ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის, „ორტ“-ს გენდირექტორ ვლადისლავ ლისტევის მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ ახალი დეტალები ამოტივტივდა.
რუსულ ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია ტამბოვის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის ჩვენების შესახებ.
კერძოდ, საუბარია იური კოლჩინზე, რომელიც სასჯელს იხდის დეპუტატ გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობის გამო.
კოლჩინმა გამოძიებას გააცნო დეტალები, რომლებიც ვლად ლისტევის მკვლელობას ეხება.
90-იანი წლების შუაგულში კოლჩინი მეგობრობდა რუსეთის დუმის დეპუტატ მიხეილ გლუშჩენკოსთან, რომელიც სასჯელს იხდის სამმაგი მკვლელობისთვის. მისი მეგობარი იყო ასევე ვასილი ვლადიკოვსკი. მათთან ურთიერთობის დროს კოლჩინი რამდენიმე შეხვედრას დაესწრო.
ერთ შეხვედრაზე გაირკვა, რომ პეტერბურგის ცნობილმა ავტორიტეტმა კონსტანტინ იაკოვლევმა, მეტსახელად მოგილამ, შესთავაზა ვინმე ედუარდ კანიმოტოს ლისტევის მოკვლა. კანიმოტოს და მის ორ მეგობარს იაკოვლევის ვალი ჰქონდათ და შეკვეთის შესრულების შემთხვევაში ვალი დაიფარებოდა.
კანიმოტომ დაიბარა თავისი ბრიგადირი ვლადიკოვსკი, რომელიც თავის შეფს, კუმარინს, მოეთათბირა და წინადადება მიიღო.
ამის შემდეგ კანიმოტომ, ვალერი სულიკოვსკიმ და კიდევ ერთმა პირმა მოსკოვში მოკლეს ვლადისლავ ლისტევი. ეს მოხდა 1995 წლის 1 მარტს.
თავად კოლჩინმა ქილერები მოსკოვში ბინით უზრუნველყო.
მკვლელობის შემდეგ მოსკოვში ჩავიდნენ იაკოვლევი, კუმარინი და გლუშჩენკო. ერთ-ერთ სასტუმროში ისინი ბორის ბერეზოვსკის შეხვდნენ. იაკოვლევმა და კუმარინმა ბერეზოვსკი დააშანტაჟეს, რომ მას, როგორც მკვლელობის შემკვეთს, ამხელდნენ.
ბერეზოვსკის, რომელიც მაშინ „ორტ“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მკვლელობის ფული უკვე გადახდილი ჰქონდა, მაგრამ შეშინდა და მათთვის ფულის გადახდა დაიწყო.
აქ ჩამოთვლილ პირთა უმრავლესობა ან ციხეში ზის, ან მკვდარია ან იძებნება. რაც შეეხება ბერეზოვსკის, მას რუსი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ. აი, რა თქვა ბერეზოვსკიმ:
- მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე მაქვს ჩემი ვერსია ლისტევის მკვლელობის შესახებ. რაც ახლა ხდება, იდიოტიზმია.
ფაქტი ისაა, რომ იაკოვლევი და ბერეზოვსკი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, თუმცა მათ შორის ყოველთვის იდგა ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც 1995-2001 წლებში „ორტ“-სა და „ტვ-6“-ში ხელმძღვანელი პოსტები ეკავა.