აწ უფლებადამცველი და 2012 წლის ნოემბერში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი და წევრი გიორგი ონიანი 1981 წლის 21 იანვარსაა დაბადებული და მისი ბოლო სამუშაო ადგილი თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველო (ანუ პოლიცია) იყო, სადაც ის 2012 წლის ნოემბრამდე პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გიორგი ონიანის პირველი დეკლარაცია 2002 წლით თარიღდება, როდესაც ის პროკურატურაში მუშაობდა, თუმცა დეკლარაცია არ იძებნება. არ იკითხება არც მის მიერ 2004 წელს შევსებული დეკლარაცია (იმხანადაც ბ-ნი ონიანის დასაქმების ადგილი საქართველოს პროკურატურა იყო).
2007 წელს გიორგი ონიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ და ის, სულ რაღაც, 26 წლის იყო. ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ნუგზარ ონიანი და დედა – ლამარა სურმავა. ოჯახის საკუთრებად მითითებული ერთადერთი, 40 000 ლარად ღირებული, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ქ-ნი ლამარა იყო. ნაღდი ფული, დეკლარაციის შევსების მომენტში, მხოლოდ ბ-ნ ნუგზარს ჰქონდა – 2 000 ლარი. იმხანად ნუგზარ ონიანი შპს „ხინკლისა და მწვადის სამყაროს“ პარტნიორი იყო.
2007 წელს გიორგი და ნუგზარ ონიანებმა, შესაბამისად, 10 000 და 3 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხები აიღეს. იმავე წლის ხელშეკურულებიდან ვიგებთ, რომ 2006 წელს გიორგი ონიანი მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (ხელფასის სახით 4 800 ლარი აიღო), ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე განყოფილების უფროსად (ხელფასად 1 800 ლარის აღება მოასწრო).
2008 წელს გიორგი ონიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და ოჯახის წევრად, მშობლების გარდა, მიუთითა მეუღლე – 1985 წელს დაბადებული ანა მინაშვილი. ამჯერად ონიანების უძრავი ქონება საგრძნობლადაა გაზრდილი: ქ-ნი ლამარა კვლავაც ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინის მფლობელია (ვაზისუბანში), გიორგი ონიანის საკუთრებაა 500 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბახტრიონზე, ნუგზარ ონიანს კი ორი აგარაკი აქვს: ოქროყანაში (300 000 ლარად ღირებული) და ქუთაისში (100 000 ლარად ღირებული); ანა მინაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა 300 000 ლარად ღირებული ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში და 150 000 ლარად ღირებული აგრაკი მუხაწყაროში. 2007 წლის განმავლობაში გიორგი ონიანის პოლიციურმა სახელფასო შემოსავალმა 15 120 ლარი შეადგინა.
2009 წელს გიორგი ონიანი უკვე გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილეა, დეკლარაციაში ის ცვლილებაა, რომ ამჯერად ნუგზარ ონიანს, ნაღდი ფულის სახით, 12 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ერთობლივად მამა-შვილმა ხელფასის სახით იმ წელს 24 000 ლარი აიღეს.
2010 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ გიორგი ონიანი ცოლ-შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს, მათი უძრავი ქონება კი შემდეგი ოდენობისა: ანა მინაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში და აგარაკი მუხაწყაროში, ხოლო გიორგი ონიანის საკუთრება კი არის საცხოვრებელი ბინა ბახტრიონზე (ფლობს წილის 50-პროცენტს). მაშინ, როდესაც გიორგი ონიანი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და მისი წლიური ხელფასი 21 600 ლარს შეადგენდა, მისი მეუღლე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ოპერატორი იყო და 1 600 ლარი ჰქონდა წლიური შემოსავალი. 2011 წელს შევსებული დეკლარაციით, გიორგი ონიანის მეუღლეს მუხაწყაროში საცხოვრებელი სახლიც დაუმატებია და, რადგან სამუშაო ადგილის გრაფა ცარიელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანა მინაშვილი აღარ მუშაობდა, სამაგიეროდ, გიორგი ონიანის წლიურ სახელფასო შემოსავალს 24 000 ლარი შეუდგენია. სულ ბოლო დეკლარაცია გიორგი ონიანმა 2012 წელს შეავსო, როგორც გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, თუმცა იმავდროულად, ის შსს-ს ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტიც იყო და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ, დამატებით, 14 346 ლარი შეადგინა. გიორგი ონიანს 2011 წელს 10 წლის ვადით 42 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც აუღია.