დასავლეთ საქართველოში ამტყდარმა შიდაომებმა სამეგრელო დაასუსტა, რის შემდეგაც აფხაზებმა საზღვრები მდინარე ენგურამდე გადმოსწიეს. გვესაუბრებიან ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ანჩაბაძე და გენეალოგი იური ჩიქოვანი.
იური ჩიქოვანი:
- მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა (1611–1657) განიზრახა, გადმოეგდო იმერეთის მეფე გიორგი მესამე და დაეკავებინა მისი ტახტი. ამ მიზნით დაუკავშირდა აფხაზებს, გურულებსა და სვანებს. აფხაზებთან კავშირი გამყარდა ლევანის დაქორწინებით აფხაზეთის მფლობელის - შერვაშიძის ქალიშვილთან. კათოლიკე მისიონერ ლამბერტის ცნობით, აფხაზი ქალბატონი ბუნებრივ სილამაზესთან ერთად ყველა კეთილი თვისებით იყო შემკული, რაც მის გვარს შეეფერებოდა. ქარგვა, კითხვა, წერა, გულუხვობა - ამ ყველაფერში თანასწორი არ ჰყავდა. ასე რომ, თავისი კეთილშობილებით დაქვემდებარებულთა გულებიც მიიზიდა.
ლევან მეორემ-მ მოახერხა იმერეთის მეფის დამარცხება?
- 1623 წელს აფხაზ მეომართა დახმარებით, ლევან მეორე შეიჭრა იმერეთში, დაამარცხა გიორგი მესამე, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. თუმცა, ამის შემდეგ მალე გადაწყვიტა, დაემორჩილებინა ყველა თავისი მეზობელი, ამიტომაც უეცრად თავს დაესხა თავის გუშინდელ მოკავშირე შერვაშიძეს.
როგორ დამკვიდრდნენ აფხაზები სამეგრელოს ტერიტორიაზე?
- მეგრელ და აფხაზ მთავრებს შორის ხანგრძლივი ომი გაიმართა, რომელიც ლევანის სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. თუმცა, თუ ლევანის დროს სამეგრელოს სამთავრო ძლიერი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. შიდა არეულობა დაიწყო, იმერელმა და აფხაზმა მმართველებმა სამხედრო ზეწოლა გააძლიერეს, რათა მეგრელი ფეოდალებისთვის სამაგიერო გადაეხადათ იმ გამაჩანაგებელი ლაშქრობებისთვის, რასაც ისინი სჩადიოდნენ ლევანის ხელმძღვანელობით. ამასთან, ადრეული დროისგან განსხვავებით, როცა შემოსეული აფხაზები უკან ნადავლითა და ტყვეებით ბრუნდებოდნენ, ახლა მათ უკვე დაიწყეს მიწების დაპყრობა და ფუძნდებოდნენ სამეგრელოს ტერიტორიაზე.
ასე გადასწიეს საზღვრები მდინარე ენგურამდე (მე–17 საუკუნის ბოლოს). წარმატებით ფრთაშესხმულმა თავადმა სორეხ შერვაშიძემ გადაწყვიტა, დაეპყრო მეგრული სამთავროს ის ნაწილიც, რომელიც ენგურის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ისარგებლა რა სამეგრელოში გამეფებული პოლიტიკური გართულებებით, მან თავი სამეგრელოს მთავრად გამოაცხადა და თავის ბიძაშვილთან, კვაპუსთან ერთად რამდენიმეგზის დალაშქრა მდინარის მარცხენა სანაპირო. თუმცა აფხაზ მთავართა ზღვარგადასულმა გაძლიერებამ იმერეთის ფაქტობრივი მმართველის, გიორგი აბაშიძის შეშფოთება გამოიწვია, რომელიც თავს დაესხა აფხაზებს და აიძულა, შეეჩერებინათ თავდასხმები.
როგორ გადაინაწილეს აფხაზებმა ტერიტორიები?
- ტერიტორიულად გაფართოებული აფხაზთა სამთავრო უკვე სამ ნაწილად დაიყო, რომლებსაც აფხაზთა მთავრის - ზეგნაკ შერვაშიძის ვაჟები - როსტომი, ჯიკეშია, კვაპუ მართავდნენ: მდინარე კოდორის ტერიტორია ერგო როსტომს, რომელმაც, როგორც ძმებს შორის უფროსმა, მამისგან მიიღო მმართველის ტიტული. ჯიკეშიამ მიიღო მდინარე კოდორსა და გალიძას შორის ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა აბჟუა, უმცროსმა - კვაპუმ კი დაიკავა რაიონი გალიძასა და ინგურს შორის, რასაც მოგვიანებით სამურზაყანო ეწოდა, კვაპუს შვილის - მურზაყან შერვაშიძის სახელის მიხედვით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გამოიყო კიდევ ერთი წილი სახელად გუმ (მდინარე შიცკუარადან კოდორამდე). ამ მამულების მფლობელი თავადები ითვლებოდნენ მთავარი მმართველის ვასალებად, რომლის რეზიდენციაც სოფელ ლიხნში იყო. თუმცა ფაქტობრივად, ყოველთვის მას არ ემორჩილებოდნენ.
ეს მსხვილი მხარეები დაიყო უფრო წვრილ ერთეულებად. კერძოდ, აჩბების (ანჩაბაძე), ძეაპშიპას, ინალიპას, ჩააბილირხუას, ემხას (ემუხვარი), ჩქოტუას საკუთრებებად. მათ დამოკიდებულებაში იყვნენ მთიელი აფხაზები, სადაც თავადი მარშანიები პირველობდნენ და მცირე აფხაზეთის (ჯიქეთის) ტომები, რომლებსაც მართავდნენ თავადები გეჩბა, ცანბა, არედბა, აჩბა. უმაღლეს ფეოდალურ ფენასთან - თავადებთან ერთად აფხაზეთის მმართველი კლასი შეიცავდა, ასევე, მრავალრიცხოვან საშუალო და წვრილ თავადებს, რომლებიც ვასალურად ექვემდებარებოდნენ შერვაშიძეებსა და სხვა თავადებს. იმ დროის გავლენიან თავადებად ითვლებოდნენ მარღანიები და ლაკერბაიები. ასევე, ზვანბა, მკანბა და სხვა.