ქართველი ექსპერტები უახლოეს მომავალში ქვეყნის მეწყერით წალეკვას წინასწარმეტყველებენ.
მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს აუქციონის მიმდინარეობაზე არ უმოქმედია. სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების 10-წლიანი 6 ლიცენზია 797 359 ლარად გაყიდა.
აუქციონზე შემდეგი ლიცენზიები გაიყიდა: კახეთი - თელავის სატყეო უბანი, საერთო ფართობი - 1127 ჰა (შეიძინა შპს „ქომე"-მ), შიდა ქართლი - ხაშურის სატყეო უბანი, საექსპლოატაციო ფართობი 348,8 ჰა (357 931 ლარად ერთ-ერთმა ინდმეწარმემ შეიძინა).
ადიგენის სატყეო უბნის მფლობელი (60,8 ჰა - გასაყიდი ფასი 44 792 ლარი) შპ-ს „ტაო" გახდა. იმერეთი - საჩხერეს სატყეო უბანი (საერთო ფართობი - 963 ჰა ფასი 201 309 ლარი) შპს „ინტერნეიშენალ ტიმბერ პროდიუსინგ კომპანიმ" შეიძინა და ასე შემდეგ.
აუქციონზე სულ 15 ლოტი გავიდა რაჭა-ლეჩხუმის, ზემო სვანეთის (5 ლოტი), კახეთის (3 ლოტი), მცხეთა-მთიანეთის (2 ლოტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (2 ლოტი), სამცხე-ჯავახეთის (1 ლოტი), შიდა ქართლის (1 ლოტი) და იმერეთის (1 ლოტი) რეგიონალური სატყეო სამმართველოებიდან. ყველაზე მაღალ ფასად შიდა ქართლში, ხაშურის სატყეო უბნის ძამას ყოფილი სატყეოს ლიცენზია გაიყიდა - 357 931 ლარი. დანარჩენ 9 ობიექტზე სამინისტროში აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი არ შესულა.
სალიცენზიო პირობებისა და სარგებლობისთვის განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა. კონკრეტულად დაიცვას ტერიტორია უკანონო ტყითსარგებლობისგან და სხვა.
ასევე სხვა საკითხებთან ერთად იგი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოებულ სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში არანაკლებ 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს.
ლეიბორისტულმა პარტიამ ეკონომიკის სამინისტროში ტყით გრძელვადიანი სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის ჩატარება, გუშინ, დილიდანვე გააპროტესტა.
„ჩვენი ტყეების გაჩეხვის უფლება არ აქვთ, უტყეოდ დარჩენილი მთები აღარ შეივსება, ხალხი ვერ იცხოვრებს, ვეღარ გაიზრდება მომავალი ნიჭიერი თაობა, ხელისუფლება მალე შეიცვლება და ტყის გამყიდველნი ციხეში წავლენ. სააკაშვილის გულის გასატეხად 300-წლოვანი ხეები მედგრად დგანან. პოლოლიკაშვილი მხოლოდ იმიტომ ჩამოიყვანეს ესპანეთიდან, რომ ესპანეთში ჩასულთ იგი კარგად უმასპინძლდებოდა. ახლა ჩვენ შევეცდებით დავესწროთ ეკონომიკის სამინისტროში ტყის გაყიდვის აუქციონს და ჩავშალოთ იგი“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს დარბაზში აუქციონის მომლოდინეებს ნათელაშვილმა მოუწოდა დაეტოვებინათ დარბაზი და ხაზი გაუსვა, რომ ამით ისინი სამამულო საქმეს გააკეთებდნენ. ამგვარი მოწოდების შემდეგ, აუქციონში მონაწილე ნოდარ ალაიდინმა სხდომა დატოვა. იმ მოტივით, რომ იგი ქართველ ხალხს ვერ დაუპირისპირდება.
ლეიბორისტული პარტიის წევრები მოითხოვენ, შეწყდეს ტყის რესურსების გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა ტყის გამყიდველ-მყიდველი სათანადოთ დაისჯება და ციხეში ჩაჯდება.
ლეიბორისტული პარტიის აქციას, სოლიდარობის ნიშნად, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა.
„დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და შეწყვიტოს საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვა. მივესალმები ბატონი ალაიდინის ნაბიჯს და ვიმედოვნებ, რომ სხდომას აუქციონში მონაწილე სხვა პირებიც დატოვებენ“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში „ტყისა და ქვეყნის გამყიდველი" კახა ბენდუქიძის გავლენა ისევ მაღალია. „ბენდუქიძის ინტერესებს ახორციელებს მასთან დაახლოებული პირი, ზვიად ჭეიშვილი. ბენდუქიძესთან უაღრესად დაახლოებული ეს პირი ჯერ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, შემდეგ სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ტყითსარგებლობის სფეროს კურირებდა. ახლა კი იგი საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ტყის მომპოვებელი ჩინური კომპანიის „ჯორჯიან ვუდ ენდ ინდასტრიალ დეველოპმენტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„მწვანეების" ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ტყის კოდექსის მიხედვით კადასტრი უნდა ჩატარებულიყო, ხოლო ინვენტარიზაცია მისი შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, მისი თქმით, ეს აუქციონი ისევ უკანონოა. გარდა ამისა, გაჩეჩილაძეს ეჭვი ეპარება, რომ ასე მოკლე ხანში ამ რაოდენობის ფართობების სრულყოფილი ინვენტარიზაცია მომხდარიყო.
„ეს არის კატასტროფა. ტყეების მასიური გასხვისება, ისევ ბენდუქიძის სცენარით გრძელდება. იმის შემდეგ, როდესაც რაჭაში მიწისძვრა მოხდა, მეწყერული ზონები წარმოიშვა. იქ ტყეების გასხვისება, გაჩეხვა-განადგურება, როგორ შეიძლება. ესენი კი ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, ტყის კოდექსის მიხედვით, კადასტრი უნდა ჩატარებულიყო, ინვენტარიზაცია მისი შემადგენელი ნაწილია, თუმცა არც ის მგონია, რომ ამ რაოდენობის ფართობებზე, ასეთ მოკლე ხანში, ინვენტარიზაცია მოხდა“, - ამბობს გაჩეჩილაძე.
ასე რომ, დეტალური გამოკვლევების გარეშე, ხშირი მეწყერებისა და ნიადაგის ეროზიის ფონზე, ტყეების გასხვისება წარმატებით მიმდინარეობს.