდო დაიმსახურა. ბუნებრივია, რომ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა პაკო დე ლუსიას მშობლიურ ქალაქ ალხესირასის მერის სიტყვები – „გარდაცვალება მას ლეგენდად აქცევსო“. ალხესირასში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენ კი მოდით ამიერიდან წელიწადში სამი დღით მაინც დავტკბეთ ხოლმე საოცარი მუსიკოსის რეპერტუარით...