„ლეგენდარული“ 9-ე ბლოკის „ეპოპეა“

„ლეგენდარული“ 9-ე ბლოკის „ეპოპეა“

მიიწურა სექტემბერი. სულ მალე მორიგი „თბილისური ზამთარი“ დადგება ყველა თანამდევი სირთულითა და პრობლემით. თუ იმ სიმპტომების მიხედვით ვიმჯელებთ, რომელიც შემოდგომაზევე შეიმჩნევა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ზამთარი შარშანდელზე უკეთესი ნამდვილად არ იქნება.

ისევე როგორც შარშან, „სათბობენერგეტიკული კომპლექსის“ ხელმძღვანელობა კვლავინდებურად აცხადებს რომ ყველაფერი რიგზეა, ჰიდროელექტროსადგურებში წყლის საკმაო მარაგია. თბილისის მეცხრე ბლოკის შეკეთება მთავრდება და ა.შ.

მე-9 ბლოკის შეკეთება „მთავრდება“ 1995 წლის ნოემბრის შემდეგ. ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმაც კი აღნიშნა რამდენჯერმე, რომ „ქვაბი დაინთო“, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მე-9 ბლოკი ისევ სარემონტო ყოფილა და მისი შეკეთება შეიძლება 1997 წლის ნოემბრამდე დასრულდეს.

რაც შეეხება ენგურჰესს, როგორც ცნობილია მისი ჩამრთველი აფხაზების ხელშია. ამდენად, დასავლეთ საქართველოდან ელექტროენერგიის მოწოდება ვლადისლავ არძინბას კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რუსეთი სთავაზობს საქართველოს ელექტროსისტემის აქციონირებას. მოითხოვს საკონტროლო სისტემის პაკეტს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწვდის საქართველოს ელექტროენერგიას 3 თეთრად.

პოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ საშიშია, მაგრამ ეკონომიკურმა ცდუნებამ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება თავისი გაიტანოს. რაც შეეხება ბაზრის დემონოპოლიზაციასა და რესტრუქტურიზაციას, ზუბიტაშვილმა შეიმუშავა ფორმალურად იდეალური პროექტი, რომელსაც ასრულება არ უწერია. პროექტი ითვალისწინებს ენერგეტიკის რამდენიმე სხვადასხვა ქვესისტემის პრივატიზებას, მაგრამ ეს აბსოლუტურად არარეალურია. ტყუილად გვგონია, რომ მოსალოდნელი მოგება აამაღლებს შრომის ნაყოფიერებას. სინამდვილეში ამ გეგმის განხორციელება საერთოდ უმართავს გახდის ვითარებას. კერძო ინიციატივა მხოლოდ შრომის განსაკუთრებული კულტურის პირობებში იძლევა შედეგს. ევროპელი შრომობს არა იმიტომ, რომ მოგება მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ შრომა და დაგროვება მისი სულიერი მოთხოვნილებაა.

სამაგიეროდ, 1996-97 წლების ზამთარი კვლავ იქცევა პოლიტიკური ინტრიგების პერიოდად: ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკა ხელისუფლებისათვის ბრძოლის იარაღი იყო. „ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა კავშირი“ (ჯაბა იოსელიანის გამოთქმა) ვინ არ გამოიყენა არგუმენტად მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, სოციალურმა პრობლემატიკამ არა და არ შეიძინა საქართველოში პოლიტიკური შეფერილობა. ამდენად, უშუქობით გაწამებული მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა და ხელისუფლებასთან დაპირისპირება ვერავინ შეძლო, ქუჩების დროებით გადაკეტვა კი მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის სტიქიური გამოვლინება იყო, რომელსაც ხელისუფლება ადვილად არეგულირებდა.

პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრი დავით ზუბიტაშვილი ცუდად მუშაობს. ეს „ყვითელი ბარათია“, ანუ, საბრალდებო დასკვნა. თუ მის მიერვე შემუშავებული პროექტის თუნდაც ნაწილობრივი განხორციელება ვერ მოხერხდა, განაჩენიც არ დააყოვნებს და მე-9 ბლოკის ჩართვას „საქენერგოს“ დღევანდელი ხელმძღვანელი ვეღარ მოესწრება. ყოველ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე.