იგი წარმოშობით უელსელია. 10 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა და საბოლოოდ ლონდონის გარეუბანში დასახლდა. პატარა როჯერი გასული საუკუნის სამოციანელ უამრავ თანატოლთა მსგავსად, როკ’ნ’როლის ბუმში ჩაერთო და უკვე 13 წლის ასაკში, მას საკუთარი ჯგუფი Madisons ჰყავდა, ცოტა ხანში Episode Six–ად რომ უნდა გარდაქმნილიყო...
სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი მომავალში განუყრელმა მეგობრებმა – როჯერ გლოვერმა და იან გილანმა. ჯგუფში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა – დრამერი მიკ ანდერვუდი უკრავდა. სწორედ მისი დამსახურებით, 1969 წელს ზემოთხსენებული დუეტი ჯონ ლორდმა, რიჩი ბლექმორმა და იან პეისმა გაიცნეს.
მუსიკოსების საშემსრულებლო პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეჰქონდა. უბრალოდ Episode Six მაინცდამაინც თვითმყოფადობით არ გამოირჩეოდა და ძირითადად სხვა ჯგუფების სიმღერათა შესრულებით იყო ცნობილი. გლოვერსა და გილანს რამდენიმე სიმღერის მონახაზის მოტანა დაევალათ. თუკი მათი კომპოზიტორული ხელწერა დააკმაყოფილებდა ლეგენდარული ჯგუფის დამაარსებლებს, მაშინ გლოვერი და გილანი Deep Purple–ს მიუერთდებოდნენ და Episode Six მათთვის წარსულს ჩაბარდებოდა.
სწორედ ამიტომაცაა, რომ მათი პირველი რეპეტიციები Deep Purple–ში არა მხოლოდ Episode Six –ის პროდიუსერის, ვოკალისტისა და სხვათა შორის გილანის „სქრიმინგის“ აღმომჩენი შეილა კარტერისაგან, არამედ თვით Deep Purple–ს იმ დროინდელ ბასისტ ნიკ სიმპერისა და მომღერალ როდ ევანსისაგან მალულად ტარდებოდა...
მალე გლოვერ – გილანის ტანდემმა ერთ–ერთ რეპეტიციაზე Hard Lovin’ Man–ისა და Speed King–ის მონახაზი მიიტანა. ეს კი სრულიად საკმარისი იყო Deep Purple–ში მათ დასამკვიდრებლად.
თანამშრომლობამ სულ რაღაც 4 წელიწადს გასტანა, მაგრამ ჯგუფმა ცოცხალი ლეგენდის რეპუტაცია, სწორედ ამ პერიოდში მოიხვეჭა. როჯერ გლოვერი თითოეული სიმღერის თანამონაწილეა; ერთ–ერთი ვერსიით, თვით Smoke On The Water-ის გიტარის ცნობილი რიფიც კი მას ეკუთვნის, მაგრამ დანამდვილებით ამის თქმა მხოლოდ May Be I’m A Leo–ზე შეიძლება. სწორედ ამ მიზეზით ხომ არაა, რომ Machine Head–ის შედარებით “ჩრდილოვანი“ სიმღერა, სტივ მორსის პერიოდს ელოდა სცენაზე გამოსაჩენად?
Deep Purple-დან წასვლის შემდეგ, ბას გიტარისტმა პროდიუსერობასაც მიჰყო ხელი და მისი შემოქმედების ყველაზე სასიამოვნოდ ამოუცნობი პერიოდი სწორედ იმ ოთხწლიან პერიოდს უკავშირდება, სანამ კვლავ აღადგენდა ურთიერთობას რიჩი ბლექმორთან, ამჯერად უკვე Rainbow–ში.
1974–1975 წლებში გლოვერის პროდიუსირებით Nazareth–მა ორი დიდებული ალბომი Loud And Proud და Rampant ჩაწერა. Deep Purple–თან ამ ნამუშევრებს როკ’ნ’როლური სულისკვეთება თუ აკავშირებდა, თორემ სხვა მხრივ... ვერვინ იტყვის, რომ გლოვერი Deep Purple –ს სიმღერების ავტორია!
Nazareth–ს ამ პერიოდში იან გილანისა და დევიდ ქოვერდეილის პირველი ალბომების, ასევე Elf–ისა Judas Priest–ის ნამუშევრების პროდიუსინგი მოჰყვა. აქვე, როჯერ გლოვერმა თავისი პირველი სოლო ალბომი The Butterfly Ball & The Grasshoppers Fiest გამოსცა. ნახევრად ანიმაციურმა მიუზიკლმა, ინგლისის საუკეთესო მუსიკოსები გააერთიანა. მომღერლების თანავარსკვლავედს იან გილანი, დევიდ ქოვერდეილი, ჯონ ლოტონი, ტონი ეშტონი, ჯონ გუსტაფსონი და სხვანი განასახიერებდნენ. ალბომის ვერსიაში კი რონი ჯეიმს დიომ გაიბრწყინა მიუზიკლის გამორჩეულ ჰიტში Love Is All.
