30 სექტემბერს, მედიაში, ბოლნისში მიმდინარე „ოლიმპი–სპარტაკის" მატჩის სკანდალურ ფინალთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა - ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ, თურმე მსაჯთა გადაწყვეტილება ხმაურიანად გააპროტესტა, საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე გავიდა და მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ერთ–ერთი ინფორმაციით, ამ ინცინდენტის დროს თურმე ყველაზე მეტად მსაჯ დამკვირვებელთა განყოფილების ხელმძღვანელი ამირან კაჭახიძე დაზარალდა, რომელიც იმავდროულად, მატჩის კომისრის ფუნქციებს ითავსებდა. კირკიტაძეს იმხანად ბოლნისში მრავლად ჩასული რუსთავის მკვიდრი მაყურებლებიც შეუერთდნენ, საბოლოოდ კი კირკიტაძეს კაჭახიძე დაუნდობლად უცემია. კირკიტაძე ამ ფაქტს გამოეხმაურა და პირველადი კომენტარით საკუთარი დანაშაული უარყო, თუმცა კაჭახიძესთან სიტყვიერი უკმაყოფილება დაადასტურა. ამასთან, კირკიტაძე მომხდარის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებას უარყოფს. თავის მხრივ, დაზარალებული კაჭახიძე, რომლის საშველადაც ექიმები მივიდნენ, ხელს ადებდა კირკიტაძეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უმრავლესობა ზარებს არ პასუხობს, ხოლო, ვინც გვიპასუხა, ან საავადმყოფოში იმყოფებოდა და არ ეცალა, ან კირკიტაძის საქმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარის მობილურიც არ პასუხობდა.
ერთადერთი წყარო, საიდანაც ინფორმაციის მიღებას ველოდით, ფეხბურთის ფედერაცია იყო. თუმცა ამ უწყებაში არ აცხადებენ, კონკრეტულად რა მოხდა ბოლნისში. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელს სანდრო ცნობილაძეს მივმართეთ, მან პირიქით, აქეთ გვირჩია ჟურნალისტებს, გავერკვიოთ სიტუაციაში და ჩვენთან საუბარში მოკლედ შემოიფარგლა:
- კირკიტაძეს რა შეემთხვა, ეგ ფაქტი არ ვიცი. პირადად მე ბოლნისში არ ვყოფილვარ, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ.
ალბათ თქვენ დაინტერესდებოდით და გამოკითხავდით ინფორმაციას მათ, ვინც მომხდარ ფაქტს შეესწრო, რა ვითარებაში მოხდა ინცინდენტი?
- არ ვიცი, მე მხოლოდ გაზეთიდან წაკითხულ ინფორმაციას ვფლობ.
რომელ გაზეთში წაიკითხეთ?
- სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს.
რა მდგომარეობაშია ამჟამად დაზარალებული?
- ბოლნისში არ ვყოფილვარ. ისეთ ადამიანს დაუკავშირდით, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს. არც დაზარალებულზე ვიცი არაფერი, არც ის ვიცი, დაზარალდა თუ არა ვინმე.
მსგავსი შემთხვევების დროს რა სასჯელს ითვალისწინებს თქვენი კოდექსი?
- არ ვიცი.