ფილმით გლოვერი უკმაყოფილო დარჩა. მას სურდა, რომ სიუჟეტი მთლიანად ანიმაციური ფილმით გამოხატულიყო. The Butterfly Ball & The Grasshoppers Fiest–ში კი პერსონაჟები ანიმაციიდან ხან ლონდონის ქუჩებში, ხან კი სცენაზე ინაცვლებდნენ ხოლმე.
რეპერტუარი საკმაოდ მსუბუქია, თუმცა საგრძნობი ფსიქოდელური ფონი მას საკმაო სიღრმეს სძენს და მით უფრო გაურკვეველს ხდის როჯერ გლოვერის კომპოზიტორულ ხელწერას.
საერთოდ, ყოველთვის გვსიამოვნებს, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფის რომელიმე წევრის ხელწერას ამოვიცნობთ ხოლმე მისი სოლო ალბომებიდან. როჯერ გლოვერი, რომ აბსოლუტურად ამოუცნობი ხელწერის მუსიკოსია და აქედან გამომდინარე Deep Purple –ს „მეწამულ კარდინალად“ შეგვიძლია შევრაცხოთ, ეს უკვე მისმა მომდევნო სოლო ალბომმა Elements, საბოლოოდ ცხადყო.
მეტიც; შეიძლება როკ საგანძურში არც მოიძებნებოდეს ესოდენ დაუფასებელი ალბომი. Elements უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია და თუკი მას ნეო პროგრესივ როკის დაბადებას დავუკავშირებთ გოთიკის საკმაო დოზებით, ალბათ არც შევცდებით და თანაც ნათელი მოეფინება როჯერ გლოვერის გატაცებას, მაგალითად სტრავინსკის შემოქმედებით, მაგრამ რა აქვს საერთო მას Deep Purple –თან? ალბათ მხოლოდ ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი საოცარი სიცოცხლისუნარიანობა, რისი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედიცაა თავად.
Elements–ს მიწის, ცეცხლის, წყლისა და ქარის სტიქიები აერთიანებენ, ძირითადად ინსტრუმენტულია და ლაიზა სტრაიკის ვოკალის პარტია მხოლოდ პირველ კომპოზიციაში და ფინალურ ნაწილში გაისმის. დრამზე აქ დიდებული საიმონ ფილიპსი უკრავს, ხოლო კლავიშებზე კი Rainbow–ს პირველ ალბომში მონაწილე მიკი ლი სოულს ვხედავთ. როჯერ გლოვერი აქ ბას გიტარის გარდა, მრავალ სინთეზატორზე, ვიბროფონზე, სიტარის ეფექტით აღჭურვილ გიტარაზე და ტაბლაზეც კი უკრავს.
უძვირფასეს სოლო ალბომს, 1979–1983 წლებში კვლავ რიჩი ბლექმორთან თანამშრომლობა და 1984 წელს Deep Purple-ს აღდგენა მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გლოვერის კარიერაში ყველაზე უღიმღამო ალბომი Mask. გლოვერის სოლო შემოქმედების არმცოდნეთ, შეუძლიათ მას თამამად აუარონ გვერდი და გილანთან ერთობლივ ჩაწერილ1988 წლის ალბომ Accidentally On Purpose-ზე გადაინაცვლონ. 80–ებისთვის დამახასიათებელი ჟღარუნა ელექტრონიკის გარდა, აქ შესანიშნავი როკის მოსმენაც შეიძლება Via Miami, Can’t Believe You Wanna Leave, I Thouht No, I Can’t Dance To That მეშვეობით.
მომდევნო სოლო ალბომები Snapshot და If Life Was Easy კი გლოვერმა ცხრაწლიანი პაუზით, 2002 და 2011 წლებში გამოსცა. ამ ნამუშევრებში კიდევ ერთხელ ვაწყდებით საოცრებას. ანუ, ძალიან რთულია „მეწამული კარდინალის“ ხელწერის ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერ გლოვერი Deep Purple-ს ბოლოდროინდელი ალბომების თითოეული სიმღერის თანაავტორია, მათ მსუბუქი ფსიქოდელიური ფონის გარდა, არაფერი აქვთ საერთო მუსიკოსის სოლო ალბომებიდან სიმღერებთან.
„ცნობად სახეთაგან“ აღსანიშნავია ამ ჩანაწერებში რონდალ ბრამლეტის, უორენ ჰეინსის, მიკი ლი სოულის, პიტი ეგნიუს, დენ მაკაფერტისა და დონ ეირის მონაწილეობა. ასევე უნდა აღინიშნოს ორივე ალბომში როჯერ გლოვერის ქალიშვილის – ჯილიანის ლამაზი ვოკალის პარტიები.
როკ მუსიკის მსმენელებს კი სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს Deep Purple-ს შარშანდელი ნამუშევრით Now What ?! აღმაფრენაზე მყოფმა „მეწამულმა კარდინალმა“, ახლო მომავალში მორიგი არაპროგნოზირებადი სოლო ალბომით რომ დაგვასაჩუქროს.